საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

სვანეთის სამედიატორო სასამართლო

გამოქვეყნების თარიღი: 2024-04-10

სვანური სამედიატორო სასამართლო ქართული სამართლებრივი კულტურის  მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. სამედიატორო სასამართლო სვანური ჩვეულებითი სამართლის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდებოდა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ურთიერთობების დარეგულირება. მედიატორთა სიბრძნე და ავტორიტეტი განაპირობებდა სამედიატორო სასამართლოს უდიდეს როლს სვანეთში. ჩვეულებით სამართალზე დაფუძნებული პროცესუალური ნორმები შესისხლხორცებული ჰქონდა ხალხს და ამიტომ სამედიატორო სასამართლო, მისი ჩატარების წესები, მის მიერ განაჩენის გამოტანა და აღსრულება სვანური საზოგადოებისათვის სრულიად ბუნებრივი იყო.

სამედიატორო სასამართლოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები ხევსურეთსა და სვანეთში ერთგვაროვანი გახლდათ. მისი დანიშნულება მოდავე მხარეების მორიგება და შურისძიების აღკვეთა იყო. თუმცა განსხვავებებიც შეინიშნებოდა; კერძოდ, სამედიატორო სასამართლოს განაჩენის ფაკულტატურობა ხევსურეთში მკვეთრად იყო გამოხატული, ხოლო სვანეთში – განაჩენი სავალდებულო ხასიათს ატარებდა, რასაც მხარეთა მხრიდან შესაბამისი ფიცი განაპირობებდა.

სამედიატორო სასამართლოს სვანეთში მორევთა, მორვალის სასამართლო ეწოდებოდა. მედიატორ-მოსამართლეს სვანეთში კი „მორევი“ ერქვა (მხოლობით რიცხვში) და „მორვარი“ ანუ „მორვალი“ (მრავლობით რიცხვში).

მორევთა სასამართლო ანუ სამედიატორო სასამართლო სვანეთში არ ყოფილა მუდმივმოქმედი ორგანო და მორვებიც არ იყვნენ მუდმივად ან გარკვეული ვადით არჩეულები. მორევთა არჩევა მოდავე მხარეების მიერ ხდებოდა მათი ნება-სურვილის შესაბამისად, ე.ი. მორევთა სასამართლო ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის იქმნებოდა.

სვანეთში სამედიატორო სასამართლო განიხილავდა მხოლოდ კერძო პირთა სადავო საქმეებს, ხოლო საზოგადოებრივი საქმეები სახალხო კრების მიერ უნდა გადაწყვეტილიყო. სამედიატორო სასამართლო მხოლოდ კერძო-სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებდა და მისი განსჯადობის სფერო კერძო სამართალდარღვევები იყო. ცხადია, მთელი საზოგადოების (ხეობის, სოფლის, თემის) ინტერესების ხელმყოფ სამართალდარღვევებს სამედიატორო სასამართლო არ განიხილავდა. თუ რომელიმე თემის წევრი ხელყოფდა თემის ინტერესს, მაშინ თემის ყრილობა განსჯიდა მას და დააკისრებდა შესაბამის სასჯელს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიატორო სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევისას, თვით მოდავე მხარეები ქმნიდნენ, თუ მათ ამის სურვილი ჰქონდათ, ამიტომ მას მხოლოდ იმ საქმეთა განხილვა შეეძლო, რომლებიც კერძო პირთა ინტერესებს ხელყოფდა და რომელთა განხილვასაც მას მიანდობდნენ. სამედიატორო სასამართლოს მთავარი ფუნქცია სამართლიანი კომპენსაციის დაწესების საფუძველზე მხარეთა მორიგება იყო. თემის ინტერესების დარღვევისას, როდესაც თემის ყრილობა განიხილავდა, მაგალითად, საზოგადოების ღალატს, მის მიზანს არ წარმოადგენდა თემის შერიგება დამნაშავესთან (თემი და დამნაშავე, ცხადია, მედიატორებს არ აირჩევენ მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის მოსაგვარებლად), არამედ დამნაშავის სათანადო დასჯა. სვანეთში კი ისე, როგორც ხევსურეთში კერძო სამართალდარღვევებს მიეკუთვნებოდა: მკვლელობა, დაჭრა-დასახიჩრება, ქურდობა (მათ შორის ქურდობა სახლის გატეხვით) და სხვა დანაშაულებანი. სამედიატორო სასამართლო, ბუნებრივია, ყველა სახის სამოქალაქო დავებს იხილავდა: ვალის დაუბრუნებლობა, საოჯახო სფეროში წარმოშობილი დავები, განქორწინება, ქონებაზე დავები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ მხარეთა დაყოლიებას შერიგებაზე სამედიატორო სასამართლოს მეშვეობითა და მისი განაჩენის საფუძველზე ახდენდნენ შუამავლები (სვანურად მათ ერქვათ „მეც ქულარ“), რომლებიც საზოგადოების ავტორიტეტული, გავლენიანი პირები უნდა ყოფილიყვნენ. ისინი მეტად დიპლომატიურად უდგებოდნენ მხარეებს, ერთმანეთის პოზიციას მათ შერბილებულად გადასცემდნენ და ამით ახერხებდნენ მხარეთა დათანხმებას მორევთა მეშვეობით შერიგებაზე.

მხარეებს გარიგებაზე დათანხმების შემდეგ პიროვნულად უნდა დაესახელებინათ თავიანთი რჩეული მოსამართლეები. მედიატორებს თავდაპირველად დაზარალებული ასახელებდა (მკვლელობის საქმეზე ჭირისუფალი). შემდეგ შუამავლები მიდიოდნენ მოპასუხესთან და გააცნობდნენ მედიატორად არჩეული პირების ვინაობას. მოპასუხის ოჯახის წევრები დაეკითხებოდნენ ერთმანეთს და თვითონაც ირჩევდნენ მედიატორებს, შუამავლებიისევ ბრუნდებოდნენ დაზარალებულის ოჯახში და მათაც მოახსენებდნენ მოპასუხის მიერ არჩეულ მედიატორებს. აშკარაა, რომ მხარეები შუამავლების მეშვეობით უთანხმებდნენ ერთმანეთს მედიატორთა ვინაობას. ორივე მხარე დარწმუნებული უნდა ყოფილიყო ერთმანეთის მიერ არჩეული მედიატორების მიუკერძოებლობაში. თუ მოპირისპირე მხარის არჩეულ მედიატორთაგან რომელიმე თუ იმ მხარის მტერი აღმოჩნდებოდა, მას აცილებას მისცემდნენ. ამ შემთხვევაში აცილებულის (თუ აცილებულთა) ნაცვლად, შესაძლოა, სხვა დაესახელებინათ მედიატორად და მოციქულები მის კანდიდატურასაც შეუთანხმებდნენ მეორე მხარეს და ა.შ. თუ მხარეები მაინც ვერ შეძლებდნენ შეთანხმებას, მაშინ მედიატორთა არჩევას შუამავლებს გადააბარებდნენ.

თეორიულად მედიატორობის უფლება ყველას ჰქონდა. მხარეებს შეეძლოთ ნებისმიერი სრულწლოვანი მამაკაცი აერჩიათ მორევად. მაგრამ, ბუნებრივია, ისინი მორევად მხოლოდ სათანადო თვისებებით დაჯილდოებულ ადამიანს აძლევდნენ უპირატესობას. საერთოდ, მორევად სვანეთში გვევლინებიან ავტორიტეტული, სანდო, სამართლიანი, პატიოსანი ხალხი. სვანების აზრით, მორევი უნდა ყოფილიყო ჭკვიანი, მცოდნე, დაკვირვებული, მორწმუნე, ღვთისმოშიში პიროვნება. მორევად ასეთი პირების ყოფნა, რა თქმა უნდა, მათი მიუკერძოებლობის, ობიექტური განაჩენის გამოტანის ძირითადი გარანტია იქნებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მედიატორებს ფიცი უნდა დაედოთ მათი მიუკერძოებლობის დასადასტურებლად, ღვთისმოშიშობა, მორწმუნეობა ეს ის თვისებები იყო, რომლის გარეშეც პიროვნებას მედიატორად არავინ აირჩევდა. „მორვებს“ ხალხი ისე მოწიწებით უყურებდა, როგორც საღმრთო პირებს. სვანები იტყოდნენ: „მორვარ ღერმეთი ნაწასვ ლოხ“ — მორვები ღვთისაგან გაჩენილნი არიანო.

ცნობილია, რომ ჩვეულებითი სამართლის მიხედვით განხორციელებული სამართალწარმოება ზეპირი იყო, თუმცა განაჩენი, შესაძლოა, წერილობითაც გაფორმებულიყო. სვანეთში განაჩენს წინ უძღოდა მხარეთა წერილობითი თანხმობა, რომლითაც ვალდებულებას კისრულობდნენ უყოყმანოდ შეესრულებინათ ამორჩეულ მორევთა გამოტანილი განაჩენი.

(წყარო: დავითაშვილი გ.,  სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ქართულ ჩვეულებით სამართალში, სადისერტაციო ნაშრომი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი, 2004, გვ. 96-153)


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 23 მაისს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2024-05-22

იხილეთ სრულად
მილოცვა

პატივცემულო მოსამართლეებო, თითოეულ თქვენგანს გულითადად გილოცავთ მოსამართლის დღეს, 15 მაისს! უკვე არაერთი წელია, რაც ეს თ

2024-05-15

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის ვიზიტორთა შესახებ ინფორმაცია

საქართველოს უზენაეს სასამართლოსა და მართლმსაჯულების მუზეუმში  ექსკურსიები 2024 წლის იანვრიდან კვლავ აქტიურად გრძელდ

2024-04-17

იხილეთ სრულად