საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია

ქართული სამართლის ძეგლების შესახებ ინფორმაცია

გამოქვეყნების თარიღი: 2023-10-06

საქართველოს უზენაესი სასამართლო ქართული სამართლის ძეგლების შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პერიოდულად შემოგთავაზებთ ინფორმაციას იმ მნიშვნელოვანი სამართალწარმოების ძეგლების შესახებ, რომელიც ქართული სამართლის განვითარებასთანაა დაკავშირებული. ვიმედოვნებთ, რომ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული მასალა ხელს შეუწყობს ქართული სამართლის ძეგლების შესახებ საზოგადოების თვალსაწიერის გაფართოებას.

ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში მრავლადაა ჩვენი ქვეყნის სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბების არაერთი საინტერესო სამართალწარმოების ძეგლი, რომელთა შორის „დართლოს საბჭეოს“ უდავოდ გამორჩეული ადგილი უჭირავს.  

მთის სამართლის ადათ-წესები ქართველების უძველესი სასამართლო კულტურის ნიშანია, ამ მხრივ კი „დართლოს საბჭეოს“ გამორჩეული ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ძეგლი სრულყოფილად წარმოაჩენს სამართალწარმოების იმგვარ ფორმატსა და თავისებურებებს, რომლებიც დღეს  თანამედროვე მსოფლიოს სამართლის სისტემების აქტუალურ გამოწვევებად განიხილება.

„დართლოს საბჭეო“ თუშეთში სამართალწარმოების ძეგლებს შორის ყველაზე სრულყოფილად შემორჩენილი ძეგლია. მთაში უხუცესებით შემდგარ სასამართლოს ხანგრძლივი ისტორია აქვს, დართლოს საბჭეოს შექმნას XVI-XVII საუკუნეებს მიაწერენ.

სოფელ დართლოში, ეკლესიის დასავლეთით მდებარე „საბჭეოზე“ განიხილებოდა ყველა საჭირბოროტო, სოფლისათვის მნიშვნელოვანი და მომრიგებლური საკითხი. ნახევარწრეზე უხუცესი მსაჯულებისათვის 12 ქვის სკამი იყო ჩადგმული. სადავო საკითხების განხილვისას ფიცი იდებოდა.

„საბჭეოზე“ დამატებით ორი ქვა იყო განთავსებული, რომელზეც მოსარჩელე და ბრალდებული იდგნენ. ხალხი კი შორიახლოდან აკვირდებოდა. თუ ნაფიც მსაჯულებს მოსარჩლის ან ბრალდებულის ნათქვამში ეჭვი ეპარებოდათ, მაშინ  ფიცი უნდა დაედოთ ხატის კარის ჯვარზე ან წინაპრის საფლავზე. ამის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღებოდა. გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა კი ღვთის გმობის ტოლფასი იყო.

არამარტო დართლოში, ზოგადად თუშეთში, სასამართლოს სასიკვდილო განაჩენი არ   გამოჰქონდა, რაც სამართლის სისტემის ჰუმანურობისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის ერთ-ერთი საკვანძო მაჩვენებელია. ყველაზე დიდი სასჯელი სოფლიდან და თემიდან განკვეთა იყო. თუმცა დასჯილს უფლება ეძლეოდა, წლების შემდეგ სოფლისათვის დაბრუნების თხოვნით მიემართა. მოსამართლეებს სოფელი ირჩევდა, თუმცა არ  არის ცნობილი, ეს სამუდამო მოვალეობას წარმოადგენდა თუ ვადიანს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ დართლოს საბჭეოს XVIII საუკუნეში10 წლის მანძილზე, ლეკებთან მებრძოლი თუში გმირის, დევდრის ანთას ასული ანა ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ძეგლი ისტორიულად ადასტურებს იმ ფაქტსაც, რომ  საუკუნეების წინანდელი ქართული მართლწესრიგი და ისტორიული რეალობა ეფუძნებოდა თანამედროვე საზოგადოებისთვის აქტუალურ  გენდერული თანასწორობის პრინციპებს.

(წყაროები: დავითაშვილი გ., სასამართლო ორგანიზაცია და პროცესი ქართულ ჩვეულებით სამართალში, თბილისი, 2004, 158-200; აზიკური ნ., ქალის სოციალური სტატუსი აღმოსავლეთ მთიანეთში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შრომების კრებული „მსოფლიო და გენდერი“, თბილისი, 2017, 81-88; ცოცანიძე გ., ღელელაური გ., თუშეთის გზამკვლევ-მეგზური, თბილისი, 2022, 395-406)


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაეს სასამართლოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ეწვია

მიმდინარე წლის 13 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელ

2024-06-13

იხილეთ სრულად
მილოცვა

2024-05-31

იხილეთ სრულად
მილოცვა

2024-05-30

იხილეთ სრულად