საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში საიტის ძველი ვერსია
Facebook Twitter
23 მარტი, 2023 წელი,
ას-1333-2022 თბილისი,



სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
ალექსანდრე წულაძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) - დ.ბ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე) - ნ.ს–ძე

გასაჩივრებული განჩინება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა: გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, სესხის თანხის განსაზღვრა, უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. დ.ბ–ნმა (შემდგომში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა: მასსა და ნ.ს–ძეს (შემდგომში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის გამოსყიდვის უფლებით დადებული უძრავი ნივთის (მდებარე: ქობულეთის რაიონი, სოფელი ....., დაზუსტებული ფართობი 2 500 კვ.მ, შენობა ნაგებობის საერთო ფართობი 266.40 კვმ, ს/კ ....... (შემდგომში - სადავო ქონება)) ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებულად ცნობა, სესხის თანხის ოდენობის განსაზღვრა და უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა მოპასუხის სასარგებლოდ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოსარჩელის მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი - სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო შეგებებული სარჩელი დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5.1. საკასაციო პრეტენზია ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
5.1.1. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა ნასყიდობის სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 477-ე და 509-ე მუხლები), რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, ნასყიდობის ხელშეკრულების არსებითი პირობაა, საგნის მყიდველისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემა, კონკრეტულ შემთხვევაში კი, მყიდველს უძრავი ქონება არ გადასცემია და არც პრეტენზია არ გამოუთქვამს ამ საკითხზე. სადავო ბინაში დღემდე ცხოვრობს მოსარჩელე და მისი ოჯახი, რაც სასამართლოს დავის გადაწყვეტის დროს არ გაუთვალისწინებია. კასატორის მტკიცებით, მოპასუხეს იმთავითვე არ ჰქონია სადავო ქონების შეძენის სურვილი, რეალურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაიდო თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც დაიფარა სესხისა და იპოთეკის გარიგება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2022 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არ აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
8.1. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8.2. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ:
8.2.1. 2020 წლის 10 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგნის ღირებულება 20 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების მიხედვით, გამყიდველს ნასყიდობის საგანი სამი თვის ვადაში - 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით უნდა გამოესყიდა. ნოტარიუსმა მხარეებს განუმარტა ხელშეკრულების სამართლებრივი შედეგები. მხარეებმა განაცხადეს, რომ გარიგება ზუსტად გამოხატავდა მათ ნებას და ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.
8.2.2. მოსარჩელეს 20 000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია მოპასუხისათვის, რის შედეგადაც გამოსყიდვის უფლების ვადის გასვლის შემდეგ, საჯარო რეესტრში მოპასუხე აღირიცხა უძრავი ნივთის მესაკუთრედ.
9. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის და არა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება. შესაბამისად, უნდა შემოწმდეს, მხარეთა შორის დაიდო თუ არა სსკ-ის 56.2 მუხლით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, ანუ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თუ არა იპოთეკით უზრუნველყოფილი სასესხო გარიგება. მითითებული ნორმის დისპოზიციის თანახმად, ამა თუ იმ ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევისათვის აუცილებელია, დადგინდეს კონტრაჰენტი მხარეების სუბიექტური დამოკიდებულება გარიგების შინაარსის ნამდვილობის მიმართ, კერძოდ, მხარეების მიზანი მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით სხვა გარიგების დაფარვა უნდა იყოს. ამასთან, ხელშეკრულების ორივე მხარე ურთიერთშეთანხმებით, საერთო მიზნით უნდა მოქმედებდეს.
10. მხარეთა შორის თვალთმაქცური გარიგების დადების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე, რომლის ფარგლებში მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები (სესხის სარგებლის სახით თანხის გადახდისა თუ ქონების შეუსაბამოდ დაბალ ფასად გასხვისების მტკიცებულებები, საქმეზე სადავო გარემოების დასადასტურებლად არ გამოკითხულად მოწმეები და ა.შ.), შესაბამისად, ამ ფაქტზე მხოლოდ მისი ზეპირსიტყვიერი მითითება სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურ გარიგებად მიჩნევის წინაპირობად არ განიხილება. ნასყიდობა კონსენსუალური ხელშეკრულებაა, რომლის ნამდვილობას სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებას უკავშირებს და ნივთის გადაცემას გარიგების ნამდვილობის განსაზღვრისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ გააჩნია. ამ ტიპის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის საკმარისია ორი ურთიერთშემხვედრი ნების გამოვლენა. შესაბამისად, კასატორის მხრიდან იმ ფაქტზე აპელირება, რომ ნასყიდობის საგანი შემძენს არ გადასცემია, ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს. ეს ფაქტი შეიძლება სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იყოს მხოლოდ, როგორც ერთ-ერთი გარემოება, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, რომლებიც ერთობლიობაში ერთმნიშვნელოვნად უნდა ცხადყოფდეს გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძვლიანობას. უფრო მეტიც, თავად შეგებებული სარჩელიც და მოპასუხის შეპასუხებაც მოწმობს, რომ მესაკუთრე რეალურად მისი ნებისგან დამოუკიდებლად ვერ ეუფლება ქონებას, ვინაიდან მოსარჩელე (ქონების ყოფილი მესაკუთრე) მიუთითებს რა ნასყიდობის ბათილობაზე, არ ათავისუფლებს ქონებას. აქედან გამომდინარე, კასატორის შედავება მოპასუხის მიერ ქონების მფლობელობის/სარგებლობის განუხორციელებლობაზე მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებულობას.
11. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმასაც, რომ საქმეზე გამოკვლეული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში, ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა, მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულების დადების სურვილი, რაზეც მან მოპასუხისგან უარი მიიღო და სანაცვლოდ, სადავო ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით დასთანხმდა (იხ. 01.11.21წ სასამართლო სხდომის ოქმი - 12:40-12:44 სთ). საგულისხმოა ისიც, რომ სადავო ხელშეკრულება სანოტარო წესით გაფორმდა, რა დროსაც მხარეებმა ცალსახად გამოხატეს გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ნება, ხოლო ნოტარიუსმა მათ განუმარტა ასეთ გარიგებაში კონტრაჰირების სამართლებრივი შედეგები. გარემოებათა ეს ერთობლიობა, მოსარჩელის მიერ საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის პირობებში, ცხადყოფს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, კონტრაჰენტთა თავისუფალი ნების გამოვლენის შესატყვისად, ნამდვილი ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულება დაიდო და ამ ფაქტზე კასატორის პრეტენზია ვერ აქარწყლებს სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების არსებობას.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია: 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ქონების მართლზომიერად ფლობის უფლების დადასტურება, ხოლო მოპასუხე/შეგებებული მოსარჩელე უძრავი ნივთის კანონიერი მესაკუთრეა, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა დავის სამართლებრივი შედეგი - მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის საკითხზე.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ. საქმე Nას-571-879-09, 30.04.2010 წ, საქმე N ას-265-265-2018, 31.10.18 წ, საქმე N ას-876-834-2013, 25.02.16 წ, საქმე Nას1360-2019, 28.02.2020წ.) არც დასაბუთებული პოზიცია არ არის წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
16. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და


დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–ნის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.



თავმჯდომარე გ. მიქაუტაძე



მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე



ა. წულაძე