Facebook Twitter
საქმე №ას-1355-2019 25 თებერვალი, 2020 წელი
ქ. თბილისი



სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2006 წლის 30 ოქტომბერს დაბადებული მ.კ–ძე არის ლ.ჩ–ძისა (შემდგომში - „მოსარჩელე“) და ლ.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) შვილი.
2. მოსარჩელე და მოპასუხე ერთად არ ცხოვრობენ.
3. მ.კ–ძე ცხოვრობს დედასთან - მოსარჩელესთან ერთად, მოპასუხე მის რჩენაში მონაწილეობას არ იღებს.
4. მოპასუხე ინდივიდუალური მეწარმეა, ამ სახით, მან 2017 წელს მიიღო 5 500 ლარი, ხოლო 2018 წელს - 200 ლარი შემოსავალი.
5. 2016 წლის 13 ივნისიდან მოპასუხეს მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი, ამ სახით, 2017 წელს მიიღო 33 610, 3 ლარის ოდენობის შემოსავალი.
6. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეს 11 სხვადასხვა სახის ავტომობილი ეკუთვნოდა.
7. 2018 წლის 1 ოქტომბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა, მოპასუხეს თავისი არასრულწლოვანი შვილის - მ.კ–ძის სასარგებლოდ, სარჩელის შეტანის დღიდან მის სრულწლოვანებამდე, დაკისრებოდა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 700 ლარის ოდენობით.
8. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და აღნიშნა, რომ მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ალიმენტის ოდენობა უნდა ყოფილიყო 100 ლარი.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; მოპასუხეს, 2006 წლის 30 ოქტომბერს დაბადებული მ.კ–ძის სასარგებლოდ, დამატებით, დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 450 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 1 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტები და დამატებით მიუთითა შემდეგზე:
12.1. შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 25 დეკემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხე შემოსავალს იღებდა ცალკე, როგორც დაქირავებული პირი და ცალკე, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი (საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). იმავეს ადასტურებს ცნობაზე თანდართული ცხრილი, რომელშიც დამსაქმებლების მიერ მოპასუხისათვის გადასახდელი ხელფასიდან დაკავებული საშემოსავლო გადასახადია მითითებული;
12.2. 2017 წელს მოპასუხის, როგორც დაქირავებული პირის წლიურმა შემოსავალმა - 5500 ლარი, ხოლო როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის შემოსავალმა - 33 610,2 ლარი, ე.ი. სულ 33610,2+5500= 39 110,2 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2017 წელს მოპასუხის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 39 110,2/12=3259,18 ლარი იყო;
12.3. შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 21 მაისს გაცემული ცნობიდან დგინდება, რომ 2018 წელს მოპასუხის შემოსავალმა 11 059 ლარი შეადგინა, საიდანაც გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი 200 ლარს შეადგენდა. აღნიშნული ინფორმაცია 2018 წლის 25 დეკემბრის ცნობაშიც იყო მითითებული, რომლის დანართიდანაც დგინდება, რომ ზემოხსენებული 200 ლარი მოპასუხეს ნ.ჩ–ძემ გადაუხადა. თუმცა, თავად მოპასუხის მიერ წარდგენილი შპს „მ....“-ის მიერ გაცემული ცნობიდან დგინდება, რომ ამ საწარმომ მოპასუხესთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულება 2019 წლის იანვრის თვიდან „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“ შეწყვიტა. შესაბაისად, რადგან ხელშეკრულება 2019 წლის იანვრიდან შეწყდა, იგი 2018 წელს მოქმედი იყო და მის საფუძველზე მოპასუხე შემოსავალს იღებდა, რომელიც გადახდის წყაროსთან უნდა დაბეგრილიყო. ამ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის მიერ 2019 წლის 21 მაისის ცნობა არ შეიცავდა, ე.ი. ცნობა მოპასუხის შემოსავლებს სრულად არ ასახავს;
12.4. სს „ს.ბ–ის“ ანგარიშიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 იანვრის ჩათვლით მოპასუხე მხოლოდ საბანკო ვალდებულების შესასრულებლად, ყოველთვიურად, 1 100-დან - 1 300 ლარამდე თანხას იხდიდა და ამ პერიოდში მის მიერ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულმა თანხამ ჯამში 55 333 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 2018 წელს მოპასუხეს 55 333 ლარის შემოსავალი მაინც ჰქონდა.
13. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით და განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მშობლის მიერ გადასახდელი ალიმენტი უნდა განისაზღვროს ისე, რომ მან, შეძლებისდაგვარად, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდაც უზრუნველყოს და ალიმენტის გადამხდელ მშობელსაც გაუმართლებელ ფინანსურ ტვირთად არ დააწვეს.
14. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე, რომლის თანახმად, 2019 წლის თებერვალში საქართველოში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 178,6 ლარს შეადგენდა, 2019 წლის აპრილის მონაცემებით კი იგი 185 ლარამდე გაიზარდა.
15. სააპელაციო პალატის მითითებით, საარსებო მინიმუმი არის ერთ მოსახლეზე სამომხმარებლო საქონლის ღირებულებითი გამოხატულება, რომელიც, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისად, უზრუნველყოფს ადამიანის მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას და განმარტა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა საქართველოში არსებულ საარსებო მინიმუმს მცირედით აღემატება, რაც ნიშნავს, რომ იგი ალიმენტის მიმღები ბავშვის მხოლოდ მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად არის საკმარისი, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი ბავშვის ნორმალურ რჩენასა და აღზრდას ვერ უზრუნველყოფს.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის თანახმად, მომსახურების სააგენტოში მოპასუხის საკუთრებად 11 სხვადასხვა დასახელების ავტომობილია რეგისტრირებული. იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები მოპასუხეს არ ეკუთვნის, ამ უკანასკნელს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. მხოლოდ შპს „მ....“-ის მიერ გაცემული ცნობით იმის დადგენა, რომ ავტომობილები, სინამდვილეში, სხვა პირის საკუთრებაა, შეუძლებელია. თუმცა, ასეც რომ იყოს, აღნიშნული ცნობა მხოლოდ ორ ავტომობილს ეხება და დანარჩენი 9 ავტომობილის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს.
17. სააპელაციო პალატის მითითებით, მოპასუხეს არ განუცხადებია და არც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მის კმაყოფაზე იმყოფება სხვა პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც კანონით ეკისრება.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და აღნიშნა, რომ საბანკო დაწესებულების წინაშე მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე გავლენას ვერ მოახდენს (იხ. სუსგ №ას-1356-1194-2010, 4 მარტი, 2011 წელი, ასევე სუსგ: №ას-326-311-2016, 30 ივნისი, 2016 წელი). ამასთანავე, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, სს „ს.ბ–ის“ წინაშე არსებული სასესხო ვალდებულება მოპასუხეს უკვე შესრულებული აქვს. ასეც რომ არ იყოს, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი, როგორც ალიმენტის, ისე საბანკო ვალდებულების შესრულებასა და მისი პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც უზრუნველყოფს.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად, 700 ლარის გადახდა შეეძლო.
20. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისთვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის, ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით დაკისრება.
21. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
21.1. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხისთვის ალიმენტის სახით 700 ლარის დაკისრება არაგონივრულია;
21.2. საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე რაიმე სახის ხარჯს წევს შვილის - მ.კ–ძის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის;
21.3. სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის ახსნა-განმარტებას, რომ კასატორს 1 წლის წინ 3000 ლარი ჰქონდა შემოსავალი, მაშინ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ თქვა, რომ მოპასუხე იყო მძღოლი;
21.4. კასატორმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წელს მისი ნაზარდი ჯამით მიღებული შემოსავალი შეადგენდა 855 ლარს, რაც სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო;
21.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ვალის დაფარვის გამო მოპასუხეს მოუწია გაეყიდა საცხოვრებელი სახლი და ამჟამად ცხოვრობს რძლის სახელზე რეგისტრირებულ ერთოთახიან ბინაში დედასთან ერთად, რომელიც მთლიანად მის კმაყოფაზეა;
21.6. კასატორის სახელზე, მართალია, რეგისტრირებულია 11 სატრანსპორტო საშუალება, მაგრამ მანქანები გაყიდულია და საქმის მასალებითაც არ დასტურდება, რომ კასატორი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან იღებს შემოსავალს; სააპელაციო სასამართლომ შპს „მ....“-ის მიერ გაცემული ცნობა უსაფუძლოდ დააყენა ეჭვქვეშ.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 12 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საოჯახო საქმეთა განხილვის პროცესუალური თავისებურება სასამართლო ინკვიზიციურობაა (იხ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილი), რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია, თავად განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე, რათა მიღწეულ იქნას საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. განსახილველი საკითხი, გარდა იმისა, რომ უკავშირდება მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის დადგენას, მიმართულია ბავშვის საარსებო წყაროს განსაზღვრაზე. ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვის ინტერესთა უპირატესობის პრინციპი (იხ. სუსგ №ას-1231-2018 30 ნოემბერი, 2018 წელი).
28. საკასაციო სასამართლო გამარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. გაერთიანებული ერების „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი). შესაბამისად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (იხ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 17 ოქტომბერი).
29. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, დაადგინა ალიმენტის განსაზღვრული ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის არაგონივრულობასთან დაკავშირებით. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით 700 (შვიდასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თვეში 250 ლარის ოდენობით, კასატორს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მას არ აქვს უფლებამოსილება საკასაციო საჩივრით მოითხოვოს დასაკისრებელი ალიმენტის 100 ლარით განსაზღვრა.
30. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მოსარჩელის მიერ შვილის - მ.კ–ძის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის ხარჯის გაწევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია არასრულწლოვანის დედასთან (მოსარჩელესთან) ცხოვრების ფაქტი და ის, რომ მოპასუხე მის რჩენაში მონაწილეობას არ იღებს. შესაბამისად, სწორედ მოსარჩელე ახორციელებს არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). ასეც რომ არ იყოს, ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს და კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
31. კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დაადგინა სადავო გარემოებები მოპასუხის შემოსავლების შესახებ და არ მიიღო მხედველობაში კასატორის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სააპელაციო სასამართლომ სრულად გამოიკვლია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობები (იხ. წინამდებარე განჩინების 12.1 - 12.3 პუნქტები).
32. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს წინამდებარე განჩინების 21.5. პუნქტში მითითებულ კასატორის პრეტენზიას. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალებით დასტურდება სხვა პირის არსებობა, რომელიც მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფება და რომლის რჩენის ვალდებულებაც კანონით მას ეკისრება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-17 პუნქტი). ამავე დროს, მოპასუხეს არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოსთვის წარუდგენია აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული მტკიცების ტვირთი [სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი] ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ №ას-498-466-2017, 19 ივლისი, 2018 წელი). შესაბამისად, იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ კასატორის სახელზე რეგისტრირებული 11 სატრანსპორტო საშუალება გაყიდულია და კასატორი აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან არ იღებს შემოსავალს, სწორედ კასატორს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.
34. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე.
35. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან (იხ. სუსგ №ას-131-131-2018 19 ივლისი, 2018 წელი; №ას-505-505-2018 5 ივლისი, 2018 წელი). არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 360 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 ლარი და დარჩენილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
38. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა იგი.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 29.10.2019წ. გაცემული ცნობა N49/7/1-01903002 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ; შემოსავლების სამსახურის 28.10.2019წ. წერილი N21-11/115689), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 243-246).


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ლ.კ–ძეს (პ/ნ: .....) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 29 ოქტომბერს №21948181 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 360 (სამას სამოცი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი 60 (სამოცი) ლარი და დარჩენილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს ლ.კ–ძეს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 29.10.2019წ. გაცემული ცნობა N49/7/1-01903002 სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ; შემოსავლების სამსახურის 28.10.2019წ. წერილი N21-11/115689), მთლიანობაში „4“ ფურცლად (ტ. 1. ს.ფ. 243-246);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. ბაქაქური


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ბ. ალავიძე