საქმე №ას-148-2020 20 მაისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - კ.ა.მ.ს–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულ უნდა იქნეს განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კ.ა.მ.ს–ა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) და ა.გ–ძე (შემდეგში: მოპასუხე) იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2009 წლის 20 იანვარს, ქალაქ ბათუმში შეეძინათ შვილი - ს.გ–ძე (მოპასუხის ვაჟიშვილი)(ტ.1,ს.ფ. 21).
2. მოსარჩელე, შვილთან ერთად ცხოვრობს პერუს რესპუბლიკაში. მოპასუხე ცხოვრობს საქართველოში, მეორე მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან - 2011 წლის 30 ივლისს დაბადებულ ა.გ–ძესთან და 2013 წლის 9 იანვარს დაბადებულ მ.გ–ძესთან ერთად (მოპასუხის ქალიშვილები) (ტ.1,ს.ფ. 189-190).
3. მოპასუხის ვაჟიშვილმა, 2014 წელს დაასრულა საბაზისო საშუალო განათლება, რომელიც შეესაბამება სკოლამდელი განათლების დონის ჩვეულებრივ საბაზო განათლების მე-3, მე-4 და მე-5 წლებს (ტ.1,ს.ფ.32).
4. სკოლამდელი დაწესებულება „ნიდო ხესუმ“, 2014 წლის 18 დეკემბერს, მოპასუხის ვაჟიშვილის სახელზე გასცა დიპლომი კითხვისა და წერის სწავლაში მიღწევების აღიარების ნიშნად (ტ.1,ს.ფ.36).
5. შპს „მ–ომ“ მოპასუხის ვაჟიშვილის გადასცა სერთიფიკატი, რომლითაც ის აღიარებულია KIDS ტექნოლოგიების ახალგაზრდა სპეციალისტად (ტ.1ს.ფ.40).
6. კერძო სასწავლო დაწესებულება „ს.ლ–ას“ დირექტორის 2018 წლის 08 ნოემბერს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხის ვაჟიშვილმა დაასრულა მეორე კლასი (2016), მე-3 კლასი (2017) და სწავლობს ამავე საგანმანათლებო დაწესებულებაში (ტ.1,ს.ფ.52-53). იმავე სასწავლებელში, სწავლის საფასურის სახით 2016 წელს გადახდილია 3600 სოლი, 2017 წელს 3800 სოლი, ხოლო 2018 სასწავლო წელს - 3200 სოლი. აღნიშნული საფასური მოიცავდა სწავლისა და გახანგრძლივებული სწავლების (კვება, ნაშუადღევის პროგრამა) საფასურს (ტ.1,ს.ფ.56-57).
7. სკოლაში უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, ვაჟიშვილს ტრანსპორტირებისთვის, 2018 წელს, მოსარჩელემ გადაიხადა თვეში 100 სოლი (ტ.1,ს.ფ.79-80).
8. ბავშვთა კლინიკის, 2018 წლის 10 მაისის ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხის ვაჟიშვილს აქვს ორმხრივი ჰიდროცელე. ოპერაციასა და მედიკამენტებისთვის საჭირო თანხა შეადგენს 4 902 სოლს (ტ.1,ს.ფ.130-131).
9. სპეციალიზებული ოფთალმოლოგიური კლინიკის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოპასუხის ვაჟიშვილს მარჯვენა და მარცხენა თვალში ესაჭიროება შორსმხედველობისთვის ლინზა +0.50 (ტ.1,ს.ფ.135-137).
10. საქართველოს ეროვნული ბანკის, 2019 წლის 04 მარტს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ 2019 წლის 26 თებერვლის მდგომარეობით, ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, 1 აშშ დოლარი არის 2.6751 ლარის შესაბამისი, ამასთან 1 აშშ დოლარი არის - 3.3035 პერუს სოლის ტოლი (ტ.1,ს.ფ.150).
11. შპს „ქ.შ.ჯ–ას“ მიერ, 2019 წლის 18 მარტს გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ა.გ–ძე მუშაობს C.Sh.-ის გემზე, კონტრაქტით (4+1თვე), ელექტრო მექანიკოსად. ანაზღაურება ერიცხება მხოლოდ კონტრაქტის მოქმედების ვადის დროს, საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ (კვიპროსი), გემთმფლობელის მიერ, რომლის გემებზეც ის მუშაობს. ყოველთვიური ანაზღაურება გემის ბორტზე ყოფნისას არის 1 255 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ.186).
12. მოპასუხის ქალიშვილი - მ. სწავლობს ააიპ სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციისა და ადაპტაციის ცენტრში და სწავლის საფასური წლიურად შეადგენს 2 200 ლარს (ტ.1,ს.ფ.187), ხოლო მეორე ქალიშვილი - ა. სწავლობს შპს „ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში“ და სწავლის საფასური წლიურად შეადგენს 750 ლარს (ტ.1,ს.ფ.188).
13. მოპასუხის მამას - ს.გ–ძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, არასტაბილური სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია (ტ.1,ს.ფ.191).
14. სარჩელის საფუძვლები
14.1. მოსარჩელემ, 2019 წლის 12 მარტს, სარჩელი აღძრა მამის წინააღმდეგ, მოითხოვა არასწრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 1 500 აშშ დოლარის დაკისრება.
15. მოპასუხის პოზიცია
15.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და დამატებით განმარტა, რომ როგორც მშობელი მამა დაინტერესებული მისი ვაჟიშვილი ჩამოყალიბდეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რა მიზნითაც იღებს კიდეც მონაწილეობას ბავშვის აღზრდა განვითარებაში.
15.2. მოპასუხემ დამატებით განმარტა, რომ მოთხოვნილი ალიმენტი შეუსაბამოდ მაღალია, მისი ანაზღაურებისა და სხვა საჭიროებებიდან გამომდინარე, რის გამოც თანახმაა გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარი.
16. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
16.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
16.1.1. მოპასუხეს, არასრულწლოვანი ვაჟიშვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 300 ლარის ოდენობით.
16.2. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით და განმარტა, რომ პერიოდული სარჩოს ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით.
17. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
17.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
18.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
18.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
18.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 1-13 პუნქტები) დაყრდნობით განმარტა, რომ ყოველთვიურად, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, გასათვალისწინებელი იყო ბავშვის ასაკი, ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობა და სხვა საჭიროებები.
18.4. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა მშობლის შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავდა, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო მშობლის, ფინანსურ შესაძლებლობებთან.
18.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი გემზე ყოფნისას შეადგენდა 1 255 აშშ დოლარს, ამასთან, წელიწადში დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა გემზე. ზემოაღნიშნულთან ერთად გასათვალისწინებელი იყო, რომ მოპასუხის კმაყოფაზე არიან მისი მშობლები, მათ შორის მამა, ჯანმრთელობის პრობლემებით, ასევე, მეუღლე და ორი არასრულწლოვანი ქალიშვილი (ერთ-ერთს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, განსაკუთრებული მზრუნველობა ესაჭიროება) მეორე ქორწინებიდან.
19. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
19.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 დეკემბრის განჩინება, მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
19.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი განჩინება მიიღო. არ გაითვალისწინა ბავშვის უფლებები და ინტერესები.
19.3. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის სტაბილური ფინანსური მდგომარეობა, რომელსაც მინიმუმ 500 ლარის გადახდა თავისუფლად შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ დასახელებული თანხა საარსებო მინიმუმზე საკმაოდ დაბლა დგას პერუს რესპუბლიკაში, სადაც მხარეთა ვაჟიშვილი უნდა აღიზარდოს.
19.4. სასამართლომ, არ გაითვალისწინა, კასატორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოპასუხის შემოსავლების თაობაზე, ამასთან, არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხეს საკუთრებაში ჰქონდა კომერციული ფართი, რომელიც დავის დაწყების შემდეგ გადაუფორმა მეორე მეუღლეს.
19.5. სასამართლომ, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის გათვალისწინებით, მშობლები დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააგდო ვინაიდან, ერთმა მშობელმა, მისი შემოსავლის სრული მოცულობა ბავშვის აღზრდისთვის უნდა მიმართოს, ხოლო მოპასუხემ მხოლოდ 300 ლარი უნდა გადაიხადოს.
20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 6 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აპელანტის (დედის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე „მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ“, 1234.1 „იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან“, 1198.2 „მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება“ და 1202-ე „მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ“ მუხლები.
25. კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს არც ბავშვის საჭიროებები, მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და არც საქმეში არსებული დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მოპასუხის შემოსავლები და გადახდისუნარიანობა.
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
27. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
28. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
30. ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების, მშობლის ფინანსური მდგომარეობისა და მისი სხვა საჭიროებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა.
31. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებსა და მსჯელობას და განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იყო მისაღები როგორც მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ვაჟიშვილის საჭიროებები, რომელთა დაფინანსებაშიც ორივე მშობელმა უნდა მიიღონ მონაწილეობა, ასევე მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა და ის ვალდებულებები, რომელიც მოპასუხეს მეორე ქორწინებაში ყოფნის პირობებში გააჩნია.
32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ცნობა, რომლის მიხედვითაც მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი 1 255 აშშ დოლარს შეადგენს, ამასთან, აღნიშნულ ხელფასს, წლის განმავლობაში მხოლოდ ექვსი თვე, გემზე ყოფნის პერიოდში იღებს, ასევე, მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი, მათ შორის, ერთ-ერთი განსაკუთრებული მზრუნველობის საჭიროების მქონე (რაც ფინანსურადაც მეტი ტვირთია) და მის კმაყოფაზე მყოფი მშობლები, რომელთაგან, მამა ჯანმრთელობის პრობლემების მქონეა.
33. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული ალიმენტი, ბავშვის საჭიროებებისა და მოპასუხის ფინანსური ვალდებულებების გათვალისწინებით, მისივე შვილებთან მიმართებით მეორე ქორწინებიდან, წარმოადგენს გონივრულ ოდენობას.
34. კასატორის სხვა პრეტენზიების პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, დავის საგანს ალიმენტის დაკისრება წარმოადგენს, ხოლო სხვა პრეტენზიები წინამდებარე განჩინების ფარგლებში განხილვის საგანი ვერ გახდება.
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის (დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება) წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. კ.ა.მ.ს–ას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე