საქმე №ას-861-2019 3 ოქტომბერი, 2019 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ს.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კასატორი ან მოპასუხე) საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, სახელდობრ:
1.1. მისი მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ მას მეორე ქორწინებიდან ჰყავს შვილი და მშობლებსაც არჩენს.
1.2. კასატორის მოსაზრებით, კანონის მიხედვით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე - შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა, რაც იმას ნიშნავს რომ ყურადღება უნდა მიექცეს არა მარტო მამის, არამედ დედის შემოსავალსაც. განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას, რადგანაც მხოლოდ მისი შემოსავალი მიიღო მხედველობაში სასამართლომ. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ არა მარტო ს.ბ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოწინააღმდეგე მხარე ან მოსარჩელე) არამედ, მესამე პირის წინაშე სესხის დაბრუნების ვალდებულება მასაც გააჩნია.
1.3. გარდა ამისა, ბავშვის ჯანმრთელობისათვის აუცილებელი დამატებითი ხარჯების გაანგარიშებისას სასამართლო მხოლოდ მოსარჩელის ზეპირ განმარტებას დაეყრდნო. მას არ მოუთხოვია ამ ნაწილში სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა:
4.2.1. 2008 წლის 19 ივნისს მხარეებს შეეძინათ შვილი - ა. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი), (იხ. დაბადების მოწმობა, ს.ფ. 15, ტ.1).
4.2.2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი ქორწინება 2012 წლის 21 ნოემბრის განქორწინების მოწმობის საფუძველზე შეწყვეტილია (იხ. განქორწინების მოწმობა, ს.ფ. 14. ტ.1).
4.2.3. არასრულწლოვანი სწავლობს საჯარო სკოლაში. მისი ჯანმრთელობა არადამაკმაყოფილებელია. აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, დიაგნოზი - პრეპუბერტატი, მიმდინარე ადგილობრივი სიმსუქნით, რის გამოც, ბავშვს დროდადრო ესაჭიროება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სამედიცინო კვლევები და შესაბამისი მედიკამენტები (იხ, ცნობები, ს.ფ. 63; 64; 66; 69; 70; 71; 72-74; 73. ტ.1).
4.2.4. მოსარჩელე ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან და ასაკით პენსიონერ დედასთან ერთად, ხოლო მამა 1995 წლის 5 თებერვალს გარდაიცვალა. აქვს გრეივსის დაავადება, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი „Iხ“. პერიოდულად საჭიროებს ენდოკრინოლოგის კონსულტაციასა და ულტრაბგერით კვლევებს. 2016 და 2018 წლებში ციტოლოგიური გამოკვლევების შედეგად დაენიშნა მედიკამენტური მკურნალობა (იხ, ცნობები, ს.ფ. 75-76; 77; 78; 79-80; 81-82; 83-84; 85-88; 89. ტ.1).
4.2.5. მოსარჩელე 2010 წლის 25 მარტიდან დასაქმებულია სს „ს.ბ–ში“. ამჟამად მუშაობს საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის თბილისის №.. სერვისცენტრის მენეჯერად და მისი დარიცხული ხელფასი - 1800 ლარია (იხ. ცნობა, ს.ფ 50. ტ.1).
4.2.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოსარჩელის მიერ 2017 წლის იანვრიდან მიღებული შემოსავალი შეადგენს: 2017 წლის იანვარში - 37.5 ლარსა და 1558.57 ლარს, თებერვალში - 1825.25 ლარს, მარტში - 37.5 ლარსა და 1836.5 ლარს, აპრილში - 7062.55 ლარს, მაისში - 2811.75 ლარს, 11.4 ლარსა და 37.5 ლარს, ივნისში - 4824.94 ლარს, ივლისში - 1861.75 ლარს, აგვისტოში - 4415.5 ლარს, სექტემბერში - 1870.5 ლარს, ოქტომბერში- 3264.8 ლარს, ნოემბერში - 482.5 ლარს, 31.55 ლარს, 24.7 ლარსა და 1983.3 ლარს, დეკემბერში - 3310.5 ლარს, 2018 წლის იანვარში - 102.5 ლარს, 2.45 ლარსა და 1870.5 ლარს, თებერვალში - 2087.39 ლარს და 27.25 ლარს, მარტში - 1993.5 ლარს, აპრილში - 3370.5 ლარს, მაისში - 3152.93 ლარს, ივნისში - 1982.53 ლარს, ივლისში - 2039.93 ლარს, აგვისტოში - 3490.76 ლარს და სექტემბერში - 1866.75 ლარს (იხ. ს.ფ 112-116. ტ.1).
4.2.7. მოსარჩელეს 2018 წლის 26 ოქტომბრის მონაცემებით, N2361257-9916383 სწრაფი განვადების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სს ,,თ.ბ–ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება - 411.43 ლარი (იხ. ცნობა, ს.ფ. 54. ტ.1).
4.2.8. მოსარჩელის ფინანსური ვალდებულება, მას და სს ,,ს.ბ–ს“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებებისა და საბანკო მომსახურების ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 2018 წლის 24 ოქტომბრის მონაცემებით შეადგენს: #5036227 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 17 194.37 ლარს, #5215908 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 3019.17 ლარს, საკრედიტო ბარათის - 1581.87 ლარს, ხოლო ,,ოვერდრაფტის“ – 854.49 ლარს (იხ. ს.ფ. 54-62; 167-268. ტ.1).
4.3. მოპასუხე/კასატორი დასაქმებულია შპს ,,თ.ჯ–ის“ გარე განათების საექსპლუატაციო სამსახურის საექსპლუატაციო განყოფილებაში უფროს მოადგილედ და მისი სახელფასო განაკვეთი - 1875 ლარია (იხ. ცნობა, ს.ფ 37. ტ.1).
4.3.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, მოპასუხემ 2017 წლის იანვრიდან მიიღო შემდეგი შემოსავალი: 2017 წლის იანვარში - 401.53 ლარი, თებერვალში - 2046.16 ლარი, მარტში - 2004.38 ლარი, აპრილში - 2827.19 ლარი, მაისში - 1949.85 ლარი, ივნისში - 2765.26 ლარი, ივლისში - 1500 ლარი და 489.48 ლარი, აგვისტოში - 488.99 ლარი და 1500 ლარი, სექტემბერში - 1500 ლარი და 700.6 ლარი, ოქტომბერში - 1500 ლარი და 620.25 ლარი, ნოემბერში - 551.95 ლარი, 1500 ლარი და 26.81 ლარი, დეკემბერში - 678.34 ლარი, 5247.5 ლარი და 29.9 ლარი, 2018 წლის იანვარში - 14.86 ლარი და 728.15 ლარი, თებერვალში - 649.98 ლარი და 1500 ლარი, მარტში - 508.81 ლარი და 2625 ლარი, აპრილში - 1625 ლარი და 492.5 ლარი, მაისში - 1875 ლარი და 499.81 ლარი, ივნისში - 1875 ლარი და 544.71 ლარი, ივლისში - 1872.5 ლარი, 2.5 ლარი და 634.18 ლარი, აგვისტოში - 1875 ლარი და 307.63 ლარი, სექტემბერში - 1875 ლარი და 618.49 ლარი (იხ. ს.ფ. 112;115-116. ტ.1).
4.3.2. 2018 წლის 07 ნოემბრისთვის სს ,,თ.ბ–ის“ წინაშე მოპასუხის დავალიანება #1362171-9341785 ,,ოვერდაფტის“ ბარათზე შეადგენს - 1098.58 ლარს და #3323674-10038641 სამომხმარებლო სესხზე - 31 309.09 ლარს (იხ. ცნობა, ს.ფ. 124. ტ.1).
4.3.3. მოპასუხე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება მ.ქ–თან, მათ 2019 წლის 25 მარტს შეეძინათ შვილი - დ.
4.3.4. ქალაქ თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #....., 2017 წლის 13 ოქტომბრიდან, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის საკუთრებაა. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უძრავი ქონების საფასური - 10 000 ლარით განისაზღვრა (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 151-152. ტ.1). მოპასუხის საკუთრებაა ქალაქ თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონებაც, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #..... (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 147-148. ტ.1), ხოლო, ქალაქ თბილისში, ..... მდებარე მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #....., 2017 წლის 2 ნოემბრიდან უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ი.გ–ის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს.ფ. 149-150; 145-146. ტ.1).
4.3.5. მოპასუხეს ჰყავს პენსიონერი მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არ იმყოფებიან.
5. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
6. კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას.
6.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
7. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად (სასამართლომ დაიანგარიშა ბავშვის რჩენის ხარჯები და თანაბრად გაანაწილა მშობლებზე), ალიმენტის, 400 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხისათვის ყოველთვიურად დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია (შდრ. სუსგ ას-42-38-2017, 10.07.17 წ.).
8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის პრეტენზია, მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს, მით უფრო, რომ საბანკო ვალდებულებების არსებობა მის გადახდისუნარიანობაზე მეტყველებს (შდრ. სუსგ -04.03.2011 წ. საქმე №ას-1356-1194-2010).
9. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, კასატორი მშობლების ერთადერთი მარჩენალია და ეს ალიმენტის შემცირების საფუძველს ქმნის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების კასატორის კმაყოფაზე ყოფნა არ დასტურდება, მით უფრო, როცა ისინი საპენსიო უზრუნველყოფით სარგებლობენ. ამასთან, მოპასუხის (კასატორის) მშობლები ცხოვრობენ ცალკე, საკუთარ სახლში. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მეორე ქორწინებიდან შვილსაც თავად არჩენს, სასამართლომ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას გაითვალისწინა.
10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
11. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის საკრედიტო ვალდებულებას, არასრულწლოვანი შვილის მიმართ არსებულ საალიმენტო ვალდებულებებთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საკითხი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.კ–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 (სამასი) ლარის (საგადახდო დავალება #8100749011, გადახდის თარიღი 24.06.2019წ), 70% - 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი