საქმე №ას-976-2019 30 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. ა-ე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - თ. დ-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ. დ-ი (შემდეგში: მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ზ. ა-ე (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი ან კასატორი) 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. ისინი რამდენიმე წელია ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან მეურნეობას.
2. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 1 ივნისს - ი. ა-ე და 2010 წლის 16 ნოემბერს - დ. ა-ე.
3. მოსარჩელე დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი. ა-ესთან და დ. ა.ესთან ერთად ცხოვრობს საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში.
4. მოსარჩელის დედა და მამიდა იღებენ პენსიას.
5. არასრულწლოვანი დ. ა-ე გადის წვრთნას საფეხბურთო კლუბში, სადაც ყოველი თვის გადასახადია 50 ლარი.
6. მოსარჩელე არის ინგლისური ენის თარჯიმან-რეფერანტი, თუმცა, იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.
7. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოსარჩელეს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
8. მოპასუხე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ. ი-ესთან. მოპასუხეს და ნ. ი-ეს თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 14 ოქტომბერს შეეძინათ შვილი ლ. ა-ე. მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან ლ. ა-ესთან ერთად.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: ა) არასრულწლოვანი შვილის, ი. ა-ის სასარგებლოდ (დაბადებული 2006 წლის 1 ივნისს), ალიმენტის სახით 300 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად. ბ) არასრულწლოვანი შვილის, დ. ა-ის სასარგებლოდ (დაბადებული 2010 წლის 16 ნოემბერს), ალიმენტის სახით 300 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად.
10. მოსარჩელის განმარტებით, სარჩელის აღძვრას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ მხარეები 2002 წლიდან იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 01 ივნისს - ი. ა-ე და 2010 წლის 16 ნოემბერს - დ. ა-ე. მხარეები ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მოპასუხე არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში. მოსარჩელე დამოუკიდებლად ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვან შვილებს ყველა საჭიროებით. არასრულწლოვან ბავშვებს ასაკის შესაბამისად ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის ესაჭიროებათ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება. არასრულწლოვანი ი. ა-ე სწავლობს გერმანულ ენას კერძო მასწავლებელთან, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 90 ლარს. ასევე, არასრულწლოვანი ი. ა-ე ემზადება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რომლის ყოველთვიური საფასურია 100 ლარი. არასრულწლოვანი დ. ა-ე გადის წრვთნას საფეხბურთო კლუბში, სადაც გადასახადი შეადგენს 50 ლარს. გარდა ზემოაღნიშნულისა, ბავშვებს ესაჭიროებათ დამატებით წრეებში ჩართვა. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. იგი არის შპს „ვ.“ დამფუძნებელი და დირექტორი და ყოველთვიურად აქვს შემოსავალი.
11. მოპასუხემ შესაგებელში უარყო არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის მიუღებლობა და აღნიშნა, რომ მოსარჩელესთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ვერ ნახულობს არასრულწლოვან ბავშვებს. მანვე უარყო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის არსებობასთან მიმართებით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის ირინა ამირიძის (დაბადებული 20... წლის ... ივნისს) და დ. ა-ის (დაბადებული 2010 წლის 16 ნოემბერს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 20 ნოემბრიდან) ყოველთვიურად, 150-150 ლარის გადახდა.
13. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება.
15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-8-ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
16. იმავდროულად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე წარმოადგენდა შპს „ვ.“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თამილა უროტაძეს. შპს „ვ.“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შპს „ნ.“. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხის მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 4.38 ლარს, თებერვლის თვეში - 18.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 62.5 ლარს, 8.75 ლარს და 25 ლარს.
17. მოპასუხის ფინანსური ვალდებულება 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით (N55750... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს;
18. მოპასუხეს ერიცხება პენსია 100 ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც, ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 ლარს;
19. მოპასუხეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მისი დიაგნოზია: ანოფთალმი H05,4 და მაღალი ხარისხის მიოპია H52,1. მას ეკრძალება მძიმე ფიზიკური დატვირთვა, საჭიროებს ოფთამოლოგის მეთვალყურეობას. მას ამჟამად მარჯვენა თვალბუდეში აქვს თვალის პროთეზი.
20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1198-ე, 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით; ასევე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით.
21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გაითვალისწინა მხარეთა კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი.
22. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
23. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და გააჩნია სასესხო ვალდებულებები, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. გარდა აღნიშნულისა, აპელანტის ფინანსური მდგომარეობა (ფინანსური ვალდებულებები მესამე პირის წინაშე) არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩენი ბავშვების ასაკის, მათი საჭიროებების, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვის გათვალისწინებით, თანაბრად, შუაზე გაყოფით მშობლებზე გადანაწილდა მათი რჩენის ხარჯები და აღნიშნულის საფუძველზეც დადგინდა ალიმენტის ოდენობა.
24. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვებს უნდა შეექმნათ მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამ თვალსაზრისით კი, ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვების რჩენა და მათთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხეზე არასრულწლოვანი შვილებისთვის გადასახდელი ალიმენტის თანხა - ჯამში 300 ლარის ოდენობით - სავსებით სამართლიან და გონივრულ ოდენობას წარმოადგენდა, არასრულწლოვანთა ინტერესების და აპელანტის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
26. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს არავითარი შემოსავალი, გარდა 100 ლარიანი პენსიისა არ გააჩნია. ამასთან, პენსიის წინსწრებად აღების გამო, ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 ლარს. აქვს ფინანსური ვალდებულება, აქვს ოფთალმოლოგიური პრობლემები და საჭიროებს ოფთალმოლოგის მეთვალყურეობას. მოპასუხეს ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მოპასუხეს მაინც დააკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
29. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1197-ე (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
30. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ მას არავითარი შემოსავალი, გარდა 100 ლარიანი პენსიისა არ გააჩნია. ამასთან, პენსიის წინსწრებად აღების გამო, ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 ლარს. აქვს ფინანსური ვალდებულება, აქვს ოფთალმოლოგიური პრობლემები და საჭიროებს ოფთალმოლოგის მეთვალყურეობას. მოპასუხეს ფიზიკურად მუშაობა არ შეუძლია. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლომ მოპასუხეს მაინც დააკისრა ალიმენტის გადახდა თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით.
31. საკასაციო პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
32. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2006 წლის 1 ივნისს - ი. ა-ე და 2010 წლის 16 ნოემბერს - დ. ა-ე.
33. მოსარჩელე დედასთან, მამიდასთან და არასრულწლოვან ი. ა-ესთან და დ. ა-ესთან ერთად ცხოვრობს. მოსარჩელის დედა და მამიდა პენსიონორები არიან.
34. მოპასუხე კი, ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია ნ. ი-ესთან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 14 ოქტომბერს შეეძინა შვილი ლუკა ამირიძე. მოპასუხე ცხოვრობს მეუღლესთან და არასრულწლოვან ლ. ა-ესთან ერთად.
35. მოსარჩელე არის ინგლისური ენის თარჯიმან-რეფერანტი, თუმცა, იგი არ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, მოსარჩელეს 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები არ უფიქსირდება.
36. არასრულწლოვანი დ. ა-ე გადის წვრთნას საფეხბურთო კლუბში, სადაც ყოველი თვის გადასახადია 50 ლარი.
37. მოპასუხე წარმოადგენდა შპს „ვ.“ დირექტორს და ამავე საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელს. მან თავისი წილი საწარმოში უსასყიდლოდ გადასცა თამილა უროტაძეს. შპს „ვ.“ შეეცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელია შპს „ნ.“. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მოპასუხის მიერ 01.11.2017 წლიდან 15.01.2019 წლამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 119.38 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 23.88 ლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 29 იანვრის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 4.38 ლარს, თებერვლის თვეში - 18.75 ლარს, ოქტომბრის თვეში - 62.5 ლარს, 8.75 ლარს და 25 ლარს.
38. მოპასუხის ფინანსური ვალდებულება 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით (N557... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) შეადგენს 552.10 ლარს და ოვერდრაფტზე - 0.05 ლარს. ბანკის წინაშე არსებული სესხის დასაფარად ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 311.83 ლარს;
39. მოპასუხეს ერიცხება პენსია 100 ლარის ოდენობით. მოპასუხეს წინსწრებით აქვს აღებული თანხა, რის გამოც, ბანკიდან ყოველთვიურად იღებს მხოლოდ 50 ლარს;
40. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
41. ზემოაღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია; დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. იგი არც შედავებია საკასაციო საჩივარში აღნიშნულ გარემოებებს (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები- ს.ფ. 198, 199).
42. შესაბამისად, ამ გარემოებებს საკასციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
43. კასატორი მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და პენსიის ოდენობის, აგრეთვე, ფინანსური ვალდებულების გათვალისწინებით, ვერ შესძლებს ალიმენტის გადახდას (იხ., ამ განჩინების პ-30). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზია (იხ., ამ განჩინების პ-30) არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ალიმენტის ოდენობისაგან (თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარი) გათავისუფლების საფუძველს. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ მინიმალური ოდენობის ალიმენტი დააკისრა მოპასუხეს არასრულწლოვანთა საჭიროებებისა და ორივე მშობლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით. (იხ.,სუსგ №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი).
44. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად მოიძია/განმარტა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა - სსკ-ის 1214-ე მუხლი, სწორად შეაფასა არასრულწლოვანთა ინტერესები, ასევე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა და ამგვარდ განსაზღვრა ალიმენტის გონვრული და სამართლიანი ოდენობა.
45. საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ პირველი კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (შდრ: სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი, №ას-578-2019, 28 ივნისი, 2019 წელი).
46. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
47. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
48. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
49. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე