საქმე №ას-332-2019 2 აგვისტო, 2019 weli,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – თ.გ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან დედა) და თ.გ–ი (შემდეგში: მოპასუხე, მამა, აპელანტი ან კასატორი) 2012 წლიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
2. მოსარჩელე ქორწინებაში იმყოფება ზ.პ–თან. მოსარჩელე მეუღლესთან, არასრულწლოვან ლ.გ–თან და ნ.გ–თან (შემდეგში: არასრულწლოვნები ან შვილები) ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, .....
3. არასრულწლოვნები სწავლობენ სსიპ თბილისის 87-ე საჯარო სკოლაში. არასრულწლოვანი ნ.გ–ი დადის მუსიკის (ფორტეპიანოს) შემსწავლელ წრეზე, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 35 (ოცდათხუთმეტი) ლარს.
4. მოპასუხე შ.გ–თან, არასრულწლოვან გ. გ–თან და გ.გ–თან ერთად ცხოვრობს მისამართზე თბილისი, .....; მოპასუხე აღნიშნულ საცხოვრებელ მისამართზე იხდის კომუნალურ გადასახადებს.
5. მოსარჩელესა და მოპასუხეს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2004 წლის 2 სექტემბერს - ლ.გ–ი და 2010 წლის 27 იანვარს - ნ.გ–ი.
6. არასრულწლოვნების მამა და შ.ტ–ი (ქორწინების შემდგომ ,,გ–ი“) დაქორწინდნენ 2015 წლის 4 მარტს. მათ შეეძინათ ორი შვილი: 2014 წლის 14 ნოემბერს - გ. გ–ი და 2016 წლის 24 მაისს - გ.გ–ი.
7. მოსარჩელე დასაქმებულია სადაზღვევო კომპანიაში ,,პრაიმი“ და მისი ყოველთვიური ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს.
8. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, მოსარჩელის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის მაისის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 13 043.75 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 2608.75 ლარს.
9. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, არასრულწლოვანთა დედის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 775 ლარს, თებერვლის თვეში - 775 ლარს, მარტის თვეში - 775 ლარს, აპრილის თვეში - 431.3 ლარს, მაისის თვეში - 775 ლარს, ივნისის თვეში - 1 143.8 ლარს, ივლისის თვეში - 406.3 ლარს, აგვისტოს თვეში - 1143.8 ლარს, სექტემბრის თვეში - 406.3 ლარს, ოქტომბრის თვეში - 775 ლარს, ნოემბრის თვეში - 750 ლარს, დეკემბრის თვეში - 1143.8 ლარს, 2018 წლის იანვრის თვეში - 650 ლარს, თებერვლის თვეში - 650 ლარს, მარტის თვეში - 1143.8 ლარს, აპრილის თვეში - 650 ლარს, მაისის თვეში - 650 ლარს.
10. მოპასუხე დასაქმებულია შპს ,,ო. მ.ბ.რ“ -ში მცველის პოზიციაზე და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.
11. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათლით, მოპასუხის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის იანვრის თვეში - 92.5 ლარს, თებერვლის თვეში - 625 ლარს, მარტის თვეში - 623.5 ლარს, აპრილის თვეში - 623.5 ლარს, ივნისის თვეში - 623.5 ლარს, ივლისის თვეში - 623.13 ლარს, აგვისტოს თვეში - 641.88 ლარს, სექტემბრის თვეში - 61.88 ლარს, დეკემბრის თვეში - 1110.4 ლარს, 2018 წლის თებერვლის თვეში - 1812.5 ლარს, მარტის თვეში - 1835.4 ლარს, აპრილის თვეში - 1875 ლარს, მაისის თვეში - 1877.13 ლარს.
12. სსიპ შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით, 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით, შ.გ–ის მიერ 2017 წლის იანვრის თვიდან 2018 წლის აპრილის თვის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.
13. შ.გ–ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, მისი დიაგნოზია მუცლის წინა კედლის თიაქარი. მას ესაჭიროება სასწრაფო ოპერაციული მკურნალობა თიაქარკვეთა, თიაქარპლასტიკა ბადის გამოყენებით; შ.გ–ისათვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების (ოპერაციული ჩარევა, მედიკამენტები, მკურნალობა) ღირებულება შეადგენს 2 500 (ორი ათას ხუთასი) ლარს.
14. არასრულწლოვან გ. გ–ის დიაგნოზია - განვითარების ეტაპების დაყოვნება. რეკომენდირებულია ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, განვითარების მასტიმულირებელი ინდივიდუალური პროგრამით ნეიროფსოქლოგიური რეაბილიტაცია, სურდოლოგის კონსულტაცია - სმენის სკრინინგი და ბ/ნევროლოგის კონსულტაცია დინამიკაში. მისთვის ჩასატარებელი სამედიცინო მომსახურების, მკურნალობის კურსის ღირებულება შეადგენს 795 (შვიდას ოთხმოდათხუთმეტი) ლარს.
15. მოპასუხეს სს ,,თ.ბ–ის“ წინაშე 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 2 156.68 (ორი ათას ას ორმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცდარვა თეთრი) ლარის ოდენობით.
16. შ.გ–ს სს ,,თ.ბ–ის“ წინაშე 2018 წლის 24 მაისის მდგომარეობით აქვს საკრედიტო დავალიანება 1 664.63 (ათას ექვსას სამოცდაოთხი ლარი და სამოცდასამი თეთრი) ლარის ოდენობით.
17. არასრულწლოვანთა დედის სარჩელი
17.1. მოსარჩელემ 2018 წლის 8 მაისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 180-180 ლარის დაკისრება მოითხოვა.
18. მოპასუხის შესაგებელი
18.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო.
19. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
19.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანთა დედის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვან შვილთა რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად, თითოეულისათვის 180-180 ლარის გადახდა დაეკისრა.
20. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
20.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მოთხოვნით.
21. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
21.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვან შვილთა რჩენა-აღზრდისათვის სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 150-150 ლარის გადახდა დაეკისრა.
21.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) ნაწილობრივ ცნო სააპელაციო საჩივარი, კერძოდ, 30 ლარის ნაწილში, და მოითხოვა მოპასუხისათვის თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით, ჯამში, 300 ლარის ოდენობი, ალიმენტის განსაზღვრა.
21.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
21.4. სსსკ-ის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის, ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208.3-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია.
21.5. როგორც აღინიშნა, მოცემულ შემთხვევაში, მხარემ რომელიც ითხოვდა მოპასუხისათვის ალიმენტის სახით, თითოეული არასრულწლოვანის სასარგებლოდ, 180-180 ლარის დაკისრებას, 30-30 ლარის ნაწილში ცნო სააპელაციო საჩივარი, ანუ დაეთანხმა ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმებას. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ სწორედ ამ ნაწილში (30-30 ლარის, ჯამში, 60 ლარის ნაწილში) უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
21.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულებას. სსკ-ის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. სსკ-ის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
21.7. „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
21.8. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
21.9. სსკ-ის 1214-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმები. კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
21.10. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
21.11. რაც შეეხება მითითებას მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯის პროპორციულად განაწილებაზე, სასამართლომ განმარტა, რომ ქართული კანონმდებლობითა და სასამართლო პრაქტიკით ბავშვის მოვლისთვის გაწეული ხარჯის გადანაწილების კონკრეტული ფორმულა არ არსებობს. სასამართლომ მიიჩნია, რომ როდესაც ბავშვი დედასთან ცხოვრობს, მშობლებს შორის ბავშვის მოვლის ხარჯი პროპორციულად არ უნდა გადანაწილდეს. ეს დასკვნა სიტუაციის ობიექტური და სამართლიანი შეფასებიდან გამომდინარეობს. ზოგადი პრინციპის თანახმად, ივარაუდება, რომ დედას, რომელთანაც ბავშვი ცხოვრობს, მისი აღზრდისთვის მეტი ხარჯის გაწევა უწევს, ვიდრე მამას, რომელიც მხოლოდ ალიმენტს იხდის. შესაბამისად, მიუხედავად საკანონმდებლო დანაწესისა, რომლის თანახმად ბავშვის რჩენის ვალდებულება მშობლებს თანაბრად ეკისრებათ, ალიმენტის განსაზღვრისას, სხვა გარემოებებთან ერთად, მხედველობაში მიიღება ის, თუ რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და რომელს უფრო მეტი ხარჯის გაწევა უწევს.
22. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
22.1 მოპასუხემ (არასრულწლოვანთა მამამ) საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
22.2. კასატორის განმარტებით, მართალია მოპასუხე დასაქმებულია, თუმცა მისი შემოსავალი არ არის იმ ოდენობის, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ალიმენტის სახით გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა იხადოს ყოველთვიურად.
22.3. კასატორის მითითებით, სსკ-ის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა.
22.4.კასატორის მითითებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა, რაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 2018 წლის აპრილის თვისთვის შეადგენდა 176,9 ლარს. შესაბამისიად, ბავშვებისათვის ეს მინიმუმი შედარებით დაბალი უნდა იყოს, დაახლოებით 75.00 ლარის ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ თოთოეულმა მშობელმა ამ ოდენობის თანხით უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი. ამდენად, მშობლებმა სულ მცირე საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვნები და მშობლის ეს ვალდებულება თანაბარი უნდა იყოს ყველა საალიმენტო ვალდებულების მიმღები პირის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
23. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
25. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლებთან ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
30. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებებიდან და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის, ალიმენტის სახით, მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად, თითოეულისათვის 150 ლარის დაკისრებას გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს (იხ. ამ განჩინების 21.6-5-21.11 ქვეპუნქტები).
31. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ორი ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის, ჯამში ყოველთვიურად 300 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია (შდრ. სუსგ ას-42-38-2017, 10.07.17 წ.).
32. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ.გ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 20 მაისი), 70% – 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე