Facebook Twitter
საქმე №ას-284-2019 27 ივნისი, 2019 წელი,
თბილისი



სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.კ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ალიმენტისა და საალიმენტო დავალიანების შემცირების ნაწილში გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ამ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება, საალიმენტო დავალიანების შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თ.კ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი ან მამა) და მ.ბ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან დედა) თანაცხოვრების პერიოდში, 2003 წლის 26 აპრილსა და 2005 წლის 28 დეკემბერს შეეძინათ შვილები: გ. და ქ. (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც არასრულწლოვნები ან ბავშვები).

2. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე ბავშვებთან ერთად საქართველოში, ხოლო მოსარჩელე რუსეთის ფედერაციაში, მურმანსკის ოლქის ქ. კანდალაკშაში ცხოვრობს.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დაუსწრებელი გადაწყვეტილება), მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2015 წლის 20 ნოემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე ყოველთვიურად, თითოეულ შვილზე, ალიმენტის 500-500 ლარის, სულ 1000 (ერთი ათასი) ლარის გადახდა, დაეკისრა. ამავე გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა.

4. მოსარჩელე 2017 წლის 1 იანვრიდან იმავე წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მძღოლად მუშაობდა. ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ცნობის თანახმად, 2017 იანვრიდან იმავე წლის ივნისის ჩათვლით, მისი დასაბეგრი შემოსავალი 16 500 რუბლს, ხოლო ივლისიდან ოქტომბრის ჩათვლით - 17 160 რუბლს შეადგენდა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 135-137).

5. მოსარჩელემ, საალიმენტო ვალდებულების შესასრულებლად, მოპასუხეს, 2018 წლის 21 აპრილიდან იმავე წლის 22 მაისის ჩათვლით, მთლიანად 1800 აშშ დოლარი გადაურიცხა.

6. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე, მოსარჩელეს ჯანმრთელობა გაურთულდა, სახელდობრ: 2015 წლის მარტში მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა-სათესლე ჯირკვლის მილის კისტის ამოკვეთა; 2016 წლის იანვარში დაესვა დიაგნოზი: მწვავე ჩირქოვანი ორმხრივი ორქიეპიდიდიმიტი, სათესლის პარკისა და შორისის ჩირქოვან-ნეკროზული ფლეგმონა, სეფსისი; 2016 წლის 07, 13 და 15 იანვარს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაციები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2018 წელს კიდევ უფრო დამძიმდა, კერძოდ, სექტემბერ-ოქტომბერში, ის იმყოფებოდა რა სტაციონარულ მკურნალობაზე, დაუდგინდა გულის იშემიური დაავადება, კორონალური არტერიების ათეროსკლეროზი, 22.09 18Q მიოკარდიის ინფარქტი ქვედა კედლის გარშემორტყმით, PTCA მკას-ს სტენტირებით. მისი კონკურებადი დიგნოზია: მწვავე პანკრიატიტი, საშუალო მძიმე მიმდინარეობა, თანმხლები დიაგნოზი კი: ჰიპერლიპიდემია II ა ტიპის, კუჭის ლეიომიომა, წყლული, გამწვავება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, სპერმისტული ტვინის კისტის ამოკვეთა (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-29, 132-134; ტ.2. 99-112).

7. 2016 წლის 27 დეკემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის, მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ალიმენტის სახით დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი თანხის გონივრულ ოდენობამდე, 100-100 ლარამდე (მთლიანად 200 ლარამდე) შემცირება მოითხოვა. მოგვიანებით, 2018 წლის 28 სექტემბერს მან დაზუსტებული სარჩელი წარუდგინა სასამართლოს, რომლითაც, გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების - 15 000 ლარის, 5000 ლარამდე შემცირება და 2018 წლის აპრილ-მაისში მოპასუხისათვის გადარიცხული თანხის - 1 800 აშშ დოლარის (ეროვნული ვალუტის კურსით 4400 ლარის) საალიმენტო დავალიანებაში ჩათვლა მოითხოვა.

7.1. მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მას ალიმენტის სახით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ - 500-500 ლარის, ჯამურად 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, სრულწლოვანებამდე ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე. ის 2015 წელს მძიმედ დაავადდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამბულატორიულად და სტაციონარულად მკურნალობდა. მითითებულ პერიოდში, ის არ მუშაობდა და, შესაბამისად, არც მატერიალური შემოსავალი ჰქონდა. 2016 წლის მან მძღოლად დაიწყო მუშაობა, თუმცა მისი ყოველთვიური შემოსავალი არ აღემატებოდა 16 500 რუბლს, რაც საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსით მხოლოდ 500 ლარს შეადგენს. მას არც შემოსავლის სხვა დამატებითი წყარო არ გააჩნია და ჯანმრთელობიდან გამომდინარე, აღნიშნულის პერსპექტივა არც სამომავლოდ არსებობს. ამრიგად, დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა მოსარჩელის მატერიალურ მდგომარეობასთან შეუსაბამო იყო და, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 100-100 ლარამდე უნდა შემცირებულიყო.

8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ვინაიდან არ დასტურდებოდა სათანადო და უტყუარი მტკიცებულებებით. მოსარჩელემ 2014 წლის იანვრიდან შეწყვიტა შვილების მატერიალური დახმარება და თავს არიდებს მშობლის ვალდებულების შესრულებას, მალავს შემოსავლებს, უთითებს მძიმე ჯანმრთელობის შესახებ, რათა არსებითად შეუმცირდეს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა. ამასთან, მოსარჩელის მიერ გამოგზავნილი 1800 აშშ დოლარი არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ საალიმენტო ვალდებულების შესრულების მიზნით გადახდილ თანხას, ვინაიდან მოსარჩელეს შვილებისათვის მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის შესაძენად დაურიცხა.

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - თითოეული შვილის მიმართ 500-500 ლარი 300-300 ლარით შეუმცირდა და, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად ალიმენტის 200-200 ლარის გადახდა დაეკისრა, სარჩელის აღძვრიდან, 2016 წლის 27 დეკემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე; სასარჩელო მოთხოვნა გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლისა და შემცირების თაობაზე, უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1197-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1221-ე, 1231-ე, 1234-ე, 1237-ე მუხლები, ასევე, „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა.

10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელი გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების თანხის ჩათვლისა და შემცირების თაობაზე, უარყოფილ იქნა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს გადაუხდელი ალიმენტის თანხის ანგარიშში გადახდილად ჩაეთვალა 1800 აშშ დოლარი, ეროვნული ვალუტის კურსით - 4 400 ლარი. გასაჩივრებული გადაწყვეტილება ალიმენტის სახით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2016 წლის 27 დეკემბრიდან მათი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ყოველთვიურად 200-200 ლარის დაკისრების ნაწილში, დარჩა უცვლელად.

11.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან სარჩელის აღძვრის დროისათვის მოსარჩელის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობაც, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა - ყოველთვიურად 500-500 ლარი, აღარ წარმოადგენდა მოსარჩელის რეალური ქონებრივი მდგომარეობის შესატყვისს, რის გამოც, ნაწილობრივ იკვეთებოდა სსკ-ის 1221-ე მუხლით გათვალისწინებული ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის აუცილებელი წინაპირობები, რაც არ გამოიწვევდა ბავშვის საუკეთესო ინტერესების ხელყოფას;

11.2. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელი იყო ბავშვების ასაკიც. დადგენილი იყო, რომ ბავშვები 13 და 15 წლის არასრულწლოვნები არიან, რომელთა ასაკის ზრდასთან ერთად მატულობს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯებიც. ამდენად, მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა ალიმენტის 100-100 ლარამდე შემცირების თაობაზე, ვერ მიიჩნეოდა იმ გონივრულ ოდენობად, რაც არასრულწლოვანთათვის ელემენტარული პირობების შესაქმნელად არის აუცილებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, აუცილებელი სასიცოცხლო მინიმუმის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა თითოეულ შვილთან მიმართებით 200-200 ლარი იყო, შესაბამისად, ამ ნაწილში, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის სააპელაციო საჩივრები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.

11.3. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების - 15 000 ლარის, 5000 ლარამდე შემცირებისა და 2018 წლის აპრილ-მაისში მოპასუხისათვის გადარიცხული თანხის - 1 800 აშშ დოლარის (ეროვნული ვალუტის კურსით - 4 400 ლარის) ვადამოსული საალიმენტო ვალდებულების ანგარიშში ჩათვლასთან დაკავშირებით, ნაწილობრივ დასაბუთებულად მიიჩნია, სახელდობრ, პალატამ გაიზიარა მოსარჩელის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მან 1800 აშშ დოლარი მოპასუხეს სწორედ საალიმენტო დავალიანების ნაწილობრივ დასაფარად გადაურიცხა, შესაბამისად, დაგროვებული საალიმენტო დავალიანების მოცულობა 4 400 ლარით უნდა შემცირებულიყო. მოპასუხის განმარტება, რომ მოსარჩელემ 1800 აშშ დოლარი სხვა დანიშნულებით, კერძოდ კი, შვილებისათვის შეპირებული ძვირადღირებული ტექნიკის-მობილური ტელეფონებისა და კომპიუტერის შეძენის მიზნით გამოუგზავნა, ვერ იქნებოდა გაზიარებული, გამომდინარე იქედან, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს გარდა საალიმენტო ვალდებულების შესრულებისა, სხვა ვალდებულება მოპასუხის წინაშე არ გააჩნდა, ამდენად, მიიჩნეოდა, რომ მან 1800 აშშ დოლარი მოპასუხეს სწორედ საალიმენტო ვალდებულების შესასრულებლად გადაურიცხა.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობის, თითოეულ ბავშვზე მხოლოდ 100-100 ლარით განსაზღვრა, ასევე, გადაუხდელი საალიმენტო დავალიანების - 15000 ლარის, 5000 ლარამდე შემცირება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით:

12.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს მოსარჩელის მძიმე ჯანმრთელობის გათვალისწინებით, თითოეული ბავშვისთვის გადასახდელი ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა, ნაცვლად 200-200 ლარისა, 100-100 ლარით უნდა განესაზღვრათ;

12.2. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სააპელაციო მოთხოვნაზე, რომლითაც მოსარჩელე, მისი ჯანმრთელობისა და ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრამდე არსებული საალიმენტო დავალიანების - 15 000 ლარის გადახდისაგან გათავისუფლებას ითხოვდა.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირებისა და დაგროვებული საალიმენტო დავალიანებისაგან გათავისუფლების მოთხოვნა სსკ-ის 1221-ე (მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს,უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა),) და 1237-ე (ალიმენტის გადახდისაგან განთავისუფლება ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს უფლება აქვს ალიმენტის გადამხდელი მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს ალიმენტის დავალიანების გადახდისაგან, თუ დაადგენს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა გამოწვეული იყო ამ პირის ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით) მუხლებიდან გამომდინარეობს.

16.1. კანონის მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მუდმივი არ არის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს – ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლაში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, ჯანმრთელობის გაუარესება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა, ან შემცირება და სხვა (შდრ. სუსგ №ას-303-290-2015, 13.05.2015წ, №ას-1191-1121-2015, 22.01.2016წ).

16.2. მითითებული საკანონმდებლო დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან; სსკ-ის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას გაითვალისწინება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობაში ცვლილების შეტანა (შდრ. სუსგ. №ას-617-585-2014, 30.12.2014წ).

16.3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა: მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, გაზრდის საკითხის განხილვისას, უპირატესად უნდა განისაზღვროს ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროების ურთიერთშეჯერებით, ამ უკანასკნელის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, როდესაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე - შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა და საჭიროება, თუმცა ამოსავალ პრინციპს მაინც ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა წარმოადგენს და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

17. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის შეცვლილი ქონებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ბავშვების საჭიროებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა თითოეულ ბავშვზე - ყოველთვიურად 200-200 ლარი.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ შემცირებული ალიმენტის კიდევ უფრო შემცირების წინაპირობების არსებობასთან დაკავშირებით.

ამ თვალსაზრისით, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არასრულწლოვნების აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა იყოს ფორმალური ხასიათის და ის რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. არასრულწლოვანი ასაკის ზრდასთან ერთად საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო მეტად ერთვება და შესაბამისად, საჭიროა მეტი ხარჯებიც. არასრულწლოვნებს აქვთ ასაკიდან გამომდინარე მოთხოვნილებები და საჭიროებები, რაც ყოველდღიურ ყოფაში კიდევ უფრო მატულობს, შესაბამისად, მხოლოდ მოპასუხე, შემცირებული ალიმენტის კიდევ უფრო შემცირების შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ბავშვების სათანადოდ აღზრდა-განვითარებას. ამასთან, გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა უნდა შეიცვალოს არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ბავშვების ინტერესების საზიანოდ ალიმენტის ოდენობის შეცვლას. გარდა ამისა, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.

განსახილველ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკიც, კერძოდ, უდავოა, რომ არასრულწლოვნები არიან 13 და 15 წლის, შესაბამისად, მათ მცირეწლოვან ბავშვებთან შედარებით მომეტებული საჭიროებები გააჩნიათ, ასაკის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო იზრდება მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯებიც.

ამდენად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მამის მიერ თითოეული ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის 100-100 ლარამდე შემცირების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი ვერ იქნება არათუ ბავშვების აუცილებელი საჭიროება, არამედ ელემენტარული პირობებიც კი და მათ აღზრდა-განვითარებას შეექმნება საფრთხე.

17.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის კიდევ უფრო შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 200-200 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

18. ასევე, გასაზიარებელი არაა აპელანტის პრეტენზია საალიმენტო დავალიანების გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ალიმენტის გადამხდელის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება სასამართლოს უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენს (სსკ-ის 1237.2-ე მუხლი). ამასთან, იმისთვის, რომ სასამართლომ მის დისკრეციულ უფლებამოსილებას მიკუთვნებული შესაძლებლობა გამოიყენოს, აუცილებელია, რომ არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) სახეზე უნდა იყოს პირის ავადმყოფობა, ან სხვა საპატიო მიზეზი; ბ) ალიმენტის გადამხდელს უნდა ერიცხებოდეს საალიმენტო დავალიანება და გ) პირველ ორ წინაპირობას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი,

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები. ასევე, უდავოა, რომ მას გააჩნია საალიმენტო დავალიანება.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული მოთხოვნის განხორციელების მესამე წინაპირობის - მიზეზობრივი კავშირის მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102.1 (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს ეკისრება, რომელმაც საქმეში წარმოდგენილ სათანადო მტკიცებულებაზე მითითებით, მის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება ვერ შეძლო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივარი მითითებულ ნაწილშიც უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.კ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლეები : მზია თოდუა





პაატა ქათამაძე





ბესარიონ ალავიძე