საქმე №ას-876-2019 26 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – ბ. ს-ი (მოპასუხე, აპელანტი)
მეორე კასატორი - ნ. თ-ე (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის განსაზღვრა 200 ლარით
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის ალიმენტის სახით 500 ლარის გადახდის დაკისრება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ. თ-ე (შემდეგში: დედა ან მოსარჩელე ან მეორე კასატორი) და ბ. ს-ი (შემდეგში: მამა ან მოპასუხე ან პირველი კასატორი) იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მოსარჩელის ორსულობის პერიოდში, მხარეთა შორის შეწყდა ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
2. დ. თ-ე (შემდეგში: არასრულწლოვანი შვილი ან ბავშვი) დაიბადა 2017 წლის 04 თებერვალს. დედის გრაფაში მითითებულია მოსარჩელის საიდენტიფიკაციო მონაცემი, ხოლო მამის გრაფა ცარიელია; ბავშვი ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად;
3. დედამ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ბავშვის მამად მოპასუხის აღიარება და მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 1000 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 12 ივნისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
4. მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა მამობის აღიარების ნაწილში ცნო; იგი ასევე დაეთანხმა სარჩელს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა მოპასუხე არასრულწლოვანი ბავშვის მამად; დაეკისრა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 12 ივნისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
6. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით საპელაციო საჩივარი წარადგინა მოპაუხემ.
7. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 და მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; დაეკისრა მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის 20... წლის 0.. თებერვალს დაბადებული ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2017 წლის 12 ივნისიდან) მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1,2-ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: ასევე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხე შრომისუნარიანია.
9. სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით არ უფიქსირდება შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი.
10. მოპასუხე არის სხვადასხვა კომპანიის მმართველი და პარტნიორი, კერძოდ: შპს „ნ. კ.“ არის 50% -იან წილს მმართველი და დირექტორი; შპს „ი. გ.“ – 50%-იანი წილის მმართველი და დირექტორი; შპს „.. &.. c. ბ. ე. ჯ. კ.“ 50%-იანი წილის მმართველი და შპს „ბ. კ.“ 50%-იანი წილის მმართველი.
11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ბ. კ.“ და შპს „ს. კ. ბ.“ შორის 2018 წლის 02 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 32 884 ლარი შეადგინა, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად 2018 წლის 30 აპრილი განისაზღვრა;
12. შპს „ბ. კ.“ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის 2018 წლის 17 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 13 987 ლარი შეადგინა, მომსახურების მიწოდების ამოწურვის ვადად 2018 წლის 11 აგვისტო განისაზღვრა;
13. შპს „ბ. კ.“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2018 წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 22 749.22 ლარი, დადგინდა, რომ მომსახურების გაწევა განხორციელდებოდა 2018 წლის 1-2 ივნისს;
14. შპს „ბ. კ.“და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის 2017 წლის 04 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების საერთო ღირებულებამ 32 483.60 ლარი შეადგინა, ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად 2018 წლის 31 იანვარი განისაზღვრა.
15. შპს „ბ. კ.“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 18 877.00 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 23-28 ოქტომბერი;
16. 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილება შევიდა 2017 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულება 17 772.40 ლარით განისაზღვრა;
17. შპს „ბ. კ.“და სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ 31475.00 ლარი შეადგინა, ტრენინგის ჩატარების პერიოდად 2017 წლის 23-31 ოქტომბერი განისაზღვრა;
18. შპს „ბ. კ.“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 7763.22 ლარი, მომსახურების გაწევის პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის 01-15 ოქტომბერი;
19. 2017 წლის 30 ნოემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 7 129.02 ლარი;
20. შპს „ბ. კ.“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 12 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 90 625.10 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 31 იანვარი;
21. შპს „ბ. კ.“ და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის 2017 წლის 01 დეკემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 31 860 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის 15 თებერვალი;
22. 2017 წლის 05 დეკემბრის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 18 წლის 01 დეკემბრის ხელშეკრულებაში და შესასყიდი მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 31 411.60 ლარი;
23. შპს „ბ. კ.“ და თვითმმართველი ერთეული ბორჯომის მუნიციპალიტეტს შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ღირებულებამ შეადგინა 27 540 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 30 სექტემბერი;
24. შპს „ბ. კ.“ და სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის 2017 წლის 03 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 13 499 ლარი, ხოლო მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 15 იანვარი;
25. 2017 წლის 24 ივლისის შეთანხმებით ცვლილებები შევიდა 2017 წლის 03 აპრილის ხელშეკრულებაში და ხელშეკრულების მოქმედების ამოწურვის ვადად განისაზღვრა 2017 წლის 29 სექტემბერი.
26. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ნიუ კომპანის“, შპს „ი. გ.“ შპს „...&... c. ბ. ე. ჯ. კ.“ 2017 წლის 04 თებერვლიდან არ უფიქსირდებათ მოგების დეკლარაციისა და საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის/დეკლარაციის წარდგენის ფაქტი. ამ კომპანიებს ასევე არ უფიქსირდებათ დღგ-ს დეკლარაციების წარდგენა.
27. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისთვის დაკისრებული ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობა 300 ლარით განსაზღვრა.
28. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 1212-ე მუხლში ასახულია მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირება და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. უნდა განიმარტოს, რომ ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. სამოქალაქო კოდექსი შვილის საჭიროებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობის განსაზღვრას მშობლების ურთიერთშეთანხმებას მიანდობს (სკ-ის 1213-ე მუხლი). სწორედ იმ გარემოებიდან, გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს, მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს (სკ- ის 1214-ე მუხლი).
29. სსკ-ისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას ეთმობა. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები მიიღოს. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება მის მშობლებს ეკისრებათ. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში სააპელაციო სასამართლო მიუბრუნდება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შესძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, მის ყოველთვიურ მატერიალურ საჭიროებას, ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს, სსკ-ის 1197-ე და 1212- ე მუხლებით განსაზღვრულ მშობელთა თანაბრობის პრინციპს (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები), მოდავე მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
30. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტში არსებული მონაცემებით, მოპასუხეს 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით რაიმე სახის შემოსავალის (ხელფასი, პრემია და სხვა) მიღების ფაქტი არ უფიქსირდება, 2017 წლის 04 თებერვლიდან შპს „ნიუ კომპანის“ , შპს „ი. გ.“ და შპს „...&... c. ბ. ე. ჯ. კ.“, სადაც ალიმენტვალდებული პირი დირექტორი და მმართველი პარტნიორია არ უფიქსირდება მოგების დეკლარაციისა და საანგარიშო წლის მიხედვით გაცემული თანხებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის/დეკლარაციის წარდგენის ფაქტი.
31. საბოლოოდ, არასრულწლოვანის ასაკის, მისი ყოველთვიური მატერიალური საჭიროების, ასევე, შვილის მიმართ მშობელთა თანაბრობის პრინციპის გათვალისწინებით საერთო შვილის აღზრდაში მოპასუხის მატერიალური მონაწილეობა, 300 ლარით განისაზღვრა, რამდენადაც ამავე ოდენობით მატერიალური სახსრების მოსარჩელის მიერ გაწევის შემთხვევაში, გონივრული ბალანსი არასრუწლოვანის ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორისაა საზოგადოებაში.
32. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. პირველმა კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ალმენტის ოდენობის განსაზღვრა 200 ლარით, ხოლო მეორე კასატორმა კი მოითხოვა ალიმენტის გაზრდა 500 ლარამდე.
33. პირველი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:
34. მოპასუხეს (მამა) არ გააჩნია სტაბილური მატრიალური შემოსავალი. მისი მითითებით, ის გარემოება, რომ მოპასუხე რამდენიმე კომპანიის წილის მფლობელია, არ ნიშნავს, რომ ამ კომპანიებიდან მას რაიმე შემოსავალი გააჩნია. მით უმეტეს, რომ პირველმა კასატორმა სხდომაზე აღნიშნა, რომ ეს კომპანიები შეიძლება ლიკვიდირებული იქნას. ამასთან, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი ნებისმიერ პირს უფლებას ანიჭებს, რომ დააფუძნოს კომპანია და სხვა საკითხია იქნება თუ არა ეს კომპანიები შემოსავლიანი.
35. მეორე საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოსაზრებებს:
36. მეორე კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე წარმოადგენს სოლიდური შემოსავლების მქონე საწარმოს - შპს „ბ. კ.“ 50% წილის მფლობელს და ის ფლობს აღნიშნული კომპანიის მოგებიდან 50% დივიდენდის მიღების უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს გააჩნია შემოსავლი და მას შეუძლია ალიმენტის სახით 500 ლარის გადახდა. ალიმენტის ოდენობის 500 ლარიდან 300 ლარამდე შემცირებისას სასამართლო დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 11 ოქტომბრამდე პერიოდში არ უფიქსირდება რაიმე სახის შემოსავალი. მეორე კასატორის მითითებით ამგვარი მიდგომა დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივნისის განჩინებით მეორე საკასაციო საჩივარი, ხოლო 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით პირველი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
38. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნენ დაუშვებლად.
39. წარმოდეგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1197-ე (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.
40. განსახილველ შემთხვევაში, ორივე საკასაციო საჩივრით შედავებულია არასრულწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა. პირველი კასატორი მიიჩნევს, რომ მას არ გააჩნია ფინანსური რესურსი გადაიხადოს ალიმენტი 300 ლარის ოდენობით და მოითხოვს მის შემცირებას 200 ლარამდე, ხოლო მეორე კასატორი კი, პირიქით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს 500 ლარით.
41. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. თუმცა, ნიშანდობლივია გადაწყვეტილების აღსრულების რეალურობაც, კერძოდ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისასა მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ ბავშვის საჭიროებები, არამედ ის გარემოება, შესწევს თუ არა უნარი ანუ, გადახდისუნარინია თუ არა მშობელი (ალიმენტვალდებული) დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდაზე. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ განმარტა: „1.3.8. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა.
42. ამ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს როგორც ბავშვის ასაკს, ასევე, მის ყოველთვიურ მატერიალურ საჭიროებას. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი 2 წლისაა, აგრეთვე, იმის მხედველობაში მიღებით, რომ ორივე მშობელი შრომისუნარიანია და ორივე მათგანს თანაბრად ეკისრებათ შვილზე ზრუნვის ვალდებულება სსკ-ის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრულ მშობელთა თანაბრობის პრინციპის (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები) საფუძველზე, აგრეთვე, ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 300 ლარი, წარმოადგენს თანხის იმ გონივრულ ოდენობას, რომელიც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე უნდა შეფასდეს როგორც გონივრული და აღსრულებადი.
43. საკასაციო პალატა არ იზიარებს მეორე კასატორის შედავებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან მოპასუხე რამდენიმე კომპანიის მმართველია, ხოლო ამ კომპანიებს გააჩნიათ შემოსავალი, ალიმენტის თანხა უნდა განსაზღვრულიყო უფრო მაღალი ოდენობით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხე მართლაც არის რამდენიმე კომპანიის მმართველი და ეს კომპანიები იმყოფებიან სხვადასხვა სახელშეკრულებო ურთიერთობებში (იხ., ამ განჩინების პპ: 10-24) საფუძვლად დაედო ალიმენტის განსაზღვრას 300 ლარის ოდენობით. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ამ ეტაპზე, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, ალიმენტის თანხად სწორად განისაზღვრა ყოველთვიურად 300 ლარი. უფრო მაღალი ან დაბალი ოდენობით ალიმენტის განსაზღვრას კი, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ იძლეოდა. საქმეზე დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით კი, თავის მხრივ, საკასაციო საჩივრები დასაბუთებულ (დასაშვებ) საკასაციო შედავებას არ შეიცავენ (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
44. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
45. ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც, მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. პირველ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
48. მეორე კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
3. კასატორ ბ. ს-ს (პირადი N0103100...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 28 ივნისს ნ. გ-ის მიერ საგადასახდო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე