Facebook Twitter
საქმე №ას-621-2019 11 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი




საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – გ. ლ-ია


მოწინააღმდეგე მხარე - ლ. კ-ი


გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება, დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან გათავისუფლება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გიორგი ლორიას (შემდეგში: მამა ან მოსარჩელე ან კასატორი) და ლ. კ-ს (შემდეგში: დედა ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ჰყავს საერთო შვილი - 2010 წლის 29 მაისს დაბადებული ს. ლ-ია (შემდეგში: არასრულწოვანი შვილი).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მამას დაეკისრა ყოველთვიური ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 3500 ლარის ოდენობით, საიდანაც 1500 ლარი უნდა განეთავსებინა ბავშვის ანაბარზე, 2000 ლარი კი განისაზღვრა ყოველთვიურ სარჩენ ოდენობად. ალიმენტის სახით განსაზღვრული თანხის გადახდევინება დაიწყო 2013 წლის 13 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინებით: სამოქალაქო საქმეზე №2ბ/6183-13 დამტკიცდა მორიგება ერთი მხრივ, აპელანტ გ. ლ-ასა და მეორე მხრივ, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ლ. კ-ს შორის, შემდეგი პირობებით: გ. ლ-ია კისრულობს ვალდებულებას მის შვილს ს. ლ-ას გაუხსნას საბანკო ანაბარი და შვილის სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად გადარიცხოს 1500 ლარი ალიმენტის სახით; გ. ლ-ია ასევე იღებს ვალდებულებას ს. ლ-ას დედას ლ. კ-ს ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის სახით გადაუხადოს 2000 ლარი ყოველთვიურად, ს. ლ-ს სრულწლოვანებამდე; ლ. კ-ი იღებს ვალდებულებას მიღებული 2000 ლარიდან უზრუნველყოს ბაღის საფასურის გადახდა, ხოლო სხვა წრეებზე სიარულის საფასურის გადახდა მოხდება გ. ლ-ას მიერ; მხარეები თანხმდებიან, რომ ს. ლ-ია სასკოლო ასაკამდე განაგრძობს სიარულს იმავე ბაღში (Redix) სადაც იგი დავის მომენტში დადის ან მშობელთა შეთანხმებით სხვა კერძო ბაღში; მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლებელია საანაბრო ხელშეკრულების ვადამდე დარღვევა (თანხის გამოტანა) ორივე მშობლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე; ბაღის თანხის გადახდა /ექვსი თვის საფასურის/ მოხდება გ. ლ-ას მიერ, ხოლო ლ. კ-ს ყოველთვიური გადასახდელი 2000 ლარიდან დაუქვითავს (პროპორციულად) გადახდილ თანხას ყოველთვიურად. მხარეთა მორიგების გამო, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2013წ. გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე №2ბ/6183-13 შეწყდა წარმოება (ტ.2, ს.ფ. 108-112). განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. მასზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა - 26.01.2016წ. (ტ.2, ს.ფ. 217).
3. ამდენად, აღსასრულებელ სასამართლო აქტს, რომლითაც მოსარჩელეს ეკისრება არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, წარმოადგენს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინება, რომელზეც სააღსრულებო ფურცელი გაცემულია. ამასთან, განჩინებაში მითითებული ორივე ვალდებულება - ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად გადასახდელი 2000 ლარი და მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ანაბარზე შესატანი 1500 ლარი - ერთობლიობაში წარმოადგენს საალიმენტო ვალდებულებას ანუ, მორიგებით მამამ იკისრა ყოველთვიურად ჯამში 3500 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა, დაკონკრეტდა პროცედურები.
4. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ა) მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება და არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის სრულწლოვანებამდე; ბ) დაკისრებული საალიმენტო დავალიანების - 77 487 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება; გ) დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი 28 000 ლარის ოდენობით საალიმენტო დავალიანების ხანდაზმულად ცნობა.
5. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს აფუძნებს შემდეგ გარემოებებს: -შეიცვალა მოსარჩელის ოჯახური მდგომარეობა - დაქორწინდა; -მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა; -მოსარჩელეს მამის ავადმყოფობის გამო მოუწია დიდი ხარჯის გაწევა, აქვს დავალიანება; -77 487 ლარიდან 28 000 ლარის განთავისუფლების დამატებით საფუძვლად მითითებულია მოთხოვნის ხანდაზმულობა.
6. ამდენად, შინაარსობრივად 28 000 ლარის ხანდაზმულად მიჩნევა არ წარმოდგენს დამოუკიდებელ მოთხოვნას (იხ.: დაზუსტებული სარჩელი, ტ.1, ს.ფ. 207-221; განცხადება, ტ.2, ს.ფ. 215-217).
7. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და უარყო მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობის გაუარესების შესახებ მითითებული გარემოება. ამასთან, მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სესხის დაფარვის ხარჯები, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად არ უნდა იქნეს მიჩნეული.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. ლ-ას შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით 3500 ლარის ოდენობით დაკისრებული ალიმენტი და არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 29 მაისს დაბადებული ს. ლ-ას რჩენა-აღზრდისთვის დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 1500 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან, კერძოდ, 2017 წლის 30 მარტიდან მის სრულწლოვანებამდე. გ. ლ-ა გათავისუფლდა არასრულწლოვანი შვილის - 2010 წლის 29 მაისს დაბადებული ს. ლ-ას რჩენა-აღზრდისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის საფუძველზე წარმოშობილი 64 572.3 ლარის ოდენობით საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან.
9. საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. მოსარჩელემ მოითხოვა ალიმენტის თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის შემცირების და მისი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.02.2018წ. გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის შემცირების, ალიმენტის დავალიანების გადახდისგან გათავისუფლების ნაწილში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1., 1.2., 1.3., მე-2 პუნქტები) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოსარჩელეს შეუმცირდა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2014წ. განჩინებით შეთანხმებული ალიმენტი - ჯამში 3500 ლარი და დაეკისრა ალიმენტის გადახდა 1200 ლარის ოდენობით 30.03.2017წ.-დან ბავშვის სრულწლოვანებამდე. ამავე დროს, მოსარჩელე გათავისუფლდა ალიმენტის დავალიანების - 54 419.42 ლარის გადახდისაგან.
11. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა წინამდებარე განჩინების პპ: 1-3 -ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
12. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეცვლილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 25.09.2013წ. გადაწყვეტილებით დაკისრებული საალიმენტო ვალდებულებები, ეს გადაწყვეტილება კი, როგორც უკვე აღინიშნა, გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 08.01.2014წ. განჩინებით მხარეთა მორიგების გამო, საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინებით მხარის მიერ ნებაყოფლობით ნაკისრი ვალდებულების შემცირების და მისი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობების არსებობა-არარსებობაზე. იმავდროულად, უნდა განსაზღვრულიყო ალიმენტის შემცირების და დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნის კანონიერება.
13. საქმის მასალებით დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელე 2014 წლის 03 სექტემბერს დაქორწინდა ს. კ-ზე და მეუღლეები იანვრის თვეში ელოდებიან ბავშვს.
14. საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის მომენტში მოსარჩელე ირიცხებოდა შპს ,,ს. კ. დ. თ.“ შემადგენლობაში და მისი ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება იყო 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით.
15. საფეხბურთო კლუბ ,,... კ.“-ს და მოსარჩელეს შორის 11.08.2014წ. გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ 2 სპორტულ სეზონზე, თუმცა, ფეხბურთელს არასდროს მიუღია ხელფასი. კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ, რომ მათ შორის ხელშეკრულება შეწყდება 30.06.2015 წელს.
16. მოსარჩელე 11.06.2016წ.-დან 31.05.2018წ.-მდე ირიცხებოდა რუსეთის საფეხბურთო კლუბ ,,К. С.“-ის შემადგენლობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოსარჩელის ყოველთვიური სახელფასო ანაზღაურება საქართველოს ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსით შეადგენდა დაახლოებით 10 071 ლარს. რუსეთის საფეხბურთო კლუბის დირექტორის 31.08.2018წ. ბრძანებით მოსარჩელესთან შეწყდა ხელშეკრულება.
17. მოსარჩელის დედის - ასაკით პენსიონერის სახელზე 2013-2014 წლებში ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა ორი უძრავი ქონება: 1. მცხეთა, ცხვარიჭამია; 2. თბილისი, დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობა. მარი ლორიას სახელზე სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე საკუთრების უფლებით ირიცხება ასევე გარკვეული უძრავი ნივთები.
18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.01.2014წ. განჩინებით მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებამდე, კერძოდ, 13.03.2013წ., მოსარჩელემ თავის შვილს აჩუქა საცხოვრებელი ბინა, რომელიც მოპასუხეს გაქირავებული აქვს და წარმოადგენს დამატებითი შემოსავლის წყაროს. გადაწყვეტილებით დადგენილია და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ მოპასუხე მუშაობს სილამაზის სალონში ლაზერული ეპილაციის სპეციალისტად და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 200 ლარს.
19. საქმის მასალების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრებით სადავოდ გამხდარი არ არის, რომ: მოსარჩელის მამას 2014 წელს დაუდგინეს მწვავე ონკოლოგიური დაავადება, რომელიც საჭიროებდა მუდმივ მკურნალობას და ზედამხედველობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. 2016 წლის 11 აგვისტოს მოსარჩელის მამა გარდაიცვალა. 2014-2016 წლებში მკურნალობისა და გარდაცვალების ხარჯებმა ჯამში შეადგინა 672 379 ლარი, მათ შორის, საქართველოში მკურნალობის ხარჯებმა - 2 641.28 ლარი, ისრაელში მკურნალობის ხარჯებმა - 528 155.516 ლარი, ისრაელში ტრანსპორტირების ხარჯებმა - 20 358.20 ლარი, სასტუმროში დარჩენის ხარჯებმა - 110 694.67 ლარი, ხოლო დაკრძალვის ხარჯებმა - 10 529.10 ლარი.
20. 10.11.2015წ. სესხის ხელშეკრულებით მოსარჩელემ სესხად მიიღო 145 000 აშშ დოლარი და იკისრა ვალდებულება, ნასესხები თანხა დაუბრუნოს გამსესხებელს არაუგვიანეს 2018 წლის 01 ივნისისა.
21. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 1221-ე და 1237-ე მუხლებით, რომელთა დანაწესი ადგენს ალიმენტის ოდენობის შემცირების შესაძლებლობას, აგრეთვე, საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობას შესაბამისი წინაპირობების არსებობისას. ასევე, 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. აგრეთვე, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა. იმავდროულად, სსკ-ის 1221-ე მუხლი ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა.
22. სააპელაციო პალატის განმარტებით მოხმობილი ნორმები მართალია ადგენენ მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა, ნორმათა განმარტების ამოსავალი პრინციპი ბავშვის საუკეთესო ინტერესებია, რაც გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდისაგან ვალდებული პირი, თუ არსებობს საპატიო მიზეზი. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს მატერიალური და ოჯახური პირობების გაუარესება, ავადმყოფობა და სხვა. ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლო შეფასების საგანია - ალიმენტის გადაუხდელობის საფუძველი არის თუ არა საპატიო მიზეზი.
23. პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. ამასთან, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება არასრულწლოვანი ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.
24. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობდა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი. კერძოდ, უნდა შემცირებულიყო მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 08.01.2014წ. განჩინებით შეთანხმებული ალიმენტი - ჯამში 3500 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაჰკისრებოდა 29.05.2010წ. ბავშვის რჩენა-აღზრდისთვის ალიმენტის გადახდა თვეში 1 200 ლარის ოდენობით 30.03.2017წ.-დან მის სრულწლოვანებამდე. ასევე, არსებობდა საალიმენტო დავალიანების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლების საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მამის მკურნალობაზე სრულწლოვანი შვილის მიერ სოლიდური თანხების გაღებამ გავლენა იქონია მისი, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუნარიანობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნაწილობრივ უნდა გათავისუფლებულიყო დაგროვილი დავალიანებისაგან .
25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
26. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, მოსარჩელეს მისი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 2013 წლის 13 აგვისტოდან დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 3500 ლარის ოდენობით. ამ დროისთვის, მოსარჩელის შემოსავალი თვეში შეადგენდა 25000 აშშ დოლარს. 2014 წლისს 11 აგვისტოდან 2016 წლის 11 ივნისამდე კასატორს შემოსავალი არ ჰქონია, 2016 წლის 11 ივნისიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე მისი შემოსავალი შეადგენდა 10 071 ლარს, ამ პერიოდის შემდეგ მას კვლავ არ აქვს შემოსავალი. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ მას ჰქონდა დამატებითი ხარჯები მამის გარდაცვალების გამო 1 000 000 ლარის ოდენობით და სასესხო ვალდებულება 145 000 აშშ დოლარის ოდენობით. კასატორს ჰყავს მეორე შვილი. მოპასუხე კი, კასატორის მიერ შვილისთვის ნაჩუქარი უძრავი ქონების გაქირავებით იღებს შემოსავალს.
27. კასატორის განცხადებით, მას ჯამურად გადასახდელი 150 000 ლარიდან გადახდილი აქვს 73 274.77 ლარი და დავალიანება შეადგენს 73 274.77 ლარს. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე გაათავისუფლა ალიმენტის გადახდისგან ნაწილობრივ - 54 419.42 ლარის ოდენობით, თუმცა, კასატორის განმარტებით ზემოთ ხსენებული ფაქტობრივი გარემოებები ქმნის მისი საალიმენტო ვალდებულებისგან სრულად გათავისუფლების საფუძველს.
28. კასატორის განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილშიც და ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, პირს არ გააჩნია შემოსავალი ალიმენტი მინიმალური ოდენობით უნდა იქნეს განსაზღვრული. ამასთან, ალიმენტის ოდენობა უნდა დადგინდეს ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, მის შვილს კი, ყოველთვიურად არ ესაჭიროება 2400 ლარი; იგი არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონდე ბავშვი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
31. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მიუთითებს, რომ დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის (3500 ლარი) შემცირების საკითხი, ასევე, დაგროვილი საალიმენტო დავალიანებისაგან გათავისუფლება.
32. წარმოდგენილ მოთხოვნათაგან ერთ-ერთი, კერძოდ, დადგენილი ალიმენტის შემცირების შესაძლებლობა გათვალისწინებულია სსკ-ის 1221-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს იმგვარ შემთხვევას, როდესაც იმ მშობელს მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. სსკ-ის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენიებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტვალდებულ პირს (მამას) უნდა დაჰკისრებოდა ალიმენტის გადახდა თვეში 1200 ლარის ოდენობით, რასაც არ იზიარებს კასატორი და მოითხოვს სარჩელის სრულიად დაკმაყოფილებას ანუ, ალიმენტის 500 ლარამდე შემცირებას.
33. კასატორის მოთხოვნას საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი). სწორედ ამ მიზნით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის, აგრეთვე, შემცირების საკითხის განხილვისას, უპირატესად განსასაზღვრია ალიმენტის გონივრული ოდენობა, რომელიც დგინდება მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ურთიერთშეჯერებით. გონივრულობის აღნიშნული სტანდარტის განსასაზღვრად სასამართლო ხელმძღვანელობს შესაბამისი ნორმებით: სსკ-ის 1212-ე მუხლი ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი, შვილებზე ზრუნვის საკითხში მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ითვალისწინებს დავის სასამართლო წესით გადაწყვეტას, რა დროსაც, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად დადგენილია როგორც მშობლის, ასევე, შვილის რეალური მატერიალური შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლომ მართალია უკვე დადგენილი ალიმენტის შემცირების საკითხზე იმსჯელა, თუმცა, ლეგიტიმური იყო სადავოს ქცეული ნორმების გამოყენება. რაც შეეხება, კასატორის მიერ სადავოდ ქცეულ გარემოებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობასთან მიმართებით, არც აღნიშნულს გააჩნია ვარგისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტი ოდენობა შეადგენდა 3500 ლარს, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 1300 ლარითაა შემცირებული. შესაბამისად, განსაკუთრებული მტკიცების გარეშეც ნათლია, რომ ბავშვის საჭიროებები განსაზღვრულ თანხას ადეკვატურს ხდის დედის მხრიდან მისი წილი ზრუნვის გათვალისწინების ფარგლებში. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს ბავშვის სრულწლოვნებამდე [გარდა ქონებრივი მდგომარეობისა და შემხვედრი საჭიროებებისა - სსკ-ის 1221-ე მუხლი]. სადავო შემთხვევაში, ამოსავალი პრინციპი ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. შეიძლება ითქვას, რომ მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. მითითებული კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია (ბავშვის მიმართ მშობელთა ვალდებულების ნორმატიული მოწესრიგების თვალსაზრისით იხ., სუსგ №ას-602-570-2015, 20.11.2015წ.. გასათვალისწინებელია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, „უნდა აღინიშნოს, რომ მტკიცების თვალსაზრისით ალიმენტის ოდენობის შესახებ სარჩელს აღძვრისას გარემოებათა არსებითად შეცვლის დადასტურება მოსარჩელეს ევალება, ამასთანავე, სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაადგინოს გონივრული თანაფარდობა ალიმენტვალდებული პირის (იხ. სკ-ის 1212-ე მუხლი) რეალურ მატერიალურ მდგომაროებასა და ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირის ინტერესებს შორის და ისე განსაზღვროს სარჩოს ოდენობის საკითხი (სსკ-ის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილი)“ (იხ. სუსგ №ას-506-506-2018, 20 სექტემბერი, 2018 წელი). მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ყოველთვიური ოდენობა, რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს ჰყავს მეორე ქორწინებიდან შვილი და გააჩნია სხვა ვლდებულებები, კერძოდ, საკრედიტო და ა.შ. აღნიშნული გათვალისწინებულია ალიმენტის შემცირების შესახებ სარჩელის ნაწილობრივი დაკმაყოფილებისას, შესაბამისად, კასაციის განხილვის ეტაპზე, არ არსებობს უკვე შემცირებული თანხის შემცირების წინაპირობები.
34. ამასთან, საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილია საალიმენტო დავალიანებისაგან გათავისუფლების ნაწილში; აღსანიშნავია, რომ მოთხოვნა ამ ნაწილშიც ნაწილობრივაა დაკმაყოფილებული და მოსარჩელე გათავისუფლებულია დავალიანების თანხის იმ ოდენობისაგან, რომლის გადახდის ვალდებულება მას ეკისრებოდა მამის მკურნალობის პერიოდში, რამდენადაც დადგენილი იქნა, რომ სრულწლოვანი შვილის მიერ სოლიდური თანხის გაღებამ გავლენა იქონია მისი, როგორც ალიმენტვალდებული პირის გადახდისუნარიანობაზე. შესაბამისად, მოსარჩელე ნაწილობრივ გათავისუფლდა დაგროვილი დავალიანებისაგან. რაც შეეხება კასატორის მითითებას მასზედ, რომ მან აიღო სესხი, აგრეთვე, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა შეიცვალა ალიმენტის პირველდ დადგენის შემდეგ წარმოადგენს არა დავალიანების გადახდისაგან სრულად გათავისუფლების, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ გათავისუფლების საფუძველს. საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც, სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს.
35. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია განჩინებაში.
37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და



დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ.ი ლ-ას (0103100...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 13 მაისს მ. ლ-ას მიერ საგადახდო დავალება N79321... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1,573 ლარი) 1101.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი


მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი


ბ. ალავიძე