Facebook Twitter
№ას-1290-1210-2017 30 იანვარი, 2018 წელი,
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე) – გ.ხ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე) - მ.ჩ.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ხ. (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან ბავშვის მამა) და მ.ჩ. (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვის დედა) 2012 წლის 14 სექტემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები), (იხ. ქორწინების მოწმობა, ს.ფ. 16).

2. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2003 წლის 17 აპრილს დაბადებული ლ. (შემდეგში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი (იხ. დაბადების მოწმობა, ს.ფ. 91)) .

3. ხასიათის შეუთავსებლობის გამო ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ; არასრულწლოვანი ცხოვრობს უმუშევარ დედასთან ერთად.

4. მოპასუხე ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, 2015 წლის 31 ივლისამდე დასაქმებული იყო სატვირთო ავტოტრანსპორტის კომპანია „universal food-ში“ მძღოლად და მისი ხელფასი გადასახადის დაკავებამდე - 1000 აშშ დოლარს შეადგენდა (იხ. ცნობა, ს.ფ. 87).

5. მოპასუხემ, მოსარჩელის ანგარიშზე 2014 წლის 12 მარტიდან 2016 წლის 3 მაისის ჩათვლით, 16800 აშშ დოლარი ჩარიცხა.

6. 2017 წლის 4 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა შესარიგებელი ვადის მიცემის გარეშე. მოსარჩელის მტკიცებით, მათი შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, თუმცა მოპასუხე უარს აცხადებს ნებაყოფლობით განქორწინებაზე.

7. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო.

8. 2017 წლის 22 მარტს მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის მამისათვის ყოველთვიურად ალიმენტის - 500 ლარის დაკისრება მოითხოვა, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე (სსკ-ის 1212-ე, 1214-ე, 1198-ე მუხლები).

9. მოსარჩელე ნაწილობრივ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორის (მოპასუხის) სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ყოველთვიურად ალიმენტის - 100 ლარის გადახდა.

10. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2012 წლის 14 სექტემბერს #51201230244 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბავშვის მამას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის 500 ლარის გადახდა ყოველთვიურად, ბავშვის დედის სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრის დროიდან, 2017 წლის 22 მარტიდან, სრულწლოვანების მიღწევამდე.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიურად ალიმენტის მხოლოდ 100 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით.

11.1. აპელანტის მტკიცებით, სასამართლომ ალიმენტის დაკისრების ნაწილში არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და 2013 წელს გაცემული ცნობით განსაზღვრა 2017 წელს მისი მატერიალური მდგომარეობა, რაც არასწორია. არ იქნა გათვალისწინებული, რომ ამჟამად უმუშევარია.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 აგვისტოს განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და 2016 წლის 3 მაისამდე თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტის შემოსავალი თვეში არანაკლებ 646 აშშ დოლარია. პალატის დასკვნით, ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტი - 500 ლარი, მცირეწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ, სამართლიანი და გონივრული იყო.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიურად ალიმენტის მხოლოდ 100 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 10.1).

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც შეგებებულ მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი დაქორწინებული არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტს სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბავშვის ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის, 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას 1141-1061-17, 17.10.17; #ას-207-197-17 7.07.17; #ას-1167-1122-16, 26.06.17; #ას-675-631-17, 16.06.17; #ას-395-368-17, 2.06.17; #ას-220-210-16, 13.05.16; #ას-326-311-16, 30.06.16; #ას-53-51-16, 6.07.16).

22. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ხ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ გ.ხ–ას (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ა–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #1, გადახდის თარიღი 25.09.2017), 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.




თავმჯდომარე პ. ქათამაძე




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




ე.გასიტაშვილი