№ ას-131-131-2018 19 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. მ–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის მიმართ და მოითხოვა მათ შორის 2013 წლის 5 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. ნ. კ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) აღძრა შეგებებული სარჩელი გ. მ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის:
1.1. არასრულწლოვანი შვილების - 2014 წლის 3 იანვარს დაბადებული ვ. მ–ის და 2016 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ნ. მ–ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტის სახით, თითოეული არასრულწლოვნის შემთხვევაში 400 ლარის (ჯამში 800 ლარის) დაკისრება მათ სრულწლოვანებამდე;
1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიური სარჩოს სახით 100 ლარის დაკისრება ნ. მ–ის დაბადებიდან, 2016 წლის 1 დეკემბრიდან, სამი წლის განმავლობაში.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2013 წლის 5 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ 2014 წლის 3 იანვარს შეეძინათ პირველი შვილი - ვ. მ–ი, ხოლო 2016 წლის 1 დეკემბერს შეეძინათ ქალიშვილი - ნ. მ–ი;
2.2. მოპასუხე ონლაინ კაზინოში თამაშობდა აზარტულ თამაშებს, რის გამოც მთელი მისი შემოსავალი ხმარდებოდა ვალების დაფარვას და ოჯახისთვის საჭირო ხარჯების გაღება ძირითადად უწევდა მოსარჩელეს. აღნიშნულმა კი, განაპირობა მხარეებს შორის ურთიერთობის დაძაბვა;
2.3. მოსარჩელე იმყოფება დეკრეტულ შვებულებაში. იგი დაკავებულია ბავშვის მოვლა-პატრონობით და ვერ მუშაობს. შესაბამისად, იგი ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვან შვილებს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსით. მოპასუხე კი დასაქმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და მისი ხელფასი შეადგენს დაახლოებით 1500-2000 ლარს. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ მონაწილეობს შვილების აღზრდასა და მათი მოთხოვნილებების უზრუნველყოფაში;
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
3.1. ეჭვქვეშ აყენებს მცირეწლოვანი ბავშვების მისთვის გენეტიკური კუთვნილების საკითხს, რის საფუძველზეც მოითხოვა ორივე მცირეწლოვნის მიმართ დნმ-ის ექსპერტიზის დანიშვნა. მოპასუხე არ უარყოფს ალიმენტის გადახდას იმ შემთხვევაში, თუკი დადგინდება, რომ მცირეწლოვანი ბავშვები გენეტიკურად ნამდვილად მისი შვილები არიან;
3.2. მოპასუხის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1064 ლარს, ამასთან, მას გააჩნია სასესხო ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულების მიმართ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მისთვის შეუძლებელია ალიმენტის მოთხოვნილი ოდენობის გადახდა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში იძულებული გახდება თავი დაანებოს მუშაობას.
4. მიუხედავად იმისა, რომ დნმ-ის ექსპერტიზის პასუხი მოპასუხეს არ წარმოუდგენია, მან მთავარ სხდომაზე არასრულწლოვანი ბავშვები საკუთარ შვილებად ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 მაისის განჩინებით გ. მ–ის სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, გამოხმობის გამო დარჩა განუხილველი და საქმის წარმოება გაგრძელდა შეგებებული სარჩელის ფარგლებში.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა:
6.1. არასრულწლოვანი შვილების - ვ. მ-–ის და ნ. მ–ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თითოეულის შემთხვევაში ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
6.2. მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩოს სახით 100 (ასი) ლარის გადახდა ნ. მ–ის დაბადებიდან (2016 წლის 1 დეკემბრიდან) სამი წლის განმავლობაში (2019 წლის 1 დეკემბრამდე).
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის სარჩოს სახით 100 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
9. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9.1. მხარეთა ქორწინების მოწმობის (№0-.., აქტის ჩანაწერი №0-...) მიხედვით, მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2013 წლის 5 ნოემბერს;
9.2. საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების (№0-... აქტის ჩანაწერი №0-... და №0-... აქტის ჩანაწერი №0-....) მიხედვით, 2014 წლის 03 იანვარს დაბადებული ვ. მ–ის და 2016 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ნ. მ–ის მშობლები არიან: მამა - გ. მ–ი, დედა - ნ. კ-ე;
9.3. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და ერთიან საოჯახო მეურნეობას აღარ ეწევიან. არასრულწლოვნები ვ. მ–ი და ნ. მ–ი ცხოვრობენ მოსარჩელესთან (დედასთან) ერთად;
9.4. შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი სამსახურებრივი ბარათის (19/09/2016წ. №2-..) მიხედვით, მოპასუხე 2011 წლიდან სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო სხვადასხვა დაწესებულებაში, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 25 ოქტომბერს გაცემული №2-... ცნობის თანახმად, იგი დასაქმებულია დასახელებულ დეპარტამენტში და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1331 (ათას სამას ოცდათერთმეტი) ლარს;
9.5. საქმეში წარმოდგენილი სასესხო ხელშეკრულებების მიხედვით, მოპასუხეს აღებული აქვს სესხი სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულებიდან, კერძოდ: 26.12.2016 წლის მონაცემებით ღია სესხი „მიკროსესხი Moneyman“-დან აღებულ სესხზე დაფარვისთვის საჭირო თანხა შეადგენს 8791,25 ლარს; VIVUS.GE-დან აღებულ სესხზე (სესხი №9-...) გადასახდელი თანხა შეადგენს 2034,12 ლარს.
10. საქმის გარემოებების ანალიზის შედეგად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა სასამართლომ უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა;
11. სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხეს სტაბილური შემოსავალი გააჩნია ყოლვეთვიური ხელფასის - 1064 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელე, უმცროსი შვილის (2016 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ნ. მ–ის) ასაკიდან გამომდინარე, ობიექტურად მოკლებულია მუშაობის და, შესაბამისად, შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ამ ფაქტობრივი გარემოებების პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობა სამართლიანად განსაზღვრა 250-250 ლარის ოდენობით. ის არგუმენტი, რომ მოპასუხეს საკრედიტო ურთიერთობებიდან გამომდინარე, ყოველთვიურად ხელფასიდან გააჩნია გასავალი, რომლითაც იფარება სასესხო ვალდებულებები, პალატის მოსაზრებით, არ იძლევა საკმარის საფუძველს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის მოცულობის შემცირებისათვის;
12. სააპელაციო პალატამ აგრეთვე აღნიშნა, რომ მშობლის საალიმენტო ვალდებულება შვილის მიმართ არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მის დასაქმებაზე. შესაბამისად, სტაბილური შემოსავლის არარსებობის პირობებშიც კი, ალიმენტვალდებული პირი არ თავისუფლდება არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან (ასეთ შემთხვევებში ალიმენტის მინიმალური ოდენობა შეიძლება განისაზღვროს 150 ლარით). ალიმენტვალდებული პირის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინება მნიშვნელოვანია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ურთიერთობიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებების არსებობა სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა იმ კუთხით, რომ სარჩელით მოთხოვნილი 400-400 ლარის ნაცვლად ალიმენტის ოდენობად განისაზღვრა 250-250 ლარი;
13. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია მეუღლის სასარგებლოდ სარჩოს დაკისრების ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს მოპასუხისაგან სარჩოს მიღებაზე უფლებამოსილ პირს, იმ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მცირეწლოვანი შვილების, 2014 წლის 3 იანვარს დაბადებული ვ. მ–ისა და 2016 წლის 1 დეკემბერს დაბადებული ნ. მ–ის რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხეს დაკისრებული აქვს ალიმენტი ყოველთვიურად გადასახდელი 250-250 ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს მისი ყოველთვიური (ხელზე ასაღები) ხელფასის თითქმის ნახევარს, სააპელაციო პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია მოპასუხისათვის დამატებით, მოსარჩელის (მეუღლის) სასარგებლოდ, სარჩოს სახით 100 ლარის დაკისრება. რამდენადაც, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის დამატებით ამ ვალდებულებით დატვირთვამ, შესაძლოა, გამოიწვიოს ალიმენტის ყოველთვიური გადასახდელი თანხის (ჯამში - 500 ლარის) ნაწილში ვალდებულების შესრულების გართულება;
14. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა აპელანტის მთავარ პრეტენზიაზე, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ ხელზე ასაღები ხელფასის - 1064 ლარის ნაცვლად, მიუთითა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას დაეყრდნო დარიცხული ხელფასის (1331 ლარი) მონაცემებს. სააპელაციო პალატის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკონკრეტებული იქნა, რომ მოპასუხის მიერ ყოველთვიური ხელფასის სახით მისაღები თანხა - 1331 ლარი იყო დარიცხული ხელფასი, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ხელზე ასაღები თანხა (კანონით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით) განსხვავებული და უფრო მცირეა, ვიდრე დარიცხული ხელფასის ოდენობა. ამდენად, აპელანტის ეს პრეტენზია არანაირ ფაქტობრივ საფუძველს არ შეიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხის ყოველთვიური ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების უარსაყოფად და შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის შესამცირებლად.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის თითოეულის შემთხვევაში 100 (ასი) ლარით (ჯამში 200 ლარით) შემცირება.
16. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
16.1. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა კასატორის რეალური შემოსავალი, რომელიც შეადგენს ხელზე მისაღებ თანხას - ჯამში 1064.80 ლარს და ალიმენტის თანხის ოდენობა არასწორად განსაზღვრა დარიცხული ხელფასიდან, რომელიც შეადგენს 1331 (ათას სამას ოცდათერთმეტი) ლარს;
16.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორს გააჩნია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულებები სხვადასხვა საკრედიტო დაწესებულების მიმართ და მისი ყოველთვიური გადასახდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 400 ლარს. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორს ხელფასის გარდა სხვა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია, ალიმენტის სახით დაკისრებული თანხისა და საკრედიტო დაწესებულებების მიმართ არსებული დავალინების დაფარვის შედეგად, ხელფასიდან დაჩენილი ყოველთვიური ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა საარსებო მინიმუმზე მნიშვნელოვნად მცირეა, რაც უსპობს მას არსებობის საშუალებას და მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მხოლოდ ფორმალური მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ აკმაყოფილებს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიის (შედავების) მიმართ არსებულ სტანდარტს.
23. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს კასატორის ძირითად არგუმენტზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ვინაიდან სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოპასუხის რეალური ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1064.80 (ათას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს და ალიმენტის თანხის ოდენობა არასწორად განსაზღვრა დარიცხული ხელფასიდან, რომელიც შეადგენს 1331 (ათას სამას ოცდათერთმეტი) ლარს. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ განმარტებას, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თავის გადაწყვეტილებაში ხელზე ასაღები ხელფასის - 1064 ლარის ნაცვლად, დარიცხული ხელფასის (1331 ლარი) მონაცემის მითითებისას ნათლად და გარკვევით იქნა დაკონკრეტებული, რომ ეს იყო დარიცხული ხელფასის ოდენობა. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ თავისთავად გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ხელზე ასაღები თანხა (კანონით გათვალისწინებული გადასახადის ჩათვლით) განსხვავებული და უფრო მცირეა, ვიდრე დარიცხული ხელფასის ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითება, რომ ალიმენტის თანხის განსაზღვრისას სასამართლომ იხელმძღვანელა დარიცხული ხელფასის მონაცემით და არა ხელზე ასაღები თანხის ოდენობით, არ წარმოადგენს ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის შემცირების საკმარის საფუძველს.
24. საკასაციო სასამართლო დამატებით გამარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც(სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი). შესაბამისად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 17 ოქტომბერი).
25. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით.
26. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
27. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეული არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს გ. მ–ს (პ/ნ: 0-...) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 12 თებერვალს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე