საქმე №ას-1524-2018 12 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ. ა-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. ქ-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-ის (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ყოველთვიურად 400 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 15 სექტემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 22 აგვისტოდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ერთი შვილი – 2- წლის 2- ს-ს დაბადებული თ. ა-ე. ხასიათების შეუთავსებლობისა და კონფლიქტური ურთიერთობის გამო, მეუღლეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია.
3. მხარეთა ფაქტობრივი დაშორების შემდეგ, მცირეწლოვანი შვილი ცხოვრობს მოსარჩელის დედასთან ერთად, რაც განპირობებულია მოსარჩელის მძიმე ეკონომიური მდგომარეობით. მას არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ამჟამად უმუშევარია და ოჯახთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში. არასრულწლოვანს მატერიალურად უზრუნველყოფს მხოლოდ მოსარჩელე, პერიოდულად მიღებული გასამრჯელოსა და დედის დახმარებით.
4. მოსარჩელის მითითებით, მცირეწლოვანი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ჰიგიენურ საშუალებებს, კვებას, ექიმის მეთვალყურეობას, რაც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. მის მიერ არარეგულარული სამუშაოებიდან მიღებული მცირე შემოსავალი კი არ არის საკმარისი ბავშვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. მოპასუხე და მისი ოჯახის წევრები არ იღებენ მონაწილეობას მცირეწლოვნის რჩენაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე არის ავტომანქანის ხელოსანი, უკანასკნელი 10 წელია მუშაობს შპს „თ-ში“ და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 3000 ლარს.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხემ სარჩელი ყოველთვიურად მხოლოდ 150 ლარის გადახდის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ იგი თავს არ არიდებს მშობლის ვალდებულების შესრულებას, მაგრამ ვერ შეძლებს ალიმენტის გადახდას მოთხოვნილი ოდენობით, ვინაიდან მისი შემოსავალი არ არის სტაბილური, დამოკიდებულია გამომუშავებაზე და სეზონურ მოთხოვნილებაზე. ამასთან, მის კმაყოფაზე იმყოფება არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მესამე, ორსული მეუღლე, ასაკოვანი მშობლები. ასევე, გააჩნია სასესხო ვალდებულებები როგორც საბანკო დაწესებულების, ასევე, კერძო პირების მიმართ, სულ – 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელთაც ყოველთვიურად იხდის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტი სადავოდ არ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებსა და შეფასებებს, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია ძირითადად ემყარება იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა აპელანტის ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობა, ასევე მიუთითებს, რომ მისი მაღალი შემოსავლების მიუხედავად, ჰქონდა მაღალი გასავალიც, კერძოდ, 2012 წლის მარტიდან 2017 წლის ოქტომბრამდე დარიცხული აქვს ალიმენტის სახით 13400 ლარი, ამასთან, ქვეითდება მისი შრომისუნარიანობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.
9. 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით მოპასუხის კუთვნილი დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენდა – 2 388 ლარს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 2017 წლის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6192.03 ლარი, საიდანაც 2017 წლის დეკემბერში შემოსავლის ოდენობა შეადგენს 734.42 ლარს, 2018 წლის იანვარში – 1659.89 ლარს, თებერვალში – 1566.83 ლარს, ხოლო მარტში – 2230.9 ლარს.
10. საქმის მასალებით არ დასურდება, რომ აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რაც გავლენას ახდენს მის შრომისუნარიანობაზე.
11. აღნიშნული მიზნით, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლი).
12. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო დაწესებულების 2017 წლის 15 დეკემბრის დანიშნულების ფურცლით აპელანტს დაუდგინდა დიაგნოზი ფესვობრივ ალგიური სინდრომი, მიეცა რეკომენდაცია/დანიშნულება: ხერხემლის წელის მალების სეგმენტის მრ ტომოგრაფია; მოსვენებითი რეჟიმი 10 დღე, ასევე, დაენიშნა მედიკამენტოზური მკურნალობა. წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსიდან არ გამომდინარეობს, რომ აპელატის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმგვარად გაუარესდა, რომ მისი შრომისუნარიანობა შემცირდა, სხვა მტკიცებულებები, რომლებიც ასახავს აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, წარმოდგენილი არ არის.
13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1197-ე მუხლის, 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 1212-ე, 1214-ე მუხლის, 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
14. „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
15. „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
16. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ე.ი. ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
17. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მშობლების მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბავშვების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა 400 ლარით, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
18. რაც შეეხება აპელანტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას მისი შემოსავლების შესახებ, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტი კვლავ მუშაობს შპს „თ-ში“. წარმოდგენილი ცნობის თანახმად (ს.ფ.95) მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება გამომუშავებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მისაღები ანაზღაურება დეკემბრიდან მარტამდე მზარდია, არ არის წარმოდგენილი რაიმე დასაბუთება, რომ შემოსავლის რაოდენობის შემცირება განპირობებულია აპელანტისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საფუძველს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირებისათვის.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
20. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრული ოდენობით ალიმენტის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია, რის გამოც ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს 200 ლარამდე.
21. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი 200 ლარის ოდენობით ალიმენტს იხდის პირველი ქორწინებიდან შეძენილი შვილის სარჩენად, შესაბამისად, ორივე შვილის მიმართ მისი დამოკიდებულება გათანაბრდება.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 22 აგვისტოდან მხარეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში – 2--- წლის 2- ს-ს შეეძინათ ერთი შვილი.
25. ამჟამად მეუღლეები ცხოვრობენ ცალცალკე. მცირეწლოვანი შვილი მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელის დედასთან ქირით, ქირის ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 400 ლარს.
26. მოსარჩელეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, ამჟამად უმუშევარია. არასრულწლოვანს მატერიალურად უზრუნველყოფს მხოლოდ მოსარჩელე, პერიოდულად მიღებული გასამრჯელოსა და დედის დახმარებით.
27. მოპასუხის კმაყოფაზე იმყოფება არასრულწლოვანი შვილი პირველი ქორწინებიდან – 2010 წლის 29 მარტს დაბადებული ნ. ა-ე, რომლის რჩენა-აღზრდისათვის გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხეს ყოველთვიურად დაკისრებული აქვს ალიმენტის გადახდა 200 ლარის ოდენობით.
28. მოპასუხე მუშაობს შპს „თ-ში“ 2007 წლის 1 დეკემბრიდან. იგი იკავებს სავალი ნაწილის მექანიკოსის თანამდებობას და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება გამომუშავების მიხედვით. 2017 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით მოპასუხის კუთვნილი დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ შეადგენდა – 2 388 ლარს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 2017 წლის დეკემბრიდან მარტის ჩათვლით მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 6192.03 ლარი, საიდანაც 2017 წლის დეკემბერში შემოსავლის ოდენობა შეადგენს 734.42 ლარს, 2018 წლის იანვარში – 1659.89 ლარს, თებერვალში – 1566.83 ლარს, ხოლო მარტში – 2230.9 ლარს.
29. სააპელაციო პალატამ დაადგინა და კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც გავლენას მოახდენდა მის შრომისუნარიანობაზე.
30. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოპასუხე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ალიმენტის ოდენობას და მიიჩნია, რომ რადგან იგი პირველ ქორწინებაში შეძენილ არასრულწლოვან შვილს უხდის ალიმეტს 200 ლარის ოდენობით, მოცემული სარჩელიც სწორედ აღნიშნული მოცულობით უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მეტის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა მას არ გააჩნია.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
32. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
33. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
34. საკასაციო სასამართლომ მიუთითებს სსკ-ის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-495-469-2015).
36. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
37. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
38. „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ)(სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
39. მოცემულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა – 400 ლარი მოპასუხის მძიმე ქონებრივი მდგომარეობისათვის დიდ ოდენობას წარმოადგენს.
40. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა ის გარემოებანი, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელე უმუშევარია და არც რაიმე შემოსავალი გააჩნია. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხეს შრომისუნარიანობის დაქვეითებისა ან/და დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.
41. ამდენად, სადავო ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა გონივრულად და საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული (იხ. აგრეთვე სუსგ 2.11.2018წ. საქმე №ას-1339-2018).
42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
43. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
45. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
47. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 244 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 94 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ 199 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ მ. ა-ეს (პირადი №-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 13 აგვისტოს №-- საგადახდო დავალებით გადახდილი 244 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 94 ლარი და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი, სულ 199 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე