№ ას-505-505-2018 5 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ი. ბ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ქ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ. ქ-ემ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ბ-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის:
1.1. არასრულწლოვანი შვილების - 2003 წლის 10 ივნისს დაბადებული ნ. ბ-ის და 2007 წლის 1 ნოემბერს დაბადებული მ. ბ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვნის შემთხვევაში 450 ლარის (ჯამში, 900 ლარის) გადახდის დაკისრება 2017 წლის 1 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
1.2. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის დაკისრება, კერძოდ, ზაფხულის და ზამთრის პერიოდში ბავშვების დასასვენებლად წაყვანის მიზნით ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 5 აგვისტომდე 1500 ლარისა და ყოველი კალენდარული წლის არაუგვიანეს 25 დეკემბრამდე 1000 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მხარეთა ჯვრისწერის მოწმობა გაცემულია 2002 წლის 13 ნოემბერს, ხოლო 2002 წლის 12 ივლისიდან 2014 წლის დეკემბრამდე ისინი ეწეოდნენ ერთ საოჯახო-სამეურნეო საქმიანობას. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2003 წლის 10 ივნისს დაბადებული ნ. ბ-ე და 2007 წლის 1 ნოემბერს დაბადებული მ. ბ-ე;
2.2. 2014 წლის 29 დეკემბრიდან მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. აღნიშნული თარიღიდან მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების ბინაში, სადაც არ არის არასრულწლოვანი ბავშვების აღზრდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები;
2.3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია რაიმე სახის შემოსავალი ან უძრავი ქონება, რის გამოც ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვან შვილებს სათანადო ფინანსური რესურსით;
2.4. მოპასუხეს აქვს სოლიდური შემოსავალი, კერძოდ, ანგარიშზე ანაბრის სახით განთავსებული აქვს ფულადი თანხები „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო კრედიტსა“ და სს „თიბისი ბანკში“, საიდანაც საპროცენტო სარგებლის სახით იღებს ყოველთვიურ შემოსავალს. მოპასუხე აგრეთვე ეწევა კერძო სამეწარმეო საქმიანობას და დამატებითი შემოსავლის სახით ყოველთვიურად იღებს ფულად გზავნილებს საზღვარგარეთ მყოფი დედისგან;
2.5. მოპასუხის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ც., სართული N4, ბინა N116, ფართი - 98.44 კვ.მ, ს/კ: 0-; მის საკუთრებაშია ასევე სოფელ კ-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და ავტომანქანა „მ.“;
2.6. მოპასუხე არ იხდის არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისთვის საჭირო თანხებს და 2017 წლის ივნისიდან არ აღმოუჩენია არანაირი სახის მატერიალური დახმარება შვილების მიმართ.
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
3.1. 2014 წლიდან არის უმუშევარი და არ გააჩნია შემოსავლის წყარო. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენდა ანაბარზე განთავსებულ თანხებზე პროცენტის სახით მიღებული სარგებელი და ფულადი გზავნილები, რომელსაც საზღვარგარეთ მყოფი დედა უგზავნიდა ყოველთვიურად;
3.2. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული მდგომარეობით ანაბარზე ფულადი თანხები განთავსებული აღარ აქვს, ვინაიდან აღნიშნული თანხები მიმართა ვალის დასაფარად, აგრეთვე, ვეღარ იღებს ფულად გზავნილებს დედის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოპასუხე მოკლებულია შესაძლებლობას, გაუწიოს შვილებს სათანადო ფინანსური დახმარება. მიუხედავად აღნიშნულისა, შვილებზე ზრუნვის ვალდებულებას კეთილსინდისიერად ასრულებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების - ნ. ბ-ის და მ. ბ-ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, თითოეულის შემთხვევაში ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების - ნ. ბ-ის და მ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, თითოეულის შემთხვევაში ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2002 წლის 13 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2003 წლის 10 ივნისს დაბადებული ნ. ბ-ე და 2007 წლის 1 ნოემბერს დაბადებული მ. ბ-ე;
7.2. მხარეები 2014 წლის დეკემბრიდან არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მშობლების სახლში, სადაც არ არის დამაკმაყოფილებელი სანიტარულ-ჰიგიენური და საყოფაცხოვრებო პირობები;
7.3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული. სსიპ შემოსავლების სამსახურსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით მოსარჩელის მიერ 2017 წელს მიღებული შემოსავლის, აგრეთვე, უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;
7.4. არასრულწლოვანი ბავშვები მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობაში, კერძოდ, ბავშვები გადიან სასწავლო კურსს ინგლისურ ენასა და ლიტერატურაში, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 220 (ორას ოც) ლარს, ნ. ბ-ე გადის სასწავლო კურსს მათემატიკასა და ფიზიკაში, რომლის ყოველთვიური საფასური შეადგენს 120 (ას ოც) ლარს, აგრეთვე, გადის სასწავლო კურსს რობოტექნიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით, რომლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 80 (ოთხმოც) ლარს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არასრულწლოვნებს ექიმის რეკომენდაციით დანიშნული აქვთ ფიზიკური აქტივობა - ცურვა;
7.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, 2015 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით მოპასუხის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 5907.13 ლარს, დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს 297.58 ლარს;
7.6. მოპასუხის სასარგებლოდ რეგისტრირებულია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა ც., ბინა N116, საკადასტრო კოდი N0-;
7.7. შპს მისო „რიკო ექსპრესში“ მოპასუხეზე გაიცა თამასუქის თანხა 14000 (თოთხმეტი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეს 2017 წლის 17 აგვისტოს მდგომარეობით შპს მისო „რიკო ექსპრესში“ ნაშთი თამასუქზე განულებული აქვს. მოპასუხის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 9-ჯერ იქნა მიღებული ფულადი გზავნილი; სს „თიბისი ბანკში“ 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 13 სექტემბრამდე ასევე დაფიქსირდა მოპასუხის მიერ თამასუქთან დაკავშირებით განხორციელებული ტრანზაქციები;
7.8. მოპასუხე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი. იგი არასრულწლოვან შვილებზე ზრუნავდა ნებაყოფლობით. მოპასუხე 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით შვილებს ყოველთვიურად უხდიდა თანხას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. მას თავის არასრულწლოვან შვილთან ნ. ბ-ესთან აქვს სტაბილური სატელეფონო კავშირი.
8. სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ალიმენტის გადახდა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისთვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდათ მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე სასამართლო ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე;
9. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ამასთან, მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილები რჩენა-აღზრდისთვის მინიმალური თანხით მაინც. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა არ ამცირებდა არასრულწლოვნის მოთხოვნილებებს და ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, მისი თვითდასაქმებისა და სხვადასხვა არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
10. სააპელაციო პალატამ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიიჩნია და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის გადახდა თითოეული არასრულწლოვანი შვილისათვის თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულის შემთხვევაში ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდის დაკისრება.
12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სააპელაციო პალატამ არ მიუთითა კონკრეტულად რომელი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად მიიჩნია, რომ ალიმენტის სახით თითოეული არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში ნაცვლად 120 (ას ოცი) ლარისა, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 200 (ორასი) ლარის გადახდა;
12.2. სააპელაციო სასაამრთლომ არასწორად შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხე 2016 წლის სექტემბრის თვიდან 2017 წლის მაისის თვის ჩათვლით ნებაყოფლობით უხდიდა შვილებს ყოველთვიურ თანხას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით და მიიჩნია, რომ არსებული მდგომარეობით ისევ შეძლებს აღნიშნული თანხის გადახდას. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ამჟამად მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა გაუარესებულია, არის დროებით უმუშევარი და დაუსაბუთებლად დააკისრა ისეთი ფინანსური ვალდებულება, რაც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 7 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). მხოლოდ ფორმალური მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ აკმაყოფილებს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზიის (შედავების) მიმართ არსებულ სტანდარტს.
19. კასატორის მთავარი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ არის დროებით უმუშევარი და დაუსაბუთებლად დააკისრა კასატორს ალიმენტის თანხა თითოეული არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.
20. საკასაციო სასამართლო გამარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლი კი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 2016 წლის 4 მარტი). ამდენად, ალიმენტის დაკისრების საკითხის განხილვის დროს ამოსავალი წერტილია ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, ის უნდა იყოს ეფექტური და ქმედითი ღონისძიება, რომელიც რეალურად უზრუნველყოფს ბავშვის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელი პირობების შექმნას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 2017 წლის 17 ოქტომბერი).
21. როგორც წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, დაადგინა ალიმენტის განსაზღვრული ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული მიდგომა შეესაბამება საკასაციო სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას და, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით.
22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რასაც შეიძლება არსებითად ემოქმედა საქმის გადაწყვეტის საბოლოო შედეგზე. კასატორს, აგრეთვე, არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.
23. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიუთითებს, რომ ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების რჩენა-აღზრდისა და ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეული არასრულწლოვანი შვილის შემთხვევაში 200 (ორასი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ი. ბ-ეს (პ/ნ: 0-) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 4 მაისს №16 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე