საქმე №ას-1339-2018 2 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ. გ-ა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმა
დავის საგანი – ალიმენტის გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ი-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ-ას (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის – 2.. წლის 2-ს დაბადებული ე. გ-ას სარჩენად ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან – 2018 წლის 14 თებერვლიდან ყოველთვიურად 700 ლარისა და დამატებითი ხარჯის, ერთჯერადად, 2 000 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2- წლის 2-ს მხარეებს შეეძინათ შვილი – ე. გ--ა. ისინი ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 570 ლარს. ბავშვი მცირეწლოვანია და საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რის გამოც მოსარჩელე ვერ მუშაობს და არ აქვს შემოსავალი. ბავშვის დაბადებიდან ბინის ქირას იხდიდა მოპასუხე, ეხმარებოდა მოსარჩელეს ბავშვისათვის საჭირო ნივთებისა და საკვების შეძენაში. არასრულწლოვანის აღზრდისათვის ყოველთვიური მიმდინარე ხარჯი საშუალოდ შეადგენს: კვებაზე – 280 ლარს, ტანსაცმელის შესაძენად – 100 ლარს, კომუნალური გადახადი – 120 ლარს.
3. ამასთან, არასრულწლოვანი სარგებლობს ჯანმრთელობის დაზღვევით, რომლის ყოველთვიური საფასური განისაზღვრება 54 ლარით. მოპასუხემ თავისი ოჯახის წევრების გავლენით შეწყვიტა არასრულწლოვანი შვილის ფინანსური დახმარება. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ფლობს წილს საწარმოში, ასევე, სარგებლობს ძვირადღირებული ავტომანქანით, აქვს ყოველთვიური დიდი შემოსავალი, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ 2018 წლამდე ყოველთვიურად ურიცხავდა მოსარჩელეს ბინის ქირას 570 ლარს და მიმდინარე ხარჯებისათვის – დაახლოებით 300-400 ლარს. მოპასუხე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას და მას შემოსავალი აქვს დღეის მდგომარეობითაც, თუმცა უარს აცხადებს არასრულწლოვანი შვილის დახმარებაზე. არასრულწლოვანისათვის საჭირო ყველა ხარჯი (ჯანმრთელობის დაზღვევის თანხა, ორთოპედიული ფეხსაცმლის შესაძენი თანხა და 2018 წლის იანვრის ბინის ქირა) გაიღო თავად მოსარჩელემ.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოპასუხე ეთანხმება სარჩელს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხე არასრულწლოვანი შვილის ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, მიიღოს მონაწილეობა არასრულწლოვანი შვილის რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე დასაქმებული იყო კერძო კომპანიაში და იგი 2018 წლის 29 იანვრიდან გათავისუფლდა სამსახურიდან. იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხეს ჰქონდა სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი იღებდა მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში, თუმცა ამჟამად დასაქმებული არ არის და შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხე ბავშვის დაბადების პერიოდიდან კეთილსინდისიერად ასრულებდა მამის უფლება-მოვალეობებს და იღებდა ყველა საჭირო ხარჯს, რაც დაკავშირებულია ბავშვის მოვლის, აღზრდისა და განვითარებისათვის. იგი ამ ეტაპზე სრულად ვერ ახერხებს იმ ხარჯების გაღებას არასრულწლოვანის რჩენისათვის, რა ოდენობითაც 2018 წლამდე უზრუნველყოფდა არასრულწლოვან შვილს. დასაქმების პერიოდში სხვადასხვა საბანკო დაწესებულებიდან აღებული ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები, რასაც პირნათლად ასრულებდა, თუმცა შემდგომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გართულდა. მოპასუხე მხარეს სასამართლო წესით დაკისრებული აქვს 257 865.98 ევროს გადახდა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება. მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ გადაიხდის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ. ამასთან, არ არსებობს დამატებითი ხარჯების სახით სარჩელში მითითებული თანხის გადახდის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის სარჩენად ალიმენტის სახით დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 14 თებერვლიდან) ყოველთვიურად 250 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელს მოპასუხის მიმართ 2000 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე ეთქვა უარი, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ივლისის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. მოსარჩელე და მოპასუხე არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და საერთო საოჯახო მეურნეობას არ ეწევიან. მოსარჩელე, არასრულწლოვან შვილთან ერთად, ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, ცხოვრობს დამოუკიდებლად. მისი ყოველთვიურად გადასახდელი ქირის ოდენობა შეადგენს 570 ლარს.
8. 2016 წლის ივნისამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე. მითითებული პერიოდიდან იგი აღარ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.
9. მოპასუხე 2016 წლის მარტიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისა და საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდის მიზნით, პერიოდულად ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე შრომისუნარიანი პირია. 2--- წლის 2-------ს მხარეებს შეეძინათ შვილი.
11. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.
12. 2018 წლის 29 იანვრიდან მოპასუხე აღარ მუშაობს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, მის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი – 1565 ლარს.
13. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება 280 ლარი, სამოსისათვის – 100 ლარი, კომუნალური გადასახადებისათვის – 30 ლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ქირისათვის – 142.5 ლარი.
14. მოსარჩელეს შვილისათვის ხარჯი არ გაუწევია, რაც გამოწვეული იქნებოდა განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
15. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული №2/99-09 სააღსრულებო ფურცელი (საქმის წარმოების N01/09 - 03-03314), რომლის თანახმად, მოპასუხესა და ორ პირს დაეკისრა თანხის გადახდა საბანკო დაწესებულების სასარგებლოდ.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე, 102-ე და 105-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებზე, „ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით და განმარტა, რომ ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე, გასათვალისწინებელია მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერი ინტერესი.
17. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც მოცემული მდგომარეობით უმუშევარია და არ გააჩნია შემოსავალი, მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არასრულწლოვანთა აღზრდა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. ამასთან, არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისათვის ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები ზრდის ბავშვისთვის აუცილებელ ხარჯს. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და, შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
19. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სტაბილური შემოსავალი მოსარჩელე მხარეს არც დღეის მდგომარეობით აქვს და არც განქორწინების საქმის მიმდინარეობისას გააჩნდა, როგორც ამას საქმის განხილვისას თავად უთითებდა, თუმცა მშობელთა ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ არის სტაბილური მატერიალური შემოსავლების მქონე, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
20. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიციას მის მძიმე მატერიალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამდენადაც, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს დადგენილი ალიმენტის შემცირების საფუძველი. მას შრომისუნარიანობის დაქვეითებისა ან/და დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ხოლო, რაც შეეხება მხარის მატერიალურ მდგომარეობას, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში არსებულ მონაცემებზე აპელანტის ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა, წარმოდგენილი საქმის მასალებით, არ დასტურდება. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი – 1565 ლარს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტს, გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეუწონლად მიიჩნევს აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციის გაზიარებას.
21. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე. მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრიათ თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელი საპროცესო მოვალეობები, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. შესაბამისად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი.
22. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მშობლები ვალდებულნი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
23. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაანგარიშებული ალიმენტის ოდენობა არ აკმაყოფილებს არასრულწლოვანის საჭიროებებს. თავად მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება 280 ლარი, სამოსისათვის – 100 ლარი, კომუნალური გადასახადებისათვის – 30 ლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ქირისათვის – 142.5 ლარი. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დასახელებული კომუნალური გადასახადის 120 ლარი უნდა განახევრდეს (საცხოვრებელ ბინაში ცხოვრობენ დედა-შვილი) და მიღებული თანხის (60 ლარის) ნახევარი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანი რჩენა-აღზრდის საჭიროებისათვის. იმავე პრინციპის გამოყენებით, საცხოვრებელი ბინის ქირის ოდენობა იანგარიშება 142.5 ლარის ოდენობით, ამასთან, პალატის შეფასებით, სასამართლომ სათანადო მტკიცებულების არარსებობის გამო არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ბავშვის ჯანმრთელობის დაზღვევისათვის ყოველთვიურად 54 ლარის გადახდის თაობაზე.
24. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არის სწორედ თვეში 250 ლარი. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენისათვის აუცილებელ მინიმალურ, ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებანი, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. ცხადია, ალიმენტის გადამხდელ მშობელთან მისი დანარჩენი შვილების ცხოვრების შემთხვევაში მათ სარჩენ არასრულწლოვანთან მიმართებით რაიმე სახის უპირატესობა არ ენიჭებათ. ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას (იხ. სუსგ Nას-1356-1194-2010, 04.03.2011 წელი).
25. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, აპელანტი მოპასუხის მატერიალური მდგომარეობისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ალიმენტის ოდენობის შეცვლის, კერძოდ, თვეში 250 ლარზე ნაკლები ოდენობით განსაზღვრის, ხოლო აპელანტი მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლების ფარგლებში – ალიმენტის ოდენობის გაზრდისა და თვეში 700 ლარის ოდენობით განსაზღვრის წინაპირობები.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
26. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ – ყოველთვიურად ალიმენტის სახით 170 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
27. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რითაც უხეშად იქნა უგულებელყოფილი კასატორის კანონით დაცული უფლებები და ინტერესები.
28. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მხედველობაში მიღებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხის დასაბეგრი შემოსავალი 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით შეადგენდა 7825 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი – 1565 ლარს.
29. ზემოაღნიშნულ პერიოდში კასატორი დასაქმებული იყო კერძო კომპანიაში, საიდანაც 2018 წლის 29 იანვრიდან გათავისუფლდა. შესაბამისად, მას არ გააჩნია ის სტაბილური/ყოველთვიური შემოსავალი, საიდანაც შეძლებს დაკისრებული ოდენობით ალიმენტის გადახდას.
30. ამასთან, იმ პერიოდში, როდესაც მოპასუხეს ყოველთვიურად გააჩნდა სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი სრულად იღებდა მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდაში, თუმცა ამჟამად მოპასუხე დასაქმებული არ არის და ყოველთვიურად სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. მისი ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 257865.98 ევროს ოდენობით ამოღების მიზნით. შესაბამისად, მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას, მცირეწლოვან შვილს ყოველთვიურად გადაუხადოს სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტი 250 ლარის ოდენობით, რომლის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის მძიმე ეკონომიური მდგომარეობა.
31. კასატორმა მიიჩნია, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან, ხოლო მოპასუხის რეალური მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამართლიანი და გონივრული ალიმენტის ოდენობას წარმოადგენს 80 ლარი, რა ნაწილშიც მოპასუხემ სარჩელი ცნო.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეები ცხოვრობენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე. მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან – მოსარჩელესთან ერთად ნაქირავებ ბინაში, სადაც ქირის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს 570 ლარს.
35. 2016 წლის ივნისამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო ბუღალტრის პოზიციაზე. მითითებული პერიოდიდან იგი აღარ არის დასაქმებული და არ გააჩნია მატერიალური შემოსავალი.
36. მოპასუხე 2016 წლის მარტიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდისა და საცხოვრებელი ბინის ქირის გადახდის მიზნით, პერიოდულად ურიცხავდა გარკვეული ოდენობის თანხას.
37. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე შრომისუნარიანი პირია.
38. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება.
39. 2018 წლის 29 იანვრიდან მოპასუხე აღარ მუშაობს. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, მის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი – 1565 ლარს.
40. მოსარჩელის განმარტებით, არასრულწლოვანს კვებისათვის ყოველთვიურად ესაჭიროება 280 ლარი, სამოსისათვის – 100 ლარი, კომუნალური გადასახადებისათვის – 30 ლარი, ხოლო საცხოვრებელი ბინის ქირისათვის – 142.5 ლარი.
41. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარემ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ნაწილში სააპელაციო პალატამ მოპასუხის რთული მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა არასწორად არ შეამცირა.
42. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
44. საკასაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
45. საკასაციო სასამართლომ მიუთითებს სსკ-ის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სსკ-ის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-495-469-2015).
47. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
48. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობაზე ერთ-ერთ საქმეში – „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“: „ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
49. „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ)(სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
50. მოცემულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ყოველთვიური ალიმენტის ოდენობა – 250 ლარი მოპასუხის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მისთვის დიდ ოდენობას წარმოადგენს.
51. სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა ის გარემოებანი, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს დედასთან. მოსარჩელე უმუშევარია და არც რაიმე შემოსავალი გააჩნია. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოპასუხეს შრომისუნარიანობის დაქვეითებისა ან/და დაკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2018 წლის 22 მარტის მდგომარეობით, მოპასუხის მიერ 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 7825 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი – 1565 ლარს. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტს, გარდა არასრულწლოვანი შვილისა, სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია.
52. ამდენად, სადავო ალიმენტის ოდენობა განისაზღვრა გონივრულად და საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა კასატორის მიერ არ დადასტურებულა.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
58. სსსკ-ის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ა-ისა და ვ. გ--ას მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ვ. გ-ას (პირადი №-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ლ. ა-ისა და ვ. გ-ას მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერის №- საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე