№ას-1173-1128-2016 30 ივნისი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – მ.ქ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – მ.ი.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ი. (შემდეგში: მოპასუხე ან აპელანტი) და მ.ქ. (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) 2011 წლის 1 ნოემბრიდან იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში.
2. 2014 წლის 6 იანვრიდან ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.
3. მოსარჩელესა და მოპასუხეს ჰყავთ ორი მცირეწლოვანი შვილი: გ.ი. (შემდეგში პირველი შვილი) და ბ.ქ. (შემდეგში მეორე შვილი), რომლებიც ამჟამად დედასთან ცხოვრობენ.
4. 2014 წლის 16 მაისს დაიბადა მეორე შვილი (ბ). მის დაბადების სააქტო ჩანაწერში მოპასუხე არ იყო მითითებული მამად („თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება“. სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 26.4 მუხლი).
5. მოსარჩელე ამჟამად უმუშევარია.
6. მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, იგი მშობლებთან ერთად ცხოვრობს, აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და მოჰყავს მოსავალი.
7. მოპასუხე არ ასრულებს შვილების რჩენის მოვალეობას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1212-ე მუხლი).
8. 2015 წლის 29 ოქტომბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მეორე შვილის მამობის დადგენის, მამის გვარის მიკუთვნებისა და ორივე მცირეწლოვანი შვილისათვის ალიმენტის - ყოველთვიურად 400 ლარის (თითოეულ ბავშვზე 200 ლარის) სრულწლოვანებამდე დაკისრების მოთხოვნით (სსკ-ის 1190-ე, 1213-ე მუხლები).
9. მოპასუხემ სარჩელი მამობის დადგენისა და გვარის მიკუთვნების ნაწილში ცნო სრულად, ხოლო ალიმენტის დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ, კერძოდ, მან თანხმობა განაცხადა ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 100 ლარის გადახდაზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე აღიარებულ იქნა მეორე შვილის, ბ–ს, მამად; მას მიენიჭა მამის გვარი; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მცირეწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 150 ლარის, სულ 300 ლარის გადახდა, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1190-ე, 1195-ე, 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე და 1234-ე მუხლები.
11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, მისი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის 85-85 (სულ 170) ლარის დაკისრება.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს დაეკისრა მცირეწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის, თითოეულისათვის 120 ლარის, სულ 240 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, 2015 წლის 29 ოქტომბრიდან მათ სრულწლოვანებამდე.
12.1. სააპელაციო პალატამ მტკიცების ტვირთის განაწილებაზე გაამახვილა ყურადღება და მიუთითა, ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხის შემოსავლის წყარო მსუბუქი ავტომობილით (ტაქსით) მგზავრების გადაყვანით მიღებული თანხა იყო, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.
12.2. განჩინების სამართლებრივი მოტივაციისას, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 1197-ე, მუხლი, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1212-ე, 1214-ე მუხლები. ასევე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე - დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
12.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის და ზემოხსენებული კონვენციის მიხედვით, საოჯახოსამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. კონვენციის მიხედვით - ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
12.4. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე იყო უმუშევარი და მას სტაბილური/ფიქსირებული შემოსავალი არ გააჩნდა. მისი ოჯახი სოფლად მცხოვრებია (პენსიონერი მშობლები) და მათი შემოსავლის წყაროს მხოლოდ სოფლის მეურნეობიდან (ხეხილი) მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირებულიყო და თითოეული ბავშვისათვის, ნაცვლად 150 ლარისა, 120 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
13. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივრის უარყოფა მოითხოვა.
13.1. კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ თავად დაადასტურა დამატებითი შემოსავლის არსებობა. სასამართლომ უმუშევარ დედას განუსაზღვრა ბავშვების საცხოვრებელი და რჩენის ტვირთი, ხოლო მამას შეუმსუბუქა მშობლის უფლება-მოვალეობანი, მაშინ, როცა სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, ალიმენტი 130-დან 150 ლარამდე მერყეობს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შემოწმების მიზნით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზოგადი შინაარსის პრეტენზიებს, რადგან მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მას არ წარუდგენია სასამართლოსათვის არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის შემოსავლის წყარო მსუბუქი ავტომობილით მგზავრების გადაყვანის საფასური იყო.
19. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, დაქორწინებულები არიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
21. საკასაციო პალატა მოსარჩელის შემოსავლის გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1214-ე მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა, რომლის წინააღმდეგაც, როგორც აღინიშნა, კასატორს დასაბუთებული შედავება არ შემოუთავაზებია საკასაციო სასამართლოსათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი და საქმეში არსებული მტკიცებულებების სწორი ანალიზის შედეგად მართებულად დაადგინა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებები, რის წინააღმდეგაც დასაბუთებული პრეტენზია არ არის წარმოდგენილი.
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-204-191-2014, 20.10.2014 წ, №ას-529-502-2015, 10.09.2015წ, №ას-1141-1061-2017, 17.10.2017 წ).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი. ამდენად, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ქ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი