საქმე №ას-619-619-2018 12 სექტემბერი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. წ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 250 ლარით განსაზღვრა თითოეული შვილის სასარგებლოდ ან საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე. წ-მა (შემშგომში _ მოსარჩელე, პირველი აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მეორე აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა, არასრულწლოვანი შვილების: ა. ს-ისა (დაბ: ....09.20...წ.) და გ. ს-ის (დაბ: 22.....20...წ.) სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან (20.06.2017წ.) ალიმენტის სახით 600-600 ლარის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2015 წლის 22 სექტემბერს შეეძინათ ტყუპი შვილი: ა. და გ. ს-ეები. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მოსარჩელე დასაქმებულია და არასრულწლოვნები იზრდებიან ძიძასთან. ამ ეტაპზე, მოსარჩელე იხდის ძიძის მომსახურების თანხას ორივე ბავშვისათვის 700 ლარის ოდენობით. თითოეულ არასრულწლოვანს კვებისთვის ესაჭიროება თვეში 350 ლარი, მკურნალობისა და მედიკამენტებისათვის - 150 ლარი, სამოსისათვის - 150 ლარი და ჰიგიენური საშუალებებისათვის - 125 ლარი. მოპასუხე სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაში, მიუხედავად იმისა, რომ დასაქმებულია და აქვს სტაბილური შემოსავალი. მოსარჩელე მხოლოდ საკუთარი შემოსავლით ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნებს რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობებით. ალიმენტის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა მეტ-ნაკლებად საკმარისია ბავშვების ნორმალური აღზრდა-განვითარებისათვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, თითოეული შვილის სასარგებლოდ 200-200 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ ის შვილებზე ზრუნვას თავს არ არიდებს და იღებს ვალდებულებას, მიიღოს მონაწილეობა მათ რჩენასა და აღზრდაში. მოპასუხე მუშაობს ქ–ის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 460 ლარს (ხელზე მისაღები თანხა 1918 ლარია), ამასთან, 2032 წლამდე სს „ს-ის“ წინაშე ერიცხება საკრედიტო დავალიანება -90 240,37 ლარის ოდენობით და ვალდებულების დასაფარად ყოველთვიურად გადასახადელი თანხა შეადგენს 1 200 ლარს. 2017 წლის 10 მაისს დაქორწინდა ნ. ჩ-ეზე. საკუთარი მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, ის ვერ გადაიხადის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ. შესაძლებლობის ფარგლებში, ფინანსურად ყოველთვის დაეხმარება არასრულწლოვან შვილებს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ა. და გ. ს-ეების სასარგებლოდ 2017 წლის 20 ივნისიდან ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის _ 350-350 ლარის გადახდა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელემ მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ _ ალიმენტის ოდენობის თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 200-200 ლარით განსაზღვრა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით პირველი აპელანტის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან ყოველთვიურად დაეკისრა 450-450 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მეორე აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის 250 ლარით განსაზღვრა თითოეული შვილის სასარგებლოდ ან საქმის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები:
1.1.1. ვიდრე საკასაციო პრეტენზიების საფუძვლიანობის კვლევას შეუდგება, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ფარგლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე მოწმდება გადაწყვეტილების სამართლებრივი კანონიერება, რაც ამავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით რეგულირდება. პირველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის წარმატებას განაპირობებს მხარის მიერ საკუთარი პრეტენზიის იურიდიული დასაბუთება, რაც შეეხება მეორე ნორმას, ამ შემთხვევაში კანონმდებლის პოზიცია იმპერატიულია და სასამართლოს ყოველთვის ავალდებულებს, განსაზღვროს ხომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული).
1.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა პირველი აპელანტის მოთხოვნა, თითოეული არასრულწლოვნის მიმართ ალიმენტი 450-450 ლარით განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებას არ ეთანხმება ალიმენტვალდებული პირი და ის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას რამდენიმე საფუძვლით მოითხოვს, კერძოდ:
i სააპელაციო სასამართლოს არ აუხსნია, თუ რა მეთოდებითა და რომელი მტკიცებულებების კვლევით განსაზღვრა ალიმენტის ოდენობა, არ იმსჯელა მეორე აპელანტის სააპელაციო პრეტენზიების საფუძვლიანობაზე (არასრუწლოვანთა აღზრდისათვის საჭირო მატერიალური სახსრები, მშობლის რეალური ფინანსური შესაძლებლობები, მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა საჭიროებები, მშობელთა ფინანსური ვალდებულებები და სხვა), შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული (მხარე მიიჩნევს, რომ ამ მხრივ დარღვეულია ევროკონვენციის 6.1 მუხლი, ასევე, გადაწყვეტილება არ შეესაბამება ავროსასამართლოს პრაქტიკას საქმეებზე: Jgarkava v. Georgia; Garsia Ruiz v. Spain) და არ შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;
ii საქმე არ განუხილავს მიუკერძოებელ სასამართლო შემადგენლობას, ამ მხრივ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის იმპერატიული მოთხოვნები, რადგანაც დავის მონაწილე მხარე სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელი იყო, რაც აქსიომატურს ხდის მისთვის სასამართლოს მხრიდან უპირატესობის მინიჭებას. მართალია, სასამართლოს მიმართ კასატორს არ უსარგებლია აცილების შუამდგომლობის განცხადებით, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს თავად უნდა განეცხადებინა აცილება (ECHR: Padovani v. Italy; Micallef v. Malta; Hauschildt v. Denmark; Morel v. France), უფრო მეტიც, ხსენებული საფუძვლიდან გამომდინარე, აცილებადი იყო კოლეგიური შემადგენლობის ყველა მოსამართლე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქმე სხვა სააპელაციო პალატას უნდა გადასცემოდა განსახილველად. სასამართლოს ტენდენციურობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქცია იმგვარად, რომ ალიმენტის გადახდის დღედ განსაზღვრა ყოველი თვის 20 რიცხვი. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ მოპასუხეს ხელფასი თვის ბოლოს ერიცხება, შესაბამისად, ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა მოხდეს ანგარიშის დაყადაღება, შემდეგ ხელფასის ჩარიცხვა და ალიმენტის გადახდის შემდგომ ყადაღის მოხსნა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია გადაწყვეტილების დასაბუთების ვადა, რაც არ შეესაბამება უფლების სასამართლო წესით დაცვისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს.
1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)), წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.2.1. მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში. მხარეები ამჟამად აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;
1.2.2. უდავოა, რომ თანაცხოვრებისას მხარეებს შეეძინათ ორი შვილი: ა. ს-ე (დაბ: ....09.20...წ.) და გ. ს-ე (დაბ: 22.09.2015წ.);
1.2.3. არასრულწლოვნები ცხოვრობენ მოსარჩელესთან, რომლებსაც ზრდიდა და ამჟამადაც ზრდის ძიძა;
1.2.4. 2017 წლის მაისიდან მოპასუხე აღარ უწევს სტაბილურ ფინანსურ დახმარებას არასრულწლოვნებს, მან 2017 წლის 29 ივნისს მოსარჩელის საბანკო ანგარიშზე ერთჯერადად ჩარიცხა 300 ლარი;
1.2.5. ნ. ს-ემ იქორწინა 2017 წლის 10 მაისს, მისი მეუღლე ორსულობასთან დაკავშირებით აღრიცხვაზეა შპს „ჰ-ში“;
1.2.6. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია და აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით ე. წ-ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის მაისში _ 1 365 ლარს, ივნისში _ 2 730 ლარს და ივლისში _ 2 871.90 ლარს. მოსარჩელეს 2017 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, სს „თ-ის“ წინაშე ერიცხება დავალიანება: 4 082.13 (#--... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე) და _ 52 470.82 ლარი (#-... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე), ხოლო, საკრედიტო ბარათზე _ 375.33 ლარი;
1.2.7. მოპასუხე დასაქმებულია ქ–ის საოლქო პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე და მისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობა შეადგენს თვეში 2 460 ლარს, საიდანაც ხელზე ასაღები ხელფასი 1 918 ლარია, ხოლო, ყოველთვიური დანამატი შეადგენს-400 ლარს. სს „ტ-ში“ ნ. ს-ის გახსნილ საბანკო ანგარიშზე 2017 წლის ივნისში ჩაირიცხა თანამდებობრივი სარგო 1 918 ლარი და ივნისის დანამატი _ 1 400 ლარი, ივლისის თანამდებობრივი სარგო - 1 918 ლარი და ივლისის დანამატი - 400 ლარი. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების ელექტრონულ საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით, 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 31 ივლისის ჩათვლით ნ. ს-ის კუთვნილი დასაბეგრი შემოსავლები შეადგენს: 2017 წლის მაისში 2 960 ლარს, 2017 წლის ივნისში 4 210 ლარს და 2017 წლის ივლისში _ 2 960 ლარს. სს „ს-თან“ გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნ. ს-ის საბანკო დავალიანება 2017 წლის 29 ივნისის მდგომარეობით შეადგენს 90 240,37 ლარს; მასვე საბანკო დავალიანებები ერიცხებოდა სს „ტ-ის“ და სს „თ-ის“ წინაშეც;
1.2.8. ამჟამად არასრულწლოვნები არ სწავლობენ სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებაში. მოპასუხემ ახსნა-განმარტებით დაადასტურა (2017 წლის 26 სექტემბრის სხდომის ოქმი), რომ არასრულწლოვანისათვის ასაკის შესაფერისი პირობებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად, აუცილებელია ქვემოთ მითითებული ხარჯი. მას ალტერნატიული საფასურის გადახდის პირობით სხვა ძიძის მომსახურებაზე არ მიუთითებია. ყოველთვიურად თითოეული არასრულწლოვნის:
- კვებისათვის საჭირო თანხა შეადგენს დაახლოებით 150-160 ლარს;
- სამოსისათვის _ 70 ლარს;
- ჰიგიენური ნივთების შესაძენად - 125 ლარს;
- ძიძის მომსახურებისათვის 350 ლარს.
1.2.9. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა ორსულიანი ოჯახისათვის შეადგენდა: 2017 წლის ივნისისათვის _ 247 ლარს, ივლისისათვის _ 236.9 ლარს და აგვისტოსათვის _ 237.3 ლარს.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.1.2. პუნქტში გადმოცემულ საკასაციო პრეტენზიათა შეფასების მიზნით უნდა გაანალიზდეს ორი საკითხი:
i დაირღვა თუ არა პირის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება და მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა დასაბუთების საკანონმდებლო სტანდარტს;
ii სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია თუ არა არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესები და დაადგინა თუ არა გონივრული თანაფარდობა მშობლის/მშობელთა გადახდისუნარიანობასა და არასრულწლოვანთა ინტერესებს შორის.
1.3.1. საკასაციო სასამართლო პირველ საკითხთან მიმართებით არ იზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ საქმე განიხილა მიკერძოებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, უნდა განეცხადებინა ყველა მოსამართლეს თვითაცილება (სსსკ-ის 31.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმ მოტივით, რომ ე.წ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელია) და, ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, საქმე უნდა გადასცემოდა განსახილველად სხვა სააპელაციო სასამართლოს. ამ პრეტენზიის შეფასების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ორ ფაქტორზე: ა) რა წარმოადგენს მხარის მოსაზრებით, სასამართლოს მიკერძოების საფუძველს; ბ) ისარგებლა თუ არა მხარემ სასამართლოსათვის აცილების შუამდგომლობის დაყენებით.
1.3.2. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოსამართლეთა მიკერძოების საფუძვლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე დასაქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსამართლეთა დამოუკიდებლობა გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე, საპროცესო კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ე.წ „ბანგალორის პრინციპების“ თანახმად, ერთ-ერთ ღირებულებას წარმოადგენს მოსამართლის მიუკერძოებლობა, რაც არის მნიშვნელოვანი სასამართლო უფლებამოსილების ჯეროვნად განსახორციელებლად. ის ვრცელდება არა მხოლოდ გადაწყვეტილებაზე, არამედ პროცესზეც, რომლის შედეგად გადაწყვეტილება მიიღება (ამ ღირებულების გამოყენების წინაპირობად დადგენილია, რომ: მოსამართლემ უნდა განახორციელოს მისი სამოსამართლო ვალდებულებანი ფავორიტიზმის, მიკერძოების ან წინასწარი განწყობის გარეშე; მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი ქცევა როგორც სასამართლოში, ასევე მის გარეთ იცავდეს და ამაღლებდეს მოსამართლის და სასამართლოს მიუკერძოებლობის მიმართ ნდობას, როგორც საზოგადოების, ასევე იურიდიული პროფესიების და მხარეების მხრიდან; მოსამართლე გონივრულობის ფარგლებში უნდა მოიქცეს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს იმ შემთხვევათა რიცხვი, როდესაც საჭირო გახდება მისი ჩამოცილება საქმის განხილვის ან გადაწყვეტილების მიღებისგან; მოსამართლემ არ უნდა გააკეთოს რაიმე კომენტარი ისეთ საქმეზე, რომელსაც ის განიხილავს ან რომელიც შეიძლება გახდეს მისი განხილვის საგანი, რამაც შეიძლება გონივრული მოლოდინის ფარგლებში ზეგავლენა მოახდინოს ასეთი საქმისწარმოების შედეგზე, ან დააზიანოს პროცესის აშკარა სამართლიანობა. მოსამართლემ არ უნდა გააკეთოს რაიმე კომენტარი საჯაროდ ან იმდაგვარად, რომ გავლენა მოახდინოს ვინმეს წინააღდეგ ან რაიმე საკითხის გამო წარმართულ სამართლიან პროცესზე; მოსამართლემ უნდა აიცილოს საქმე ისეთ შემთხვევებში, როდესაც მას არ შესწევს უნარი, საქმე განიხილოს მიუკერძებლად ან როდესაც გონიერ დამკვირვებელს შეიძლება მოეჩვენოს, რომ მოსამართლეს არ შესწევს საქმის მიუკერძოებლად განხილვის უნარი. ასეთი შემთხვევები მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება ისეთი საქმეებით, რომლებშიც: მოსამართლე რეალურად გადახრილია ან წინასწარ განწყობილია რომელიმე მხარის საწინააღმდეგოდ, ან აქვს პერსონალური ინფორმაცია სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მოცემულ საქმეზე; მოსამართლე წინათ მონაწილეობდა, როგორც ადვოკატი ან მატერიალური მოწმე სადაო საქმეში; ან მოსამართლეს ან მოსამართლის ოჯახის წევრი მატერიალურად დაინტერესებულია სადაო საქმის შედეგით. მოსამართლის თვითაცილება არ არის სავალდებულო თუ ვერ შედგება სხვა სასამართლო ამ საქმის განსახილველად, ან, გამონაკლის გარემოებათა გამო, უმოქმედობამ შეიძლება გამოიწვიოს მართმსაჯულების სერიოზული ხარვეზი). მოცემულ შემთხვევაში, გაურკვეველია, სასამართლოში პირის დასაქმების ფაქტორი რატომ ახდენს იმხელა ზეგავლენას ამ სასამართლოს მოსამართლეთა ქცევაზე, რაც სრული შემადგენლობის აცილების წინაპირობა შეიძლება გახდეს, უფრო მეტიც, თუკი მხარეს მართლმსაჯულების განხორციელებისას გაუჩნდა დასაბუთებული ვარაუდი, მას უნდა განეკარგა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით განსაზღვრული საშუალება. საგულისხმოა, რომ მხარე საქმის განხმილველი შემადგენლობისა და მოსარჩელის იმგვარ სუბორდინაციულ კავშირზე არ მიუთითებს, რაც გონიერ ადამიანში აღძრავს მიკერძოების ეჭვს, ამასთანავე, მხოლოდ ის გარემოება, რომ ე.წ-ი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომელია, არ შეიძლება, მოსამართლის თვითაცილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი გახდეს.
1.3.3. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპს ემსახურება და გარანტირებულს ხდის მხარის უფლებას, „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლის შესაბამისად, მისი საქმე განიხილოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა მოსამართლემ. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული „მიუკერძოებლობის“ მოთხოვნა ორი ასპექტისაგან შედგება: პირველი _ სასამართლო სუბიექტურად თავისუფალი უნდა იყოს პიროვნული ზრახვებისა და მიდრეკილებებისაგან; მეორე _ იგი ასევე მიუკერძოებელი უნდა იყოს ობიექტური თვალსაზრისით, ანუ მან უნდა უზრუნველყოს საკმარისი გარანტიები ამ თვალსაზრისით ნებისმიერი კანონიერი ეჭვის გამოსარიცხად (იხ. გოტრინი და სხვები საფრანგეთის წინააღმდეგ, 1998 წლის 20 მაისის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1998-III, გვ. 1030- 31, §58; მორისი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, №38784/97, §58, ECHR 2002-I). რაც შეეხება სუბიექტურობას, მოსამართლე პიროვნულად მიუკერძოებლად უნდა იქნეს მიჩნეული, ვიდრე ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება (იხ. „ჰაუსშიდტი დანიის წინააღმდეგ“, 1989 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, სერია A №154, გვ. 21, §47; „დაკტარასი ლიტვის წინააღმდეგ“, №42095/98, §30, ECHR 2000-X). პრაქტიკაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მოსამართლის აცილების საკითხის განხილვისას, უფრო მნიშვნელოვან გარანტიებს აწესებს ობიექტური მიუკერძოებლობის მოთხოვნა, ამასთან, იმ საქმეების უდიდეს უმრავლესობაზე, რომლებიც მიკერძოებულობის საკითხს ეხება, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აქცენტს სწორედ ობიექტურობის ტესტზე აკეთებს. ობიექტურობის ტესტით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად აქვს ადგილი დადასტურებად ფაქტებს მოსამართლის ქცევისაგან დამოუკიდებლად, რომლებიც ეჭვს ბადებს ამ უკანასკნელის მიუკერძოებლობაში. იმის განსასაზღვრად, არსებობს თუ არა კონკრეტულ საქმეში ლეგიტიმური ეჭვი იმ მოსამართლის მიკერძოებულობისა, რომელიც განიხილავს საქმეს, პირის პოზიცია არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, თუ რამდენად არის პირის ეჭვი მიკერძოების შესახებ ობიექტურად გამართლებადი, ანუ რამდენად აქვს მას შიშის საფუძველი (იხ. „ვეტსტაინი შვეიცარიის წინააღმდეგ“, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება; მიქალეფი მალტის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; პადოვანი იტალიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1993 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება; პესკადორ ვალერო ესპანეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება).
1.3.4. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მიერ მოყვენილი არგუმენტი მოდავე მხარის ამავე სასამართლოში დასაქმების თაობაზე, არ არის საკმარისი სასამართლოს მიკერძოებულად მიჩნევისათვის, ისევე, როგორც ამ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელობა ვერ ექნება სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებასა (რომლითაც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ მოსარჩელის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა) და ალიმენტის გადახდის კონკრეტული თარიღის განსაზღვრას, გარდა ამისა, ვინაიდან ე.წ-ის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მუშაობის ფაქტი კასატორისათვის, როგორც მოსარჩელის ყოფილი მეუღლისათვის, იმთავითვე იყო ცნობილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად, მას წარმოუშობდა ვალდებულებას, ჯერ კიდევ სააპელაციო განხილვის დაწყებამდე წარედგინა აცილების შესახებ შუამდგომლობა. საბოლოოდ საკასაციო პალატა ასკვნის, რომ საქმის არაკანონიერი შემადგენლობით განხილვის წინაპირობები არ დგინდება, შესაბამისად, არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობა (გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ).
1.3.5. რაც შეეხება გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტს, ამ მხრივ საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პოზიციას და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დასტურდება განსჯის ის პროცესი, რომლის შედეგადაც მივიდა სასამართლო კონკრეტულ დასკვნებამდე, არ ირკვევა რა მტკიცებულებები შეაფასა მან, მხარეთა რომელი პოზიციები გაიზიარა და რომელი უარყო. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პალატა აპელირებს ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებზე: „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; „Van de Hurk v. Netherlands“, par.61, „Garcia Ruiz v. Spain [GC]“ par.26; „Jahnke and Lenoble v France (dec.)“; „Perez v France [GC]“, par. 81); „Boldea v. Romania“, par. 30 და განმარტავს, რომ არ იმსჯელებს მხარეთა იმ არგუმენტებზე, რომელთაც მნიშვნელობა არ აქვს დავის გადაწყვეტას, რასაც საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე (389-ე) მუხლი ადგენს გადაწყვეტილების დასაბუთებულობის სტანდარტს და მსგავსად ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა, იგი ადგენს გადაწყვეტილების დასაბუთების იმგვარ სტანდარტს, რომლის გაცნობის შედეგად მოდავე მხარეს ყველა იმ სამართლებრივ კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი, რომელიც მასში დავას ან დაურწმუნებლობას წარმოშობს. რა საკვირველია სასამართლო არც არის ვალდებული დეტალურად გასცეს მხარის ყველა პრეტენზიას პასუხი, თუმცა როდესაც მხარეთა შორის შეუთანხმებლობის საგანს წარმოადგენს სარჩოს ოდენობის განსაზღვრა, ბუნებრივია, არსებითი ხასიათისაა ყველა ის პრეტენზია, რომელიც გამოკვეთს მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. ამ მხრივ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მართლაც არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველია (გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული).
1.3.6. არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განსაზღვრის მიზნით საკასაციო პალატა ითვალისწინებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ და საკასაციო საჩივრით შეუდავებელ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის ფაქტებს (იხ. სამოტივაციო ნაწილის პ.პ. 1.2.) და განმარტავს, რომ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. „სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვნის სოციალურ უფლებას, რომელიც უდავოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ „საუკეთესო ინტერესების“ ცნებაში მოიაზრება და კონვენციის მე-3 მუხლის (1) (2) თანახმად, აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. არასრულწლოვნის დაცვის (მათ შორის სოციალური) იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1238-ე მუხლები წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლში ასახულია მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირება და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. უნდა განიმარტოს, რომ ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას. სამოქალაქო კოდექსი შვილის საჭიროებიდან გამომდინარე სარჩოს ოდენობის განსაზღვრას მშობლების ურთიერთშეთანხმებას მიანდობს (სკ-ის 1213-ე მუხლი). სწორედ იმ გარემოებიდან, გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია, დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს, მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს (სკ-ის 1214-ე მუხლი).
1.3.7. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ემუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კასატორი არ ედავება სააპელაციო პალატის იმ შუალედურ განჩინებებს, რომლებითაც მას უარი ეთქვა ამა თუ იმ მტკიცებულების დაშვებაზე, თუმცა, პალატა განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადპროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებულობას თავად მხარის აქტიურობა განაპირობებს, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია. ამ თვალსაზრისით, საპროცესო სამართლისათვის აქსიომატურია 103-ე (1) მუხლის დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები). ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ (სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის ძალით სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ არასრულწლოვანთა ინტერესების დადგენისათვის, რომელიც ამ დავის გადაწყვეტისათვის ცენტრალური მნიშვნელობის საკითხია, არ არის აუცილებელი დამატებით მტკიცებულებათა წარმოდგენა, არამედ, კასატორი ძირითადად საკუთარი ვალდებულებების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შეუძლებლობას ხდის სადავოდ. ეს დოკუმენტი კი, მისი ოჯახის წევრის _ დედის საჭიროებებს განსაზღვრავს. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პოზიციას საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის თაობაზე, თუმცა, მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის წინაპირობების არსებობა არ იკვეთება (საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი).
1.3.8. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, მათ ყოველთვიურ მატერიალურ საჭიროებას (დადგენილი გაანგარშების გათვალისწინებით თითოეული არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის თანხა საშუალოდ 695-700 ლარს აღწევს, თანახმად სამოტივაციო ნაწილის 1.2.8. პუნქტისა), ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრულ მშობელთა თანაბრობის პრინციპს (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები), მოდავე მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას (ორივე მშობელი დასაქმებულია და აქვთ სტაბილური, თითქმის მსგავსი შემოსავალი, ორივე მათგანს გააჩნია გარკვეული ვალდებულება საბანკო სექტორის მიმართ იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.6.;1.2.7.პ.პ.), მათ უფლებას საარსებო მინიმუმსა თუ ოჯახის სხვა წევრთა მიმართ არსებულ მორალურ ვალდებულებებზე, ასევე იმას, რომ კასატორი ელოდება შვილს მეორე ქორწინებიდან (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. პუნქტი) და მიიჩნევს, რომ საერთო შვილების აღზრდაში ნ. ს-ის მატერიალური მონაწილეობა, მისი ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის მიმართ 350 ლარით, რამდენადაც ამავე ოდენობით მატერიალური სახსრების მოსარჩელის მიერ გაწევის შემთხვევაში, დადგინდება გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში.
2. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებულობის, ასევე, ალიმენტის ოდენობაზე მსჯელობის ნაწილში არსებობს გასაჩირებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა. ამასთანავე, რადგანაც არ იკვეთება მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის ან სხვა საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის გამო საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება: ამ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.3.9. პუნქტში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, ნ. ს-ეს, არასრულწლოვანი შვილების: ა. და გ. ს-ეების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრიდან _ 2017 წლის 20 ივნისიდან ყოველთვიურად უნდა დაეკისროს ალიმენტის სახით 350-350 ლარის გადახდა.
3. სასამართლო ხარჯები:
3.1. მოცემული დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40.2 მუხლისა და 41.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენს 14 400 ლარს, საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება კი, ხსენებული ნორმისა და 391-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად _ 4 800 ლარს (მხარე მოითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების 400 ლარით შემცირებას), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გათავისუფლებულია ანგარიშსწორებისაგან, გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის დაკისრების შესახებ სარჩელი მაგისტრატ მოსამართლეთა განსახილველ დავას განეკუთვნება და სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება განახევრებას. ასევე უდავოა, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 58%-ით (უარყოფილია 48%).
3.2. პალატა მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 55-ე მუხლების შესაბამისად, უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
i ნ. ს-ეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის (700X12=8 400) პროპორციულად ე. წ-ის სარჩელისა და სააპელაციო საჩივრის გამო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 294 ლარის გადახდა (8 400 X 3% : 2 + 8 400 X 4% : 2);
ii ნ. ს-ემ საკასაციო საჩივარზე საკუთარი ინიციატივით გადაიხადა 300 ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილი 90 ლარი (8 400 X 5% : 2) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი), ექვემდებარება დაბრუნებას;
iii რაც შეეხება მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილებას, ვინაიდან კასატორმა დავის 42% მოიგო, სააპელაციო და საკასაციო საჩივრების გამო გაწეული ხარჯიდან _ 360 ლარიდან (150-210) ე. წ-ს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 42%-ის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 47-ე, 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ე. წ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
3.1. ნ. ს-ეს (პ/#-...) ა. ს-ის (დაბ: ...09.20..წ.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (20.06.2017წ.) ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე.
3.2.. ნ. ს-ეს (პ/#--...) გ. ს-ის (დაბ: ...09.201...წ.) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (...06.20...წ.) ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე.
3.3.. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. ნ. ს-ეს (პ/#-...) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაეკისროს 294 ლარის გადახდა.
5. ნ. ს-ეს (პ/#-....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრის გამო მის მიერ გადახდილი ბაჟიდან _ 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 90 ლარი (საგადახდო დავალება #..., გადახდის თარიღი: 04.05.2018წ., გადამხდელი: ნ. ს-ე (პ/#-...)).
6. ე. წ-ს (პ/#-...) ნ. ს-ის (პ/#-...) სასარგებლოდ დაეკისროს 208,8 ლარის გადახდა.
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე