საქმე №330210016001583910
საქმე №ას-1041-2018 20 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საჩივრის ავტორი – „ა.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.-ი“, შპს „ტ.-ი“, დ. ტ.-ე, ი. გ.-ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილისა და 7 ივნისის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, „ა.“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეების ქონებაზე განხორციელდა მთელი რიგი შეზღუდვები.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი შპს „ჯ.-ის“ (შემდგომში პირველი მოპასუხე შპს) მიმართ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 636 986 აშშ დოლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა შპს „ტ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე შპს), ი. გ.-ისა (პირველი მოპასუხე) და დ. ტ.-ის (მეორე მოპასუხე) მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
3. ამასთან, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედო მის წილებს კომპანიებში, საკუთრებაში არსებულ ავტომობილებს, მოპასუხე შპს-ს აეკრძალა კუთვნილი უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. მეორე მოპაუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედო მის წილებს კომპანიებში და კუთვნილ ავტომობილებს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ და პირველმა მოპასუხე შპს-მ შეიტანეს სააპელაციო საჩივრები.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხე შპს-ს, პირველი და მეორე მოპასუხეების განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის გარანტია, მოსარჩელეს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დაევალა 3 636 986 აშშ დოლარის განთავსება, რომელიც განთავსებულ უნდა ყოფილიყო საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში. მოსარჩელეს განემარტა, რომ ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამასთან, ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტითა დადგენილი თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების 7 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუყონებლივ გაუქმდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
7. მოსარჩელემ საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრისა და 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებების გაუქმების მოთხოვნით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 იანვრის განჩინებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო, მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე და ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ხოლო საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს მოპასუხე შპს, პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ წარდგენილი მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დადგენილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის გარანტია. მოსარჩელეს, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დაევალა 1 860 000 აშშ დოლარის განთავსება, საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე ამ განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის განმავლობაში. ასევე, მოსარჩელეს განემარტა, რომ ამ განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით დადგენილი თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარმოდგენილიყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის განმავლობაში. მოცემული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტითა დადგენილი თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუყონებლივ გაუქმდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოსარჩელის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხე შპს-ს, პირველი და მეორე მოპასუხეების ქონებაზე გავრცელდა რიგი შეზღუდვები.
12. სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილისა და 2018 წლის 7 ივნისის განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო საქმეში წარმოდგენილ დასკვნას, როდესაც დაადგინა, რომ პირველ მოპასუხესა და მოპასუხე შპს-ს ადგებათ ზიანი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით. მისივე განმარტებით, აღნიშნული დასკვნაში არაფერია ნათქვამი მეორე მოპასუხის მიმართ რაიმე სახის ზიანის მიყენების შესახებ. მის მიმართ მოთხოვნილია სოლიდარულად თანხის დაკისრება, რაც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს, თუმცა უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებით მოსარჩელეს წაერთვა თანხის ამოღების პერსპექტივა.
14. საჩივრის ავტორის მითითებით, ზემოაღნიშნული დასკვნის თანახმად, მოპასუხე შპს-ს სჭირდება შესასყიდი საქონლის 10%-ის გადახდა ავანსის სახით, და რომ საბანკო კრედიტის გარეშე ის ვერ ახერხებს ავტომანქანების შეძენას, თუმცა აღნიშნული გარემოება ექსპერტის მხრიდან წარმოდგენილია როგორც დაშვება და არა როგორც დადგენილი ფაქტი. აღნიშნულ საკითხს ექსპერტი არ იკვლევს. ის მიუთითებს, რომ კომპანიისაგან აქვს მიღებული განმარტება, რომ კრედიტი სჭირდება. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებას, რადგან აღნიშნული საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება.
15. საჩივრის ავტორმა ეჭვქვეშ დააყენა ის გარიგება, რომელიც მხარემ წარმოადგინა სასამართლოში ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად. მან მიაჩნია, რომ აღნიშნული გარიგება ფიქტიურ ხასიათს ატარებს, რადგან შეთანხმებაში თანხის გადახდის ვალდებულება დგება ავტომაქანების მიწოდების შემდეგ, რაც ასევე აბსურდულია. ასევე საეჭვოა იმ დოკუმენტის ავთენტურობა, რაც გაცემულია ერთ-ერთი ბანკის სახელით, მასში არ არის მითითებული სუბიექტები და გაგზავნის თარიღი.
16. საჩივრის ავტორის მითითებით, 2016 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ექსპერტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა ახლავს, კონკრეტულ ფიზიკურ პირს უნდა შეეძინა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონება, გარიგების ფასად კი მითითებულია 5.5 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული დოკუმენტი არ არის შედგენილი ნოტარიალურად და შეუძლებელია იმის დადგენა, მოხდა თუ არა მისი დადება იმ თარიღში რაც მასზეა მითითებული. დარღვეულია დოკუმენტის შედგენის ფორმალური წინაპირობები, რის გამოც შესაძლებელია ეს შეთანხმება ფიქტიურად იყოს დადებული.
17. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი, როდესაც 2018 წლის აპრილში მიიღო გარანტიის წარმოდგენის შესახებ განჩინება და მოსარჩელეს არ მიეცა შესაძლებლობა, დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია იმ მტკიცებულებაზე, რომელიც მხარემ 2018 წლის 15 მარტს წარმოადგინა.
18. საჩივრის ავტორის მითითებით, უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გადაწყვეტილების აღუსრულებელების ტოლფასია. რადგან საქმეში წარმოდგენილია ამონაწერი google-ის საძიებო სისტემიდან, საიდანაც ჩანს რომ მოპასუხე შპს-მ უკვე გაასხვისა საკუთარი ბიზნესი და გადასცა იგი სხა კომპანიას. აღნიშნული არ არის სიახლე რადგან საქმეში, ასევე, წარმოდგენილია 2016 წლის 24 მაისის წერილი, სადაც მეორე მოპასუხე აღნიშნავს, რომ იგი მზად არის, ბიზნესი მიჰყიდოს მოსარჩელეს 22 მილიონ დოლარად, აღნიშნული თანხიდან გაიქვითება არსებული დავალიანება და მოსარჩელეს მოუწევს მხოლოდ 18 მილიონის გადახდა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
20. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იურიდიული პირის ქონებაზე შეზღუდვების გავრცელებით მოპასუხეს შესაძლებელია, ხელი შეეშალოს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებიც.
21. მეწარმეობა არის დამოუკიდებელი, ინიციატივიანი საქმიანობა (საქონლის წარმოება, მომსახურების გაწევა, სამუშაოთა შესრულება), რომელიც საკუთარი ან ნასესხები სახსრებით, რისკისა და პასუხისმგებლობის გაწევით ხორციელდება მთავარი მიზნის – მოგების მისაღებად. ეს არის არაერთჯერადი, შემოქმედებითი საქმიანობა, რომლიც მოითხოვს სიახლეების დანერგვას. შეზღუდვების დაწესებით მოპასუხეები მოკლებულნი იქნებიან შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღონ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში, შეუძლებელი გახდება საწარმოს მატერიალური რესურსის გამოყენება საწარმოს ინტერესებისათვის. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მოეთხოვოს მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.
22. ამასთან, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურებას იყენებს არა ყოველთვის, არამედ მაშინ, როცა დარწმუნდება ამ ღონისძიების გამოყენების აუცილებლობაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ზიანის მიყენება გულისხმობს უფლების დაუშვებელ ხელყოფას, როგორიცაა მაგალითად, ფაქტობრივი ზიანის დადგომა ან შემოსავლის დაკარგვა, სწორედ ასეთ შემთხვევაშია მოპასუხე უფლებამოსილი, მოითხოვოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, ანუ ე.წ. უზრუნველყოფის შებრუნება. 199-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, უზრუნველყოფის გარანტია, სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
23. მოცემულ შემთხვევაში არსებობს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების (უზრუნველყოფის შებრუნების) აუცილებლობა, ვინაიდან, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს მოწინააღმდეგე მხარეებს. კერძოდ, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე შპს წარმოადგენს რა იურიდიულ პირს და მეწარმე სუბიექტს, შესაბამისად, მისი საქმიანობა დაფუძნებულია მოგების მიღებაზე. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს – მოპასუხეებს ისინი წარმოადგენენ რა მეწარმეებს, შესაბამისად, მათ საკუთრებაში არსებული ქონება გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის. პირველი მოპასუხის მიერ 2017 წლის 31 მარტიდან 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდის განმავლობაში მიღებული და მისაღები ზარალი ჯამურად შეადგენს 450 000 აშშ დოლარს, მათ შორის, 31.03.2017-28.02.2017 წლების პერიოდის განმავლობაში მიღებული ზარალი შეადგენს 137,260 აშშ დოლარს, ხოლო 01.03.2017-30.03.2020 პერიოდის განმავლობაში მისაღები ზარალი შეადგენს 312,740 აშშ დოლარს.
24. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით დადგენილ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე მართებულად იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის გარანტია, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის განმავლობაში 1 860 000 აშშ დოლარის განთავსება, თანხის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარმოედგინა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის განმავლობაში, ასევე, განემარტა, რომ 1 860 000 აშშ დოლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულების 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუყონებლივ გაუქმდებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
25. ასევე, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილის განჩინება, მაგრამ მან სსსკ-ის 199-ე მუხლით დადგენილი წესით და ვადაში უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა არ განახორციელა.
26. სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს მოსარჩელე მხარის მიერ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ გარანტიის წარმოუდგენლობის გამო.
27. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით, სასამართლომ ასევე მართებულად მიიჩნია, რომ უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
28. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
29. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
30. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
31. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
32. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
33. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
34. სსსკ-ის 199-ე მუხლის ეხება სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას. მისი პირველი ნაწილის ძალით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.
35. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისაგან მოპასუხის თავდასაცავ მექანიზმს ისეთი შემთხვევისათვის, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის ამა თუ იმ სახის ღონისძიების გამოყენების შედეგი მოპასუხისათვის ზიანის მომტანია. ასეთ დროს დასაშვებია, მოსარჩელეს მოეთხოვოს ობიექტურად სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლო საკუთარი ინიციატივით აამოქმედებს აღნიშნულ მექანიზმს მხოლოდ მაშინ, თუ მოპასუხისათვის ზიანის მიყენების საფრთხე აშკარაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მითითებული გარემოების სარწმუნოდ დადასტურების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება (სსსკ-ის 102-ე მუხლი) (სუსგ 21.10.2016წ. საქმე №ას-958-923-2016).
36. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეების ქონებაზე განხორციელდა მთელი რიგი შეზღუდვები.
37. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი პირველი მოპასუხე შპს-ს მიმართ დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 636 986 აშშ დოლარის გადახდა, სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე შპს-ს, პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ სოლიდარულად თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
38. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც სარჩელს უარი ეთქვა მოპასუხე შპს-ს, პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის 3636986 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. თავის მხრივ, აღნიშნულმა მოპასუხეებმა განცხადებით მოითხოვეს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენება.
39. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის წინამდებარე საჩივარი ერთხელ უკვე გახდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობის საგანი, რა დროსაც საკასაციო პალატამ საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს კონკრეტული მითითებით.
40. გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატას არ გაუთვალისწინებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინებაში ასახული მითითებები და მოცემული საქმეზე რიგი გარემოებები სასამართლოს მხრიდან კვლევას კვლავაც საჭიროებს.
41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ რეალურად უნდა შეაფასოს მოსარჩელის მოთხოვნის პერსპექტიულობა, მათ შორის, მის სასარგებლოდ საქმის გადაწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესაძლებლობის საკითხი, რადგან სამართლიანი სასამართლოს უფლების მხარისათვის რეალიზება უდავოდ გულისხმობს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებადობის უზრუნველყოფას.
42. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ ეთანხმება მოსარჩელის საჩივრის არგუმენტს, რომ, სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით არ არის დასაბუთებული ის ზიანი, რომელიც შესაძლოა განმცხადებლებს (მოპასუხეებს) მიადგეთ მათ უძრავ-მოძრავ ქონებაზე მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო.
43. აღნიშნული სადავო საკითხის დასადასტურებლად საკმარისად ვერ ჩაითვლება სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოპასუხე შპს და მოპასუხე ფიზიკური პირები წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობას ეწევიან, საკუთრებაში არსებული ქონების სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენება შეზღუდული აქვთ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, რის გამოც მათ, როგორც საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ მეწარმეებს, ზიანი ადგებათ.
44. სააპელაციო პალატის მხრიდან ასევე დამატებით შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის საჩივრის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სრულიად დაუსაბუთებელია, თუ რაში გამოხატა სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მეორე მოპასუხისათვის მიყენებული ზიანი, რადგან აღნიშნულის თაობაზე რაიმე სარწმუნო დასაბუთებას მოპასუხეთა განცხადება არ შეიცავს.
45. აღსანიშნავია, რომ განმცხადებელ მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი საშემფასებლო დასკვნა მეორე მოპასუხის საკითხს არ ეხება.
46. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო პალატის მსჯელობაზე, რომ პირველი მოპასუხის მიერ 2017 წლის 31 მარტიდან 2020 წლის 30 მარტამდე პერიოდის განმავლობაში მიღებული და მისაღები ზარალი ჯამურად შეადგენს 450 000 აშშ დოლარს, მათ შორის, 31.03.2017-28.02.2017 წლების პერიოდის განმავლობაში მიღებული ზარალი შეადგენს 137,260 აშშ დოლარს, ხოლო 01.03.2017-30.03.2020 პერიოდის განმავლობაში მისაღები ზარალი შეადგენს 312,740 აშშ დოლარს.
47. აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გულდასმით უნდა შეაფასოს, რამდენად სარწმუნო და გონივრულია პირველი მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები მხარისათვის 2017 წლიდან 2020 წლამდე მისაღები ზარალის დასადასტურებლად.
48. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით მოპასუხისათვის განსაზღვრულია უფლებამოსილება, განცხადებით მოითხოვოს მისი უზრუნველყოფის გარანტია სასამართლოსაგან. თუმცა მისი გამოყენების აუცილებლობა მოპასუხის (მოვალის) მტკიცების ტვირთია (სსსკ-ის 102-ე მუხლი), ვინაიდან ზიანის უზრუნველყოფის გარანტიების შექმნის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც სასამართლოს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება გაუმართლებელი აღმოჩნდეს და ასევე სახეზეა ზიანი, რომელიც მოპასუხეს უზრუნველყოფის ღონისძიებით ადგება ან შეიძლება მიადგეს. სასამართლოს მიერ საკუთარი ინიციატივით ზიანის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში ზიანი მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოება ხდება და მან უნდა ამტკიცოს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მისი უფლებები დაუშვებლად ილახება და ზიანი ადგება, ან გარდაუვალია მისთვის ზიანის მიყენება (სსსკ-ის 199-ე, მე-4 და 102-ე მუხლი) (იხ. სუსგ ას-450-422-2017, 11.04.2017 წ.).
49. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელოს ამ მიმართებით რამდენად შეასრულა მოპასუხემ მტკიცების ტვირთი და თუკი დაადგენს მოპასუხეთათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გამო მოსარჩელისათვის უზრუნველყოფის გარანტიის დავალებას, ისიც უნდა შეაფასოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული სარჩელის, ანუ ფულადი თანხის იდენტური ოდენობით უნდა დაევალოს მოსარჩელეს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა, თუ შესაძლებელია ამ უკანასკნელისათვის სხვა ოდენობის თანხის დაკისრება.
50. სააპელაციო სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სანდოობა და დასაბუთებულობა და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე.
51. სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემაც უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ. მოხმობილი ნორმით გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სასამართლო უფლებამოსილია, სარჩელის უზრუნველყოფის გარანტირება მოახდინოს როგორც თავისი ინიციატივით, ასევე მოპასუხე მხარის განცხადების საფუძველზე. ამასთან, ორივე შემთხვევაში, მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელ, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. ასეთი საფრთხის ვარაუდს უნდა ქმნიდეს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რამაც შესაძლოა მხარეს ზიანი მიაყენოს.
52. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მხარეთა თანასწორობის პრინციპის გამოყენებისა და მტკიცებულებათა სრულფასოვნად გამოკვლევის გარეშე მიიღო გადაწყვეტილება და მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა მოსთხოვა, რისი შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები გააუქმა.
53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არათანასწორი მტკიცების ტვირთი დააკისრა მოსარჩელეს, რითაც საფრთხე შეექმნა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გარანტიას, რისთვისაც არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი. მხარემ, რომელიც ითხოვს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, უნდა მიუთითოს იმ მოსალოდნელ ზიანზე, რაც შეიძლება რეალურად მოჰყვეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას და, შესაბამისად, სარწმუნოდ დაასაბუთოს თავისი მოსაზრება. იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითების ვალდებულება, რომელიც ადასტურებს მოსარჩელისაგან შესაბამისი გარანტიის წარდგენის აუცილებლობის ვარაუდს, ეკისრება განმცხადებელს, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად (იხ. სუსგ № ას-832-884-2011, 13.06.2011წ.).
54. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევროსასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ამასთან, საქმეზე „შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA LTD and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Burdov v Russia, §34; Hornsby v. Greece, §40)" (იხ. სუსგ ას-1238-1161-2015, 12.02.2016 წ.).
55. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებით მიზნად ისახავს, გარანტირებული იქნეს მხარეთა თანასწორობისა და მტკიცებულებათა შეფასების სსსკ-ით დადგენილი სტანდარტები. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით, თავისთავად ცხადია, მოვალის უფლებები იზღუდება, თუმცა, ეს კანონით გათვალისწინებული საშუალებაა, დაცული იქნეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღუსრულებლობის საფრთხისგან. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას სასამართლო ვარაუდის საფუძველზე იღებს (სსსკ-ის 191.1-ე მუხლი), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გამო მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უფრო მაღალ სტანდარტს ეფუძნება, ვიდრე ვარაუდია (სსსკ-ის 199.1-ე მუხლი).
56. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ კიდევ ერთხელ ზედმიწევნით შეაფასოს მოპასუხეების 2017 წლის 9 თებერვლის განცხადება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ, მოპასუხეთა კუთვნილი მტკიცების ტვირთის დაძლევის შეფასების გზით.
57. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის 196-ე მუხლზე, რომელიც მოპასუხეს შესაძლებლობას აძლევს შეიმსუბუქოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით დაკისრებული ტვირთი იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის სარჩელი მისი მოთხოვნის ფარგლებში უზრუნველყოფილია და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ეჭვქვეშ არ აყენებს.
58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინებები და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოპასუხე შპს, პირველი და მეორე მოპასუხეების მიერ მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ წარდგენილი განცხადების ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 199-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. „ა.-ს“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 აპრილისა და 7 ივნისის განჩინებები და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი