Facebook Twitter
№ა-1400-გან-5-2018 27 მარტი, 2018 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე


განმცხადებელი – დ. ჩ-ე


მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ჩ-ე


გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც მხარე მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება


დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. დ. ჩ-ემ (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ჩ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 15 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
8. 2018 წლის 26 მარტს დ. ჩ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების (საქმე #ას-494-462-2017) სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
9. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ მოპასუხეს მართალია მის სასარგებლოდ დააკისრა ყოველთვიურად 50 ლარის გადახდა, თუმცა გადაწყვეტილებიდან არ ჩანს სარეზოლუციო ნაწილის აღნიშნული პუნქტის მოქმედების განმარტება დროში, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმპერატიულად ადგენს ალიმენტის გადახდის დაკისრებას სარჩელის აღძვრის მომენტიდან.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძვლიანობა და თვლის, რომ დ. ჩ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დადგენილია გადაწყვეტილების განმარტების ინსტიტუტის არსი, მისი მიზანი და ის წინაპირობები, თუ რა შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების განმარტების საფუძველი. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
12. შესაბამისად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას; ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება.
13. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს ასევე გადაწყვეტილების განმარტების საპროცესო მიზანი - ამ ინსტიტუტის დახმარებით აღმოიფხვრას სამართალწარმოებისას დაშვებული შესაძლო ხარვეზები, რაც გადაწყვეტილების ბუნდოვანებაში გამოიხატება.
14. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტის განმარტებას მოითხოვს, რომლის შესაბამისად, მოპასუხე ლ. ჩ-ეს დაეკისრა მის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ იმსჯელა რა წარდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რომლითაც მოთხოვნილი იყო სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება, საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით.
16. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა, ხოლო საკასაციო სასამართლოში წარდგენილ საკასაციო საჩივარში მოსარჩელეს არ მიუთითებია სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებისა და სასარჩელო მოთხოვნის იმგვარად დაკმაყოფილების თაობაზე, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება მომხდარიყო არა სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის, არამედ მოსარჩელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრება უნდა მოხდეს მხოლოდ მომავალი დროისათვის საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი - „ლ. ჩ-ეს დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით“ - უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მოპასუხეს, ლ. ჩ-ეს, აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დ. ჩ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი - „ლ. ჩ-ეს დ. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით“ - განიმარტოს იმგვარად, რომ ლ. ჩ-ეს აღნიშნული თანხის გადახდა დაეკისროს უზენაესი სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დღიდან - 2018 წლის 12 მარტიდან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. ბაქაქური


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ბ. ალავიძე