საქმე №ას-319-319-2018 15 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ.გ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ხ.ქ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხ.ქ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ვ.გ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2012 წლის 13 იანვრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.
2. 2012 წლის 15 ოქტომბერსა და 2014 წლის 23 აგვისტოს მხარეებს შეეძინათ შვილები - მ. და ა. (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მცირეწლოვნები, არასრულწლოვნები ან ბავშვები).
3. მოსარჩელე ბავშვებთან ერთად ცხოვრობს საქართველოში, ხოლო მოპასუხე, პორტუგალიაში. მხარეები არ არიან დასაქმებულები და არ აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი.
4. მოპასუხე 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 11 ივლისამდე შპს ,,ჯ.ჰ.მ–ში“ - "რ.ბ.ი–ში" (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სასტუმრო) ინჟინრად მუშაობდა. სასტუმროს მთავარი ინჟინრის 2016 წლის 10 იანვარს გაცემული დახასიათების მიხედვით, იგი არის ერუდირებული, აქვს მრავალმხრივი ცოდნა, ახალი იდეებისა და ერთ გუნდში მუშაობის კარგი უნარი.
5. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. მათი ქორწინება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეწყვეტილია.
6. 2015 წლის 28 სექტემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მათი მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 800 ლარის (თითოეული ბავშვისთვის 400-400 ლარის) დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ შეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა, შვილებზე ზრუნვა, არ ეხმარება მათ მატერიალურად და უარს აცხადებს ალიმენტის გადახდაზე. მცირეწლოვნები იზრდებიან დედასთან, რომელიც მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მარტო ვერ უზრუნველყოფს ბავშვების რჩენა-აღზრდისთვის ნორმალური პირობების შექმნას. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე პროფესიით ელექტრიკოსია, იგი ჯერ კიდევ მხარეთა თანაცხოვრების პერიოდში ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში მუშაობდა, სადაც მისი ყოველთვიური შემოსავალი საშუალოდ 1000 ლარს შეადგენდა, შესაბამისად, მოპასუხეს აქვს როგორც ფიზიკური შესაძლებლობა, ისე შესაბამისი შრომითი უნარები, იყოს დასაქმებული და ჰქონდეს ყოველთვიური შემოსავალი. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა, რომ მოპასუხის საზღვარგარეთ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ცხოვრებაც, მის შესაძლო შემოსავალზე მიუთითებდა, შესაბამისად, მცირეწლოვნების მამა ვალდებული იყო, თანაბარი მონაწილეობა მიეღო ბავშვების მატერიალურ უზრუნველყოფაში.
7. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 80-80 ლარის ნაწილში ცნო, ხოლო დანარჩენ ნაწილში გამორიცხა მოთხოვნა და მიუთითა, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის განმარტება, თითქოსდა იგი თავს არიდებდა არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდაში მონაწილეობის მიღებას. ის უბრალოდ ვერ შეძლებდა მოთხოვნილი ალიმენტის სრულად გადახდას, გამომდინარე იქიდან, რომ იმყოფება ასაკოვან ნათესავთან პორტუგალიაში, სადაც არ მუშაობს და არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 25 თებერვლის განჩინებით მიღებული დროებითი განკარგულებით, მოპასუხეს მოსარჩელის სარგებლოდ, მცირეწლოვანი შვილების რჩენისთვის ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ალიმენტის - 400 ლარის (თითოეული ბავშვისთვის 200-200 ლარის) გადახდა დაეკისრა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს თითოეული მცირეწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე, ალიმენტის 220-220 ლარის გადახდა დაეკისრა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 400 ლარის, ანაზღაურებაც დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები, ასევე, ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები გამოიყენა.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობად თითოეულ ბავშვზე მხოლოდ 80-80 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით. მან ასევე სადავოდ გახადა მისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ოდენობა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
10.1. სასამართლომ, ერთი მხრივ, დაადგინა, რომ ალიმენტის დაკისრების დროს მოპასუხე დასაქმებული აღარ იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მიუთითა, რომ იგი თვითდასაქმებული პირია, რის საფუძველზეც, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტი 220-220 ლარი, ჯამში 440 ლარი უნდა დაჰკისრებოდა;
10.2. გაუგებარია, თუ კონკრეტულად რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ მოპასუხე იყო თვითდასაქმებული და გარკვეული შემოსავალი ჰქონდა;
10.3. მოპასუხის საზღვარგარეთ ყოფნა უპირობოდ არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ ამ უკანასკნელს რაიმე შემოსავალი ჰქონდა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხე პორტუგალიაში ასაკოვანი ნათესავის მიწვევით იმყოფება, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მოვლა-პატრონობა ესაჭიროება, შესაბამისად, მისი საზღვარგარეთ ყოფნა არ არის დაკავშირებული ანაზღაურებად საქმიანობასთან;
10.4. მართალია, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს დროებითი განკარგულების საფუძველზე, მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ, სარჩელის აღძვრიდან 2017 წლის მაისამდე, ყოველთვიურად, ალიმენტს - 400 ლარს იხდიდა, თუმცა გასათვალისწინებელი იყო, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს ის უკვე აღარ იყო დასაქმებული, რის გამოც, დროებითი განკარგულებით განსაზღვრული თანხის გადახდას ვეღარ შეძლებდა;
10.5. მიუხედავად იმისა, რომ ალიმენტის ზღვრული ოდენობა სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული არ არის, სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, დადგენილია, თუ რა მოცულობით უნდა განისაზღროს ალიმენტის ოდენობა, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის უმუშევრობის შემთხვევაში, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა;
10.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს ორივე მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით უნდა განესაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოპასუხე ყოველთვიურად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 220-220 ლარის გადახდას შეძლებდა;
10.7. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასწორია მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯების დაკისრების ნაწილშიც. გამომდინარე იქიდან, რომ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა 5280 ლარია, სსსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, წარმომადგენლის მომსახურების ხარჯი, ნაცვლად 400 ლარისა, 211 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის, 211.2 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით:
11.1. ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან ფულადი სახსრების არქონას. ამასთან, მშობელთა ვალდებულების არსებობა, არჩინონ თავიანთი შვილები, არ არის დამოკიდებული მშობლის მყარ ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილების რჩენის ვალდებულებისაგან. მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვების მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვებს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას;
11.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობა თითოეული მცირეწლოვანი ბავშვის სასარგებლოდ, 220 ლარის ოდენობით, სამართლიანი და გონივრული იყო, იმ საჭიროებების გათვალისწინებით, რაც საქართველოში არსებული სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, მცირეწლოვან ბავშვს აქვს. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მიუხედავად უმუშევრობისა, აპელანტი ახერხებდა მცირეწლოვანი შვილებისათვის დროებითი განკარგულებით დაკისრებული ალიმენტის გადახდას, ყოველთვიურად 200-200 ლარს და მას აღნიშნული განკარგულებით დაკისრებული ალიმენტის დავალიანება არ გააჩნდა;
11.3. გასაზიარებელი იყო აპელანტის პრეტენზია მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ, რადგანაც მოპასუხეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სასარგებლოდ, ალიმენტის, ჯამში 440 ლარის გადახდა დაეკისრა, შესაბამისად, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი 211.2 ლარის (440*12*4%) ოდენობით უნდა დაჰკისრებოდა.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და ყოველთვიური ალიმენტის ოდენობად თითოეულ ბავშვზე მხოლოდ 80-80 ლარის განსაზღვრის მოთხოვნით, სააპელაციო საჩივრის ანალოგიურ საფუძვლებზე მითითებით (იხ. პ. 10.1-10.6).
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
15.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
16. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნა სსკ-ის 1212-ე (მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1234.1 (იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია, სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან) და 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, კანონის მიხედვით, ორივე მშობელს თანაბრად ეკისრება შვილის რჩენის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ არა. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები (შდრ. სუსგ №ას-1141-1061-2017, 17.10.2017).
16.2. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, 220-220 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ #ას 1141-1061-17, 17.10.17; #ას-207-197-17 7.07.17; #ას-1167-1122-16, 26.06.17; #ას-675-631-17, 16.06.17; #ას-395-368-17, 2.06.17; #ას-220-210-16, 13.05.16; #ას-326-311-16, 30.06.16; #ას-53-51-16, 6.07.16).
18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ვ.გ–ს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ნ.ა-ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N25, გადახდის თარიღი 14.03.2018 წ.) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი