Facebook Twitter
საქმე №ას-263-251-2017 23 ივნისი, 2017 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი _ მ. ა-ე (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. შ-ე (მოპასუხე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა _ წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა


დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. მ. ა-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. შ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორის მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ არასრულწლოვანი შვილის _ მ-ას სასარგებლოდ ალიმენტის _ ყოველთვიურად 500 ლარის, ასევე, წარსული დროის ალიმენტის _ 18 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე 2007 წლის 6 იანვარს დაქორწინდა ბ. შ-ეზე, მხარეთა ქორწინება შეწყდა 2008 წლის 15 იანვარს. ქორწინების პერიოდში, 2007 წლის 22 სექტემბერს დაიბადა მათი საერთო შვილი, მ-ა, რომლის მამად რეგისტრაციაზეც მოპასუხემ განაცხადა უარი, რის გამოც, არასრულწლოვანს მიენიჭა დედის გვარი. მოპასუხე არც შემდგომში აღიარებდა ბავშვის მამობას და მოითხოვდა ამ ფაქტის დამტკიცებას, რისი მატერიალური სახსრებიც მოსარჩელეს არ გააჩნდა. მოსარჩელე ბავშვს ზრდიდა მარტო და მისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შესაქმნელად მუშაობდა თავდაუზოგავად, ყოველთვის, როდესაც მატერიალური დახმარების თხოვნით მიმართავდა მოსარჩელე, მოპასუხის ოჯახი მოითხოვდა დნმ-ის დასკვნას, რაც მორალურად რთული გადასატანი იყო. ასაკის მატებასთან ერთად, გაიზარდა არასრულწლოვნის მოთხოვნილებები, საჭიროებს განათლებას, რომელსაც დღემდე მოსარჩელე უზრუნველყოფს. მას შემდეგ, რაც მ-ას გაუჩნდა კითხვები მამის შესახებ, მოსარჩელემ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა გენეტიკური ანალიზი, თუმცა, მამამ უარი განაცხადა მასზე, მაგრამ, როგორც კი გაიგო სარჩელის აღძვრის შესახებ, მოსარჩელეს სთხოვა სარჩელის გამოხმობა და ნებაყოფლობით აღიარა მამობა, მაგრამ შვილის რჩენაში მონაწილეობის მიღება არ სურს იმ მოტივით, რომ არ აქვს საკმარისი მატერიალური სახსრები, რაც არასწორია, რადგანაც იგი რეგისტრირებულია ინდ.მეწარმედ, არის ცნობილი სტილისტი და ფლობს სილამაზის სალონს ქ.ქუთაისში, წ-ის #29-ში, გარდა ამისა, მოპასუხეს საკუთრებაში აქვს სხვა უძრავი ქონებაც.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო და განმარტა, რომ მართალია, მის სახელზე რეგისტრირებულია სილამაზის სალონი, მაგრამ პირადად მუშაობა არ შეუძლია, რადგან არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, სალონის შემოსავალი კი _ მცირეა. მოპასუხე აქტიურად მონაწილეობს არასრულწლოვნის რჩენა-აღზრდაში, იხდის სწავლისა თუ მკურნალობის ხარჯებს, გარდა ამისა, ჰყავს საკუთარი ოჯახი, მეუღლე და ორი შვილი, ელოდება მესამეს, გააჩნია ბანკის წინაშე საკრედიტო ვალდებულებები და ვინაიდან დაავადებულია, ესაჭიროება სოლიდური თანხა თირკმლის გადასანერგად.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს 2007 წლის 22 სექტემბერს დაბადებული შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2016 წლის 27 აპრილიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, მასვე დაეკისრა წარსული დროის, ორი წლის ალიმენტის 7 200 ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის სახით ყოველთვიურად 100 ლარის, ხოლო წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ორი წლის ალიმენტის _ 7 200 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ნორმის მე-2 ნაწილის გვთავაზობს იმ შემთხვევათა ჩამონათვალს, თუ რა განიხილება სამართლის ნორმის დარღვევად, მათ შორისაა სასამართლოს მიერ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის არასწორი განმარტება.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის კანონიერება წარმოადგენს. სააპელაციო პალატამ სარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაასაბუთა იმით, რომ არასრულწლოვნის მამობა მოპასუხემ აღიარა 2016 წლის 18 აპრილს და სარჩელი სასამართლოში ამ ფაქტის დადგენიდან 9 დღეშია აღძრული, შეაბამისად, ალიმენტვალდებული პირის ვალდებულება, გადაუხადოს არასრულწლოვან შვილს ალიმენტი, ამ პერიოდიდან წარმოიშვა, ხოლო წარსული ორი წლის ალიმენტის ანაზღაურების ნაწილში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა.
1.3. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებს და პრეტენზიას აცხადებს სამართლის ნორმების (სკ-ის 317-ე და 1234 (2) მუხლების) არასწორ განმარტებაზე, ასევე, სააპელაციო პალატის მხრიდან იმ გარემოების შეუფასებლობაზე, მოითხოვდა თუ არა მოსარჩელე წარსულში ალიმენტის გადახდას.
1.4. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის ხსენებულ არგუმენტებს და მათი საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე საკითხზე:
1.4.1. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულით, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა დეკლარაციით დადგენილია, რომ „ბავშვი, მისი ფიზიკური და გონებრივი სიმწიფის გამო საჭიროებს სპეციალურ დაცვას და ზრუნვას, მათ შორის სათანადო სამართლებრივ დაცვას, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ“. „სპეციალური დაცვის“ აუცილებელ ერთ-ერთ კომპონენტად კონვენცია განიხილავს არასრულწლოვნის სოციალურ უფლებას, რომელიც უდავოა, რომ ამავე კონვენციით აღიარებულ „საუკეთესო ინტერესების“ ცნებაში მოიაზრება და კონვენციის მე-3 მუხლის (1) (2) თანახმად, აღიარებულია შემდეგი: ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. არასრულწლოვნის დაცვის (მათ შორის სოციალური) იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებშია ასახული, რომელთაგან ერთ-ერთს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე-1238-ე მუხლები წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი წარმოადგენს მშობელთა სოციალური ვალდებულების საკანონმდებლო დეკლარირებას და დადგენილია, რომ მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ალიმენტი, სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს მინიმალურ მატერიალურ დაცვას იმ პირისა, რომელიც საჭიროებს ზრუნვას და სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ალიმენტის მიღების უფლების მქონე პირს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიაღწიოს იმ საარსებო აუცილებლობის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომელიც მისი განვითარების ინტერესს ემსახურება, კანონი აღჭურავს ფართო უფლებამოსილებით, ვალდებულ პირს მოსთხოვოს სარჩოს გადახდა, რომლის ნებაყოფლობით განუხორციელებლობის შემთხვევაში, მას სრული რესურსი გააჩნია, მიმართოს სამართლებრივი იძულების მექანიზმებს. სწორედ ამ გარემოებითაა ნაკარნახევი კანონმდებლის მიდგომა, რომ ალიმენტი, როგორც წესი, გადაიხდება მომავალი პერიოდისათვის, სარჩელის აღძვრის მომენტიდან, თუმცა, ამ წესიდან არსებობს გამონაკლისი, რის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.
1.4.2. აქვე მიზანშეწონილია, ყურადღება გამახვილდეს განსახილველი საკითხის საპროცესო მხარეზეც: სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება, საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამოდინარე, აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგადპროცესუალური სტანდარტიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარმატებულობას თავად მხარე განაპირობებს, კერძოდ, იმის მიხედვით, თუ რამდენად შეძლებს იგი საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების წარდგენას, მისი წარმატების ხარისხიც მაღალია. ამ თვალსაზრისით საპროცესო სამართლისათვის აქსიომატურია 103-ე (1) მუხლის დებულება, რომლის მიხედვითაც მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები და მხოლოდ სათანადო წინაპირობების არსებობისას, დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება ჩაერიოს სასამართლო მტკიცების პროცესში (მაგ: 103.2, 136.5, 157-ე მუხლები), ამ სტანდარტისაგან განსხვავებულ მიდგომას ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი საოჯახო საქმეთა განხილვის მიმართ (სსსკ-ის 352-ე მუხლი) და 354-ე (1) მუხლის ძალით სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
1.5. პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასაბუთებას, რომ სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოციიდან გამომდინარე, მოპასუხეს მამობის ნებაყოფლობით აღიარების შემდეგ წარმოეშვა კანონით გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულება და განვლილი პერიოდის ალიმენტის დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.
1.6. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, საკასაციო საჩივრით შეუდავებელ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე (სსსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ ფაქტობრივ გარემოებებს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სავალდებულო ძალა გააჩნიათ):
1.6.1. მ. ა-ე და ბ. შ-ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 6 იანვრიდან 2008 წლის 15 იანვრამდე. თანაცხოვრების პერიოდში, 2007 წლის 22 სექტემბერს შეეძინათ შვილი _ მ-ა შ-ე, რომლის დაბადების სარეგისტრაციო ჩანაწერებში მამად რეგისტრირებულია ბ. შ-ე, მამობის აღიარების საფუძველზე 2016 წლის 18 აპრილს;
1.6.2. მ-ა შ-ე ცხოვრობს დედასთან ერთად და მთლიანად მის კმაყოფაზეა. მ. ა-ე ბ. შ-ეს შვილის რჩენისათვის სთხოვდა დახმარებას, რაც დადასტურებულია სოციალურ ქსელში მიმოწერებით. მან სასამართლოსაც მიმართა სარჩელითაც, თუმცა, მოპასუხის თხოვნით, რომელმაც აღუთქვა დახმარება, გაითხოვა სარჩელი. მიუხედავად ამისა, ბ. შ-ეს შვილისათვის ფინანსური დახმარება არ გაუწევია;
1.6.3. ბ. შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულია უძრავი ქონებები მდებარე, ქ.ქუთაისში წ-ის ქ#29-სა და ეგ.ნ-ის მეშვიდე ჩიხის #6-ში, ასევე, სილამაზის სალონი, მდებარე ქ.ქუთაისში წ-ის ქ#29-ში, სახელწოდებით „ბ-ლ“;
1.6.4. მოპასუხე ბავშვობიდან ინვალიდია და ეს სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. ჰყავს მეუღლე და სამი მცირწლოვანი შვილი, რომელებიც არიან მის კმაყოფაზე.
1.6.5. ბ. შ-ის ერთობლივმა შემოსავალმა 2013-2015 წლებში შეადგინა 109 808 ლარი. მას დადებული აქვს საკრედიტო ხელშეკრულება საბანკო დაწესებულებასთან. სს „პ-იდან“ 2011 წელს კრედიტის სახით მიღებული ჰქონდა 106 900 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტი, რაც 2011 წლის 27 ოქტომბრიდან 2013 წლის 27 მაისამდე დაფარულ იქნა საპროცენტო სარგებელთან ერთად და 2013 წლის 27 მაისისათვის მისი დავალიანება შეადგენდა მხოლოდ 250,82 აშშ დოლარს. 2013 წლის 20 ივნისს სს „თ-იდან“ კრედიტის სახით მიღებული 144 000 აშშ დოლარი 2016 წლის 5 აპრილისათვის სრულად იქნა დაფარული საპროცენტო სარგებელთან ერთად. საბანკო დაწესებულებაში მოპასუხემ მთლიანობაში გადაიხადა 185 618,85 აშშ დოლარი;
1.6.6. 2016 წლის 9 ნოემბერს გაცემული ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ ცნობით (ფორმა #100/ა) ირკვევა, რომ ბ. შ-ეს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება, მე-3 სტადია, საჭიროებს ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას, დანიშნულების გაგრძელებას, ლაბორატორიული მონაცემების გეგმიურ მონიტორინგს, მომავალში თირკმლის ტრანსპლანტაციას, თუმცა, ამ დაავადებას შემოსავლის მიღებაზე გავლენა არ მოუხდენია და არც ის გარემოება დასტურდება, რომ მოპასუხე ამჟამად საჭიროებს თირკმლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით აუცილებელ ხარჯებს (ამ უკანასკნელ გარემოებასთან დაკავშირებით პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევაზე, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საოჯახო საქმეთა განხილვა ინკვიზიციურობის პრინციპით ხასიათდება (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.4.2. პუნქტი) და სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის კონტექსტში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის მიზნით, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მოპასუხე სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელშიც მიუთითებდა, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დასაშვებ მტკიცებულებად 09.11.2016წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ).
1.7. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ალიმენტის ყოველთვიურ ოდენობას _ 300 ლარს მოპასუხე არ შედავებია, ამ ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და დამატებით შეფასებას აღარ საჭიროებს, შესაბამისად, სასამართლო მიუბრუნდება მთავარ საკითხს _ ეკისრება თუ არა მოპასუხეს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მამობის ფაქტის ნებაყოფლობით აღიარებამდე. საკითხის საკანონმდებლო რეგულაციას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. ალიმენტის სოციალური დანიშნულებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უარყოფს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მამობის ფაქტის ოფიციალური წესით რეგისტრაცია წარმოუშობს მშობელს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით გათვალისწინებულ რჩენის ვალდებულებას და დამატებით მოიხმობს მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას: ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა ალიმენტვალდებული პირის პოზიცია, რომ არ არსებობდა წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრების წინაპირობა, რადგანაც მამობის ფაქტი ამავე სარჩელის განხილვის შედეგად დადგინდა, საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლების უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია შვილის წარმომავლობა და არა ამ წარმომავლობის ფაქტის დამოწმება. მშობლის უფლება-მოვალეობები შვილის მიმართ წარმოიშობა ბავშვის დაბადებიდან და არა იმ მომენტიდან, როცა მამობა სასამართლო წესით იქნა დადგენილი (იხ. სუსგ №ას-2-2-2011, 31 მაისი, 2011 წელი).
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსული დროის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება წარმოადგინა, რაც ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფძველია. ამასთანავე, რადგანაც არ იკვეთება მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევის ან სხვა საპროცესო სამართლის ნორმათა დარღვევის გამო საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის დაბრუნების წინაპირობები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, პალატა უფლებამოსილია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება:
1.8.1 საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსგავსად 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის დისპოზიციისა, მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისათვის წარსული სამი წლის ალიმენტის დაკისრებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელის ეს მოთხოვნა მხოლოდ ორი წლის ალიმენტის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა, ხოლო ალიმენტის ყოველთვიური ოდენობა განსაზღვრა 300 ლარით, რაც მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა (სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი) და იგი საკასაციო სასამართლოში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრულზე მეტი ოდენობთ თანხის დაკისრებას ვერ მოითხოვს, ამასთანავე, სამოქალაქო საპროცეო კოდექსის 409-ე მუხლის კონტექსტში, კასატორი მოითხოვს რა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, არ არსებობს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის პროცესის ხარჯების დამატებით განაწილების წინაპირობები, ამასთანავე, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოპასუხეს ასევე არ ეკისრება ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორების ვალდებულება, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება წარსული პერიოდის ალიმენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. მ. ა-ის სარჩელი ბ. შ-ის მიმართ წარსული პერიოდის (ორი წლის) ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
4. ბ. შ-ეს არასრულწლოვანი შვილის, 2007 წლის 22 სექტემბერს დაბადებული მ-ა შ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ორი წლის ალიმენტის _ 7 200 ლარის გადახდა.
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. ალავიძე



მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი



პ. ქათამაძე