Facebook Twitter
№ას-1141-1061-2017 17 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. დ-ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. დ-ა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელი - ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება (თავდაპირველი სარჩელით), არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა (შეგებებული სარჩელით)




აღწერილობითი ნაწილი :

1. მ. დ-ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი, მოწინააღმდეგე მხარე ან დედა) და თ. დ-ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან მამა) 2010 წლის 3 ივნისიდან 2012 წლის 18 ოქტომბრამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ერთად ცხოვრების დროს მათ შეეძინათ ოთხი შვილი: კ. (დაბადებული … წლის … აგვისტოს), ა. (დაბადებული … წლის … სექტემბერს), ბ. და ბ. (დაბადებულები … წლის … ნოემბერს) დ-ი (შემდეგში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც ბავშვები, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილები ან არასრულწლოვნები).
2. ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის 2015 წლის 11 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, მოპასუხე მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ქ. მოსკოვში. მისი შემოსავალი ყოველთვიურად 900 ლარის ექვივალენტია. მას ფინანსურად ეხმარებიან მშობლებიც, რომელთაც საკუთარი ბიზნესი აქვთ.
3. 2014 წლის 1 თებერვლიდან მოპასუხე ააგ სპორტულ ცენტრ ,,ოლიმპი“ - ში მუშაობდა და მისი ანაზღაურება ყოველთვიურად 20 000 რუბლს შეადგენდა, თუმცა 2016 წლის 15 ნოემბერს, ინვალიდობის დადგენის შემდეგ, მან დატოვა სამსახური.
4. 2014 წლის 15 მაისს მოპასუხემ შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე ქ. მ-ი, სოფელ ა-ი.
5. 2016 წლის 3 ნოემბრიდან მოპასუხე მესამე ჯგუფის ინვალიდია, რის საფუძველზეც, მას ყოველთვიურად შესაბამისი ანაზღაურება ერიცხება. ინვალიდობა დადგენილია 2017 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო რიგითი შემოწმების თარიღად 2017 წლის 3 ნოემბერი განისაზღვრა.
6. მოსარჩელე (დედა) ცხოვრობს საქართველოში, იგი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი, თუმცა ქ. თბილისში არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი სახლი, რის გამოც, მშობლებთან იზრდება მისი ორი არასრულწლოვანი შვილი.
7. 2015 წლის 5 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, თითოეულ ბავშვზე, ყოველთვიურად, ალიმენტის, 300 ლარის, 4 ბავშვზე სულ 1200 ლარის დაკისრება, ბავშვების სრულწლოვანების მიღწევამდე.
8. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ ყოველთვიური შემოსავალი არ აძლევდა საშუალებას, ალიმენტის სახით 1200 ლარი გადაეხადა. მისი განმარტებით, თითოეული შვილის სასარგებლოდ, მას მხოლოდ 100 ლარის გადახდა შეეძლო.
9. 2015 წლის 14 ივლისს, მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა მოითხოვა, კერძოდ, ბავშვების ნახვის დღეები, ყოველი კვირის შაბათსა და კვირა დღეს სრულად - შაბათს, დილის 10 საათიდან კვირის საღამოს 21 საათამდე, ბავშვების მამასთან დარჩენის უფლებით. მან ასევე მოითხოვა, ყოველწლიურად, წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე, შვილების საქართველოს საზღვრიდან გადაყვანის უფლების მინიჭება და მითითებულ პერიოდში მათი მამასთან უწყვეტად ყოფნა.
10. მოსარჩელე ნაწილობრივ დაეთანხმა შეგებებული სარჩელის ავტორის (მოპასუხის) სასარჩელო მოთხოვნას ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან მიმართებით და მიუთითა, რომ იგი თანახმაა, მამამ შვილებთან ურთიერთობა იქონიოს გარკვეული პერიოდის ხანგრძლივობით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები თბილისში (მცხეთაში) იცხოვრებენ. მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი ასევე თანახმაა, მამამ ურთიერთობა იქონიოს შვილებთან გარკვეული პერიოდულობით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ამასთან, მისი მითითებით, მამას შვილებთან ურთიერთობა მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეცეს, როცა ბავშვები მას მიეჩვევიან.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად, თითოეული შვილის მიმართ, ალიმენტი -150 (ასორმოცდაათი) ლარი (სულ 600 ექვსასი ლარი) დაეკისრა, რომლის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან - 2015 წლის 14 მაისიდან უნდა დაწყებულიყო და ბავშვების სრულწლოვანებამდე გაგრძელებულიყო; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს შვილებთან ურთიერთობის წესი შემდეგნაირად განესაზღვრა:
- ბავშვების თბილისი-მცხეთის რაიონში ცხოვრების (ყოფნის) შემთხვევაში, მამას მიეცა ურთიერთობის უფლება ყოველი კვირის შაბათს, დღის 11 საათიდან კვირა დღის 17 საათამდე, ბავშვების წაყვანისა და ღამით მამასთან დარჩენის უფლებით (ბავშვების სურვილის გათვალისწინებით). იმ შემთხვევაში, თუ შვილები მამასთან ღამით დარჩენას არ მოისურვებენ, ბავშვების ყოფნა მამასთან განისაზღვრა შაბათს, დღის 11 საათიდან იმავე დღის 20 საათამდე, ასევე კვირას, დღის 11 საათიდან იმავე დღის 17 საათამდე, ბავშვების წაყვანისა და დედასთან დაბრუნების უფლებით.
თავდაპირველი ურთიერთობისას, მიჩვევის მიზნით, არასრულწლოვან შვილებთან ბაგრატ და ბ. დ-ან (დაბადებულები … წლის … ნოემბერს) ორი თვის განმავლობაში, მამასთან ურთიერთობა შაბათს, დღის 11 საათიდან, იმავე დღის (შაბათი) დღის 15 საათამდე და კვირას, დღის 11 საათიდან, იმავე დღის (კვირა) დღის 14 საათამდე, ბავშვების წაყვანისა და დედასთან დაბრუნების უფლებით განისაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვები დედის გარეშე არ იურთიერთობენ მამასთან, ამ უკანასკნელის შვილებთან ურთიერთობა მიჩვევის მიზნით, დედის ან მისი უფლებამოსილი პირის (ანუ ნდობით აღჭურვილი პირის - ვისაც ბავშვები არიან მიჩვეულები) თანდასწრებით, შაბათს, დღის 11 საათიდან იმავე დღის (შაბათი) 13 საათამდე, კვირას, დღის 11 საათიდან იმავე დღის (კვირა) დღის 13 საათამდე, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ეზოში, სკვერში, ქუჩაში, სტადიონზე, სავაჭრო-გასართობ ცენტრში ან მხარეთათვის (მშობელთათვის) მისაღებ ადგილას, დედის მითითებისამებრ განისაზღვრა.
ბავშვების შეხვედრა მამასთან, მიჩვევის მიზნით 4-8 (ოთხი-რვა) შეხვედრის გზით დადგინდა, ხოლო, მიუჩვევლობის შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული წესით ურთიერთობის გაგრძელება, იქამდე, სანამ სრული მიჩვევა არ მოხდებოდა მამა-შვილებს შორის. სასამართლომ ასევე დაადგინა, ურთიერთობის ზემო აღნიშნული წესის მხარეთა შეთანხმებით შეცვლის შესაძლებლობაც; მამა-შვილებს შორის ურთიერთობა მამის არაალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნისას უნდა შემდგარიყო; სასამართლომ მიუთითა, რომ მამის შვილებთან ურთიერთობისას მას და მოსარჩელეს შორის კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის მიზნით შვილებთან მიმართებით, მუდმივმოქმედ რეჟიმში ჩართული ყოფილიყო საკომუნიკაციო საშუალება (ტელეფონი, კომპიუტერი და ა.შ), ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მამის შვილებთან ურთიერთობა (შეხვედრა) ვერ განხორციელდებოდა შაბათს ან კვირას, მამას მისცემოდა შვილებთან ურთიერთობის საშუალება შაბათს ან კვირა დღეს, დღის 16 საათიდან დღის 20 საათამდე ნახევარი საათით ”სკაიპის” მეშვეობით. ურთიერთობის დროის ზუსტი პერიოდის განსაზღვრის უფლებამოსილება სასამართლომ მოსარჩელეს მიანიჭა, რასაც იგი მოპასუხს ტელეფონის ან კომპიუტერის საშუალებით, ,,სმს” გზავნილის ან სხვა სახით, არა უადრეს 7-8 საათით ადრე შეატყობინებდა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მამა-შვილებს შორის ,,სკაიპით, ვაიბერით” ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა განხორციელებულიყო დედის (მოსარჩელის) დახმარებით; სასამართლომ განსაზღვრა ასევე, მამა-შვილებს შორის ურთიერთობა ბავშვების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნისას /ან ცხოვრების შემთხვევაში, კერძოდ, ასეთ დროს, მამამ შვილებთან ურთიერთობა უნდა იქონიოს შაბათს დღის 11 საათიდან, იმავე დღის 19 საათამდე, ხოლო კვირას, დღის 11 საათიდან, იმავე დღის 14 საათამდე, ბავშვების წაყვანისა და დედასთან დაბრუნების უფლებით. ბავშვების მამასთან მიუჩვევლობის შემთხვევაში კი, მიჩვევის პერიოდი განისაზღვრა 4-8 (ოთხი-რვა) შეხვედრით, დედის (მოსარჩელის) ან ამ უკანსაკნელის მიერ უფლებამოსილი პირის თანდასწრებით (უფლებამოსილ პირში იგულისხმება მისი ნდობით აღჭურვილი პირი, ვისაც ბავშვები მიჩვეული არიან); მიჩვევის მიზნით, დედის თანდასწრებით შვილების მამასთან ურთიერთობა განისაზღვრა შაბათს, დღის 11 საათიდან იმავე დღის 14 საათამდე და კვირას, დღის 11 საათიდან, იმავე დღის 14 საათამდე, ბავშვების საცხოვრებელ ადგილას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (სკვერში, ეზოში, სტადიონზე, სავაჭრო-გასართობ ცენტრში....) ან სხვა ადგილას მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. დათქმულ ვადაში ბავშვების მამასთან მიუჩვევლობის შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა, ურთიერთობის დადგენილი წესის იქამდე გაგრძელება, სანამ ბავშვები მამას სრულად არ მიეჩვევიან. სასამართლოს მითითებით, მხარეთა (მშობლებს შორის) შეთანხმებით, მამა-შვილების ურთიერთობის ადგილად შეიძლებოდა განსაზღვრულიყო სხვა ადგილიც, ამასთან, შეხვედრის მიზნით ორგანიზაციული უზრუნველყოფაც ასევე მხარეთა ურთიერთშეთანხმებით უნდა განხორციელებულიყო, იმ შემთხვევაში კი, თუ შეხვედრა ვერ შედგებოდა მამა-შვილებს შორის, ბავშვების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერტორიაზე ყოფნისას, მამას, მისცემოდა ყოველი კვირის ორი დღე, 30-60 წუთით ,,სკაიპით" ურთიერთობის საშუალება. დღეების შერჩევის უფლებამოსილება სასამართლომ მოსარჩელეს მიანიჭა, რის შესახებაც მას ინფორმაცია მოპასუხისათვის არა უადრეს 8-10 საათით ადრე, ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით (სმს-ს გზავნილის სახით) უნდა მიეწოდებინა; ,,სკაიპით, ვაიბერით” ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით ურთიერთობა უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელისა და მოპასუხის დახმარებით. მოპასუხესა და ბავშვებს შორის ურთიერთობა მოპასუხის არაალკოჰოლურ მდგომარეობაში ყოფნისას უნდა შემდგარიყო; ბავშვების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრებისას (ყოფნისას) იმ შემთხვევაში, თუ მამა ვერ მოახერხებდა შვილების ნახვას (ურთიერთობას), მას უნდა მისცემოდა საშუალება ზაფხულში ივლისის ან აგვისტოს თვეში, მოენახულებინა ბავშვები, დედის მხრიდან მათი თბილისი-მცხეთაში ჩამოყვანის (შესაძლებლობის შემთხვევაში) გზით, ხოლო, თუ რომელ თვეში უნდა ჩამოეყვანა მოსარჩელეს შვილები, თავად გადაწყვეტდა. დედა შვილების თბილისი-მცხეთის ტერიტორიაზე ჩამოსვლის შემთხვევაში, დათქმული პერიოდით ორგანიზაციული და ფინანსური უზრუნველყოფა მოპასუხეს დაევალა (იგულისხმება კვების, ბინის ქირავნობისა და მგზავრობის ხარჯები). ასეთ შემთხვევაში, ურთიერთობა უნდა შემდგარიყო თავდაპირველად განსაზღვრული წესის შესაბამისად (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილის 2.1. პუნქტი. ტ.1. ს.ფ. 323-324) ან მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1197-ე-1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-ე, 1214-ე და 1234.2 მუხლები, ასევე, “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3, მე-5, მე-8, me-9 მუხლები;
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, ალიმენტის - მხოლოდ 100 ლარის დაკისრების მოთხოვნით, ასევე, შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით (ბავშვებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით), შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
12.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ დააკისრა მოპასუხეს თითოეულ ბავშვზე ალიმენტის სახით - 150 ლარის (სულ 600 ლარის) გადახდა, ვინაიდან, მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 500-510 ლარია. გამომდინარე იქიდან, რომ ალიმენტის ოდენობა აღემატება გადამხდელის შემოსავლის წყაროს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება, ასევე, გასათვალისწინებელი იყო, რომ მოპასუხეს სარჩენად სხვა რაიმე შემოსავალი არ გააჩნდა; ის თანახმა იყო ალიმენტის სახით თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 100 ლარი (სულ 400) ლარის გადახდაზე;
12.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა წლის განმავლობაში 3 თვის მანძილზე ბავშვების საზღვარგარეთ წაყვანასთან დაკავშირებით. ასევე, მიუღებელია ბავშვებთან ურთიერთობის ის საკომუნიკაციო რეჟიმი, როგორც ეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგინდა. მოპასუხე უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად დაუკავშირდეს შვილებს ნებისმიერი საშულებით, იქნება ეს ტელეფონი თუ სხვადასხვა სოციალური ქსელები;
12.3. დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნები აფხაზეთის ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფლად გადაადგილება შეზღუდულია.
13. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა. მან გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შემდეგ გარემოებებზე მითითებით მოითხოვა :
13.1. სასამართლოს, ალიმენტის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა. დაკისრებული ალიმენტის ოდენობა ოთხი ბავშვის რჩენა - აღზრდისათვის აშკარად არასაკმარისია;
13.2. სასამართლომ უგულებელყო სოციალური მუშაკის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ქ. მოსკოვში მცხოვრები მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი 900 ლარია, ასევე, მას ფინანსურად ეხმარებიან მშობლები, რომელთაც საკუთარი ბიზნესი აქვთ.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი და შეგებებული სააპელაციო საჩივარი ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა; ამ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხის შეგებებული სარჩელი შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მოპასუხეს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე, კერძოდ, შაბათს, დილის 10 საათიდან კვირას, საღამოს 18 საათამდე, ბავშვების მასთან დარჩენის უფლებით განესაზღვრა;
- მოპასუხეს მიეცა უფლება, ზამთრისა და ზაფხულის არდადეგების პერიოდში, ერთი კვირის განმავლობაში ბავშვები საქართველოს ნებისმიერ კურორტზე წაიყვანოს დასასვენებლად, აღნიშნული დროის გასვლის შემდეგ დედასთან შვილების დაბრუნების პირობით;
- მოპასუხეს მიეცა უფლება, ზაფხულის არადადეგების პერიოდში წაიყვანოს შვილები რუსეთის ფედერაციაში თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სამი კვირით, ფსიქოლოგის მიერ დადებითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში.
14.1. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ ბავშვების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება სამართლიანი იყო;
14.2. შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ არსებობდა მოპასუხისათვის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი. შესაბამისად, პალატის განმარტებით, შვილების მიმართ მშობლის უფლებების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეს შვილების წაყვანის შესაძლებელობა მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა მისცემოდა;
14.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჭირო იყო, ფსიქოლოგის მიერ ბავშვების ფსიქოლოგიური შემოწმება და შესაბამისი დასკვნის გაცემა - არის თუ არა მიზანშეწონილი მამის ბავშვებთან ურთიერთობა, საქართველოდან გაყვანის უფლების გათვალისწინებით და უარყოფითად ხომ არ აისახება აღნიშნული ბავშვის ფსიქიკაზე. პალატის განმარტებით, მამას მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიცემოდა შვილების საქართველოდან გაყვანის შესაძლებლობა, რაც ფსიქოლოგის მიერ გაიცემა დადებითი დასკვნა აღნიშნულის შესახებ.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და გაუქმებული გადაწყვეტილების ნაწილში მისი სააპელაციო სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
15.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიუთითა სოციალური მუშაკის 2015 წლის დასკვნაზე, რომლის მიხედვით, მოპასუხე მუშაობდა და მისი ხელფასი დაახლოებით 900 ლარი იყო. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საქმის განხილვის დროისათვის მდგომარეობა არსებითად შეცვლილი იყო, კერძოდ, სასამართლოში წარდგენილი ახალი მტკიცებულების თანახმად, მოპასუხეს დღესდღეობით ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც იგი უმუშევარია;
15.2. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე შრომისუუნაროა და მის ერთადერთ შემოსავალს პენსია წარმოადგენს, გაუმართლებელია ალიმენტის სახით, მისთვის 600 ლარის დაკისრება. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ ის თანახმა იყო, თითოეულ ბავშვზე ალიმენტი იმ ოდენობით გადაეხადა, რასაც მისთვის რუსეთის ფედერაციაში დანიშნული პენსია შეადგენს, კერძოდ, თითოეულ ბავშვზე დაახლოებით 70 ლარი. მართალია, მოპასუხეს ამჟამადაც უვლიან და მატერიალურად არჩენენ მისი მშობლები, თუმცა მათ საქმიანობაზე მითითება უსაფუძვლოა, ვინაიდან, მოპასუხის მშობლების შემოსავალი ვერ იქნება ალიმენტის ოდენობის განმსაზღვრელი; მით უფრო, რომ ამ უკანასკნელის მამა ამჟამად არ მუშაობს და დასაქმებულია მხოლოდ დედა, რომელსაც სარჩენი ჰყავს ასევე მეორე შვილი;
15.3. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხემ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ვერ შეძლო მუშაობის გაგრძელება და ნებაყოფლობით დატოვა სამსახური. იგი ამჟამად მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადის, სისტემატურად იღებს პრეპარატებს და მიუხედავად იმისა, რომ ინვალიდობა გარკვეული ვადით არის დადგენილი, შესაძლოა ასეთი ვითარება მომავალშიც უცვლელი იყოს;
15.4. სასამართლოს გადაწყვეტილება ბუნდოვანია ფსიქოლოგის დადებითი დასკვნის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით; გაუგებარია, ფსიქოლოგის დასკვნა ერთჯერადია თუ ის ბავშვების ქ. მოსკოვში ყოველი წაყვანის წინ უნდა ჩატარდეს. გაუგებარია, ასევე, თუ ვინ უზრუნველყოფს ფინანსურად ფსიქოლოგის მიერ ბავშვების შემოწმებას;
15.5. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულიად უსაფუძვლოდ იყო გაყოფილი ბავშვების ნახვის რეჟიმი აფხაზეთისა და საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის მიხედვით, ამით პრობლემა არ მოგვარებულა, ვინაიდან, უფროსი ბავშვების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა კვლავ პრობლემად რჩება.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.


სამოტივაციო ნაწილი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრებისა და არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე, 1234.1, 1198.2, 1202-ე და 1198.5 მუხლები.
20. კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას, ასევე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ განსაზღვრულ ბავშვებთან ურთიერთობის წესსა და პირობებს.
21. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებულნი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
21.1. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას ალიმენტის ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პალატა სრულად ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების საუკეთესოს ინტერესების გათვალისწინებით, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის სახით, 150 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია.
22. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ასევე, კასატორის პრეტენზიებს, სააპელაციო პალატის მიერ ბავშვებთან ურთიერთობის წესის არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით.
22.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (შდრ. სუსგ №ას-1112-1047-2015, 04.03.2016).
22.2. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი(Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნისუფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
22.3. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ერთ-ერთ საქმეში - „ნ.წ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ გაკეთებულ განმარტებაზე: “მშობლის იმ ბავშვთან ხელახალი გაერთიანება, რომელიც გარკვეული პერიოდი ცხოვრობს სხვა პირებთან ერთად, შეიძლება ვერ მოხდეს დაუყოვნებლივ და ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა საჭირო გახდეს მოსამზადებელი ღონისძიებების გატარება. ამგვარი მომზადების ხასიათი და მასშტაბი დამოკიდებულია თითოეული შემთხვევის გარემოებებზე, თუმცა, ყველა დაინტერესებული მხარის გაგება და თანამშრომლობა ყოველთვის იქნება ამ პროცესის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი. ეროვნულმა ხელისუფლებამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მიმართოს ამგვარი თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ამ სფეროში ძალდატანების გამოყენების ნებისმიერი ვალდებულება უნდა შეიზღუდოს, რადგან მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის ინტერესები, ასევე, უფლებები და თავისუფლება და, განსაკუთრებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და მისი უფლებები. თუკი მშობელთან კონტაქტი საფრთხეს უქმნის ამ ინტერესებს ან აბრკოლებს ამ უფლებების განხორციელებას, ეროვნული ხელისუფლება პასუხისმგებელია შექმნას სამართლიანი ბალანსი. ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა წარმოადგენდეს უმთავრეს განხილვის საგანს და, მისი ბუნებიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, შეიძლება, აჭარბებდეს მშობლების ინტერესებს“.
22.4. ამდენად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, მოპასუხის შვილებთან ურთიერთობის წესების განსაზღვრასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხისათვის შვილებთან ურთიერთობის კანონით მინიჭებული უფლების რაიმე ფორმით შეზღუდვის საფუძველი არ იკვეთება. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ მოპასუხე მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, რის გამოც მას შვილებთან ინტენსიურად ურთიერთობის შესაძლებლობა არ აქვს, მას უნდა მიეცეს, სასამართლოს მიერ დადგენილი პირობების გათვალისწინებით, შვილების წაყვანის შესაძლებლობა, თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, თუმცა პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს მხოლოდ მას შემდეგ უნდა მიეცეს ბავშვების საქართველოდან გაყვანის შესაძლებლობა, როდესაც ისინი მამას საკმარისად შეეჩვევიან, მათ შორის ჩამოყალიბდება თბილი ურთიერთობა და ფსიქოლოგის მიერ გაიცემა დადებითი დასკვნა, რომ მამის მიერ ბავშვების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა უარყოფითად არ აისახება მათ ფსიქიკაზე.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. როგორც უკვე აღინიშნა, „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინდადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტი თავადვე იძლევა ჩარევის ლეგიტიმური საფუძვლის დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“ (შდრ. სუსგ #ას-1122-1078-2016, 2017 წლის 1 მარტის განჩინება). „სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ -იხ. სუსგ # ას 967-916-2015, 15.12.2015წ).
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა (შდრ. სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.16; №ას-529-502-2015, 10.09.2015).
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.


სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. დ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ. დ-ას (პასპორტის ნომერი …) დაუბრუნდეს ნ. ა-ის (პ/ნ …) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 360 ლარის (საგადასახადო დავალება #0, გადახდის თარიღი 01.08.2017 წ. სს ,,თიბისი ბანკი“) 70% – 252 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.



მოსამართლეები : მზია თოდუა



პაატა ქათამაძე



ეკატერინე გასიტაშვილი