Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით

საქმე №ას-1194-1154-2016 31 მარტი, 2017 წელი,
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – დ. დ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. დ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი –განქორწინება, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. დ-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, ბავშვების დედა) და დ. დ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, ბავშვების მამა, აპელანტი ან კასატორი) შორის 2015 წლის მარტიდან საქორწინო ურთიერთობა ფაქტიურად შეწყვეტილია. მხარეები ცალ-ცალკე ცხოვრობენ;
2. მოსარჩელე შრომისუნარიანია. იგი არასრულწლოვან შვილებთან - ა. (დაბადებული: 2001 წლის 8 ივლისს და თ. (დაბადებული: 2003 წლის 22 აპრილს) დ-ეებთან ერთად ცხოვრობს დაქირავებულ ბინაში, სადაც ყოველთვიურად, ქირას 200 (ორასი) ლარს იხდის.

3.სარჩელის საფუძვლები

3.1. ბავშვების დედამ 2015 წლის 15 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
3.1.1.ამ უკანასკნელთან 2001 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა;
3.1.2. სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე, არასრულწოვანი შვილების - თითოეულის სასარგებლოდ, ალიმენტის -500 (ხუთასი) ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.
3.2. მოსარჩელემ სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითა, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობაა, 2015 წლიდან ფაქტობრივად შეწყვეტილია ქორწინება, მხარეთა თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, სტაბილური შემოსავალი აქვს და ევალება ბავშვებზე ზრუნვა, მათ რჩენა-აღზრდაში მონაწილეობა.

4.მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში, რადგან მიაჩნია, რომ ოჯახის შენარჩუნება შესაძლებელია და მას სურს ბავშვებთან და მოსარჩელესთან ერთ ოჯახად ცხოვრება;
4.2. არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დადგენას მოპასუხე ნაწილობრივ დაეთანხმა, კერძოდ - თითოეული ბავშვის სასარგებლოდ 50 -50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მან განმარტა, რომ მისი თვიური შემოსავალი არ აღემატება 150-160 ლარს, შესაბამისად, ვერ გადაიხდის სარჩელით მოთხოვნილ თანხას, იგი არ არიდებს და მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი;
5.1.1. მოსარჩელესა (ქორწინებამდელი გვარი ,,მ- ე”, დაბადებული 1982 წლის 3 მაისი, პირადი №3..) და მოპასუხეს (დაბადებული 1976 წლის 22 დეკემბერს, პირადი №2..) შორის 2001 წლის 2 ივლისს რეგისტრირებული (ქორწინების მოწმობა №0.., სააქტო ჩანაწერი №5) ქორწინება შეწყდა;
5.1.2. მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების - თითოეულის სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 120 (ას ოცი) ლარის გადახდა დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან (2015 წლის 15 ოქტომბრიდან) მათი სრულწლოვანი ასაკის მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
5.2. საქალაქო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებულ გარემოებებთან ერთად, დაადგინა, რომ მოპასუხე ცხოვრობს დედასთან ერთად, მისამართზე ქ. თბილისი, ხეხილსანერგე მეურნეობა, გ-ას ქ. ნაკვეთი №5... იგი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ; დასაქმებულია ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, აქვს სავაჭრო ობიექტი. გარდა ამისა, არის ხელოსანი და პერიოდულად ასრულებს სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს, საიდანაც აქვს გარკვეული ოდენობის შემოსავალი.
5.3. 2013 წლის განმავლობაში მოპასუხის საშუალო შემოსავალმა ყოველთვიურად შეადგინა 135.02 (ას ოცდათხუთმეტი ლარი და ორი თეთრი) ლარი; ხოლო 2014 წელს - ყოველთვიურად 295.81 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი და ოთხმოცდაერთი) ლარი.
5.4. მოსარჩელე დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია. მოპასუხეს არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რაც მოსარჩელის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებას (ყოველთვიურად 1000-1500 ლარის ოდენობით) დაადასტურებდა.
5.5. წყვილის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათი ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია; მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოკვეთილა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხე შეეცადა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენას, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და უარი განაცხადა მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე.
5.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. წყვილი რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაშია 2001 წლის 2 ივლისიდან. სსკ-ის 1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო (შემდეგში: სსსკ) კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს, გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
5.7. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის თაობაზე შესაგებელი მოპასუხემ წარადგინა 2016 წლის 08 იანვარს და სასამართლოს მთავარ სხდომაზე, იმავე წლის 28 აპრილს, მოსარჩელემ მხარი დაუჭირა სარჩელს. შესაბამისად, რამდენიმე თვის მანძილზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და მოსარჩელის პოზიცია განქორწინების საკითხის მიმართ არ შეცვლილა.
5.8. სასამართლომ განმარტა, რომ ქორწინება მხოლოდ თავისუფალ ნებას (სსკ-ის 1106-ე მუხლი) უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე 2015 წლის მარტის შემდეგ და ქორწინება მათ შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია აღნიშნული პერიოდის განმავლობაში. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებისა. სასამართლოს შეფასებით, შესარიგებელი ვადის მიცემა მხარეთათვის შედეგს ვერ გამოიღებდა, ვინაიდან მოსარჩელე გამორიცხავდა ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას. შესაბამისად, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია მხარეთა შორის ოჯახური ცხოვრების აღდგენა.
5.9. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს. საქორწინო ურთიერთობის ერთ - ერთ მხარეს, მოსარჩელეს არ აქვს ოჯახის შენარჩუნების სურვილი და მხოლოდ მოპასუხის სურვილი მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობაში ყოფნისა, არ არის საკმარისი ოჯახის შესანარჩუნებლად. ამდენად, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეთა თანაცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
5.10.არასრულწლოვან შვილთა სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებაზე მსჯელობისას, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
5.11. სსკ-ის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. წყვილი არ ცხოვრობს ერთ ოჯახად და არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი არის დედის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი. სსკ-ის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
5.12. კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა, მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
5.13. სასამართლო შვილების სასარგებლოდ გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს როგორც შვილის, ისე მშობლის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობას. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილების უფლება მიიღონ მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილებზე.
5.14. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე თანახმა იყო, თითოეული არასრულწლოვანისათვის ყოველთვიური ალიმენტის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარი გადაეხადა. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თითოეული ბავშვისათვის ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობის ხარჯის აუცილებლობას. მას არც ისეთი გარემოებანი მიუთითებია, რომელიც მოპასუხისათვის თანხის ამ ოდენობით დაკისრების აუცილებლობაში დაარწმუნებდა სასამართლოს.
5.15. სასამართლომ განმარტა, რომ იზიარებდა მშობელთა მხრიდან ბავშვზე მაქსიმალური ზრუნვის დანაწესს, თუმცა, ასეთი ზრუნვა უნდა განსაზღვრულიყო მშობელთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით. სასამართლოს შეფასებით, დადგენილია, რომ ორივე მშობელი შრომისუნარიანია. საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა; მოპასუხე დასაქმებულია, იგი რეგისტრირებულია ინდივიდიალურ მეწარმედ და ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, აქვს სავაჭრო ობიექტი და ვაჭრობს. ამასთან, იგი არის ხელოსანი და გარკვეული პერიოდულობით ასრულებს სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს.
5.16.ორივე მშობლის შრომისუნარიანობა მიუთითებდა იმაზე, რომ მხარეებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ შვილების მატერიალურ უზრუნველყოფაში. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის ფაქტი, რომ ბავშვების დედა არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს ქირით და ყოველთვიურად იხდის ქირას. ამასთან, არასრულწლოვანის აღზრდისათვის, ასაკთან შესაბამისი საჭირო პირობები (არასრულწლოვანი ბავშვები დადიან საჯარო სკოლაში) ბავშვებისთვის აუცილებელ ყოველთვიურ ხარჯს ზრდის.
5.17. “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
5.18. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
5.19. სასამართლომ განმარტა, რომ მხედველობაში იღებს სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2015 წლის ოქტომბრის თვისათვის 144.7 ლარს, ნოემბრის თვისთვის 146.8 ლარს, დეკემბრის თვისთვის 143.9 ლარს, 2016 წლის იანვრის თვისათვის 145.5 ლარს, 2016 წლის თებერვლის თვისათვის 144.5 ლარს და 2016 წლის მარტის თვისათვის 143.2 ლარს (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo, გამოხმობის თარიღი 28.04.2016წ). სასამართლოს შეფასებით, ორივე მშობელმა, სულ მცირე, საარსებო მინიმუმით უნდა უზრუნველყონ არასრულწლოვანი, და ეს ვალდებულება თანაბრად გაიყონ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა სასამართლომ განსაზღვრა თითოეულისათვის 120 (ას ოცი) ლარით. 5.20 სსკ-ის 1234-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

6. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც განქორწინების, ისე მისთვის დაკისრებული ალიმენტის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოითხოვა სარჩელის უარყოფა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:
6.1.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ასეთი დასკვნა ნაჩქარევია და გამოტანილია საფუძვლიანი გამოკვლევის გარეშე. სასამართლოს შეეძლო მხარეთათვის განესაზღვრა შესარიგებელი ვადა, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებდა;
6.1.2. ალიმენტის დაკისრებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მოპასუხის ამჟამინდელი მატერიალური მდგომარეობა. მამა ისედაც ეხმარება ბავშვებს, თუმცა, ფიქსირებული 240 ლარის გადახდას იგი ვერ შეძლებს და ამით ისევ ბავშვები დაზარალდებიან. ასეთი მიდგომით მოპასუხე გადახდისუუნარო გახდება;
6.1.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სსკ-ის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილი.


7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
7.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე „გ“ ქვეპუნქტი).
7.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ განჩინების მე-2 პუნქტსა და 5.2-.5.5 ქვეპუნქტებშია მითითებული.
7.4. სააპელაციო პრეტენზიის პასუხად, რომ საქალაქო სასამართლომ მეუღლეებს არ განუსაზღვრა შესარიგებელი ვადა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საკმარისი დრო იყო გასული როგორც სარჩელის აღძვრის, ასევე სააპელაციო საჩივრის წარდგენის მომენტიდან და ამ დროშიც არ მომხდარა მეუღლეთა შერიგება და ოჯახური ურთიერთობის აღდგენა. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სარჩელი აღძრულია 15.10.2015წ., ხოლო სააპელაციო საჩივარი - 10.06.2016წ. (იხ. ტ.1 - ს.ფ. 1, 132). თავის მხრივ, მოსარჩელე გამორიცხავდა ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას და მოითხოვდა განქორწინებას (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 1-8; შესაგებელი სააპელაციო საჩივარზე - ტ. 2, ს.ფ. 27-37). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია.
7.5. მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის და ნორმალური რჩენა -აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების გათვალისწინებით და გონივრულად მიიჩნია მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა.
7.6. განჩინების სამართლებრივი მოტივაციისას სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 1106-ე მუხლი, 1122-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი, 1127-ე მუხლი, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილი, 1212-ე მუხლი. ასევე, „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ აღიარებულია: ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
7.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის და ზემოხსენებული კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება, მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. დასახელებული კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მშობლებს. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის ძირითადი საარსებო პირობების შექმნას და თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იყოს მხოლოდ მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე.
7.8. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არსებული მოთხოვნილებების, ასევე მშობლების და შვილების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არ არსებობდა დაკისრებული ალიმენტის შემცირების, შესაბამისად - სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

8. მოპასუხის საკასაციო საჩივარი

8.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
8.1.1. სასამართლომ არასწორად გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელე დიდი ხანია ქირით აღარ ცხოვრობს და დაგირავებული აქვს ბინა;
8.1.2. სასამართლოს არ გამოუკვლევია რა ოდენობის შემოსავალი ჰქონდა მოპასუხეს 2015-2016 წლებში;
8.1.3. არასწორია დასკვნა, რომ მოსარჩელე დასაქმებული არ არის და სტაბილური შემოსავალი არ გააჩნია, რადგან ასე რომ არ იყოს, იგი ვერ შეძლებდა ბინის დაგირავებას, ასევე- ბავშვების რჩენას (თუ კასატორი არ ეხმარება).

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები # ას-303-290-2015, 13.05.2015წ.; # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ).
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უდავოა ბავშვის ინტერესის დაცვის პრიორიტეტი, რომელიც სამართლით დაცულ სიკეთეთა შორის, უპირატესი და აღმატებული ღირებულებაა. კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია რადგან, ალიმენტის დადგენის შემდეგ, სსკ-ის 1215-ე და 1221-ე მუხლები, ალიმენტვალდებული პირის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი შეცვლის შესაძლებლობას იძლევა სათანადო გარემოებების დამტკიცების შემთხვევაში. „სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს“ (სუსგ # ას-303-290-2015, 13.05.2015წ.; შდრ. სუსგ # ას- 1191-1121-2015, 22.01.2016წ).
16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზოგადი შინაარსის პრეტენზიებს, რადგან მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მის შემოსავალს 2015-16 წლებში. კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელეს ბინა აქვს დაგირავებული, სამართლებრივად ვერ ცვლის მოპასუხის ვალდებულებას, მონაწილეობა მიიღოს ბავშვების რჩენა-აღზრდაში, რადგან მოსარჩელეს დაქირავებული ექნება თუ დაგირავებული ბინა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დავის გადასაწყვეტად. აღნიშნული ფაქტის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ეს ვერ გამოდგება მოსარჩელის სტაბილური შემოსავლის დასამტკიცებლად.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, ამასთან, მიაჩნია, რომ დავის გადასაწყვეტად და იურიდიული კვალიფიკაციის მისანიჭებლად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება აქვს დადგენილი სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით დადგენილი საფუძველი. მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული.
18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :


1. დ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. დ. დ-ეს (პ/ნ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N12, გადახდის თარიღი 2017 წლის 16 იანვარი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა


მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი


პ. ქათამაძე