საქმე №120210014546586
საქმე №ას-495-469-2015 1 ივლისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ო.-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ა.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ა.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ო.-ის მიმართ ალიმენტის 300 ლარამდე გაზრდის შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლამდე მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც შეეძინათ შვილები – 1998 წლის 10 იანვარს დაბადებული გ.-ქ ო.-ი და 2009 წლის 17 სექტემბერს დაბადებული ა. ო.-ი.
მხარის მითითებით, მეუღლეთა განქორწინების შემდეგ მოპასუხე თავს არიდებს შვილებზე ზრუნვას, რის გამოც უნდა დაეკისროს თითოეული არასრულწლოვანი ბავშვის სარჩენად ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ალიმენტის ოდენობა სასამართლომ ერთხელ უკვე განსაზღვრა, რის შემდეგ ა. ო.-ის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა არ შეცვლილა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა 1998 წლის 10 იანვარს დაბადებული გ.-ქ ო.-ისა და 2009 წლის 17 სექტემბერს დაბადებული ა. ო.-ის სარჩენად ალიმენტის – 100-100 ლარის გადახდა 2014 წლის 14 ივლისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ა.-ი ამჟამად ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ქირის სახით იხდის 100 ლარს. აღნიშნულით მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მანამდე აპელანტი ცხოვრობდა მშობლებთან, არ იხდიდა კვებისა და კუმუნალურ ხარჯებს, შესაბამისად, მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ა. ო.-ის არგუმენტი, რომ გ.ა.-ის მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა, არამედ გაუმჯობესდა, ვინაიდან აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს ეკისრებოდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1212-ე, 1214-ე, 1221-ე მუხლებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით და განმარტა, რომ ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის ზემოაღნიშნული ნორმა ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის მოვალეობას უპირატესად მშობლებს აკისრებს. მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვების ასაკი. დადგენილია, რომ მოპასუხის სარჩენი შვილები 17 და 6 წლის ასაკის არიან, რომელთა ზრდასთან ერთად იმატებს რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ოდენობაც.
ამდენად, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარით ალიმენტის მომატება მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს იმ მოთხოვნილებებს, რაც აუცილებელია არასრულწლოვანისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შვილებთან მყოფი მშობლის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნულმა ფაქტორმა არ უნდა იმოქმედოს არასრულწლოვანთა საწინააღმდეგოდ. სწორედ ამიტომ ბავშვების ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით უნდა გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა მათ რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის გაზრდილი და სამართლიანი ოდენობა მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით იქნება 100 ლარი თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ო.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ის ფაქტი, რომ 2014 წლის 6 დეკემბერს ა. ო.-ს გარდაეცვალა მამა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მისი მდგომარეობა და აპელანტის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების საფუძველზე გაზარდა კასატორისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა. ფაქტობრივად, ა. ო.-ი არ მუშაობს. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა სამოქალაქო კოდექსის 1230-ე-1231-ე მუხლების მოთხოვნები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ა. ო.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ო.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ა.-ი ამჟამად ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში და ქირის სახით იხდის 100 ლარს. აღნიშნულით მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, რადგან მანამდე აპელანტი ცხოვრობდა მშობლებთან, არ იხდიდა კვებისა და კუმუნალურ ხარჯებს, შესაბამისად, მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორმა სადავოდ გახადა სასამართლოს მიერ თავისი არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კანონიერება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2014 წლის 10 თებერვალი, საქმე №ას-1122-1069-2013).
საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ა. ო.-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 25 მაისის №6975209 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ო.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ა. ო.-ის (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 25 მაისის №6975209 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური