Facebook Twitter
საქმე № 060210014524983
საქმე №ას-303-290-2015 13 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ნ. ნ.-ე (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ნ.-ი (მოსარჩელე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება


დავის საგანი – ალიმენტის ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:


ნ. ნ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ნ.-ის მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით დადგინდა ნ. ნ.-ის მამობა 2010 წლის 17 ივნისს დაბადებული გ. ნ.-ისა და 2011 წლის 2 აგვისტოს დაბადებული ს. ნ.-ის მიმართ. გ. და ს. ნ.-ეების დაბადების მოწმობების მამის გრაფაში ჩაიწერა ნ. ნ.-ი, ნ. ნ.-ს დაეკისრა ალიმენტის – ყოველთვიურად 140 ლარის, თითოეულ ბავშვზე 70 ლარის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
მოსარჩელის მითითებით, სასამართლოს მიერ ალიმენტის განსაზღვრის შემდეგ მას შეეძინა შვილები – ე. და ა. ნ.-ები, რამაც გაზარდა მისი ყოველდღიური ხარჯი, შესაბამისად, გ. და ს. ნ.-ეების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა შემცირდეს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს რეალურად გააჩნია სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებული თანხის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა, თუმცა იგი თავს არიდებს შვილებზე ზრუნვას, სრულად არ ასრულებს სასამართლო გადაწყვეტილებას და წარმოდგენილი სარჩელით ცდილობს, არასწორი წარმოდგენა შეუქმნას სასამართლოს საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ნ. ნ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ისათვის დადგენილი ალიმენტის ოდენობა შემცირდა და 2014 წლის 16 ივნისიდან ნ. ნ.-ს შვილების – გ. და ს. ნ.-ეების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის სახით ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 50 ლარის, სულ – 100 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – გ. და ს. ნ.-ეების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 70 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ნ.-ი უმუშევარია და სტაბილური, მუდმივი შემოსავალი არ გააჩნია.
გ. და ს. ნ.-ეების გარდა, ნ. ნ.-ის კიდევ შეეძინა ორი შვილი – ე. და ა. ნ.-ები. ამასთან, ა. ნ.-ი დაიბადა 2014 წლის 28 იანვარს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია, პირს დაეკისროს იმ ოდენობის ალიმენტის გადახდა, რაც მას, თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. ნ.-ს 2014 წლის 28 იანვარს შეეძინა შვილი – ა. ნ.-ი და სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის საფუძველზე აპელანტს ამ შვილის რჩენის ვალდებულებაც აკისრია. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ აპელანტის ოჯახური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა, ხოლო მისი მატერიალური მდგომარეობა იგივე დარჩა და მას შემოსავლები არ გაზრდია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის შემცირების თაობაზე ნაწილობრივ საფუძვლიანია. აპელანტი თავად განმარტავს, რომ იგი ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდას ახერხებს. ამიტომ, ნ. ნ.-ს ალიმენტის ოდენობა უნდა შეუმცირდეს თითოეულ ბავშვზე 50-50 ლარამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნ. ნ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა დაუსაბუთებლად მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეულ ბავშვზე ალიმენტის 33,60 ლარამდე შემცირება, რაც გაუმართლებელია ამჟამად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით.
მხარის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი, რომლის შესაბამისად მშობლებს შვილების მიმართ თანაბრად აქვთ უფლება-მოვალეობები. ორივე მშობლის მიერ 33,60 ლარის მოძიება ვერ უზრუნველყოფს შვილების სათანადო მოვლა-პატრონობას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ნ. ნ.-ე არ მუშაობს, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან სიაში და სახელმწიფოს მიერ გაცემული დახმარებით უწევს შვილების რჩენა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 მარტის განჩინებით ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ნ.-ს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – გ. და ს. ნ.-ეების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე 70 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ნ.-ი უმუშევარია და მუდმივი შემოსავალი არ გააჩნია.
გ. და ს. ნ.-ეების გარდა, ნ. ნ.-ს კიდევ შეეძინა ორი შვილი – ე. და ა. ნ.-ები. ამასთან, ა. ნ.-ი დაიბადა 2014 წლის 28 იანვარს.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ნ.ნ.-ე სადავოდ ხდის ალიმენტის შემცირების კანონიერებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 26 აპრილი, 2012 წელი, საქმე №ას-266-257-2012).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლზე, რომლის მიხედვით მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
კანონის მითითებული ნორმიდან გამომდინარე ნათელია, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის შემცირებას ან პირიქით, მის გაზრდას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. მნიშვნელოვანია, განიმარტოს, რას გულისხმობს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნულში იგულისხმება ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობა, რომლებიც აშკარა გავლენას ახდენენ ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე, მაგალითად, შემოსავლების შემცირება, კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება და სხვა. შემოსავლების შემცირებისა და კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში შესაძლებელია, ადრე განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა შემცირდეს, ხოლო კმაყოფაზე მყოფი პირების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში შესაძლებელია, ალიმენტი გაიზარდოს.
ზემოაღნიშნული მუხლის დანაწესი გამომდინარეობს თავად ალიმენტის მიზნიდან. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე და 1214-ე მუხლებით კანონი ადგენს მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობას. არასრულწლოვნის რჩენისათვის აუცილებელი მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები, ალიმენტის გადამხდელი მშობლის სხვა შვილის (შვილების) არსებობა. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა, განაპირობოს აღნიშნული ალიმენტის ოდენობაში სასამართლოს მიერ ცვლილების შეტანა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი



მოსამართლეები: ბ. ალავიძე



ნ. ბაქაქური