Facebook Twitter
საქმე №ას-675-641-2013 10 თებერვალი, 2015 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – ნ. კ-ე (მოპასუხე)


მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ-ე (მოსარჩელე)


გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება


დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ს. კ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. კ-ის მიმართ 2009 წლის 12 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ა. კ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 500 ლარისა და სარჩელის აღძვრამდე - .... წლის .... ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივნისამდე დაგროვილი ალიმენტის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
..... წლის .... ნოემბერს ს. კ-სა და ნ. კ-ს შეეძინათ შვილი. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მცდელობისა, მოპასუხე არ მონაწილეობს ბავშვის რჩენა-აღზრდაში. შვილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მამა არ არის მითითებული, ხოლო გვარად დედის სურვილით მიეთითა კ-ე. შვილის რჩენა-აღზრდაზე უარის თქმის გამო, ს. კ-მ მამობის დადგენა სასამართლო წესით მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, ნ. კ-ის კმაყოფაზე არ იმყოფებიან მისი რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული შვილები მათი სრულწლოვანების გამო, ამასთან, მოპასუხე პროფესიით მეზღვაურია, ხშირადაა დასაქმებული უცხოური კომპანიების გემებზე და აქვს სოლიდური ანაზღაურება, თვეში საშუალოდ 4000 აშშ დოლარიდან 6000 აშშ დოლარამდე. მოსარჩელემ მიუთითა ასევე მის რთულ ქონებრივ მდგომარეობაზე, რომ, მიუხედავად დასაქმებისა, მისი მატერიალური სახსრები შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არასაკმარისია.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, მიმდინარე პერიოდის ალიმენტის - 50 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხის განმარტებით, ის 60 წლის ასაკს მიღწეულია, აწუხებს გულის დაავადება და თავად საჭიროებს მატერიალურ დახმარებას მედიკამენტების შესაძენად. მას რაიმე შემოსავალი არ გააჩნია და შესაგებელში მითითებულზე მეტი თანხის გადახდა ფიზიკურად არ შეუძლია. უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლიდან სარჩელის აღძვრამდე ალიმენტის დაკისრების თაობაზე, რადგანაც მოპასუხისათვის შვილის დაბადების თაობაზე ცნობილი მხოლოდ 2011 წელს, მოსარჩელის წერილობითი მიმართვის შედეგად გახდა ცნობილი. სწორედ ამ დრომდე არ არსებობდა ჩანაწერი მამის თაობაზე ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში. აღნიშნულის გათვალისწინებით, არასწორია სარჩელში მითითებული გარემოება ალიმენტის გადახდაზე თავის არიდების შესახებ, ამდენად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს გააჩნია მაღალი ანაზღაურება, მუშაობს სტილისტად, ასევე შეკვეთით კერავს ძვირადღირებულ სამოსს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლიდან გამომდინარე, მას თავადაც გააჩნია შვილის რჩენა-აღზრდის ვალდებულება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ ალიმენტის ოდენობა სამართლიანად უნდა განსაზღვროს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით:
1. ს. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. ნ. კ-ს .... წლის ... ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 100 ლარის გადახდა ყოველთვიურად 2012 წლის 5 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე, ასევე გასული პერიოდის, კერძოდ, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის ივლისამდე ალიმენტის - 1200 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით:
1. ს. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
3. ნ. კ-ს .... წლის .... ნოემბერს დაბადებული შვილის ა. კ-ის სარჩოდ, ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის გადახდა, ასევე ალიმენტის, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა 2012 წლის 5 ივლისიდან ა. კ-ის სრულწლოვანებამდე;
4. ს. კ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5. ნ. კ-ისათვის .... წლის .... ნოემბერს დაბადებული შვილის - ა. კ-ის სარჩოდ, ს. -კ-ის სასარგებლოდ ალიმენტის, 2013 წლის 16 მაისიდან ყოველთვიურად, 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ..... წლის .... ნოემბერს დაბადებული ა. კ-ე არის ს. კ-ისა და ნ. კ-ის შვილი. ნ. კ-ე არ აღიარებდა, რომ იყო ა. კ-ის მამა, თუმცა ეს დადგინდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ნ. კ-ს ა. კ-ის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია. ნ. კ-ე არის მეზღვაური. 2012 წლის 7 აპრილამდე იგი დასაქმებული იყო საზღვაო კომპანიებში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 7500 აშშ დოლარს. გარდა მცირეწლოვანი ა. კ-ისა, ნ. კ-ის კმაყოფაზე არ იმყოფება არც-ერთი პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც მას კანონით ევალება. ს. კ-ე ბავშვის დაბადების მომენტიდან სთხოვდა ნ. კ-ს სარჩოს ა. კ-ისათვის, თუმცა ნ. კ-ე ამ ვალდებულებას თავს არიდებდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ S. T-M CO. LTD-ს მიერ გაცემული ცნობითა და აპელანტის მიერ წარდგენილი ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტით დგინდებოდა, რომ 2011 წლის 7 სექტემბერს ნ. კ-მ კონტრაქტი გააფორმა კომპანია T. S-G INC-თან და 2011 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 7 აპრილამდე საქმიანობდა თბომავალ „T. C-R-ზე“. ამ სამუშაოს შესრულებისათვის ნ. კ-ე ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, 7500 აშშ დოლარს, მხოლოდ 2011 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ნ კ-მ მიიღო 7500X7=52500 აშშ დოლარი.
S. T-M CO. LTD-ს მიერ გაცემულ ცნობის თანახმად, 2012 წლის ივლისისათვის ნ. კ-ე ვეღარ საქმიანობდა „ასაკის გამო“, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მანამ, ვიდრე არ არსებობდა აღნიშნული ხელშემშლელი გარემოება, ნ. კ-ე იყო დასაქმებული და იღებდა შემოსავალს. იგივე დგინდებოდა მოწმე ლ. ბ-ას ჩვენებით, რომელიც განმარტავდა, რომ ნ. კ-ე ხშირად მიემგზავრებოდა ნაოსნობაში, ხოლო ს. კ-ე მას მეუღლესავით ელოდა. ამასვე ადასტურებდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ გაცემული ცნობაც, რომ 2009 წლის 10 ივნისიდან 2012 წლის 28 აპრილამდე ნ. კ-ე სამჯერ გაემგზავრა საზღვარგარეთ, კერძოდ, 2009 წლის 10 ივნისს ნ. კ-ე გაემგზავრა მარშალის კუნძულებზე, გემზე და საქართველოში დაბრუნდა 2009 წლის 4 ნოემბერს, ანუ საზღვარგარეთ იმყოფებოდა 4 თვეზე მეტი ხნით; ამის შემდეგ, ნ. კ-ე საქართველოდან გაემგზავრა 2010 წლის 25 თებერვალს და საქართველოში დაბრუნდა იმავე წლის 10 ნოემბერს - 8 თვის შემდეგ; 2011 წლის სექტემბერში კი, როგორც აღინიშნა, ნ. კ-ე გაემგზავრა თბომავალზე „T. C-R“ და საქართველოში დაბრუნდა 2012 წლის 28 აპრილს.
სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის განმარტება, რომ 2010 წლის 25 თებერვლიდან 2010 წლის 10 ნოემბრამდე საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფებოდა, რადგანაც, მიუხედავად შეთავაზებისა, მას არ წარმოუდგენია ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები და არც მიუთითებია მათზე.
ნ. კ-ის პროფესიის, საქმეში წარმოდგენილი ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტის პირობებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 2010 წლამდეც და მას შემდეგაც ნ. კ-ე იმყოფებოდა ნაოსნობაში, პალატამ დაადგინა, რომ 2010 წლის 25 თებერვლიდან 2010 წლის 10 ნოემბრამდე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე იყო დასაქმებული ხომალდზე და იღებდა შემოსავალს. ინდივიდუალური შრომის კონტრაქტის პირობების თანახმად, ნ. კ-ის ყოველთვიური შემოსავალი იყო 7500 აშშ დოლარი. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია საწინააღმდეგო ფაქტზე და არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ უშუალოდ ა. კ-ის დაბადებიდან სარჩელის აღძვრამდე ნ. კ-მ მიიღო სულ მცირე: 4X7500+8X7500+7X7500=142500 აშშ დოლარის ოდენობის ხელფასი. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე და განმარტა, რომ ნორმის მითითება - მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობა, გულისხმობს არა იმას, მოცემული მომენტისათვის დასაქმებული არის თუ არა მშობელი, არამედ მის ქონებრივ-ფინანსურ შესაძლებლობებს, ანუ აქვს თუ არა საკმარისი საშუალება მშობელს მოთხოვნილი ალიმენტის გადასახდელად. სასამართლოს მოსაზრებით, 2009-2012 წლებში ნ. კ-ის მიერ მიღებული ხელფასი, ვალუტის მიმდინარე გაცვლითი კურსის შესაბამისად, დაახლოებით შეადგენდა 233700 ლარს (142500X1,64). იმ შემთხვევაში, თუ ნ. კ-ს ა კ-ის სარჩოდ დაეკისრებოდა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, ა. კ-ის დაბადებიდან მის სრულწლოვანებამდე, გადასახდელი ალიმენტის ოდენობა შეადგენდა 108000 ლარს (500X12X18). ნ. კ-ის მიერ მარტო 2009-2012 წლებში მიღებული ხელფასი არა მარტო საკმარისი იქნებოდა ალიმენტის გადასახდელად ა. კ-ის სრულწლოვანებამდე მთელი პერიოდისათვის, არამედ ამ თანხიდან ნ. კ-ს დარჩეოდა კიდეც 125700 ლარი (233700-108000). მიღებული ხელფასის სრულად განკარგვის დამადასტურებელი მტკიცებულება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოდენობა ნ. კ-ის შესაძლებლობებს შეესაბამებოდა. ამასთანავე, მოთხოვნილი ალიმენტი აუცილებელი იყო მცირეწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენისა და აღზრდისათვის.
გაზიარებულ იქნა აპელანტის მოსაზრება, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარეს სარჩოს სთხოვდა ბავშვის დაბადების დღიდან. დადგენილად მიჩნეული ეს გარემოება სასამართლომ დაამყარა თავად აპელანტის განმარტებაზე, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას წარმოადგენდა. გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცდებოდა სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითა და შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოკვლეული მასალებით, საიდანაც საყურადღებო იყო ნ. კ-ის შვილის, ლ. კ-ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ნ. კ-ისა და ს. კ-ის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ და იცნობდა კიდეც აპელანტს. 2011 წლის 22 ივლისს, მას შემდეგ, რაც ამ ურთიერთობის შესახებ გაიგო ნ. კ-ის მეუღლე ს. კ-მ, მივიდა აპელანტთან და უთხრა: „დაანებე მამაჩემს და ჩემს ოჯახს თავი და ნუ ცდილობ ოჯახის დაშანტაჟებასო“. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სალაპარაკო ენით „შანტაჟი“ ნიშნავს ამათუ იმ ფაქტის გამხელის მუქარით სარგებლის მიღების მცდელობას, შესაბამისად, ლ. კ-ის ჩვენებიდან დგინდებოდა, რომ აპელანტი ცდილობდა ნ. კ-ისაგან მიეღო სარგებელი. სასამართლომ ასევე მიუთითა რ. ვ-ის გამოკითხვის ოქმზე, რომლის თანახმადაც ნ. კ-ის შვილმა, ლ. კ-მ ს. კ-ს უთხრა - „შენ გინდა მამაჩემის ფული და მეტი არაფერი გაინტერესებსო“, რაც, სასამართლოს შეფასებით, უდავოდ ადასტურებდა აპელანტის მიერ მოწინააღმდეგე მხარისაგან თანხის მოთხოვნას სარჩელის აღძვრამდეც. პალატამ ასევე მიუთითა მოწმე ლ. ბ-ას ჩვენებაზე, რომ იგი ნ. კ-ს პირადად არ იცნობდა, თუმცა მას და ს. კ-ს შორის არსებული ურთიერთობის თაობაზე ინფორმირებული იყო. ს. კ-მ ნ. კ-ს თანხა მოსთხოვა ბავშვის დაბადებამდეც - ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში და თანხის მცირე ნაწილი ნ. კ-მ აპელანტს გადასცა კიდეც, ხოლო მოწმე ვ. ჩ-ამ აღნიშნა, რომ ს. კ-ე ნ. კ-ს თანხას ბავშვის დაბადებიდანვე სთხოვდა, თუმცა ნ. კ-ე ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებდაო. რ. ვ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ს. კ-მ გააჩინა შვილი, რომელსაც „გაჩენის შემდეგ“ მამა არ აღიარებდა, რასაც დედა განიცდიდაო.
ზემოხსენებული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე პალატამ დაადგინა, რომ მხარეთა შორის დავა როგორც ბავშვის მამობის, ასევე მისი რჩენის თაობაზე ა. კ-ის დაბადებიდანვე დაიწყო. ს. კ-მ ა. კ-ის დაბადების დღიდანვე და მანამდეც მიიღო ზომები სარჩოს მისაღებად, ხოლო ნ. კ-ე ამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებდა. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია.
ამდენად, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილით და აპელანტის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის 2009 წლის 12 ნოემბრიდან დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია. წარსული დროისათვის აპელანტმა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის 15000 ლარის დაკისრება. აღნიშნული თანხა შეესაბამებოდა 30 თვის განმავლობაში მისაღები ალიმენტის ოდენობას. 2009 წლის 12 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე გასული იყო 31 თვე, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა დასაბუთებული იყო. ასევე დასაბუთებულად იქნა მიჩნეული აპელანტის შუამდგომლობა მიმდინარე პერიოდის ალიმენტის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-მ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია კანონი, კერძოდ არ გამოიყენა ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ხოლო გამოყენებული კანონო არასწორად განმარტა, ასევე დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა კასატორის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტი;
სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ ნ. კ-ე ყოფილი მეზღვაურია, მას ასაკისა და გულის დაავადების გამო მუშაობა აღარ შეუძლია და არც შემოსავალი ერიცხება. 2012 წლის 7 აპრილამდე ის მხოლოდ ერთხელ იყო დასაქმებული 4-6 თვიანი კონტრაქტით. ეს იყო მისი ბოლო დასაქმება, რაც ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ცნობით, თავის მხრივ, ამ ცნობას სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა. ცნობის თანახმად, 2009 წლის 10 ივნისიდან 2012 წლის 28 აპრილამდე ნ.კ-ე სამჯერ გაემგზავრა საზღვარგარეთ. ამ მტკიცებულების შესაბამისად, შემოწმდა იმყოფებოდა თუ არა კასატორი გემზე სამუშაოდ. წარმოდგენილი ცნობით დასტურდება, რომ ნ.კ-ე არ იმყოფებოდა საზღვარგარეთ და არც შემოსავალი მიუღია, დასტურდება, რომ იგი ვეღარ მუშაობს ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. სასამართლომ გაურკვეველი კალკულაციით განსაზღვრა კასატორის შემოსავლების ოდენობა, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ ნ.კ-ე მხოლოდ ერთხელ იყო წასული გემზე სადავო პერიოდში;
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობა, კერძოდ, ის, რომ ს. კ-ს გააჩნია საკმარისი შემოსავალი, მოსარჩელის დედის ჩვენებით დასტურდება, რომ ს.კ-ე დადის ძვირადღირებულ დისკოტეკებსა და ღამის კლუბებში;
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ სარჩელის აღძვრამდეც მიმართვადა მოსარჩელე მოპასუხეს ალიმენტის გადახდის მოთხოვნით, შესაბამისად, პალატა მსჯელობს ალიმენტის დაკისრების თარიღზე, მაგრამ არ ითვალისწინებს საქმეში წარმოდგენილ დაბადების მოწმობას, სადაც ბავშვის მამის გრაფა ცარიელია, ს. კ-მ არ იცოდა შვილის მამის ვინაობა, მან მამობის დადგენისათვის ექსპერტიზის დანიშვნა ითხოვა მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში, რაც უდავოდ მიუთითებს იმაზე, რომ ექსპერტიზის მოთხოვნამდე მოსარჩელემ თავად არ იცოდა მამის ვინაობა. ს.კ-ს ალიმენტი არც ბავშვის დაბადებიდან მოუთხოვია, ეს გარემოება საქმის მასალებით, მათ შორის მოწმეთა ჩვენებითაც არ დასტურდება. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ასევე მოწმეთა ჩვენებებს და არ გაითვალისწინა, რომ მოწმეები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაიკითხნენ, გადმოსცემენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც მათ ს კ-ისგან იცოდნენ, ისინი პირადად არასოდეს შეხვედრიან ნ.კ-ს;
საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ ნ.კ-ე დაავადებულია გულით, თუმცა, სასამართლოს ეს გარემოება არ შეუფასებია, ასევე არასწორად არ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ დღეისათვის ნ. კ-ე უმუშევარია;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ სააპელაციო პალატამ არ შეასრულა უზენაესი სასამართლოს მითითებანი, 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო სასამართლომ გარკვევით მიუთითა სააპელაციო პალატას როგორც გამოსაკვლევ მტკიცებულებებზე, ისე კონკრეტულ საპროცესო მოქმედებებზე, თუმცა სააპელაციო პალატამ ამ მითითებათა მიუხედავად, პრაქტიკულად იგივე გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით უკვე გაუქმებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
..... წლის .... ნოემბერს დაბადებული ა. კ-ე ს. კ-ისა და ნ. კ-ის შვილია;
ნ. კ-ის კმაყოფაზე არ იმყოფება არც ერთი პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც მას კანონით ევალება;
ა. კ-ის დაბადებიდან 2012 წლამდე მოპასუხე დასაქმებული იყო სხვადასხვა საზღვაო კომპანიებში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 7500 აშშ დოლარს. სულ ამ პერიოდში მოპასუხეს მიღებული აქვს 142500 აშშ დოლარის შემოსავალი;
ა. კ-ის დაბადების მომენტიდან ს. კ-ე სთხოვდა ნ. კ-ს სარჩოს გადახდას შვილისათვის, მაგრამ ნ. კ-ე ამ ვალდებულებას თავს არიდებდა;
„S. T-M CO. TLD-ს“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2012 წლის ივლისიდან ნ კ-ე ვეღარ საქმიანობდა საზღვაო კომპანიაში ხანდაზმულობის გამო.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს დაუშვა, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალური სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან განმარტება.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა მისი შემოსავლების ოდენობა, ასევე ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მას ბავშვის დაბადების მომენტიდანვე თხოვდა სარჩოს გადახდას.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას ზემოხსენებული ფაქტების დადგენის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამასთან, ერთობლიობაში არ შეაფასა ისინი.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას მტკიცებულებათა არასწორი შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული ფაქტების დადგენისას სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას იმის თაობაზე, რომ შვილის - ა. კ-ის დაბადებიდან სარჩელის აღძვრამდე ნ. კ-ე (მოპასუხე) დასაქმებული იყო სხვადასხვა საზღვაო კომპანიაში და ამ პერიოდში ხელფასის სახით მიღებული ჰქონდა დაახლოებით 142500 აშშ დოლარი. ერთადერთი მტკიცებულება, რაც მოპასუხის დასაქმების ფაქტს ადასტურებს, ესაა „T. S-G INC-სა“ და ნოდარ კოპინაძეს შორის 2011 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტი. აღნიშნული ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მოპასუხე დასაქმებული იყო თბომავალ „T. C-S“-ზე უფროს მექანიკოსად 7 თვის განმავლობაში 2011 წლის 6 სექტემბრიდან 2012 წლის 7 აპრილამდე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 7500 აშშ დოლარს, შესაბამისად, ამ ხელშეკრულებით მიღებული შემოსავალი ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას არ ადასტურებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია. ამ მტკიცებულებაში მითითებულია მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 16 აპრილამდე მოპასუხემ სამჯერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი, თუმცა ეს ფაქტი, ცხადია, არ ადასტურებს იმას, რომ საზღვრის ყოველი გადაკვეთის შემდეგ მოპასუხე დასაქმებული იყო რომელიმე საზღვაო კომპანიაში და იღებდა ხელფასს, თანაც - 7500 აშშ დოლარს თვეში.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს ასევე „B. I-l Ltd-ის“ მიერ სასამართლოსადმი გაგზავნილ მიმართვას, რომლითაც ირკვევა ის გარემოება, რომ მოპასუხე 2009 წლის 12 ნოემბრიდან არ ყოფილა დასაქმებული მითითებული კომპანიის შუამავლობით და მათ არ გააჩნიათ რაიმე ინფორმაცია მისი შრომითი საქმიანობისა და ანაზღაურების შესახებ (ს.ფ.36). გარდა ამისა, „S. T-M CO. TLD-ს“ 2012 წლის 16 ივლისს გაცემული წერილის თანახმად, კასატორი 2011 წელს მხოლოდ ერთი კონტრაქტით იყო დასაქმებული (ს.ფ. 48), ხოლო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს წერილით დასტურდება, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია მეზღვაურთა შრომითი კონტრაქტებისა და მათი ანაზღაურების თაობაზე (ს.ფ. 144).
ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს სარჩელის აღძვრამდე მოპასუხის მუდმივი დასაქმებისა და შემოსავლის მუდმივად მიღების ფაქტს. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტის დადგენას მოცემულ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ გააჩნია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მშობლების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას, ანუ იმ შემოსავლებსა და ქონებრივ მდგომარეობას, რაც მათ გააჩნიათ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის დაკისრების მომენტში და არა იმას, თუ როგორი იყო მათი მატერიალური მდგომარეობა წარსულში. ამ დასკვნის მართებულობას ადასტურებს ასევე სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლი, რომელიც ითვალიწინებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების ან გადიდების შესაძლებლობას მშობლების მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ როგორც ალიმენტის დანიშვნისას, ასევე შემდგომში მისი ოდენობის შეცვლისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით, ანუ გადამწყვეტია, თუ როგორი მატერიალური მდგომარეობა გააჩნია ალიმენტვალდებულს ალიმენტის დანიშვნისა თუ შეცვლის მომენტში.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო, ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული ნორმები ადგენენ მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი).
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ კასატორის (მოპასუხის) კმაყოფაზე არ იმყოფება არც ერთი პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც მას კანონით ევალება. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხე ხანდაზმულობის გამო აღარ მუშაობს თავისი პროფესიით. საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც მოსარჩელე მიუთითებს, რომ მოპასუხეს რაიმე სხვა შემოსავალი გააჩნია. ზემოაღნიშნულ გარემოებებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ასევე მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 20.08.2012წ. #08/4005 ცნობით ირკვევა, რომ პაციენტის (მოპასუხის) სრული დიაგნოზია: გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, მარცხენა კორონალური არტერიის სტენტირება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 133). საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ავადმყოფობის გამო მოპასუხის ხარჯები იზრდება, რაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელე დასაქმებულია. ამ დასკვნის საფუძველს იძლევა შესაგებელში მოპასუხის მითითება მოსარჩელის დასაქმების შესახებ, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. ამასთანავე, მოსარჩელის დასაქმების ფაქტი დადასტურებულია ასევე მოსარჩელის ინიციატივით დაკითხული მოწმის - ლ. ბ-ას ჩვენებით (იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი). მართალია, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება მოსარჩელის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, თუმცა თავად მისი დასაქმების ფაქტი გათვალისწინებულ უნდა იქნეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ - საარსებო მინიმუმს. ალიმენტვალდებულის უმუშევრობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ იგი გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისგან და არასრულწლოვანი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს 150 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელე მოითხოვდა ასევე მოპასუხისათვის წარსული დროის ალიმენტის დაკისრებას ბავშვის დაბადების მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
დასახელებული ნორმა ადგენს ალიმენტის დაკისრების ზოგად წესს, რომელიც განისაზღვრება სარჩელის აღძვრის მომდევნო პერიოდით, თუმცა საგამონაკლისო შემთხვევაში, დასაშვებია, სარჩელის აღძვრამდე წინა სამი წლის პერიოდის ალიმენტის დაკისრება, თუ დადგინდება, რომ: ა) მოსარჩელე იღებდა ზომებს სარჩოს მისაღებად; ბ) სარჩოს მიღება შეუძლებელი აღმოჩნდა იმის გამო, რომ ალიმენტვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. აღნიშნული გარემოებების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე შვილის დაბადებიდან მოყოლებული ცდილობდა მოპასუხისაგან სარჩოს მიღებას. სასამართლოს ეს დასკვნა ემყარება: ა) თავად აპელანტის ახსნა-განმარტებას; ბ) სასამართლოს სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებს; გ) შსს აჭარის ა/რ მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოკვლეულ მასალებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. ზემოხსენებული განჩინებით საკასაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოკვლეული მასალების თაობაზე. მიუხედავად ამისა, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება ისევ დააფუძნა საგამოძიებო სამსახურის მიერ შედგენილ ოქმში გადმოცემულ ცალკეულ გამონათქვამებს და არა მის მთლიან შინაარსს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გამოკითხვის ოქმის ანალიზი არ იძლევა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნების გაკეთების საფუძველს. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ისინი ვერ იქნება მიჩნეული სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად, ვინაიდან, თავად მოწმეთა განმარტებით, ისინი გადმოსცემენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც მათ მიიღეს მოსარჩელისაგან, ანუ ისინი არ წარმოადგენენ მათ მიერ გადმოცემული ფაქტების თვითმხილველებს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ წერილზე (ს.ფ.15). ამ მტკიცებულებაზე დაყრდნობით ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ალიმენტის გადახდის მოთხოვნა მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა 2011 წლის ივლისში. საყურადღებოა, რომ სასამართლოს ეს დასკვნა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარსული დროის ალიმენტი მოსარჩელეს სწორედ ამ დროიდან უნდა აუნაზღაურდეს თვეში 150 ლარის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრის მომენტამდე (2012 წლის ივლისი) შეადგენს 1800 (150x12) ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ხსენებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ნ. კ-ს თავისი არასრულწლოვანი შვილის - ა. კ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2012 წლის 5 ივლისიდან შვილის სრულწლოვანებამდე, მასვე უნდა დაეკისროს წარსული დროის ალიმენტის - 1800 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოსარჩელე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, უნდა გადახდეს მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც სარჩელის დავის საგნის ღირებულების (21000 ლარი) 17.14% შეადგენს. სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 1374.00 (21000x3%=630.00+18600x4%=744.00) ლარს, რომლის 17.14% არის 235.50 ლარი. აღნიშნული თანხის გადახდა უნდა დაკისროს მოპასუხეს ბიუჯეტის სასარგებლოდ, მაგრამ საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს სხვადასხვა დროს შეტანილ ორ საკასაციო საჩივარზე ჯამში გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 1965.00 ლარი, რაც 105.00 ლარით ზედმეტია იმაზე, რაც მას ორი საკასაციო საჩივრის ღირებულების მიხედვით უნდა გადაეხადა (18600x2x5%=1860). აქედან გამომდინარე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 130.50 (235.50-105.00) ლარის გადახდა.
ამასთან, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის ის ნაწილი, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა (17400 ლარი) შეადგენს სარჩელის დავის საგნის ღირებულების (21000 ლარი) 82.86%. კასატორს სულ გადახდილი აქვს 1965.00 ლარი, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ზედმეტად გადახდილი 105.00 ლარი და დარჩენილი თანხის - 1860.00 ლარის 82.86%-ის, ანუ 1541.20 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ (1860.00x82.86%=1541.20).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ს. კ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ნ. კ-ს დაეკისროს ალიმენტის - ყოველთვიურად 150 ლარის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილის - .... წლის ... ნოემბერს დაბადებული ა. კ-ის სასარგებლოდ 2012 წლის 5 ივლისიდან ამ უკანასკნელის სრულწლოვანებამდე;
5. ნ. კ-ს დაეკისროს წარსული დროის ალიმენტის - 1800 ლარის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილის - ... წლის .... ნოემბერს დაბადებული ა. კ-ის სასარგებლოდ;
6. ს. კ-ს ნ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1541.20 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
7. ნ. კ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 130.50 ლარის გადახდა. სახელმწიფო ბაჟი განთავსებულ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
8. საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.




თავმჯდომარე პ. ქათამაძე




მოსამართლეები: ვ. როინიშვილი




ბ. ალავიძე