№ას-1128-1075-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 22 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ქ-ამ მოპასუხე ზ. კ-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
არასრულწლოვანი შვილების – ... წლის .. აგვისტოს დაბადებული ან. კ-სა და ... წლის ... ივნისს დაბადებული ნ. კ-ის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300-300 ლარის დაკისრება, მათ სრულწლოვანებამდე.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
ზ. კ-ეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... ივნისს დაბადებული ა. კ-ის სასარგებლოდ 115 ლარის ოდენობით და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ. კ-ის სასარგებლოდ 115 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2013 წლის 22 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. კ-ის თითოეულ ბავშვის მიმართ ალიმენტის სახით 80-80 ლარის, ჯამში 160 ლარის დაკისრება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა ნაწილობრივ, ალიმენტის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ნ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
ზ. კ-ეს ნ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... ივნისს დაბადებული ა. კ-ის და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ. კ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 80-80 ლარი, ჯამში 160 ლარი, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2013 წლის 22 მაისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე;
დანარჩენ ნაწილში ფოთის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
... წლის ... აგვისტოს დაბადებული ა. კ-ე და ... წლის ... ივნისს დაბადებული ნ. კ-ე არიან ზ. კ-ის და ნ. ქ-ას შვილები.
ნ. ქ-ა თავის არასრულწლოვან შვილებთან, ა. და ნ. კ-ან ერთად ცხოვრობს ქირით, ბავშვები დადიან ბაღში, დედა სარგებლობს ძიძის მომსახურებით.
ზ. კ-ე არის ინდმეწარმე, ცხოვრობს ქ.ფოთში, მ-ას ქ.№58-ში
მშობლებთან და მეუღლესთან ერთად.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა ზ. კ-ემ განმარტა, რომ „მას ჰყავს ასაკოვანი მშობლები, რომლებიც მის კმაყოფაზე არიან, სახლი აქვს მაგრამ იგი არის მისი მშობლების და არა მისი საკუთრება, ჰყავს მეორე მეუღლე, ახალი დაქორწინებულია და ჯერ მასთან შვილი არ ყავს. პროფესიით არის კინოლოგი, მაგრამ წელიწადში შეიძლება 400 ლარი ჰქონდეს შემოსავალი მეტი არა. მას აქვს არასტაბილური სამსახური. მართალია ყავდა ორი მანქანა აქედან ერთი გაყიდა იმიტომ, რომ საქმე უკვე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული და სააღსრულებო ბიუროს ხარჯებს დასჭირდა. დარჩა მეორე მანქანა. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ მისი ყოველთვიური შემოსავალი 2000 ლარია. იგი უარს არ ამბობს ბავშვებზე ზრუნვაზე, მაგრამ ამჟამად იმიტომ ვერ ნახულობს შვილებს რომ არ აქვს იმის ელემენტარული საშუალება რომ ბავშვებს ე.წ. ,,ქინდერი” და რაიმე ტკბილეული მაინც უყიდოს”.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ნ. ქ-ამ განმარტა, რომ ,,ის არის თურქული ენის თარჯიმანი, იგი მუშაობს გამყიდველად ერთ-ერთ მაღაზიაში და იღებს 150 ლარს, იგი იხდის კომუნალურ გადასახადებს და ბინაში ცხოვრობს ქირით. ერთ ბავშს ამზადებს და მასწავლებელს უხდის 70 ლარს. იგი ამჟამად მუშაობს ღამის კლუბ ,,მალიბუ”-ში”.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ნ. ქ-ამ ზეპირად განმარტა, რომ ზ. კ-ე უცხოელებს ატარებს ქალაქში, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ფირმა ,,ყულევთან” ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, შეიძლება კვირაში ორჯერ იყოს ასეთი ფაქტი და აქედანაც იღებს შემოსავალს 50-70 დოლარს, თუმცა ნ. ქ-ამ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება ვერ წარადგინა, აღნიშნული ზ. კ-აც უარყო და განმარტა, რომ ეს იყო ადრე, ამჟამად ასეთი სამსახური მას არ აქვს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის და 1198-ე მუხლების თანახმად, მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები გააჩნიათ შვილების მიმართ და მოვალენი არიან არჩინონ ისინი. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნის ფარგლებში, მხედველობაში იღებს მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შვილის რჩენის მოვალეობა ეკისრებათ მშობლებს თანაბარწილად, როგორც მამას, ისე დედას, რასაც ისინი წესით, ნებაყოფლობით ასრულებენ. საალიმენტო დანაკისრი, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია დაეკისროს ერთ-ერთ მშობელს სასამართლო წესით. საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს, როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს, კერძოდ, კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მიხედვით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი ზ. კ-ე თანახმა იყო, თითოეული შვილისათვის მისი ეკონომიური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, გადაეხადა 80-80 ლარი, ანუ ალიმენტის სახით გადაეხადა სულ 160 ლარი. ზ. კ-ის ამ განმარტების საწინააღმდეგოდ ნ. ქ-ას არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ ზ. კ-ეს ჰქონდა დამატებითი შემოსავალი, ან/და მისი შემოსავალი ყოველთვიურად 2000 ლარი იყო. მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებდა ზ. კ-ის მატერიალურ შესაძლებლობაზე, მაგრამ ვერანაირი მტკიცებულებით ამას ვერ ადასტურებდა. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, რომ აპელანტი ზ. კ-ე მატერიალურად იმ დონეზე იყო უზრუნველყოფილი და ოჯახში გააჩნდა იმ ოდენობის შემოსავალი, რასაც ნ. ქ-ა მიუთითებდა.
მოცემული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, ამავე კოდექსის მე-4 და 103-ე მუხლები.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მიუთითებდა არასტაბილური შემოსავლის ქონის ფაქტზე, რაც მოსარჩელე ნ. ქ-ამ შესაბამისი მტკიცებულებით (გარდა ზეპირი განმარტებისა) ვერ გააქარწყლა, აღნიშნული ფაქტობრივი რეალობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად და გონივრულად მიიჩნია ზ. კ-ის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობის დაკისრება თითოეულ შვილზე მისთვის ყოველთვიურად 80-80 ლარის ოდენობით (მთლიანობაში 160 ლარი).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ზ. კ-ის სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანი იყო და იგი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ, კერძოდ ალიმენტის დაკისრების ნაწილში, უნდა გაუქმებულიყო და მიღებულიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ქ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდებოდა, კერძოდ, ზ. კ-ეს ნ. ქ-ას სასარგებლოდ დაეკისრებოდა ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... ივნისს დაბადებული ა. კ-ის და ... წლის ... აგვისტოს დაბადებული ნ. კ-ის – რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 80-80 ლარი, ჯამში 160 ლარი, სარჩელის აღძვრის დღიდან (2013 წლის 22 მაისიდან) ბავშვების სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ქ-ამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დარღვევით შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია;
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას საფუძვლად დაედო მხოლოდ აპელანტის ახსნა-განმარტება იმის შესახებ, რომ მან გაყიდა ავტომანქანა თითქოს ალიმენტის გადასახდელად. სინამდვილეში, მოპასუხემ ავტომანქანა კი არ გაყიდა, არამედ თვალთმაქცურად გადააფორმა მისთვის ახლობელ პირზე. გარდა ამისა, სასამართლომ მხოლოდ აპელანტის განმარტება მიიჩნია სარწმუნოდ იმ ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის, რომ თითქოს აპელანტი არჩენდა თავის ასაკოვან მშობლებს. ზ. კ-ის მშობლები პენსიონერები არიან, თუმცა მამამისი მუშაობს, რაც დაადასტურეს თვით მოპასუხის მიერ მიწვეულმა მოწმეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ასევე დასაქმებულია მოპასუხის მეუღლე. ზ. კ-ის შემოსავალი დაადასტურეს მის მიერ მიწვეულმა მოწმეებმა, შესაბამისად, მხოლოდ აპელანტის განმარტება არ შეიძლებოდა გამხდარიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი;
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოსარჩელის ეკონომიურ მდგომარეობას, შვილები მასთან იზრდება, ქირით ცხოვრობს, ამასთან, არასწორია იმაზე მითითება, რომ მოსარჩელე დასაქმებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ქ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე