№ას-1122-1069-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. ღ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. მ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 18 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა მ. მ-ამ მოპასუხე ა. ღ-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
არასრულწლოვანი შვილების – ა. ღ-სა და ნ. ღ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად 120-120 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით მ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მოპასუხე ა. ღ-ეს მ. მ-ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების – ... წლის ... მარტს დაბადებული ა. ღ-ის და ... წლის ...ივნისს დაბადებული ნ. ღ-ის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი, 60-60 ლარის ოდენობით, 2013 წლის 18 მარტიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის 120-120 ლარით განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
მ. მ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
ა. ღ-ეს დაეკისრა ... წლის ... მარტს დაბადებული ა. ღ-სა და ... წლის ... ივნისს დაბადებული ნ. ღ-ის რჩენა-აღზრდისათვის 2013 წლის 18 მარტიდან მათ სრულწლოვანებამდე ალიმენტი, თვეში 100-100 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თანაცხოვრების პერიოდში მ. მ-სა და ა. ღ-ეს შეეძინათ შვილები – ... წლის ... მარტს დაბადებული ა. ღ-ე და ... წლის... ივნისს დაბადებული ნ. ღ-ე.
ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან.
მ. მ-ა რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
მ. მ-ას ხელფასი შეადგენს 300 ლარს, გააჩნია საყოფაცხოვრებო ხარჯები, იხდის ბინის ქირას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ; კოდექსის 1213-ე მუხლის მიხედვით, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის, შეძლებისდაგვარად, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ შეიძლება დამოკიდებული იქნეს მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ შეიძლება იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. აღნიშნული ვალდებულება ასევე გამომდინარეობს „ბავშვის უფლებათა კონვენციის” 27.2 მუხლიდან (საქართველო მიუერთდა 1994 წელს), რომლის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტი ორი არასრულწლოვანი შვილის სარჩენად, რომლებიც ცხოვრობენ დედასთან ერთად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – 60 ლარი თითოეული ბავშვისათვის – არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნი ბავშვისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად, არამედ, ასეთად უნდა განსაზღვრულიყო 100 ლარი თითოეულ ბავშვზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მშობლების უფლება-მოვალეობების, ასევე მათი ინტერესების დაბალანსებისას, ყურადღება უნდა ყოფილიყო გამახვილებული იმ გარემოებაზე, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილების მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
რაც შეეხებოდა აპელანტის მოთხოვნას მოპასუხისათვის თვეში 240 ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, იგი ვერ იქნებოდა სრულად გაზიარებული გამომდინარე იქიდან, რომ, მართალია, მოთხოვნა დასაბუთებული იყო სარჩენი პირების მოთხოვნილებების შეფასების თვალსაზრისით, მაგრამ არ შეიცავდა მტკიცებას ხელფასისა და მოპასუხის სხვა მატერიალურ შემოსავლებთან დაკავშირებით. ა. ღ-ის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობად თითოეული ბავშვისათვის 100 ლარის განსაზღვრა მშობლისა და სარჩენი პირების ინტერესების დაბალანსებით სამართლიანი იყო და შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ამ ოდენობით უნდა დაკმაყოფილებულიყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ღ-ემ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორი უთითებს იმ გარემოებაზე, რომ იგი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე