№ას-840-798-2013 24 იანვარი, 2014 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჩ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრებისა და მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: მხარეები 2005 წლის 15 ოქტომბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. 2007 წლის 1 აპრილს შეეძინათ შვილი - ნ. ჩ-ე. ქორწინებამდე, 2005 წლის 31 აგვისტოს მეუღლეებს შორის საქორწინო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი არ შეესაბამება სამოქალაქო კოდექსის მოთხოვნებს. საქორწინო კონტრაქტი არის დისკრიმინაციული ხასიათის. მძიმე და უკიდურესად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს მოსარჩელესა და მის არასრულწლოვან შვილს. მოპასუხის სახელზე რიცხული, ი.ჭ-ის გამზ. №53ა-ში მდებარე ბინა მხარეთა ქორწინების დროისათვის იყო მშენებარე და მთლიანად აშენდა თანაცხოვრების დროს. მოსარჩელეს უწევს სამსახურებრივ მივლინებაში უნგრეთში გამგზავრება სამი წლით. ვინაიდან, ბავშვი ცხოვრობს დედასთან, უმჯობესია იგი დედასთან ერთად გაემგზავროს მივლინებაშიც. მოპასუხე მუშაობს და აქვს სოლიდური შემოსავალი. ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ საქორწინო ხელშეკრულების პიროებები უნდა შეიცვალოს, კერძოდ: პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „გარდა ძვირფასეულობისა“; მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „დ. ჩ-ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები, რომლებიც მდებარეობს ქ.თბილისში, ი.ა-ის ქ.№56-ში (ბინა №12) და ჭ-ის გამზ. №53ა-ში (ბინა №32) დ. ჩ-ის ინდივიდუალურ საკუთრებად ჩაითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დ. ჩ-სა და მ. გ-ის რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში გაწული ხარჯების შედეგად ამ ბინების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა“. ხელშეკრულების მე-5 პუნქტი გაუქმებულ იქნეს. მე-11 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „განქორწინების შემთხვევაში დ. ჩ-ე ვალდებულია უზრუნველყოს მ. გ-ე და მისი არსრულწლოვანი შვილი ნ. ჩ-ე ქ.თბილისში, ცენტრალურ ან მიმდებარე რაიონში 70.00 კვ.მ ფართის, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საცხოვრებელი სახლით და გადასცეს ის მათ საერთო საკუთრებაში. საცხოვრებელი სახლის შერჩევა მოხდეს მოსარჩელესთან შეთანხმებით“. არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლება საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში 3 წლით გაყვანის თანხმობის გაცემის ნაწილში უნდა შეეზღუდოს.
მოპასუხე დ. ჩ-ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: საქორწინო კონტრაქტი შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს. დ.ჩ-ემ ი.ჭ-ის გამზ. №53ა-ში მდებარე ბინა შეიძინა მემკვიდრეობით მიღებული თანხებით ქორწინებამდე და გაარემონტა მის მიერვე გამოტანილი კრედიტით. მისი შემოსავალი არ იძლევა ალიმენტის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნა საქორწინო კონტრაქტის პირობების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ჩ-ეს მ. გ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის რჩენა – აღზრდისათვის 2012 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა. დ. ჩ-ეს არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის მიმართ საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში, ქალაქ ბ-ი გაყვანისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში ბავშვის დედის - მ. გ-ის სამსახურებრივი მივლინების ვადის ამოწურვამდე, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შეეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით მ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების პირველი ნაწილის 1.2 და 1.3 პუნქტები (მოპასუხე დ. ჩ-ეს მ. გ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის რჩენა – აღზრდისათვის 2012 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა. დ. ჩ-ეს არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის მიმართ საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში, ქალაქ ბ-ი გაყვანისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში ბავშვის დედის - მ. გ-ის სამსახურებრივი მივლინების ვადის ამოწურვამდე, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა). პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი, ალიმენტის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის მოთხოვნას იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ისეთი განსაკუთრებული შემთხვევა რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანის ინტერესების დაცვას, ამ შემთხვევეაში პალატა ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი სექტემბრის თვიდან ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში შესაბამისად დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე შეფერხდება მისი დროული დასწრება სასწავლებელში, რაც უდავო ზიანს მიაყენებს ბავშვის ინტერესებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.ჩ-ემ და მისი გაუქმება მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით: დადგენილია, რომ არასრულწლოვან ნ. ჩ-ის დედის – მ. გ-ის ხელფასი, დღეის მდგომარეობით, მისი სამსახურებრივი სტატუსიდან და მივლინების პირობებიდან გამომდინარე შეადგენს არანაკლებ 1280 ლარს, გარდა ამისა, სამივლინებო თანხების გათვალისწინებით ეს თანხა გაცილებით მეტია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დ.ჩ-ე ღირსეულად ზრუნავს მის მცირეწლოვან შვილზე (ბაღის გადასახადები, ჯანმრთელობის დაზღვევა და კვირაში ორი დღე ბავშვთან ყოფნა) და ამ ნაწილში გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებად მიქცევის აუცილებლობა არ არსებობს.
რაც შეეხება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვას, საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თუ რა პირობებში მოუწევს ნ.ჩ-ეს, თუ იგი გაემგზავრება უნგრეთში დედასთან ერთად, სწავლა და ყოფა-ცხოვრება, რა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს მან, რომ ისწავლოს უნგრულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შეესაბამება თუ არა მისი ფიზიოლოგიურ-ინტელექტუალური მომზადება იქაურ მოთხოვნებს, როგორია მისი უცხო ქვეყანაში ადაპტაციის ფსიქოემოციური შეგუების დონე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიღო რა 2013 წლის 25 ივლისის განჩინება უხეშად დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილის, 105-ე მუხლის 1-ი და მე-2 ნაწილის, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, 215-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 244-ე მუხლის, 268-ე მუხლის, 269-ე მუხლის, 372-ე მუხლის, 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ფუნდამენტური მოთხოვნები, აქედან გამომდინარე კი დადგა ამავე კოდექსის 393-ე მუხლის 1-ი და მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, ასევე 394-ე მუხლის „ე“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები, რაც ამ განჩინების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს წარმოადგენს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ჩ-ემ ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა გახდებოდა. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შემდეგი სამართლებრივი დასაბუთებით:
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნა საქორწინო კონტრაქტის პირობების შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე დ. ჩ-ეს მ. გ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის რჩენა – აღზრდისათვის 2012 წლის 20 დეკემბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით ალიმენტის გადახდა დაეკისრა დ. ჩ-ეს არასრულწლოვანი შვილის, ... წლის ... აპრილს დაბადებული ნ. ჩ-ის მიმართ საზღვარგარეთ, სახელდობრ, უნგრეთში, ქალაქ ბ-ი გაყვანისათვის თანხმობის გაცემის ნაწილში ბავშვის დედის - მ. გ-ის სამსახურებრივი მივლინების ვადის ამოწურვამდე, სხვა უფლებებისა და მოვალეობების შეუზღუდავად მშობლის წარმომადგენლობითი უფლება შეეზღუდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.ჩ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა ზემოდასახელებული გადაწყვეტილების 1.2, 1.3 პუნქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ა) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; ამავე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად კი, ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
საკასაციო სასამართლო მიზაშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ზემოდასახელებული მუხლი და მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქოსაპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ალიმენტის დაკისრება. როგორც ზემოთ აღინიშნა, ალიმენტის გადახდევინების შესახებ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევაა და სასამართლოს აქვს შესაძლებლობა მხარეთა თხოვნის შემთხვევაში ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვას, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ეს ისეთი განსაკუთრებული შემთხვევაა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტით არის გათვალისწინებული. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საჭიროება კი, განპირობებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით, რაც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, კერძოდ: დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაციის ფსიქოლოგის ქ. ჩ-ის 05.03.2013წ. დასკვნის თანახმად, ნ. ჩ-ე არის მოუსვენარი, მგრძნობიარე, ადვილად მოწყვლადი, მოუთმენელი და ჯიუტი, მიდრეკილია განმარტოებისაკენ. დედას ანიჭებს უპირატესობას, ისევე როგორც ბებიას და ავლენს მათდამი მიჯაჭვულობას, მამის მიმართ უფრო ნეიტრალურია. თეორიული მასალისა და ბავშვის ემოციურ-აფექტური სფეროს შესწავლის შედეგად ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ 5 წლის ბავშვთან დედის დაშორება კატეგორიულად მიუღებელია. დადგენილია, რომ მ. გ-ე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 25.02.2012წ. ბრძანებით მივლინებულ იქნა როტაციის წესით სამუშაო მივლინებით უნგრეთში საქართველოს საელჩოს მრჩევლად საელჩოში სამუშაოდ 2013 წლის 8 მარტიდან 2016 წლის 8 მარტამდე. ამასთან, ზემოაღნიშნულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვის კეთილდღეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ნ. ჩ-ე არსებული გარემოებების გათვალისწინებით საჭიროების შემთხვევაში დედასთან ერთად გაემგზავროს საზღვარგარეთ. პალატამ გაითვალისწინა ის შემთხვევა, რომ არასწრულწლოვანი სექტემბრის თვიდან ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში, შესაბამისად, დაუყოვნებლივ აღსრულების გარეშე შეფერხდება მისი დროული დასწრება სასწავლებელში, რაც უდავო ზიანს მიაყენებს ბავშვის ინტერესებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა მ.გ-ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, რაც გამორიცხავს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ.თოდრია
მოსამართლეები: ვ.როინიშვილი
ბ.ალავიძე