Facebook Twitter
№ას-143-136-2013 11 მარტი, 2013 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.მ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება


ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ.მ-ის სარჩელი მოპასუხე მ.მ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მ.მ-ს, მისი არასრულწლოვანი შვილების: 2008 წლის 25 ოქტომბერს დაბადებული გ.მ-სა და 2009 წლის 23 ოქტომბერს დაბადებული ნ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში 80-80 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან – 2012 წლის 20 სექტემბრიდან შვილების სრულწლოვანებამდე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების გაუქმება ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და თითოეული შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის 30 ლარით განსაზღვრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 18 დეკემბრის განჩინებით მ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ვ.მ-ი და მ.მ-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 30 ივლისიდან;
რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში ვ.მ-ს და მ.მ-ს შეეძინათ ორი შვილი – ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული გ.მ-ი და ... წლის ... ოქტომბერს დაბადებული ნ.მ-ი;
ვ.მ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იგი ამჟამად არის უმუშევარი;
მ.მ-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს შემწეობას;
მ.მ-ი არის უმუშევარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლებზე, რომელთა თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის პრეამბულაზე, რომელშიც აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება – უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლის, ასევე შვილის – რეალურ მატერიალურ შესაძლებლობას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, ანუ, ალიმენტის ოდენობა, რასაც სასამართლო განსაზღვრავს, არ უნდა იყოს იმ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები, რაც აუცილებელია პირის სარჩენად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ალიმენტის განსაზღვრისას გადამწყვეტი კრიტერიუმი მხოლოდ მშობლის მატერიალური მდგომარეობა არ იყო. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელი იყო მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი შრომისუნარიანობა, ოჯახური მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში, იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მ.მ-ი არ იყო შრომისუნარიანი და მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, რაც დასაქმების შესაძლებლობას შეუზღუდავდა, საქმეში წარდგენილი არ იყო. ამ გარემოებების დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოპასუხის (აპელანტი) მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ. და ნ.მ-ბი იყვნენ მცირეწლოვნები, მათ ესაჭიროებოდათ სწორი ფიზიკური განვითარებისათვის განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა და მზრუნველობა, რაც გულისხმობდა მათზე მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას, კვების განსაკუთრებულ რეჟიმს. ასევე ორივე მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა – ყოველთვიურად 80-80 ლარი, შეიძლებოდა მიჩნეულიყო იმ გონივრულ ოდენობად, რაც აუცილებელია არასრულწლოვნებისათვის.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ მ. მ-ის ის პრეტენზია, რომ ალიმენტის დაკისრებისას სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ალიმენტის გადამხდელის მატერიალური მდგომარეობა (უმუშევრობა, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში შემწეობის მიმღებ პირად რეგისტრაცია). სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონმდებლობით განსაზღვრულია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები; იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაითვალისწინა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა და სწორედ ამ გარემოების გამო არ დააკმაყოფილა სარჩელი სრული მოცულობით. მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი – თითოეულ ბავშვზე 80–80 ლარის ოდენობით, საქმის გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენდა არასრულწლოვანი შვილების რჩენისათვის საჭირო თანხას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი იყო და ვერ იქნებოდა დაკმაყოფილებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ.მ-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას, რომლითაც კასატორს თითოეული შვილისათვის გადასახდელი ალიმენტის თანხა შეუმცირდება 30-30 ლარამდე.
კასატორი განმარტავს, რომ თანხის შემცირების შესახებ მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს მისი ეკონომიური მდგომარეობა, იგი არ მუშაობს, მას არ გააჩნია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, იღებს მხოლოდ დახმარებას თვეში 30 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უნდა გაუქმდეს და მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტი უნდა შემცირდეს 30-30 ლარამდე.
განსახილველ საკასაციო საჩივარს კასატორმა თან დაურთო: ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ექიმის წერილი მ.მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე; სს „პრივატბანკის“ გურჯაანის სერვისცენტრის ცნობა; ამონაწერები სს „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალში მ.მ-ის ანგარიშიდან.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ.მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე თანდართულ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ექიმის წერილი მ.მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე; სს „პრივატბანკის“ გურჯაანის სერვისცენტრის ცნობა; ამონაწერები სს „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალში მ.მ-ის ანგარიშიდან) „5“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 51-55).



ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და





დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი,
დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ მ.მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; ექიმის წერილი მ.მ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე; სს „პრივატბანკის“ გურჯაანის სერვისცენტრის ცნობა; ამონაწერები სს „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალში მ.მ-ის ანგარიშიდან) „5“ ფურცლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.





თავმჯდომარე პ. ქათამაძე





მოსამართლეები: ვ. როინიშვილი





ბ. ალავიძე