საქმე №ას-1610-1511-2012 4 თებერვალი, 2013 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს.კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ-ის მიმართ 2009 წლის 12 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის, ა.კ-ის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 500 ლარისა და სარჩელის აღძვრამდე - 2009 წლის 12 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივნისამდე დაგროვილი ალიმენტის ყოველთვიურად 500 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის 12 ნოემბერს ს.კ-სა და ნ.კ-ეს შეეძინათ შვილი. მიუხედავად მხარეთა შეთანხმებისა, მოპასუხე არ მoნაწილეობს მის რჩენა-აღზრდაში. შვილის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მამა არ არის მითითებული, ხოლო გვარად დედის სურვილით მიეთითა კ-ე. შვილის რჩენა-აღზრდაზე უარის თქმის გამო ს.კ-ემ მამობის დადგენა სასამართლო წესით მოითხოვა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. მოსარჩელის განმარტებით, ნ.კ-ის კმაყოფაზე არ იმყოფებიან მისი რეგისტრირებულ ქორწინებაში დაბადებული შვილები მათი სრულწლოვანების გამო, ამასთან, მოპასუხე პროფესიით მეზღვაურია, ხშირადაა დასაქმებული უცხოური კომპანიების გემებზე და აქვს სოლიდური ანაზღაურება, თვეში საშუალოდ 4000 აშშ დოლარიდან 6000 აშშ დოლარამდე, აღნიშნული გარემოება სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება, რადგანაც შპს „ბალტიკ გრუპ ინტერნეიშენალ ჯორჯიას“ მოსარჩელის მოთხოვნის საპასუხოდ არაფერი გაუკეთებია, ს.კ-ემ მიუთითა ასევე მის რთულ ქონებრივ მდგომარეობაზე, რომ, მიუხედავად დასაქმებისა, მისი მატერიალური სახსრები შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის არასაკმარისია.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ალიმენტის - 50 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი დასაბუთებით:
მოპასუხის განმარტებით, ის 60 წლის ასაკს მიღწეულია, აწუხებს გულის დაავადება და თავად საჭიროებს მატერიალურ დახმარებას მედიკამენტების შესაძენად, ნ.კ-ეს რაიმე შემოსავალი არ გააჩნია და შესაგებელში მითითებულზე მეტი თანხის გადახდა ფიზიკურად არ შეუძლია. უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა 2009 წლიდან სარჩელის აღძვრამდე ალიმენტის დაკისრების თაობაზე, რადგანაც ნ.კ-ის შვილის დაბადების თაობაზე ცნობილი მხოლოდ 2011 წელს, მოსარჩელის წერილობითი მიმართვის შედეგად გახდა ცნობილი. სწორედ ამ დრომდე არ არსებობდა ჩანაწერი მამის თაობაზე ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში. აღნიშნულის გათვალისწინებით, არასწორია სარჩელში მითითებული გარემოება ალიმენტის გადახდაზე თავის არიდების შესახებ, ამდენად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს გააჩნია მაღალი ანაზღაურება, მუშაობს სტილისტად, ასევე შეკვეთით კერავს ძვირადღირებულ სამოსს, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლიდან გამომდინარე, მას თავადაც გააჩნია შვილის რჩენა-აღზრდის ვალდებულება, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლიდან გამომდინარე, სასამართლომ ალიმენტის ოდენობა სამართლიანად უნდა შეაფასოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით ს.კ-ის სარჩელი ნ.კ-ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნ.კ-ეს 2009 წლის 12 ნოემბერს დაბადებული არასრულწლოვანი შვილის - ა.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - 100 ლარის გადახდა ყოველთვიურად 2012 წლის 5 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე, ასევე გასული პერიოდის, კერძოდ, 2011 წლის ივლისიდან 2012 წლის ივლისამდე ალიმენტის - 1200 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს.კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და ს.კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნ.კ-ეს 2009 წლის 12 ნოემბერს დაბადებული შვილის - ა.კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის, ასევე ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის გადახდა 2012 წლის 5 ივლისიდან ა.კ-ის სრულწლოვანებამდე. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2009 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ა.კ-ე ს.კ-სა და ნ.კ-ის შვილია. ნ.კ-ე არ აღიარებდა, რომ იყო ა.კ-ის მამა, თუმცა ეს დადგინდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ნ.კ-ეს ა.კ-ის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია. ნ.კ-ე მეზღვაურია. 2012 წლის 7 აპრილამდე იგი დასაქმებული იყო საზღვაო კომპანიებში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 7 500 აშშ დოლარს. გარდა მცირეწლოვანი ა.კ-სა, ნ.კ-ის კმაყოფაზე არ იმყოფება არც ერთი პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც მას კანონით ევალება. ს.კ-ე ა.კ-ის დაბადებიდან სთხოვდა ნ.კ-ეს სარჩოს ა.კ-ის, თუმცა ნ.კ-ე ამ ვალდებულებას თავს არიდებდა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიუთითა „SHIPPING AND TOURISM CO. TLD-ს“ მიერ გაცემულ ცნობაზე, ასევე ს.კ-ის მიერ საქმეში წარდგენილ ინდივიდუალურ შრომით კონტრაქტზე და დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 7 სექტემბერს ნ.კ-ემ კონტრაქტი გააფორმა კომპანია „TRUE COLORS SHIPPING INC-თან“ და 2011 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 7 აპრილამდე საქმიანობდა თბომავალ „True Color-ზე“. ამ სამუშაოს შესრულებისათვის ნ.კ-ე ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, 7500 აშშ დოლარს. პალატის მოსაზრებით, მხოლოდ 2011 წლის 7 სექტემბერს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ნ.კ-ემ მიიღო 7500X7=52500 აშშ დოლარი. „SHIPPING AND TOURISM CO. TLD-ს“ მიერ გაცემულ ცნობაში მითითებული იყო, რომ 2012 წლის ივლისისათვის ნ.კ-ე ვეღარ საქმიანობდა „ასაკის გამო“. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული ნიშნავდა იმას, რომ მანამდე, სანამ არ არსებობდა მითითებული ხელშემშლელი გარემოება, ნ.კ-ე იყო დასაქმებული და იღებდა შემოსავალს. იგივე დგინდებოდა მოწმე ლ. ბ-ას ჩვენებით. სასამართლომ მიუთითა აღნიშნულ ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც მოწმემ უჩვენა, რომ „ნ.კ-ე ხშირად მიემგზავრებოდა ნაოსნობაში, ხოლო ს.კ-ე მას მეუღლესავით ელოდა“. პალატის მოსაზრებით, ა.კ-ის დაბადებიდან 2012 წლის 7 აპრილამდე ნ.კ-ემ მიიღო ხელფასი დაახლოებით 52500X3=157500 აშშ დოლარი. საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს არ წარუდგენია. პალატამ არ გაიზიარა ნ.კ-ის მოსაზრება, რომ 2004 წლიდან იგი ვერ საქმიანობდა ავადმყოფობის გამო. სასამართლოს მითითებით, უდავოდაა დადგენილი, რომ 2011 წლის სექტემბრიდან ნ.კ-ე დასაქმებული იყო და „SHIPPING AND TOURISM CO. TLD-ს“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით არ ირკვეოდა, თუ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს დასაქმებაში ავადმყოფობა უშლიდა ხელს რაც მიუთითებდა, რომ მიუხედავად 2004 წლის ივლისში გადატანილი ინფარქტისა, ნ.კ-ე საქმიანობდა და იღებდა შემოსავალს.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის წესი და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი აუცილებელი იყო მცირეწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენისა და აღზრდისათვის და მისი ოდენობა სავსებით შეესაბამებოდა ნ.კ-ის მატერიალურ მდგომარეობას - ნ.კ-ის ყოველთვიური შემოსავალი აღემატებოდა აპელანტის მიერ მოთხოვნილი ალიმენტის ოცდახუთმაგ ოდენობას, ე.ი მისი ერთი თვის ხელფასი საკმარისი იყო ა.კ-ის ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ალიმენტის გადასახდელად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში დასაბუთებული იყო. გაზიარებულ იქნა აპელანტის პოზიცია, რომ იგი მოწინააღმდეგე მხარეს სარჩოს სთხოვდა ბავშვის დაბადების დღიდან. პალატამ აღნიშნული დასკვნა დაამყარა სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებსა და შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოკვლეულ მასალებს, კერძოდ, რ. ვ-ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ნ.კ-ის შვილმა ლ. კ-მ ს.კ-ეს უთხრა: „შენ გინდა მამაჩემის ფული და მეტი არაფერი გაინტერესებსო“. სასამართლოს მოსაზრებით, ეს ფაქტი უდავოდ ადასტურებდა, რომ აპელანტი მოწინააღმდეგე მხარისაგან თანხას ითხოვდა. რ. ვ-ის მითითებით, ს.კ-ემ გააჩინა შვილი, რომელსაც მამა არ აღიარებდა, რასაც დედა განიცდიდა, სასამართლოს შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ მხარეთა შორის დავა როგორც ბავშვის მამობის, ასევე მისი რჩენის თაობაზე ა.კ-ის დაბადებიდანვე დაიწყო. პალატამ ასევე მიუთითა მოწმე ლ. ბ-ას განმარტებაზე (ს.კ-ემ ნ.კ-ეს თანხა მოსთხოვა ბავშვის დაბადებამდეც - ორსულობისა და მშობიარობის პერიოდში (ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივლისის სხდომის ოქმი: 15:20:00-15:20:55). ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მოთხოვნა მოწინააღმდეგე მხარისათვის ალიმენტის 2009 წლის 12 ნოემბრიდან დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული. წარსული დროისათვის აპელანტმა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის 15000 ლარის დაკისრება. აღნიშნული თანხა შეესაბამებოდა 30 თვის განმავლობაში მისაღები ალიმენტის ოდენობას. 2009 წლის 12 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრამდე გასული იყო 31 თვე, რაც ს.კ-ის მოთხოვნის დასაბუთებულად მიჩნევის წინაპირობა გახდა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული არ იყო და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, არსებობდა მისი გაუქმების წინაპირობები.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგ საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონი, კერძოდ, არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომელიც თითოეულ მხარეს ავალდებულებს ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ტვირთს. სასამართლომ ყოველგვარი წერილობითი მტკიცებულების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია კასატორის მიერ შემოსავლის მიღების ფაქტი, მაშინ, როდესაც ნებისმიერი ხელშეკრულების არსებობა, მისი შესრულების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება არ არის. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ ნ.კ-ეს მძიმე ფინანსური ვალდებულება დააკისრა, ხოლო მტკიცებულებებთან მიმართებით სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნიდან. სააპელაციო პალატამ ასევე დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მოთხოვნა, რაც იმაში გამოიხატა, რომ არ იქნა გაზიარებული ნ.კ-ის მძიმე ფინანსური და ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის თავად საჭიროებს მზრუნველობას, ფიზიკურად ვეღარ მუშაობს და არ გააჩნია შემოსავალი. სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილება დაამყარა მოწმეთა ჩვენებაზე და არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ მოწმეები სასამართლო სხდომაზე ადასტურებდნენ არა უშუალოდ მათ მიერ ნანახ გარემოებებს, არამედ ს.კ-ის ნაამბობს, აღნიშნული მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობს. რაც შეეხება წარსული დროისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობას, აღნიშნული ასევე არასწორად დაადგინა სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ს.კ-ის მიერ ალიმენტის მოთხოვნით კასატორისათვის მიმართვის ფაქტი. მიმართვამდე არსებული დროისათვის ს.კ-ის თავად იყო უცნობი ბავშვის მამის ვინაობა, აღნიშნულს ადასტურებს ბავშვის დაბადების მოწმობაში მამის ვინაობის მიუთითებლობა. პალატამ არ გაიზიარა მშობლების რეალური ქონებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის, რომ ბავშვის დედას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება გააჩნია, მუშაობს ერთ-ერთ პრესტიჟულ სალონში სტილისტად და შეკვეთით კერავს ძვირადღირებულ ტანსაცმელს.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ 2009 წლის 12 ნოემბრის შემდგომ ნ.კ-ე მხოლოდ ერთხელ იყო მეზღვაურად სამუშაოდ, ინფარქტის გადატანის შემდგომ საჭიროებდა მკურნალობას, თავად კონტრაქტი მოკლევადიანი იყო 4 თვიდან 6 თვემდე, ხოლო სასამართლომ აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 7 აპრილამდე მოპასუხე დასაქმებული იყო და 7500 აშშ დოლარის ოდენობით შემოსავალს იღებდა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია. სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ ნ.კ-ეს აწუხებდა გულის დაავადება, რაც გამორიცხავს მის დასაქმებას. საყურადღებოა, რომ მოსარჩელემ თანხის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ექსპერტიზის ჩატარების შედეგად, ბავშვის დაბადებიდან 2 წლის შემდეგ დაადგინა შვილის მამის ვინაობა, ექსპერტიზის პროცედურის გამო, კასატორმა გადაიტანა გულის ინფარქტი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 იანვრის განჩინებით ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ცნობილ იქნა დასაშვებად და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე, თანახმად ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიაონობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს საკასაციო სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (პრეტენზიის), შემთხვევაში, შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შეეხება გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრებასა და ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას, კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მტკიცებულებათა არასწორი შეფასებით განსაზღვრა მოპასუხის მატერიალური მდგომარეობა, ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ალიმენტის გადახდას ითხოვდა ბავშვის დაბადების მომენტიდან.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკანონმდებლო რეგულაცია მშობლების საალიმენტო მოვალეობასთან დაკავშირებით ითვალისწინებს როგორც ნებაყოფლობით, ასევე იძულებით მექანიზმებს, კერძოდ, კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამდენად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ 2009 წლის 12 ნოემბერს დაბადებული ა.კ-ე ს.კ-სა და ნ.კ-ის შვილია. გარდა მცირეწლოვანი ა.კ-სა, ნ.კ-ის კმაყოფაზე არ იმყოფება არც ერთი პირი, რომლის რჩენის ვალდებულებაც მას კანონით ევალება. 2011 წლის 7 სექტემბერს ნ.კ-ემ კონტრაქტი გააფორმა კომპანია „TRUE COLORS SHIPPING INC-თან“ და 2011 წლის 7 სექტემბრიდან 2012 წლის 7 აპრილამდე საქმიანობდა თბომავალ „True Color-ზე“. „SHIPPING AND TOURISM CO. TLD-ს“ მიერ გაცემული ცნობის თანახმად, 2012 წლის ივლისისათვის ნ.კ-ე ვეღარ საქმიანობდა ხანდაზმულობის გამო.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, უნდა წარედგინა სასამართლოსთვის სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში ნ.კ-ის მიერ ყოველთვიური შემოსავლის, 7500 აშშ დოლარის, მიღების ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ „TRUE COLORS SHIPPING INC-თან“ ინდივიდუალური შრომითი კონტრაქტის გაფორმების ფაქტი და მხარეთა შორის შრომის ანაზღაურებაზე შეთანხმება იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ ნ.კ-ე კონტრაქტის მოქმედების ვადაში ყოველთვიურად იღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემოსავალს (7500 აშშ დოლარს). საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება კასატორს, რაც მან არ განახორციელა. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ნ.კ-ის ავადმყოფობის ფაქტი. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა ის გარემოება, რომ ნ.კ-ის მიერ 2004 წელს გადატანილი ინფარქტი არ ადასტურებდა მის შრომისუუნარობას, ვინაიდან მოპასუხის ამ პოზიციას აქარწლებდა საქმეში წარმოდგენილი შრომითი კონტრაქტი, რომელიც გაფორმებულია „TRUE COLORS SHIPPING INC-თან“ 2011 წლის 7 სექტემბერს.
საკასაციო პალატა მიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, სადაც დადგენილია, რომ ა.კ-ის დაბადებიდან 2012 წლის 7 აპრილამდე ნ.კ-ემ მიიღო ხელფასი - დაახლოებით 52500X3=157500 აშშ დოლარი, ასევე ნ.კ-ე 2012 წლის 7 აპრილამდე იყო დასაქმებული საზღვაო კომპანიებში და მისი ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 7 500 აშშ დოლარს, არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა-გამოკვლევიდან.
საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც მიუთითებენ მოპასუხის ფინანსურ შესაძლებლობაზე, კერძოდ: „Baltic Group Iternational Ltd-ის“ მიერ სასამართლოსადმი გაგზავნილ მიმართვაში, აღნიშნული კომპანია აცხადებს, რომ ნ.კ-ე 2009 წლის 12 ნოემბრიდან არ ყოფილა დასაქმებული მითითებული კომპანიის შუამავლობით და მათ არ გააჩნიათ რაიმე ინფორმაცია მისი შრომითი საქმიანობისა და ანაზღაურების შესახებ (ს.ფ.36); „SHIPPING AND TOURISM CO. TLD-ს“ მიერ 2012 წლის 16 ივლისს გაცემულ წერილში, აღნიშნული კომპანია აცხადებს, რომ ნ.კ-ე 2011 წელს მხოლოდ ერთი კონტრაქტით იყო დასაქმებული (ს.ფ. 48); საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2012 წლის 24 აგვისტოს წერილში აღნიშნულია, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს არ გააჩნია ინფორმაცია მეზღვაურთა შრომითი კონტრაქტების და მათი ანაზრაურების თაობაზე (ს.ფ. 144).
ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი მტკიცებულება არ ადასტურებს მოპასუხის მიერ მუდმივი დასაქმებისა და შემოსავლის მუდმივად მიღების ფაქტს. ერთადერთი მტკიცებულება, რაც ადასტურებს ა.კ-ის დაბადების შემდეგ განსაზღვრული ვადით ნ.კ-ის მიერ დასაქმებისა და შემოსავლის მიღების ფაქტს, არის შრომითი კონტრაქტი (ს.ფ. 154). მართალია, სასამართლო დამატებით მიუთითებს მოწმე ლ. ბ-ას ჩვენებაზე, თუმცა, სასამართლომ მოწმის ჩვენება ისე გაიზიარა, რომ არაფერს ამბობს აღნიშნული მტკიცებულების სარწმუნოობასა და დამაჯერებლობაზე.
საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოთ დასახელებული მტკიცებულებები, მართალია, აკმაყოფილებენ დასაშვებობის მოთხოვნებს, თუმცა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებენ კასატორის მატერიალურ მდგომარეობას იმ სახით, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დადგენილად, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს შინაგანი რწმენა და იგი არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული მტკიცებულებათა შეფასებიდან. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო, რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, აღნიშნული გულისხმობს მტკიცებულებათა შეფასებას მათი დასაშვებობის, განკუთვნადობის, სარწმუნოობის, იურიდიული ძალის მიხედვით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ასევე სასამართლომ სწორად განსაზღვროს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება.
მნიშნელოვანია კასატორის დასაბუთებული პრეტენზია, რომელიც მოწმეთა ჩვენებებით ბავშვის დაბადებიდან სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტებს ეხება. მოსარჩელემ სადავო გარემოების დასადასტურებლად წარადგინა მოწმეთა ჩვენებები, ასევე შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოკვლეული მასალები. დაკითხულ მოწმეთაგან ერთი მოსარჩელის დედაა, ხოლო მეორე მოსარჩელის ნათესავი. საგულისხმოა, რომ მოპასუხემ მიანიშნა სასამართლოს მოსარჩელესთან მათი დამოკიდებულების, ასევე იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი მოწმე, ლ. ბ-ა გადმოსცემდა არა უშუალოდ მის მიერ აღქმულ მოვლენებს, არამედ მოსარჩელის მონაყოლს (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი: 15:22:57, 15:23:06). რაც შეეხება შსს აჭარის ავტონომიური რესპუბიკის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების მიერ მოკვლეულ მასალებს, სასამართლომ შეაფასა ოქმში გადმოცემული ცალკეული გამონათქვამები და არა მთლიანი შინაარსი სხვა მტკიცებულებებთან ერთად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი. ამ მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს სრულად და უტყუარად არ გამოუკვლევია მოწმეთა ჩვენებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, როგორც ალიმენტის ოდენობის, ასევე წარსული დროის ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოიტანოს დასკვნები საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობა-არარსებობის თაობაზე და სამართლებრივად შეაფასოს ისინი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
პ. ქათამაძე