Facebook Twitter
საქმე №ას-1299-1226-2012 24 დეკემბერი, 2012 წელი
ქ. თბილისი



სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორი – მ.ბ-ე (მოსარჩელე)


მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ-ე (მოპასუხე)


გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინება


კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ.ბ-ის მიმართ და მოითხოვა მხარეთა საერთო შვილის სასარგებლოდ დაკისრებული 20-ლარიანი ალიმენტის 280 ლარით გაზრდა და ერთჯერადი დახმარების სახით 2000 ლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:
2002 წლის 29 იანვრიდან მხარეები იმყოფებოდნენ ქორწინებაში. 2002 წლის 19 თებერვალს მათ შეეძინათ შვილი – გ. ბ-ე.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ.ბ-ეს შვილის სარჩენად დაეკისრა ყოველთვიურად 20 ლარის, ხოლო ერთჯერადად 100 ლარის ანაზღაურება. აღნიშნულ დროს მოპასუხე იყო უმუშევარი, რამაც იმოქმედა ალიმენტის ოდენობაზე. ამჟამად იგი მუშაობს შპს „საქართველოს ფოსტის“ ლანჩხუთის ფილიალში და მისი ხელფასი შეადგენს 200 ლარს. ამასთან, ზ.ბ-ეს ეკუთვნის ქ.ლანჩხუთში, კ-ის ქ.№11-ში მდებარე სახლის ნაწილი.
არასრულწლოვანი ბავშვის ზრდასთან ერთად ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტი მისი ნორმალური აღზრდისა და მოვლისათვის საკმარისი აღარ არის.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამჟამად ჰყავს სხვა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, შესაბამისად, მეტი ოდენიბით ალიმენტის გადახდის შესაძლებლობა არ გააჩნია. უმუშევრობისას მას დაგროვილი ჰქონდა მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტი – 2300 ლარი, რის დასაფარადაც ბანკიდან გამოიტანა სესხი – 2200 ლარი და 200-ლარიანი ხელფასის პირობებში ყოველთვე იხდის 70 ლარს. რაც შეეხება ერთჯერადად გადასახდელ თანხას, მისი დაკისრება ხდება ბავშვის ავადმყოფობისას. მოცემულ შემთხვევაში გ. ბ-ე ჯანმრთელია, მოსარჩელემ შეცდომაში შეიყვანა ექიმი, რის საფუძველზეც სასამართლომ უკანონოდ დააკისრა მოპასუხეს 100 ლარის გადახდა. შესაბამისად, ერთჯერადად 2000 ლარის გადახდის საფუძველი არც ახლა არსებობს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად დაეკისრა სულ 40 ლარის გადახდა, რაც მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მ.ბ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ.ბ-ან. 2002 წლის 19 თებერვალს, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი – გ. ე.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ.ბ-ეს შვილის – გ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე.
გ.ბ-ე სწავლობს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, სწავლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 15 ლარს.
2010 წლის 12 იანვრიდან ზ.ბ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ. ი-ან. მათ ჰყავთ ორი შვილი – 2006 წლის 28 მარტს დაბადებული ლ. ბ-ე და 2010 წლის 7 თებერვალს დაბადებული ნ. ბ-ე.
2012 წლის 2 თებერვალს ზ.ბ-სა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ.ბ-ის მიერ კრედიტის დაფარვის მიზნით გადასახდელი თანხა 2016 წლამდე ყოველთვიურად შეადგენს 68 ლარსა და 12 თეთრს.
ზ.ბ-ე მუშაობს შპს „საქართველოს ფოსტის“ აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ლანჩხუთის საფოსტო ქვეგანყოფილებაში უმცროსი კურიერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 250 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1214-ე მუხლებით, 1221-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ ზ.ბ-ის მატერიალური მდგომარეობა შეიცვალა, კერძოდ, ხელფასის სახით მას გაუჩნდა შემოსავლის სტაბილური წყარო. წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ზ.ბ-ის შემოსავალი შეადგენს 250 ლარს. ზ.ბ-ის ხელფასიდან – 250 ლარიდან 68,12 ლარი არის საბანკო კრედიტის დაფარვის მიზნით გათვალისწინებული ხარჯი.
ზ.ბ-ეს ჰყავს ახალი ოჯახი, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც ასევე იმყოფებიან მის კმაყოფაზე.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზ.ბ-ემ განმარტა, რომ შვილის რჩენისა და ალიმენტის დაკისრების პასუხისმგებლობას თავს არ არიდებს, მაგრამ, მისი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, გონივრულად თვლის, ოზურგეთის სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის 20 ლარით გაზრდას, ანუ ეს იმ თანხას შეესაბამება, რისი გადახდაც მისი ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობით არის შესაძლებელი.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ალიმენტის ოდენობის გაზრდაზე 20 ლარით გონივრული და სამართლიანია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ზ.ბ-ის 260 ლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4 და 103-ე მუხლების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ მ.ბ-ის არც განმარტებიდან და არც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან არ დგინდება გ.ბ-ის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება ან სხვა რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, ზ.ბ-ის ერთჯერადი დახმარების დაკისრების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება მ.ბ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სადავო ალიმენტის ოდენობა, როდესაც მოპასუხის ხარჯებში გაითვალისწინა მის მიერ აღებული სესხი. აღნიშნული სახის ხარჯში შეიძლება, შესულიყო მხოლოდ სესხის სარგებელი და არა მთლიანი თანხა.
სადავო ალიმენტის ოდენობის დადგენისას ასევე არ უნდა მიღებულიყო მხედველობაში ის ფაქტი, რომ ზ.ბ-ეს, შვილების გარდა, კმაყოფაზე ჰყავდა მეუღლე და დედა.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე წლების განმავლობაში არ იხდიდა სასამართლოს მიერ დადგენილ ალიმენტს, რის გამოც სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი იქნა მიცემული. ალიმენტის გადახდა მან მხოლოდ იმის შემდეგ დაიწყო, რაც მისი უძრავი ქონების მიმართ დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
სასამართლომ უგულებელყო „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27-ე მუხლის პირველი ნაწილი, სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მეორე ნაწილი და 1212-ე მუხლი.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:


საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიიჩნია, რომ მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ზ.ბ-ეს მ.ბ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – გ.ბ-ის სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის – 60 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უნდა ეთქვას უარი, ხოლო განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და სადავოდ არ გამხდარა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
მ.ბ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ზ.ბ-ან. 2002 წლის 19 თებერვალს, თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ შვილი – გ.ბ-ე.
ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ.ბ-ეს შვილის – გ.ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით ბავშვის სრულწლოვანებამდე.
გ.ბ-ე სწავლობს ლანჩხუთის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში, სწავლის ყოველთვიური გადასახადი შეადგენს 15 ლარს.
2010 წლის 12 იანვრიდან ზ.ბ-ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ბ. ი-ან. მათ ჰყავთ ორი შვილი – 2006 წლის 28 მარტს დაბადებული ლ. ბ-ე და 2010 წლის 7 თებერვალს დაბადებული ნ. ბ-ე.
2012 წლის 2 თებერვალს ზ.ბ-სა და სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკს“ შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად ზ.ბ-ის მიერ კრედიტის დაფარვის მიზნით გადასახდელი თანხა 2016 წლამდე ყოველთვიურად შეადგენს 68 ლარსა და 12 თეთრს.
ზ.ბ-ე მუშაობს შპს „საქართველოს ფოსტის“ აჭარისა და გურიის ფოსტის რეგიონალური სამმართველოს ლანჩხუთის საფოსტო ქვეგანყოფილებაში უმცროსი კურიერის თანამდებობაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 250 ლარს.
კასატორი მ.ბ-ე ითხოვს მხარეთა საერთო არასრულწლოვანი შვილის სარჩენად სასამართლოს მიერ დადგენილი ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის – 20 ლარის 300 ლარამდე გაზრდასა და ერთჯერადად 2000 ლარის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა ისინი, როდესაც მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სარჩენად განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მხოლოდ 20 ლარით გაუზარდა, კერძოდ:
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლი ადგენს, რომ მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თანამხად, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, თუმცა ასეთი შეთანხმების მიუღწევლობისას 1214-ე მუხლი დავის გადაწყვეტას სასამართლოს მიანდობს. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, კანონმდებელი განსაზღვრავს ყოველი მშობლის ვალდებულებას, იზრუნოს თავის შვილზე, რაც გულისხმობს მისი მატერიალურად უზრუნველყოფის მოვალეობასაც. ჩვეულებრივ, შვილისათვის გადასახდელი თანხის ოდენობაზე თანხმდებიან მშობლები, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სასამართლო შეაფასებს ბავშვის საჭირობებს მისი ასაკისა და სხვა ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით, თითოეული მშობლის ოჯახურ და მატერიალურ მდგომაროებას (იმყოფება თუ არა მათ კმაყოფაზე ოჯახის ისეთი წევრი, რომელსაც დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შეუძლია), რის შედეგადაც დაადგენს ალიმენტის ობიექტურ ოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს არასრულწლოვანის რეალურ და აუცილებელ მოთხოვნილებებს.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ზ.ბ-ეს სასამართლომ უკვე დააკისრა არასრულწლოვანი შვილის – გ.ბ-ის სარჩენად ალიმენტის – 20 ლარის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მიხედვით, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ. იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
განსახილველ შემთხვევაში ზ.ბ-ის მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა, მისი ყოველთვიური შემოსავალია 250 ლარი, შესაბამისად, მ.ბ-ის მოთხოვნა ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ ნაწილობრივ საფუძვლიანია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია, რომ ზვიად ბაქანიძის კმაყოფაზე იმყოფება ახალ ქორწინებაში შეძენილი ორი არასრულწლოვანი შვილი. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მეუღლე ბ. ი-ს, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ უკანასკნელს დამოუკიდებლად თავის რჩენა არ შეუძლია და მეუღლისაგან განსაკუთრებულ, კანონით დადგენილ მზრუნველობას საჭიროებს.
ამდენად, ზემოხსენებული გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლო მართლზომიერად თვლის ყოველთვიური ალიმენტის გაზრდას 60 ლარამდე, დანარჩენ ნაწილში კი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი წინაპირობების არსებობა კასატორმა ვერ დაასაბუთა.
სადავო ალიმენტის ოდენობაზე გავლენას ვერ მოახდენს ზ.ბ-ის მიერ ყოველთვიურად კრედიტის დასაფარად დადგენილი გადასახადის გადახდა, რაც მისივე მითითებით, წარმოადგენს წლების განმავლობაში გ.ბ-ის სასარგებლოდ დაკისრებულ საალიმენტო დავალიანებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარის მიერ ძველი ვალდებულებების შეუსრულებლობა ამჟამად არსებული მოვალეობების შესრულებისაგან თავის არიდების საფუძველი ვერ გახდება.
საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას ზ.ბ-ის ერთჯედად თანხის დაკისრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
აღნიშნულიდან გამომდინარე, არასრულწლოვანის სარჩენად ალიმენტის გადამხდელი მშობლისათვის დამატებითი ხარჯის სახით ერთჯერადად თანხის გადახდის დაკისრება დასაშვებია მხოლოდ ისეთი განსაკუთრებული გარემოებების დადასტურებისას, როგორიცაა ბავშვის მძიმე ავადმყოფობა, დასახიჩრება და სხვა ობიექტური ფაქტორები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მ.ბ-ეს ეკისრებოდა, რაც მან ვერ განახორციელა. შესაბამისად, ამ ნაწილში მისი მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდება.
ყოველივე ზემოთქმული ცხადყოფს, რომ მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, მ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, ზ.ბ-ეს მ.ბ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – გ.ბ-ის სარჩენად 2012 წლის 20 თებერვლიდან, მზია ბაქანიძის მიერ სარჩელის შეტანის დღიდან დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის – 60 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში კი სარჩელს უარი უნდა ეთქვას, ხოლო განჩინება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

მ.ბ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 1 აგვისტოს განჩინება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
მ.ბ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2012 წლის 20 თებერვლიდან, მ. ბ-ის მიერ სარჩელის შეტანის დღიდან ზ.ბ-ეს მ.ბ-ის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის – 2002 წლის 19 თებერვალს დაბადებული გ.ბ-ის სარჩენად დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის, სულ – 60 ლარის გადახდა.
დანარჩენ ნაწილში განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ვ. როინიშვილი




მოსამართლეები: ბ. ალავიძე




პ. ქათამაძე