ას-541-509-2012 30 აპრილი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ქ-ი E
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი _ ალიმენტის ოდენობის გაზრდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 28 სექტემბერს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ქ-მა მოპასუხე მ. გ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება 150 ლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანებამდე (ტომი 1, ს.ფ. 1-9).
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 68-72).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, რა დროსაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 2, ს.ფ. 75-83).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მ. გ-ს არასრულწლოვანი შვილის – 1995 წლის 8 აგვისტოს დაბადებული მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით, 2011 წლის 28 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გორის სამსახურის მიერ გაცემული ნკ №926849 დაბადების მოწმობის თანახმად, მ. გ-ს და მ. ქ-ს 1995 წლის 8 აგვისტოს შეეძინათ შვილი, მ. გ-ი.
გორის რაიონული სასამართლოს 1998 წლის 22 მარტის დადგენილებით მ. გ-ს, თავისი არასრულწლოვანი შვილის – მ. გ-ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 15 ლარის გადახდა.
მ. გ-ი 2000 წლის 4 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ფატიმა დოლოაშვილთან. მეუღლეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: 2000 წლის 17 დეკემბერს დაბადებული ვლადიმერ გ-ი, 2003 წლის 6 აპრილს დაბადებული მარი გ-ი და 2010 წლის 8 სექტემბერს დაბადებული ნინო გ-ი.
შპს „ჯ. ყველასათვის” მიერ, 2011 წლის 19 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, მ. გ-ი ოთხი წელია ავადაა ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტით B, ღვიძლის ფიბროზით (საშუალო ინტენსივობის).
საქმეში არსებული 1999 წლის 21 ივნისის აქტის თანახმად, გორის სასამართლოს აღმასრულებელმა ნუკრი მამესწარაშვილმა თავის წარმოებაში არსებულ სააღსრულებო წარმოებასთან დაკავშირებით მოიწვია რა მხარეები – მ. გ-ი და მ. ქ-ი, მათ შორის მოხდა მორიგება, კერძოდ, მ. გ-მა მათი შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე მასზე რიცხული ალიმენტის ყოველთვიური გადასახადის ნაცვლად მის ყოფილ მეუღლეს მ. ქ--გ-ს მთლიანად გადაუხადა 1000 ლარი. აპელანტის განმარტებით, ერთჯერადი დახმარების შემდეგ მ. გ-ს არანაირი მატერიალური დახმარება არ გაუწევია. მ. ქ-მა სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150 ლარის გადახდის დაკისრება.
ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მ. გ-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით, 2011 წლის 28 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს, მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და „ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. შესაბამისად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით ბავშვისათვის ნორმალური განვითარების პირობების შექმნის ძირითადი ვალდებულება ეკისრებათ მის მშობლებს.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლიდან გამომდინარე, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია უფლებამოსილი პირისათვის აღზრდისა და რჩენის ნორმალური პირობების შექმნა ანუ საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის.
მოცემულ შემთხევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის საჭირო მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო და მ. გ-ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა 50 ლარის ოდენობით, 2011 წლის 28 სექტემბრიდან მის სრულწლოვანებამდე. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის ოდენობად არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 50 ლარის განსაზღვრა მშობლისა და სარჩენი პირის ინტერესების გათვალისწინებით სამართლიანი იყო და შესაბამისად, ალიმენტის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივარი მხოლოდ ამ ოდენობით უნდა დაკმაყოფილებულიყო (ტომი 2, ს.ფ. 26-33).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება, ანუ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი შემდეგ მოსაზრებებს ემყარება:
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ მტკიცებულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მიიღო თანხა და მას არანაირი პრეტენზია არ უნდა ჰქონოდა მომავალში. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად შეაფასა სოციალურად დაუცველი პირების მონაცემთა ბაზაში მოპასუხის რეგისტრაციის ფაქტი, კიდევ ის ფაქტი, რომ მას ჰყავს მეორე ოჯახი და სამი არასრულწლოვანი შვილი. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მოპასუხეს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი, მტკიცე თანხის სახით. არასწორია საპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მ. გ-ს გააჩნია უძრავი ქონება. ასეთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო მისმა მეუღლემ და იგი ირიცხება ამ უკანასკნელის სახელზე. ამასთან, საქმეზე წარდგენილია ცნობა მოპასუხის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც ირკვევა, რომ მას აკრძალული აქვს ფიზიკური დატვირთვა, იგი იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ (ტომი 2, ს.ფ. 36-42).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.