Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა





¹ 3კ-773-02 9 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი




საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა



შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე, მ. ახალაძე






დავის საგანი: ალიმენტის გაზრდილი ოდენობით დაკისრება, მკურნალობისათვის 1000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება (სარჩელში). სარჩელზე უარის თქმა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:



1982წ. ივლისში მ. გ-ევას და ო. გ-ძეს შეეძინათ ვაჟიშვილი გ. გ-ძე. ო. გ-ძეს 1984 წლიდან დაეკისრა ალიმენტის გადახდა შვილის, გ. გ-ძის, სარჩენად. იგი 1996-1999 წლებში ალიმენტის სახით ყოველთვიურად უხდიდა მ. გ-ევას 8-10 ლარს. მ. გ-ევამ 2000წ. ივლისში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ო. გ-ძის მიმართ და მოითხოვა ალიმენტის გაზრდა და ერთობლივი დახმარება შვილის სამკურნალოდ. მან თავისი მოთხოვნა დაასაბუთა იმით, რომ მოპასუხე მუშაობს შპს “ალამი-1-ის” ¹22 ჯიხურში; მას გაცილებით მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ალიმენტის სახით გადასახდელი თანხის გასაანგარიშებლად აქვს მითითებული. ამდენად, მან დამალა შემოსავლები, რის გამოც მას ალიმენტის გაზრდილი ოდენობა უნდა დაეკისროს. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შვილის, გ. გ-ძის, სამკურნალოდ 1000 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის.
ო. გ-ძემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე მ. გ-ევას მიმართ და მოითხოვა მის სარჩელზე უარის თქმა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის წარმომადგენელ მ. გ-ევას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ო. გ-ძეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ერთობლივი დახმარების სახით 500 ლარი. ალიმენტის დავალიანების გადახდევინების ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა და განემარტა, რომ მას შეუძლია, მიმართოს სააღსრულებო ბიუროს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-ძემ.
სააპელაციო წესით გაასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. გ-ძის წარმომადგენელმა მ. გ-ევამ.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა მ. გ-ევას სააპელაციო საჩივარი. დააკმაყოფილა ო. გ-ძის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილება და მ. გ-ევას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარება შემდეგ საფუძვლებს: ო. გ-ძე შვილს, გ. გ-ძეს, 8-10 ლარის ოდენობით უხდიდა ალიმენტს 1984 წლიდან 2000 წლამდე. სკ-ს 1231-ე მუხლით გათვალისწინებულია ალიმენტის ოდენობის შეცვლა იმ შემთხვევაში, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მდგომარეობა. ო. გ-ძის მაღალი შემოსავლის დამადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები კი პალატამ საკმარისად არ მიიჩნია. შპს “ა.-....-ს” მიერ გაცემული ცნობით ირკვევა, რომ მოპასუხე ნამდვილად ვაჭრობს ამ საწარმოს ¹22 ჯიხურში, მაგრამ ამ ცნობაში არ არის მითითებული ო. გ-ძის შემოსავალი. გონიოს თემის საკრებულოს მიერ გაცემული ცნობა მსუბუქი ავტომანქანა “ფორდის” ო. გ-ძის საკუთრებაში არსებობის თაობაზე არ არის საკმარისი მტკიცებულება მოპასუხის გაზრდილი შემოსავლის დასადასტურებლად, რადგან თემის საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გ. გ-ძის სარჩელის წარმოებაში მიღების დროისათვის მას უკვე შესრულებული ჰქონდა 18 წელი. კანონით კი მხოლოდ არასრუწლოვნების მიმართ არის დადგენილი ალიმენტის გადიდება. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ გადასახდელი ალიმენტის ნაწილის თაობაზე მოსარჩელემ უნდა მიმართოს სააღსრულებო ბიუროს, ხოლო მის მიერ ალიმენტის გაზრდის მოთხოვნა უსაფუძვლოა.
პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელემ არ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვა ავადმყოფობის შესახებ, ამიტომ პალატამ ამ ნაწილშიც არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. გ-ძის წარმომადგენელმა მ. გ-ევამ. კასატორმა მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: ო. გ-ძე ალიმენტის გადახდისას მალავდა რეალურ შემოსავალს, ამიტომ სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მოითხოვა ალიმენტის გადაანგარიშება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა არასაკმარისად შპს “ა.-....-ს” და საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ო. გ-ძის გადახდაუნარიანობის დამადასტურებლად. გ. გ-ძემ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ალიმენტის გადაანგარიშების და გაზრდილი ოდენობით დაკისრების თაობაზე დააყენა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ის არასრულწლოვანი იყო, ამიტომ პალატამ არასწორად მიუთითა, რომ მოთხოვნის დაყენების მომენტისათვის მოსარჩელე უკვე სრულწლოვანი იყო. უსაფუძვლოდ უთხრა უარი სააპელაციო პალატამ ერთდროული დახმარების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე იმ მოტივით, რომ მოსარჩელემ არ წარადგინა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა. კასატორმა წარადგინა ცნობა ¹1 სამკურნალო-პროფილაქტიკური ცენტრიდან, სადაც მითითებულია, თუ რა დაავადება აღენიშნება გ. გ-ძეს, რომელსაც მკურნალობა აუცილებლად უნდა გაუგრძელდეს.

სამოტივაციო ნაწილი:


საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ გ. გ-ძის წარმომადგენელი მ. გ-ევას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. გ-ევამ მოითხოვა მოპასუხე ო. გ-ძისათვის შვილის, გ. გ-ძის, სარჩენად ალიმენტის გაზრდილი ოდენობით დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ დამალა შემოსავალი და იგი 1996-1999 წლებში იხდიდა გაცილებით ნაკლებ თანხას _ 8-10 ლარს. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა შპს “ა.-....-ს” დირექტორის მიერ გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ო. გ-ძე ხელშეკრულებით ვაჭრობს ამ საზოგადოების ტერიტორიაზე, ¹22 ჯიხურში. მას აღნიშნული ჯიხური გაქირავებული აქვს სხვა პირზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსკ-ს 1231-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, ამ თავში მოხსენებულ პირთათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთ-ერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. იმავე კოდექსის 1212-ე მუხლში კი იმპერატიულადაა მითითებული, რომ მშობელი მოვალეა, არჩინოს მხოლოდ თავისი არასრულწლოვანი შვილი, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილი, რომელიც დახმარებას საჭიროებს. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ. გ-ძე დაბადებულია 1982წ. 18 ივლისს. ხოლო მისმა დედამ მ. გ-ევამ სასამართლოს სარჩელით მიმართა მოპასუხე ო. გ-ძის მიმართ ალიმენტის გაზრდილი ოდენობით დაკისრების თაობაზე 2000წ. 17 ივლისს. რაიონულმა სასამართლომ კი აღნიშნული სარჩელი წარმოებაში მიიღო 2000წ. 21 ივლისს. ამდენად, ო. გ-ძე იმ დროისათვის აღარ იყო ვალდებული, გ. გ-ძისათვის გადაეხადა ალიმენტი.
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მ. გ-ძის მოთხოვნა მკურნალობის ხარჯების – 1000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ავადმყოფობის შესახებ ხარჯთაღრიცხვა. სკ-ს 1215-ე მუხლის თანახმად მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება, დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და ა.შ.). ეს ნორმა მშობელს დამატებითი ხარჯების ანაზღაურების მოვალეობას აკისრებს მხოლოდ არასრულწლოვანი შვილისათვის.
ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:


საკასა ციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :


გ. გ-ძის წარმომადგენელი მ. გ-ევას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 თებერვლის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.