გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-647-03 10 ივლისი, 2003 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: არასრულწლოვან ბავშვზე დანიშნული ალიმენტის გაზრდა და დამატებითი ხარჯების გადახდა.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. გ-ემ სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ვ. მ-ის მიმართ და განმარტა, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1996წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ს თავისი არასრულწლოვანი შვილის, ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, მაგრამ მოსარჩელე დაკისრებულ თანხას წლების მანძილზე არ იხდიდა. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის აღსაზრდელად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დანიშნული ალიმენტის გაზრდა თვეში 100 ლარის ოდენობით, ასევე მოითხოვა მოპასუხეზე დამატებითი ხარჯების დაკისრება 168 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს ბავშვისთვის საჭირო სკოლის სახელმძღვანელოების ღირებულებას.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ვ. მ-ს დაეკისრა მისი შვილის – ლ. მ-ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელს უარი ეთქვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 25 თებერვლის განჩინებით რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა სკ-ს 1215-ე მუხლი და არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 1996წ. 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ს დაეკისრა ალიმენტის გადახდა თვეში ყოველგვარი შემოსავლის 1/3-ის ოდენობით, რასაც მოსარჩელე არ იხდიდა წლების მანძილზე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ს – შვილის, ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 20 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ ვ.მ-ი არ მუშაობს, მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა მტკიცბულებები, რომლითაც დაასაბუთებდა მოპასუხის მუშაობის ფაქტს; სსკ-ს 407-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში კასატორის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული პრეტენზიაა წარმოდგენილი.
თელავის ქვის დამამუშავებელი საამქროს უფროსის ცნობის თანახმად, გურჯაანის რაიონის სოფ. ...ში მცხოვრები ვ. მ-ი მუშაობს საამქროში მხატვრად.
სკ-ს 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში; ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას;
მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით საკასაციო პალატას გონივრულად მიაჩნია ალიმენტის დაკისრება მოწინაღმდეგე მხარისათვის 30 ლარის ოდენობით; სკ-ს 1215-ე მუხლის შესაბამისად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, დასახიჩრებით და სხვა).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სკ-ს 1215-ე მუხლი. მიუთითა, რომ სკოლის სახელმძღვანელოების შეძენა არ შეიძლება იყოს დამატებითი ხარჯების დაკისრების საფუძველი, აღნიშნული კი სსკ-ს 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.
პალატა თვლის, რომ სკოლის სახელმძღვანელოების გარეშე წარმოუდგენელი და შეუძლებელია ბავშვის ნორმალური აღზრდა – განვითარება. ხარჯების დაკისრება ამ მიზნით, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მკურნალობის ხარჯების დაკისრება, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას.
კოდექსის აღნიშნული ნორმა არ შეიცავს იმ შემთხვევების ამომწურავ ჩამონათვალს, როცა მშობელს ეკისრება დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მოვალეობა და იძლევა შესაძლებლობას, სასამართლომ დავის ხასიათის მიხედვით ინდივიდუალურად განსაზღვროს დამატებითი ხარჯების დაკისრების საკითხი;
ვინაიდან საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები არაა გამოსაკვლევი საკასაციო პალატა უფლებამოსილია მიიღოს ახალი გადაწყვეტილება. და მოპასუხეს დააკისროს, როგორც ალიმენტის გადახდა 30 ლარის ოდენობით, ასევე ერთჯერადი დახმარების, 168 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
მ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 25 თებერვლის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
მ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მოპასუხე ვ. მ-ს არასრულწლოვანი შვილის – ლ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის გადახდა თვეში 30 ლარის ოდენობით შვილის სრულწლოვანებამდე; მასვე დაეკისროს ერთჯერადი დახმარების სახით 168 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.