ას-218-909-03 5 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: აუცილებელი გზა.
აღწერილობითი ნაწილი:
2001წ. 15 მაისს თ. მ-მა ე. და დ. კ-ების წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა სახლთან მისასვლელი აუცილებელი სამანქანო გზის აღდგენა შემდეგი საფუძვლით:
ქ. ქუთაისში, ... არსებულ საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთზე მათთან ერთად ცხოვრობენ მოპასუხეები. სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილებით განისაზღვრა ეზოს სარგებლობის წესი, კერძოდ, 771 კვ.მ მიწის ნაკვეთი დარჩა საერთო საკუთრებაში, მაგრამ შიგა ღობე და ჭიშკარი აღდგა. მოპასუხეებმა ისარგებლეს ამ გადაწყვეტილებით გააფართოვეს სახლი, დარგეს ნარგავები, ჩახერგეს გასასვლელი, რის გამოც მათი სახლი ... ქუჩისაგან სრულიად იზოლირებული აღმოჩნდა.
მათ სახლს ... ქუჩასთან აკავშირებდა ჩიხი, მაგრამ მოპირდაპირედ მცხოვრებმა პირებმა ეს ჩიხი ჩათვალეს თავიანთ საკუთრებად. ჩიხს გაუკეთეს ჭიშკარი და მოსარჩელეს აკრძალული აქვს ჩიხის გამოყენებით ეზოში შესვლა.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს: საერთო სარგებლობის ეზოში მათ თვითნებური მშენებლობა არ უწარმოებიათ, ეზოში აშენებული ყველა სათავსი აღნიშნულია შესაბამის რუკაზე, ისინი მოსარჩელესთან ერთად საერთო გზასთან დასაკავშირებლად იყენებდნენ ჩიხს, რომელიც დაკეტილია და თუ იგი აღდგება, მათი დავა, რომელიც რამდენიმე წელია გრძელდება, დასრულდება.
მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ... მცხოვრებნი ს.დ-ი, მ.შ-ი, გ.ნ-ე, გ.დ-ე, პ.მ-ე, ხ.ხ-ი, ა.ე-ე და ნ. ა-ი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 9 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის სახლამდე მისასვლელი გზა ... ქუჩის ¹32, 30 და 28 ნაკვეთებს შორის არსებული შესასვლელიდან.
ამავე სასამართლოს 2001წ. 27 სექტემბრის განჩინებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001წ. 20 დეკემბრის განჩინებით ნ.ა-ის, გ.ნ-ისა და გ.დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და საქმე – ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა – ნება დაერთო მოსარჩელეს ისარგებლოს ქ.ქუთაისში, ... მდებარე მიწის ნაკვეთებს შორის არსებული შესასვლელიდან.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ცხოვრობს ქ.ქუთაისში ... მდებარე საერთო სარგებლობის ეზოში. ამავე ქუჩის ... მდებარე სახლი ეკუთვნის ო.ა-ს და განლაგებულია 345 კვ.მ მიწის ფართობზე, ხოლო ამავე ქუჩის ¹28-ში არსებული სახლთმფლობელობის მფლობელნი არიან: ხ.დ-ი, მ.შ-ი, გ.ნ-ე, გ.დ-ე, პ.მ-ე, ხ.ხ-ი, ა.ე-ე. ამ ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 1069 კვ.მეტრს. ნაკვეთებს შორის არსებული ჩიხი ფართით 261 კვ.მ არ წარმოადგენს კერძო საკუთრებას. თავისი დანიშნულებით წარმოადგენს სახელმწიფო ფონდის მიწას, ანუ საჯარო გზას.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინებით გ.დ-ის, ნ.ა-ის, ლ.ა-ის და გ.ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად მიიჩნია და მიუთითა, რომ სადავო 261 კვ.მ მიწის ნაკვეთი საერთო სარგებლობის მისასვლელი გზაა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება თ.მ-ის ეზოს. ამ მხრიდან მისასვლელ გზაზე მოსარჩელის ეზოში არსებობდა ჭიშკარი, რომელიც თვითნებურად გააუქმეს მოპასუხეებმა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ – მოპასუხეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ თითქოს სადავო საერთო სარგებლობის მისასვლელი გზა მხოლოდ ... 28-30-ში მცხოვრებთა საერთო სარგებლობაში შეიძლება იყოს და მასზე საერთო სარგებლობის უფლება არ შეიძლება ჰქონდეს ამავე ქუჩის 32-ში მცხოვრებ მოსარჩელეს, ვინაიდან სადავო ნაკვეთი საერთო სარგებლობის გზაა და მისი სარგებლობის უფლება ყველასათვის ერთნაირია. საჯარო გზები წარმოადგენენ საერთო სარგებლობის საჯარო ნაკვეთებს და იმყოფებიან ყველას სარგებლობაში ყოველგვარი სპეციალური ნებართვის, თანხმობის გარეშე, მისით სარგებლობის ინდივიდუალიზაცია რაიმე ფორმით ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
2003წ. 20 ივნისს გ.დ-ემ, ნ.ა-მა და გ.ნ-ემ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
კასატორებმა მოითხოვეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
კასატორებს მიაჩნიათ, რომ სასამართლომ არასწორად დაუდგინა მოსარჩელეს მისასვლელი გზა მათი ეზოს გავლით, მაშინ, როცა ამის შესაძლებლობა არსებობდა კოსტანოვების ეზოს გავლით, მითუმეტეს, როცა მათი ეზოს გავლით სამანქანო შესასვლელი მოსარჩელეს არ გააჩნდა არასდროს, არსებობდა მხოლოდ სამეზობლო ჭიშკარი, რომელიც გაუქმდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ.
სადავო მიწის ნაკვეთი კასატორთა საერთო საკუთრებაა და არ შეიძლება მასზე რაიმე მოთხოვნის უფლება გააჩნდეს მოსარჩელეს. მათი მოსაზრებით, სკ-ს 1513-ე მუხლის საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთი უკვე მათ საკუთრებას წარმოადგენს.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათი სააპელაციო საჩივრის მოსაზრება მიწის კოდექსის 149-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რომლის თანახმადაც საერთო მიწის ნაკვეთით სარგებლობის წესის განსაზღვრა ხდება მოქალაქეთა საკუთრებაში მყოფ ნაგებობათა ნაწილის გათვალისწინებით და რომ სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს ამ წესს იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ნაგებობის თანამფლობელთა შორის დამკვიდრებულია მიწის ნაკვეთით გარკვეული სარგებლობის წესი და მის შეცვლას შეუძლია არსებითად შელახოს მათი ინტერესები. მათი მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ამ ურთიერთობის დასარეგულირებლად არასწორად გამოიყენა სკ-ს 175-ე მუხლი, მაშინ როცა ერთი განსაზღვრავს ინდივიდუალურ ნაგებობათა თანამფლობელებს შორის საადგილმამულო დავის განხილვას, მეორე კი – სამეზობლო თმენის ვალდებულებას.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სადავო ნაკვეთის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის განმარტებას, ვინაიდან მას არ მიუთითებია, რომ სადავო მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა ჩიხს.
მათი მოსაზრებით, სააპელაციო სასასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 180-ე მუხლი იმ თვალსაზრისით, რომ საერთო ეზოს მესაკუთრე კოსტანოვს აქვს სამანქანო გზა, ხოლო მ-ს – არა, მაშინ, როცა ამ გზით სარგებლობდა მოსარჩელის და.
კასატორთა მოსაზრებით, დაირღვა მათი უფლება განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა სასამართლოს 1998წ. გადაწყვეტილებას და არასწორად მიუთითა, რომ თითქოს ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კოსტანოვებმა საერთო სარგებლობის ეზოში აღმართეს ნაგებობები, მაშინ, როცა ასეთი არ მომხდარა.
კასატორთა მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არ ემყარება სათანადო მტკიცებულებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
მოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნაა აუცილებელი სამანქანო გზის მიღება. ... ¹32 ლიტერ “ბ-ში” მცხოვრები მოსარჩელე ამ გზის მიცემას მოითხოვდა ... ¹32 ლიტერ “ა-ში” მცხოვრები ე. და დ. კოსტანოვებისაგან, ვისთანაც საერთო სარგებლობაში აქვს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ანდა ამავე ქუჩის ¹28 და 30-ში მეზობლად მცხოვრებ პირთა სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთთან.
სააპელაციო სასამართლომ იმ საფუძვლით, რომ საერთო საკუთრების ეზოდან შეუძლებელი იყო აუცილებელი გზის მიცემა, მოთხოვნა დააკმაყოფილა ... ¹28-ში და ¹30-ში მცხოვრებ პირთა მფლობელობაში არსებული გზიდან.
სკ-ს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუკი მიწის ნაკვეთს არა აქვს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ... ქუჩა ¹32-ში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც მოსარჩელისა და მოპასუხე კოსტანოვების საერთო საკუთრებაშია და ამ ნაკვეთს აქვს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან.
საერთო საკუთრების შემთხვევაში ქონება ერთობლივად ეკუთვნის რამდენიმე პირს. თითოეული მათგანი არის ამ ქონების თანამესაკუთრე. საკუთრების დაცვა ხორციელდება ყველა მესაკუთრის ინტერესების სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ... მდებარე მიწის ნაკვეთი მ-ისა და კ-ების საერთო საკუთრებაშია და ამ ნაკვეთს აქვს აუცილებელი გზა, ამ სიკეთით თანაბარწილად შეუძლია ისარგებლოს თანამესაკუთრეებმა, როგორც მ-მა, ისე კ-ებმა.
მართალია, საქმეში არსებობს ექსპერტის დასკვნა, რომ ... ¹32-ში არსებული საერთო სარგებლობის ეზოში საგანგებო სატრანსპორტო შესასვლელის მოწყობა შეუძლებელია, მაგრამ ამავე დასკვნის გამოკვლევის ნაწილში მითითებულია, რომ მოქმედი ნორმების გათვალისწინებით შესასვლელი გზის მინიმალური სიგანე ნაცვლად 3 მეტრისა 2,3 მეტრია, რაც შეუძლებელს ხდის მ-ის სახლამდე საგანგებო სატრანსპორტო შესასვლელის მოწყობის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება უნდა მიაპყროს მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია საგანგებო სატრანსპორტო გზის მოწყობა და კანონიც არ ითვალისწინებს საგანგებო სატრანსპორტო გზას აუცილებელ გზად. აუცილებელ გზაში კანონმდებელი მოიაზრებს ისეთ კავშირს საჯარო გზასთან, რომელიც აუცილებელია ამ მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირის სახით.
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ თითქოს ... ¹32 ლიტერ “ა” ბინაში კოსტანოვებმა უნებართვო ნაგებობების მოწყობით შეუზღუდეს მოსარჩელეს საერთო შესასვლელით სარგებლობის შესაძლებლობა და ამიტომ მას აუცილებელი გზა უნდა გამოეყოს ამავე ქუჩის ¹28-ში და ¹30-ში მცხოვრები პირების სარგებლობაში არსებული ჩიხიდან, ვინაიდან სკ-ს 180-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი გზის ან თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით. თუკი ... ქუჩა ¹32-ში მცხოვრებმა ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ უკვე არსებული დაკავშირება გააუქმა, ანუ კოსტანოვებმა თავისი კანონსაწინააღმდეგო მოქმედებით შეზღუდა მეორე თანამესაკუთრის უფლება აუცილებელ გზასთან დაკავშირებით, ასეთ შემთხვევაში თანამესაკუთრის თვითნებური მოქმედების გამო მეორე თანამესაკუთრეს არ წარმოეშობა მესამე პირისათვის აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება, ვინაიდან სკ-ს 957-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულებების მიხედვით მოითხოვოს საზიარო საგნის ყველა მოწილის ინტერესების შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელეს შეუძლია თანამონაწილეს მოსთხოვოს სამართლიანი შეხედულების მიხედვით მისი ინტერესების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, თუკი კოსტანოვების მოქმედება ხელს უშლის მას აუცილებელი გზით სარგებლობაში.
სააპელაციო სასამართლომ უნდა გაარკვიოს საქმეში არსებული ტექ. აღრიცხვის სამსახურის უფროსის ხელმოწერით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობა. ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებების დამატებითი გამოკვლევით უნდა დაადგინოს სადავო მიწის ნაკვეთი (261 კვ.მ მიწის ნაკვეთი) ჩიხია, თუ ... ქუჩა ¹28-ში და 30-ში მდებარე 1069 კვ.მ მიწის ნაკვეთთან ერთად იგი იქ მცხოვრებ პირთა საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სავსამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.