ას-58-49-2011 27 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ნ. ხ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ა-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 30 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ხ-ძემ მოპასუხე ზ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილების _ ბ. და ნ. ა-ძეების სარჩენად თითოეულ ბავშვზე 150-150 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2001 წლის 26 აპრილიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი: ბ. ა-ძე და ნ. ა-ძე. ამ დროისათვის ქორწინება შეწყვეტილი იყო. შვილების აღზრდა მოითხოვდა აუცილებელი ხარჯების გაღებას. ამას ემატებოდა ისიც, რომ უმცროსი შვილი, ნ. ა-ძე არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, იგი დაავადებულია ბრონქიალური ასთმით. მისი მკურნალობა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. მოპასუხე თავს არიდებდა მშობლის მოვალეობის შესრულებას. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მოპასუხეს ალიმენტის გადახდის ფინანსური შესაძლებლობა გააჩნდა, იგი გადახდისუნარიანი იყო. სარჩელზე თანდართული ცნობით დგინდებოდა, რომ ზ. ა-ძე წარმოადგენდა ინდმეწარმეს და ქ. ქუთაისში, ... ¹65-ში მას ჰქონდა ხის საამქრო. მოპასუხეს ასევე გააჩნდა დამატებითი შემოსავლის წყარო მუსიკოსობიდან. მის გადახდისუნარიანობას ცხადყოფდა ის გარემოებაც, რომ 2008 წლის 25 ივლისს მოპასუხეს საკუთარი ბიზნესისათვის სს “...ბანკიდან” აღებული ჰქონდა კრედიტი, 2000 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით, თვეში 190 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებით. მოპასუხემ კრედიტის გადახდა შეძლო ყოველგვარი ვადის გადაცილებისა და დარღვევის გარეშე (ს.ფ. 1-10).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ:
მოსარჩელის მიერ გამოთქმული მოსაზრება, ინდმეწარმეობიდან რაიმე სახის მატერიალური შემოსავლის მიღების შესახებ, მოკლებული იყო რეალობას. უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ხის გადამამუშავებელი საამქროს მუშაობის წამგებიანობის გამო, კომერციული თვალსაზრისით გაუმართლებელი შეიქმნა მისი შემდგომი ფუნქციონირება და იგი ძულებული გახდა 4 თვის წინ დაეხურა საწარმო. ამჟამინდელი მდგომარეობით იგი უმუშევარი იყო და არავითარი შემოსავლის წყარო არ გააჩნდა. მიუხედავად არასახარბიელო მატერიალური მდგომარეობისა, იგი ყოველთვის ეხმარებოდა შვილებს და ამჟამადაც თანახმა იყო ალიმენტის სახით თითოეულ ბავშვზე გადაეხადა 50-50 ლარი. ყოველთვიურად 300 ლარის გადახდას კი ვერ შეძლებდა, რადგან არ მუშაობდა, ამასთან, ჰყავდა ხანშიშესული დედა, რომელიც ხშირად ავადმყოფობდა და ფინანსურ დახმარებას საჭიროებდა (ს.ფ. 37-45, 72-78).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ. ა-ძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების, ბ. და ნ. ა-ძეების, სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2010 წლის 30 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე.
სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. ხ-ძე და ზ. ა-ძე 2001 წლის 26 აპრილიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ბ. და ნ. ა-ძეები;
არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან, ნ. ხ-ძესთან;
არასრულწლოვანი ნ. ა-ძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მკურნალობას;
2010 წლის 1 სექტემბერს ზ. ა-ძემ შეწყვიტა სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა;
სასამართლომ მოწმე ფ. ი-ძის ჩვენებით დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ა-ძე შვილების მიმართ იჩენდა მზრუნველობას.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა 1000 ლარს. აღნიშნული გარემოებები საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის ეს დებულება თავისი შინაარსით ზოგადი ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც განსაზღვრავს მშობლების მოვალეობას არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო შვილების მიმართ. მშობლების მიერ შვილების რჩენის მოვალეობის შინაარსი მოიცავს ალიმენტის სახით დახმარებასაც.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ალიმენტის დაკისრებისას დაეყრდნო იმ გარემოებას, რომ მოდავე მხარეების შვილები _ ბ. და ნ. ა-ძეები, არიან არასრულწლოვნები (მცირეწლოვანები), რაც სასამართლოს მოსაზრებით, ქმნიდა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძველს.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის დასახელებულმა დებულებამ, ალიმენტის ოდენობის დადგენა სასამართლო კომპეტენციას მიაკუთვნა. ნორმის ამგვარი დათქმა, თავისთავად არ გულისხმობს, რომ სასამართლომ თავისი სუბიექტური შეხედულებებიდან გამომდინარე უნდა განსაზღვროს ალიმენტის ოდენობა. ზემოთ მოყვანილი დებულება ადგენს იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ამ ვითარებაში, კერძოდ, გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტს. ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რას მოითხოვს გონივრულობა და სამართლიანობა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ერთი მხრივ, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ხოლო მეორე მხრივ, ითვალისწინებდეს მშობლის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. სამოქალაქო კოდექსის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმით, რომ იგი ცდილობს მაქსიმალურად დააბალანსოს, როგორც შვილის, ისე ვალდებული პირის (ამ შემთხვევაში მამის) ინტერესები.
საქალაქო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოპასუხის რეალური მატერიალური და ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა იქნებოდა თვეში 100-100 ლარი თითოეულ ბავშვზე.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების (ბ. და ნ. ა-ძეები) სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან (2010 წლის 30 ივლისი) უნდა დაკისრებოდა ყოველთვიურად ალიმენტის სახით 100-100 ლარის გადახდა მათ სრულწლოვანებამდე (ს.ფ. 92-94).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მასზე დაკისრებული საალიმენტო თანხის, რაც ჯამში ყოველთვიურად 200 ლარს შეადგენდა, 80 ლარამდე შემცირება (ს.ფ. 98-106).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ზ. ა-ძეს 2010 წლის 30 ივლისიდან (სარჩელის სასამართლოში შეტანის დროიდან) არასრულწლოვანი შვილების, ბ. და ნ. ა-ძეების, სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა 50-50 ლარის ოდენობით, მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის შეცვლამდე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მიუთითა მათზე და დამატებით აღნიშნა შემდეგი:
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ზ. ა-ძემ განმარტა, რომ ადრე ჰქონდა ინდსაწარმო, მაგრამ ამჟამად მისი სამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობა შეწყვეტილია და არ აქვს არანაირი საშუალება გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 ლარი;
ზ. ა-ძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე განმარტა, რომ აღარ ცხოვრობს მეუღლის სახლში, იგი მის სახლში ცხოვრობს დედასთან, რომელიც არის ინვალიდი და მის კმაყოფაზეა, ამასთან, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნ. ხ-ძის მოსაზრება, რომ რადგან სესხის პროცენტებს ზ. ა-ძე კეთილსინდისიერად ფარავდა, მას ჰქონდა ეკონომიური საშუალება გადაეხადა ალიმენტის სახით 200 ლარი ყოველთვიურად. სასამართლოს მოსაზრებით, სესხზე გათვალისწინებული პროცენტის კეთილსინდისიერად დაფარვა არ მეტყველებდა იმაზე, რომ აპელანტს ჰქონდა ეკონომიური საშუალება იმ ოდენობით ეხადა ალიმენტი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკისრა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე აპელანტმა განმარტა, რომ იგი თანახმა იყო დაკისრებოდა ალიმენტის სახით ორივე შვილზე 50-50 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ფაქტობრივი რეალობის პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა ზ. ა-ძის ყოველთვიური მყარი შემოსავლის ოდენობა (მას აღარ ჰქონდა ინდსაწარმო; მის კმაყოფაზე იყო ინვალიდი დედა და და; დედამისი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში), სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მისთვის 100-100 ლარის (სულ 200 ლარი ყოველთვიურად) ოდენობით ალიმენტის თანხის დაკისრება დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან ნ. ხ-ძემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები იმის დასტურად, მართლაც ჰქონდა თუ არა აპელანტს მყარი ყოველთვიური შემოსავალი, მხოლოდ მხარის განმარტებას ამ საკითხზე სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია აპელანტ მხარეს მისი ეკონომიური მდგომარეობის გათვალისწინებით დაკისრებოდა ალიმენტის სახით 50-50 ლარის გადახდა (სულ 100 ლარი) ყოველთვიურად მისი არასრულწლოვანი შვილების ბ. და ნ. ა-ძეების სასარგებლოდ ყოველთვიურად მათ სრულწოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე (ს.ფ. 167-172).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ხ-ძემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა შემდეგ არგუმენტებზეა დაფუძნებული:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია კანონის რიგი ნორმები: ა. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის მოთხოვნა, რომლითაც დადგენილია მშობლების მოვალეობები შვილების მიმართ; ბ. 1212-ე მუხლის დანაწესი, რომელიც შეეხება შვილების რჩენის მოვალეობას; გ. 1214-ე მუხლი, რომელშიც საუბარია ალიმენტის ოდენობის განსაზღვრაზე სასამართლოს მიერ; დ. 1202-ე მუხლი, რომელიც ადგენს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ. სასამართლომ უგულებელყო ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენცია;
გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოპასუხის მცირეწლოვანი შვილი ნ. ა-ძე არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, იგი დაავადებულია ბრონქიალური ასთმის მძიმე ფორმით. ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივ მკურნალობას ჰორმონალური პრეპარატებით. 50 ლარი, რა თანხის გადახდაც მოპასუხეს დაეკისრა, დღეისათვის არსებული საარსებო კალათის მესამედსაც არ წარმოადგენს. დავის ამგვარად გადაწყვეტა ზიანის მომტანია მე-2 ჯგუფის ინვალიდი შვილისათვის, რომელსაც ყოველთვიურად მხოლოდ 200 ლარის ჰორმონალური პრეპარატი ესაჭიროება;
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელეც მე-2 ჯგუფის ინვალიდია, მას შეზღუდული აქვს შრომისუნარიანობა, ესაჭიროება ძვირადღირებული ჰორმონალური პრეპარატები;
სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხე დასაქმებულია, ის არის მუსიკოსი, ვაჭრობს ავტომობილებით, არის ინდმეწარმე და ინდმეწარმეობის რეგისტრაციის გაუქმება მოხდა სწორედ სასამართლოში საქმის წარმოების მიმდინარეობის დროს. ამასთან, მიუხედავად ამისა, მოპასუხე დღესაც აგრძელებს სამეწარმეო საქმიანობას ქუთაისში, ... ¹65-ში. მოპასუხეს სოფელში აქვს ძლიერი მეურნეობა. მოპასუხე არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში და არ იღებს საარსებო შემწეობას (ს.ფ. 175-182).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს, მოსარჩელე ნ. ხ-ძესა და მოპასუხე ზ. ა-ძეს, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2002 წლის 19 აგვისტოს დაბადებული ბ. ა-ძე და 2004 წლის 3 აპრილს დაბადებული ნ. ა-ძე (ს.ფ. 13, 14); ნ. ა-ძე ბავშვობიდან ინვალიდია, იგი დაავადებულია ბრონქიალური ასთმის შერეული ფორმით, მძიმე მიმდინარეობით (ჰორმონდამოკიდებული ფორმა, II-III ხარისხის სუნთქვის უკმარისობა), მას დადგენილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი (ს.ფ. 15-17, 56), რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მკურნალობას; ბავშვების დედა, მოსარჩელე ნ. ხ-ძე, ასევე ბავშვობიდან ინვალიდია, იგი არის მეორე ჯგუფის ინვალიდი უვადოდ და მასაც ესაჭიროება მკურნალობა (ს.ფ. 57); ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ამ უკანასკნელის მშობლების სახლში; მოპასუხე ზ. ა-ძე ოფიციალურად უმუშევარია, იგი ცხოვრობს სოფელში დედასა და დასთან ერთად, აქვთ დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ჰყავთ საქონელი, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან ბაზარში (იხ. სხდომის ოქმები, ს.ფ. 72-78; 161); მოპასუხის დედა არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (ს.ფ. 47).
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო, ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწოვანი შვილები.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე მიიღებს სასამართლო.
კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ზ. ა-ძე არის შრომისუნარიანი პირი, ხოლო მოსარჩელე მეორე ჯგუფის ინვალიდია უვადოდ და მკურნალობას საჭიროებს. ამასთან, მართალია, მოპასუხე ოფიციალურად უმუშევარია, მაგრამ აღნიშნული არ გამორიცხავს მისი თვითდასაქმებისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. თავად მოპასუხის განმარტებით, იგი ავტომანქანებით ვაჭრობდა, ჰქონდა ხის საამქრო, ასევე, როგორც მუსიკოსი, შეკვეთებით იღებდა შემოსავლებს. ამდენად, მოპასუხე თვითდასაქმებული იყო და შემოსავლებიც გააჩნდა, თუმცა, მისივე განმარტებით, ყველა ზემოაღნიშნულ საქმიანობას მან თავი დაანება ალიმენტის თაობაზე სარჩელის შეტანამდე რამდენიმე თვით ადრე. უდავოა, რომ ინდმეწარმედ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით მოპასუხემ საგადასახადო ორგანოს მიმართა მის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული იძლევა იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ მოპასუხე შესაძლოა, ამჟამადაც დასაქმებული იყოს იმავე ან სხვა საქმიანობით. ამასთან, ეს პრეზუმფცია სარწმუნოდ გაქარწყლებულიც რომ იყოს, მოპასუხე არ უარყოფს, რომ მოსარჩელესთან განქორწინების შემდეგ, იგი ცხოვრობს სოფელში დედასა და დასთან ერთად, სადაც აქვთ დაახლოებით 1 ჰა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მოჰყავთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები, ჰყავთ საქონელი და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ყიდიან ბაზარში, შესაბამისად, აქვთ შემოსავალიც. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში უნდა იქნეს ასევე მიღებული ის გარემოება, რომ მცირეწლოვანი ნ. ა-ძე (ისევე როგორც მოსარჩელე) დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და, გარდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნებისა, საჭიროებს დამატებით სახსრებს მკურნალობისათვის, მედიკამენტებისა და ექიმების მომსახურებისათვის. საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოებაც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, ანუ – საარსებო მინიმუმს. ალიმენტვალდებულის უმუშევრობა, თუ ეს არაა გამოწვეული ავადმყოფობით ან სხვა საპატიო მიზეზით, არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ უარი თქვას არასრულწლოვანის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფაზე და არ დაავალდებულოს მშობელი, გადაიხადოს ალიმენტი ამ ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მინიმალურადაც კი ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თითოეული ბავშვის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობა, რომელიც მინიმალურად უზრუნველყოფს მათი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, უნდა განისაზღვროს 100 ლარით. ამდენად, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 150 ლარის დაკისრების წინაპირობა რომც არსებობდეს, მოცემულ შემთხვევაში, ამ ფარგლებში სარჩელი ვერ დაკმაყოფილდება, ვინაიდან პროცესუალურად ეს შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხის მიმართ საქმე საუარესოდ შებრუნდება. საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო, თავის მხრივ, უფლებამოსილია, შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მითითებული ნორმა ემყარება დისპოზიციურობის პრინციპს, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო შებოჭილია სააპელაციო საჩივრის, ანუ ამ საჩივარში ჩამოყალიბებული აპელანტის მოთხოვნის ფარგლებით. ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, დაუშვებელია საქმის საუარესოდ შებრუნება. საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც საჩივრის ავტორის სასარგებლოდაა გამოტანილი, არ შეიცვლება მის საზიანოდ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ. ხ-ძეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100-100 ლარის ოდენობით, ანუ მოსარჩელეს საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა სადავოდ არ გაუხდია. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს სარჩელის დაკმაყოფილება შეუძლია მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში და იგი არაა უფლებამოსილი, მოპასუხის საუარესოდ შეაბრუნოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად სწორად არ შეაფასა, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულის გამო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე ზ. ა-ძეს უნდა დაეკისროს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების, ბ. და ნ. ა-ძეების, სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2010 წლის 30 ივლისიდან მათ სრულწლოვანებამდე (სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, დაეკისრება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39.1 მუხლის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, ხოლო საკასაციო საჩივრისათვის – დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 108 ლარს (300X12X3%), ხოლო საკასაციო საჩივარზე – 300 ლარს (200X12X5%). აქედან გამომდინარე, სარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იქნება 222 (108:3X2+300:2X1) ლარი, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ. ხ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. მოპასუხე ზ. ა-ძეს დაეკისროს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილების, ბ. და ნ. ა-ძეების, სასარგებლოდ თითოეულ ბავშვზე 100-100 ლარის ოდენობით ყოველთვიურად სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2010 წლის 30 ივლისიდან, მათ სრულწლოვანებამდე;
5. მოპასუხე ზ. ა-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 222 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.