ას-2-2-2011 31 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
სხდომის მდივანი _ ლ. ს-ძე
კასატორი _ ე. ნ-ია (მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ ნ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. გ-ვი (მოპასუხე)
წარმომადგენელი_ა. თ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის პირველი ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ალიმენტის დაკისრება, მამობის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ე. ნ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. გ-ვის მიმართ მამობის დადგენისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 1993 წელს მოსარჩელემ გაიცნო დ. გ-ვი და ორი წელი მეგობრობდნენ. მხარეები 1995 წელს დაქორწინდნენ და გაემგზავრნენ ქ.მოსკოვში საცხოვრებლად. გართულებული ორსულობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო საქართველოში. 1996 წლის 13 თებერვალს შეეძინათ შვილი – ა. ნ-ია. დ. გ-ვი არ იჩენს მზრუნველობას ბავშვის მიმართ. მოსარჩელის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას.
Mმოპასუხე დ. გ-ვმა სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას ე.ნ-იასთან არასოდეს ჰქონია ურთიერთობა. მისთვის სარჩელიდან გახდა ცნობილი, რომ, თითქოს ა. ნ-ია მისი შვილია,Mასევე უარყო ე.ნ-იასთან მოსკოვში დაქორწინებისა და თანაცხოვრების ფაქტი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილებით ე. ნ-იას სარჩელი მამობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-იას მამად დადგინდა დ. გ-ვი, ასევე დ. გ-ვს ა. ნ-იას სასარგებლოდ დაეკისრა მის სრულწლოვანებამდე 150 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-იას წარმომადგენელმა ნ. ს-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ნ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, Gგაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ე. ნ-იას სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დ. გ-ვს არასრულწლოვანი შვილის, 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-იას, სასარგებლოდ სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2009 წლის 27 ოქტომბრიდან, მის სრულწლოვანებამდე დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის 200 ლარის გადახდა. Eე. ნ-იას სარჩელი გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით: პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 მაისის გადაწყვეტილება მამობის დადგენის ნაწილში არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, კერძოდ, დადასტურებულად ცნო, რომ 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ია დ.გ-ვისა და ე.ნ-იას შვილია. დ.გ-ვი იმყოფება ქორწინებაში ქ. ბ-ძესთან და ჰყავს ორი შვილი: 2003 წლის 15 იანვარს დაბადებული შ. გ-ვი და 2007 წელის 17 სექტემბერს დაბადებული ც. გ-ვი. დ. გ-ვი არის შპს «... გრუფის» ხელმძღვანელი, შპს «... 2007-ის» წილის მფლობელი და შპს «.... XXI-ის» დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი. დადგენილად ცნო ისიც, რომ ე. ნ-იას სარჩელის აღძვრამდე არასოდეს მოუთხოვია, მოპასუხისათვის გადაეხადა ალიმენტი. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1214-ე მუხლებით და მიუთითა, რომ დ. გ-ვი ვალდებულია, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი – ა. ნ-ია. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დადგენილად ცნო, რომ დ.გ-ვი შპს «... გრუფის» ხელმძღვანელი, შპს «... 2007-ის» 25%-იანი წილის მფლობელი, შპს «... XXI-ის» დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია, Aასევე საქმეში წარმოდგენილი შედარების აქტების საფუძველზე დადასტურებულად ცნო, რომ შპს «... 2007-მა» და შპს «... XXI-მა» 2009 სამეურნეო წელი დასასრულის აქვს მოგებით, ამდენად, მიიჩნია, რომ დ.გ-ვს, გააჩნია შემოსავალი. ამასთან, მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ გარდა ა. ნ-იასი, დ. გ-ვს კმაყოფაზე ჰყავს არასრულწლოვანი და მცირეწლოვანი შვილები. პალატამ დაადგინა, რომ დ.გ-ვს მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს ალიმენტის ყოველთვიურად 200 ლარის გადახდა. ვინაიდან ე. ნ-იას სარჩელის წარდგენამდე არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდა, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილზე დაყრდნობით, პალატამ აპელანტის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოდ მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ნ-იას წარმომადგენელმა ნ. ს-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ა. ნ-იას მძიმე საცხოვრებელი პირობები, კერძოდ, მოსარჩელის ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია, რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბ-ში და იღებს საარსებო შემწეობას. ა. ნ-ია ცხოვრობს სახელმწიფო ბაგა-ბაღში მოხუც ავადმყოფ მეურვესთან ერთად და არის ავად. დ. გ-ვი კი, ბიზნესმენია და მატერიალურად უზრუნველყოფილია. დ. გ-ვს 14 წლის განმავლობაში მონაწილეობა არ მიუღია ა. ნ-იას აღზრდასა და მკურნალობაში და თავს არიდებდა ალიმენტის გადახდას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე და 1234-ე მუხლების თანახმად, მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათზე და აღზარდონ ისინი მათი ინტერესების გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს იმავე სასამართლოში, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია მტკიცებულებათა არასრული გამოკვლევა და მის საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასარწმუნოობა, კერძოდ:
Eე. ნ-იას სარჩელი დ.გ-ვის მიმართ გასული პერიოდის ალიმენტის დაკისრების ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა იმ საფუძვლით, რომ ე. ნ-იას სარჩელის წარდგენამდე არასოდეს მოუთხოვია მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდა და არავითარი ზომა არ მიუღია მის მისაღებად.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე პუნქტით, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იქნა მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას.
აღნიშნული ნორმის გამოყენების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს სარჩელის წარდგენამდე სარჩოს მოთხოვნისა და ვალდებული პირის მიერ ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე თავის არიდების ფაქტები, რომელთა დამადასტურებლად ე.ნ-იამ სარჩელშიც და სააპელაციო საჩივარშიც მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზე. ამ მტკიცებულებათა შეუფასებლობა წარმოადგენს რა კასატორის დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლოს სრულად და უტყუარად არ გამოუკვლევია ზემოხსენებული მტკიცებულებები (ტ.I ს.ფ. 73-76).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ფაქტობრივი დასაბუთებულობის შემოწმების დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თუ არა საქმეში არსებული ან ახლად წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას აღნიშნულთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ რატომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ამა თუ იმ სადავო ფაქტის არსებობასთან ან არარსებობასთან დაკავშირებით უნდა ემყარებოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსის შესწავლასა და მათი იურიდიული ძალის დადგენას. ამასთან, როდესაც პირი სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, როგორც მისთვის მიუღებელსა და არადამაჯერებელს, სააპელაციო სასამართლომ, რომელიც ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, დასაბუთებულად უნდა განუმარტოს აპელანტს, თუ რატომ, რომელ ფაქტებსა და ნორმებზე დაყრდნობით არ იზიარებს მის თითოეულ პრეტენზიას, რატომ არ არის დამაჯერებელი აპელანტის მიერ მითითებული მტკიცებულება სადავო ფაქტის დასადგენად. კანონი იმპერატიულად ავალდებულებს სააპელაციო სასამართლოს, დასაბუთებული პასუხი გასცეს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიებს. სასამართლოს უპირველეს ფუნქციას სწორედ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება და იმ პრეტენზიებზე დამაჯერებელი პასუხის გაცემა წარმოადგენს, რაც გააჩნია მოდავე მხარეს.
ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს კასატორის მოწინააღმდეგე მხარის პოზიციაზე ყურადღების გამახვილებას, კერძოდ: მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტით, წინა წლების ალიმენტის მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან დ.გ-ვის მამობის ფაქტი წინამდებარე სარჩელით დადგინდა. საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მშობლების უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია შვილის წარმომავლობა და არა ამ წარმომავლობის ფაქტის დამოწმება. მშობლის უფლება-მოვალეობები შვილის მიმართ წარმოიშობა ბავშვის დაბადებიდან და არა იმ მომენტიდან, როცა მამობა სასამართლო წესით იქნა დადგენილი.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1996 წლის 6 თებერვალს დაბადებული ა. ნ-ია დ.გ-ვისა და ე.ნ-იას შვილია. დ.გ-ვი იმყოფება ქორწინებაში ქ. ბ-ძესთან და ჰყავს ორი შვილი: 2003 წლის 15 იანვარს დაბადებული შ. გ-ვი და 2007 წლის 17 სექტემბერს დაბადებული ც. გ-ვი. დ.გ-ვი არის შპს «... გრუფის» ხელმძღვანელი, შპს «... 2007-ის» 25%-ის წილის მფლობელი, შპს «... XXI-ის» დამფუძნებელი და 100%-იანი მფლობელი. შპს «... 2007-ს», და შპს «... XXI-ს» 2009 სამეურნეო წელი დასრულებული აქვს მოგებით. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ა. ნ-ია რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და იღებს საარსებო შემწეობას, აქვს ლტოლვილის სტატუსი, იმყოფება ქვეყნის გარეთ, ბავშვი კი - ცხოვრობს მეურვესთან ერთად. ა. ნ-ია ავადაა და საჭიროებს გეგმიურ ოპერაციულ ჩარევას.
მოცემულ დავაზე დადგენილი არასრულწლოვან ა. ნ-იას მძიმე ჯანმრთელობისა და ეკონომიური მდგომარეობის საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულებები არასრულწლოვანის მამას – დ. გ-ვს არ წარმოუდგენია. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ნ-იას სარჩენად ალიმენტის ოდენობის ყოველთვიურად 200 ლარით განსაზღვრაც ხელახალ შემოწმებას და შეფასებას საჭიროებს ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლობაში შეფასებით.
საქმის ხელახლა განხილველმა სასამართლომ მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებისა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ უნდა გამოიტანოს დასკვნები ფაქტობრივი გარემობების არსებობა-არარსებობის თაობაზე და შეაფასოს სათანადოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ნ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1-ლი ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.