Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება
საქართველოს სახელით

¹ას-711-1041-07 19 მარტი, 2008წ.
ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. თ-აძე

წარმომადგენელი _ ბ. ბ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. თ-ძე-თ-აძე

წარმომადგენელი _ ხ. ზ-იძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 9 სექტემბერს ა. თ-აძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ. თ-ძე-თ-აძის წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 სექტემებრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილევლად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
2005 წლის 10 ნოემბერს მოპასუხე ნ. თ-ძე-თ-აძემ შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ა. თ-აძის წინააღმდეგ და მოითხოვა მისთვის ალიმენტის დაკისრება მცირეწლოვანი შვილის _ დ. თ-აძის სარჩოდ ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით და თანასაკუთრებიდან წილის გამოყოფა შემდეგი საფუძვლებით: შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, 1997 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი _ 2003 წლის 2 დეკემბერს დაბადებული დ. თ-აძე. თანაცხოვრების დროს შეიძინეს ოროთახიანი ბინა _ მდებარე ქ.ბათუმში, …ის ქ. ¹41-ში, ასევე საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც მათ თანასაკუთრებას წარმოადგენს. რაც შეეხება ალიმენტის დაკისრებას, მისი განმარტებით, ა. თ-აძე მუშოაბს ქ.ბათუმში, სს “ .. ..-ის” სათავო ოფისში და მისი ხელფასი შეადგენს 1550 ლარს (თანამდებობრივი სარგო 775 ლარი და პრემია 775 ლარი), ხოლო თვითონ არის ინვალიდი, უმუშევარი, ბავშვი ცხოვრობს მასთან ერთად და, ვინაიდან სხვა მარჩენალი არც თვითონ და არც მის შვილს არ ჰყავს, მოითხოვა ა. თ-აძისათვის ყოველთვიურად ალიმენტის დაკისრება 550 ლარის ოდენობით, რომელიც 2006 წლის 5 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე შეამცირა 300 ლარამდე.
ა. თ-აძის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ა. თ-აძე ავტოავარიის შედეგად გახდა პირველი ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც გაათავისუფლეს სამსახურიდან და ამჟამად არსად მუშაობს, ჰყავს მეორე ოჯახი _ ერთი მცირეწლოვანი ბავშვი და ორსული მეუღლე. ა. თ-ე ავადმყოფობის გამო საჭიროებს გარეშე მომვლელს, რის გამოც მას არ შეუძლია ალიმენტის გადახდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ა. თ-აძის სარჩელი დაკმაყოფილდა და მხარეებს შორის შეწყდა ქორწინება, რომელიც შევიდა კანონიერ ძალაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო ნ. თ-ძე-თ-აძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ა. თ-აძის მიმართ ერთად შეძენილი ქონების გაყოფის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 2006 წლის 5 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე, ა. თ-აძის წარმომადგენელმა ბ. ბ-შვილმა შუამდგომლობით მოითხოვა საქმის წარმოების შეჩერება ა. თ-აძის ავადმყოფობის გამო, რაც არ დაკმაყოფილდა საოქმო განჩინებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. თ-ძე-თ-აძის შეგებებული სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. თ-აძეს დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის _ 2003 წლის 2 დეკემბერს დაბადებული დ. თ-აძის სასარგებლოდ თვეში 200 ლარის ოდენობით 2005 წლის 10 ნოემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
2007 წლის 23 თებერვალს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. თ-აძის წარმომადგენელმა ბ. ბ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ა. თ-აძისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მოგვიანებით დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა საქმის წარმოებით შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ა. თ-აძის წარმომადგენელ ბ. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალი გადაწყვეტილებით შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემებრის გადაწყვეტილება, ნ. თ-ძე-თ-აძის შეგებებული სარჩელი მოპასუხე ა. თ-აძის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ა. თ-აძეს 2005 წლის 10 ნოემბრიდან დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის _ 2003 წლის 2 დეკემბერს დაბადებული დ. თ-აძის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით მის სრულწლოვანებამდე.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ა. თ-აძესა და ნ. თ-ძე-თ-აძეს რეგისტრირებულ ქორწინებაში, 2003 წლის 2 დეკემბერს შეეძინათ შვილი _ დ. თ-აძე, ა. თ-აძე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ნ. დ-ძესთან, რომელთანაც ჰყავს მცირეწლოვანი შვილი _ მ. თ-აძე და ორსულად არის მეორე ბავშვზე.
2003 წლიდან ა. თ-აძე და ნ. თ-ძე-თ-აძე ერთად აღარ ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილი დ. თ-აძე ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელიც არ მუშაობს, დადგენილი აქვს შრომითი საქმიანობის უნარისა და გადაადგილების მე-2 ხარისხის შეზღუდვა.
2006 წლის 26 მარტს მომხდარი ავტოავარიის შედეგად ა. თ-აძემ მიიღო თავის ქალის მძიმე ტრავმა, რომელსაც ვაკე-საბურთალოს სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2006 წლის 18 სექტემბრის ¹289970 ცნობის თანახმად, დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის, გადაადგილებისა და თვითმომსახურების მესამე ხარისხის შეზღუდვა და საჭიროებს გარეშე მომვლელს.
აღნიშნული ტრავმის გამო, სს “ .. ..-ის” გენერალური დირექტორის 2006 წლის 20 ივლისის ¹208-პ/შ ბრძანებით ა. თ-აძე გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მშობლების _ ა. თ-აძისა და ნ. თ-ძე-თ-აძის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვან დ. თ-აძისათვის მამის _ ა. თ-აძის მიერ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო 50 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება ა. თ-აძის წარმომადგენელ ბ. ბ-შვილის მოთხოვნას საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია დაუშვებლად გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, ვინაიდან იგი თავდაპირველი სააპელაციო საჩივრით არ იყო გასაჩივრებული, ხოლო შემდგომ დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით უკვე ვადის დარღვევით იყო შემოტანილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. თ-აძის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. თ-ძე-თ-აძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევით გამოიტანა და არასწორად განმარტა იგი, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, სასამართლოს უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სასამართლოს წარედგინა ყველა მტკიცებულება, რაც აშკარად მიუთითებდა ა. თ-აძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას, რასაც თავად მოწინააღმდეგე მხარეც ეთანხმება. ავტოავარიის შემდგომ დღემდე იგი ვერ აცნობიერებს თავის უფლება-მოვალეობებს, არის მწოლიარე ავადმყოფი, მას თავად სჭირდება ძვირადღირებული მკურნალობა, საჭიროებს გარეშე მომვლელს, შესაბამისად, სასამართლოს სსკ-ის 1214-ე მუხლის საფუძველზე ალიმენტი კი არ უნდა განესაზღვრა ა. თ-აძისათვის, არამედ უარი უნდა ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან კასატორის განმარტებით, აღნიშნული მუხლის განმარტება, საქმის ფაქტობრივი რეალობის გათვალისწინებით, სასამართლოს აძლევდა საშუალებას უარი ეთქვა ნ. თ-ძე-თ-აძისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ვინაიდან საქმის ფაქტობრივი გარემოებები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი, მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია უფლებამოსილი პირისათვის აღზრდისა და რჩენის ნორმალური პირობების შექმნა ანუ საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. (სკ-ის 1221-ე მუხლი). შესაძლებელია არსებითად შეიცვალოს ალიმენტის გადამხდელი მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა - გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია შეამციროს ან გაადიდოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე. (მაგ. მეორე ქორწინებაში ბავშვის გაჩენა ან კმაყოფაზე მყოფ პირთა ოდენობის შემცირება, პენსიაზე გასვლა და სხვა).
სამოქალაქო კოდექსის 1237-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის გადახდისაგან ან ალიმენტის დავალიანების შემცირება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით.
1237-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ასევე უფლებამოსილია, გაათავისუფლოს ალიმენტის გადახდისაგან ვალდებული პირი თუ არსებობს საპატიო მიზეზი. ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს მატერიალური და ოჯახური პირობების გაუარესება, ავადმყოფობა და სხვა, რაც არ ნიშნავს მომავალში სავსებით განთავისუფლებას ალიმენტის გადახდისაგან. ალიმენტის გადამხდელი მშობლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე, სასამართლოს შეუძლია განსაზღვროს გადასახდელი ალიმენტის ოდენობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. თ-აძემ, 2006 წლის 26 მარტს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, მიიღო თავის ქალის მძიმე ტრავმა. ვაკე-საბურთალოს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2006 წლის 18 სექტემბრის დასკვნით, ა. თ-აძეს მიენიჭა შესაძლებლობის მკვეთრად შეზღუდვის სტატუსი, კერძოდ, დაუდგინდა შრომითი საქმიანობის უნარის, გადაადგილებისა და თვითმომსახურების მესამე ხარისხის შეზღუდვა და საჭიროებს გარეშე მომვლელს.
აღნიშნული ტრავმის გამო, სს „ .. ..-ის“ გენერალური დირექტორის 2006 წლის 20 ივლისის ბრძანებით, ა. თ-აძე გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საალიმენტო ვალდებულება ემსახურება პირის რჩენის უზრუნველყოფას. მოცემულ შემთხვევაში, როცა ა. თ-აძეს შეზღუდული აქვს შრომითი საქმიანობის, გადაადგილებისა და თვითმომსახურების უნარი და საჭიროებს გარეშე მომვლელს, იგი ვერ უზრუნველყოფს არათუ შვილის რჩენას, არამედ საკუთარი თავის რჩენასაც, შესაბამისად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ა. თ-აძე უნდა გათავისუფლდეს ალიმენტის გადახდის ვალდებულებისაგან. ა. თ-აძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მოსარჩელე უფლებამოსილია, კვლავ მიმართოს სასამართლოს ალიმენტის განსაზღვრის მოთხოვნით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ა. თ-აძის წარმომადგენლის ბ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
ნ. თ-ძე-თ-აძის სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.