Facebook Twitter
¹ას-180-507-09 25 ივნისი, 2009წ.
ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია


საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ძ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ძ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ალიმენტისა და დამატებითი ხარჯების დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 13 მაისს მ. ძ-შვილმა სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ე. ს-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხესთან განქორწინება შერიგების ვადის გარეშე.
თავის მხრივ, ე. ძ-შვილმა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ. ძ-შვილის მიმართ და მოითხოვა მისთვის შვილების _ ქ. და მ. ძ-შვილების სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, კერძოდ, ქ. ძ-შვილის სრულწლოვანების მიღწევამდე ყოველთვიურად 100 ლარის და მ. ძ-შვილის გამოჯანმრთელებამდე, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება, ასევე, მ. ძ-შვილის მკურნალობისათვის დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით 2000 ლარის გადახდა და ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის პირველი სექტემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით ე. ძ-შვილის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ძ-შვილს ე. ძ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა შვილების _ 1994 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული ქ. ძ-შვილის სარჩოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2008 წლის 9 ივნისიდან სრულწლოვანების მიღწევამდე, ხოლო 1997 წლის 28 აპრილს დაბადებული მ. ძ-შვილის სარჩოდ _ ყოველთვიურად 100 ლარის გადახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან მის გამოჯანმრთელებამდე _ სულ ორივე შვილზე დაეკისრა ალიემენტის გადახდა 160 ლარის ოდენობით. მასვე ე. ძ-შვილის სასარგებლოდ დამატებით ხარჯებში მონაწილეობის სახით დაეკისრა 2000 ლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯების _ 100 ლარის ანაზღაურება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ძ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისთვის შვილების სარჩოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად თითოეულ ბავშვზე _ 40 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში ე. ს-ძისათვის შეგებებულ სარჩელზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის პირველი სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ე. ძ-შვილის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ძ-შვილს დაეკისრა შვილების _ 1994 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული ქ. ძ-შვილის სარჩოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 40 ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2008 წლის 9 ივნისიდან სრულწლოვანების მიღწევამდე, ხოლო 1997 წლის 28 აპრილს დაბადებული მ. ძ-შვილის სარჩოდ _ ყოველთვიურად 40 ლარის გადახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან მის გამოჯანმრთელებამდე, სულ ორივე შვილზე ყოველთიურად _ 80 ლარის ოდენობით, მ. ძ-შვილს ასევე დაეკისრა შვილის _ მ. ძ-შვილისათვის დამატებითი ხარჯების სახით 1000 ლარის გადახდა და ე. ს-ძის სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული ხარჯების _ 100 ლარის ანაზღაურება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე. ს-ძე და მ. ძ-შვილი 1994 წლის 16 აგვისტოდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
ქორწინების შედეგად მიეკუთვნათ გვარი _ ქმარს _ ძ-შვილი და ცოლს _ ძ-შვილი, მაგრამ ე. ს-ძეს სხვა პირადი საბუთები ქორწინების მოწმობასთან შესაბამისობაში არ მოუყვანია;
ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები - 1994 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული ქ. ძ-შვილი და 1997 წლის 28 აპრილს დაბადებული მ. ძ-შვილი;
მ. ძ-შვილი და ე. ს-ძე შვილებთან ერთად ცხოვრობდნენ მ. ძ-შვილის მამის _ ბ. ძ-შვილის ოჯახში ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში.
მეუღლესთან კონფლიქტური ურთიერთობის გამო, ე. ს-ძე შვილებთან ერთად გადავიდა მშობლების ბინაში.
ერთ-ერთი შვილი _ მ. ძ-შვილი ბავშვობიდან ინვალიდია დიაგნოზით _ «ბავშვთა ცერემბრალური დამბლა ღრმა სპასტიური ტეტრაპარეზი», საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას კონტაქტურობის მოსახსნელად, იღებს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვის პენსიას _ თვეში 55 ლარის ოდენობით;
ე. ს-ძის მშობლების ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სადაც რეგისტრირებულია ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის მ. ძ-შვილი და ღებულობენ ყოველთვიურ დახმარებას 66 ლარის ოდენობით, საიდანაც მ. ძ-შვილის წილი შეადგენს 16 ლარსა და 50 თეთრს.
სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოზურგეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით დადგენილია, რომ მ. ძ-შვილისა და ე. ს-ძის სახელზე არანაირი ქონება არ ირიცხება, ხოლო ბ. ძ-შვილს გააჩნია 10000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, შემოქმედის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ძ-შვილების ოჯახის წლიური შემოსავალი შეადგენდა 2100 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ე. ძ-შვილის მოთხოვნა ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით საფუძვლიანად მიიჩნია, თუმცა აღნიშნა, რომ ვინაიდან მ. ძ-შვილი უმუშევარია, რაიმე უძრავი ქონება პირად საკუთრებაში არ გააჩნია, ცხოვრობს მშობლებთან ერთად, რომელთა წლიური შემოსავალი არის 2100 ლარი, რომელთაგან მ. ძ-შვილის წლიური შემოსავალი განისაზღვრება 700 ლარით, ხოლო ყოველთვიური შემოსავალი _ 58,33 ლარით, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მისთვის ყოველთვიურად ალიმენტის სახით 160 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და აპელანტის განმარტება მისთვის შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად 40-40 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანი.
სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, რომლითაც დადგენილია მ. ძ-შვილის მძიმე ავადმყოფობა, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მ. ძ-შვილს უნდა დაკისრებოდა დამატებით ხარჯებში მონაწილეობა 1000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანაციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ მ. ძ-შვილს ე. ს-ძის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების _ 100 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ს-ძემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით და მოპასუხეს დამატებით დაეკისროს ქ.ის სარჩოდ 20 ლარის, ხოლო მ.ის სარჩოდ 60 ლარის ყოველთვიურად გადახდა. ასევე დამატებითი ხარჯების სახით 1000 ლარის გადახდა. კასატორმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა ბ. ძ-შვილის საკუთრებაში არსებული ქონების შეფასების აუდიტორული დასკვნა და მოითხოვა მის მიერ აუდიტის დასკვნის შესადგენად გადახდილი _ 200 ლარის მ. ძ-შვილზე დაკისრება მის სასარგებლოდ.
კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მისი შეგებებული სარჩელი განიხილა კანონის დარღვევით, რამაც გამოიწვია საქმეზე უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამოტანა. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მისი თხოვნა მტკიცებულებად არ მიეღო შემოქმედის ტერიტორიული ორგანოს ცნობა ძ-შვილების ოჯახის შემოსავლების შესახებ, ვინაიდან ქონების შეფასება უნდა მოეხდინა აუდიტს, შესაბამისად, კასატორის აზრით, ცნობა 2100 ლარის შემოსავლის შესახებ გაცემული იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც სასამართლომ არ გაითვალისწინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებს არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანმხდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა – აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის განსაზღვრისათვის სასამართლო მხედველობაში იღებს, როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძვლად შეიძლება სხვადასხვა გარემოება იქნეს მიჩნეული. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მხარეებს, ე. ს-ძესა და მ. ძ-შვილს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი – ქ. ძ-შვილი და მ. ძ-შვილი, რომელიც ბავშობიდან არის ინვალიდი, დიაგნოზით, ბავშვთა ცერემბრალური დამბლა. ღრმა სპასტიური ტეტრაპარეზით. მძიმე ავადმყოფობის გამო მ. ძ-შვილი საჭიროებს მუდმივ მოვლასა და მკურნალობას, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ე. ს-ძე მძიმე ავადმყოფი შვილის მოვლის გამო ვერ მუშაობს, არ გააჩნია არავითარი შემოსავლები, დაავადებულია მეორე ხარისხის დიფუზურ-ტოქსიკური ჩიყვით, საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას, ცხოვრობს მშობლებთან. მისი მშობლების ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ სოციალურ დახმარებას.
დადგენილია, რომ მ. ძ-შვილი შრომისუნარიანია, ოფიციალურად უმუშევარია, ცხოვრობს მამის, ბ. ძ-შვილის კომლში (ბ. ძ-შვილის კომლზე ირიცხება 10 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ოთხ ნაკვეთად), სარგებლობს მამის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთით, ასევე კომლის სხვა შემოსავლებით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა (ყოველთვიურად 40-40 ლარი) არ არის გონივრული და სამართლიანი, ვინაიდან ვერ უზრუნველყოფს ბავშვების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, ასევე მკურნალობისათვის აუცილებელ, მინიმალურ მოთხოვნებს. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას, რომ ქ. ძ-შვილის სარჩოდ ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს ყოვეთვიურად 60 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან მისი სრულწლოვანების მიღწევამდე. ხოლო მ. ძ-შვილის სარჩოს ოდენობა უნდა განისაზღვროს უფრო მეტი ოდენობით, ვინაიდან ბავშვი დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით და გარდა ჩვეულებრივი ყოველდღიური მოთხოვნებისა, საჭიროებს დამატებით სახსრებს მიმდინარე მკურნალობისათვის, მედიკამენტების, ექიმების მომსახურების, მასაჟების და სხვა მანიპულაციების სახით, ამდენად მ. ძ-შვილის სარჩო უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან მის გამოჯანმრთელებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1215-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც ალიმენტს უხდის არასრულწლოვან შვილებს, შეიძლება დაეკისროს მონაწილეობა დამატებით ხარჯებში, რომლებიც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით (ბავშვის მძიმე ავადმყოფობით დასახიჩრებით და სხვა).
როგორც აღინიშნა, საალიმენტო ვალდებულებათა მიზანია ბავშვისათვის აღზრდისა და რჩენისათვის ნორმალური პირობების შექმნა. საალიმენტო სახსრები შეიძლება არ იყოს საკმარისი იმ დამატებითი ხარჯების განსახორციელებლად, რაც გამოწვეულია განსაკუთრებული გარემოებებით. ეს არის განსაკუთრებული გარემოებების გამო დამატებით ხარჯებში მონაწილეობა და არა ბავშვის სარჩენი ხარჯების დამატებითი გადახდევინება, ამიტომ მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების (ან მომავალში აუცილებლად გასაღები ხარჯების) გათვალისწინებით, მყარი თნხებით და არ შეიძლება მისი წილობრივი დაკავშირება ხელფასის ან სხვა შემოსავლის ოდენობასთან. დამატებით ხარჯებში მოპასუხე მშობელი მონაწილეობს ერთჯერადი გადასახდელის სახით ან განსაზღვრული დროით განსაზღვრული თანხების გადახდით. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მ. ძ-შვილი არის მძიმე ავადმყოფი და საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას. ბავშვის ავადმყოფობისა და ოპერაციის სირთულის გათვალისწინებით სასამართლოს რეალურად მიაჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის ოდენობა (2000 ლარი).
იმის Gგათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს ნაწილობრივ, მოპასუხეს დამატებით უნდა დაეკისროს ქ-ს სარჩოდ 20 ლარის, ხოლო მ-ს სარჩოდ 60 ლარის ყოველთვიურად გადახდა. ასევე დამატებითი ხარჯების სახით 1000 ლარის გადახდა. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას აუდიტის დასკვნის შესადგენად გადახდილი _ 200 ლარის მ. ძ-შვილზე დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ახალ მტკიცებულებებზე ვერ იმსჯელებს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

ე. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმისა და ე. ს-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
მ. ძ-შვილს დამატებით დაეკისროს შვილების _ 1994 წლის 28 ოქტომბერს დაბადებული ქ. ძ-შვილის სარჩოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 20 ლარის ოდენობით სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2008 წლის 9 ივნისიდან სრულწლოვანების მიღწევამდე, ხოლო 1997 წლის 28 აპრილს დაბადებული მ. ძ-შვილის სარჩოდ _ ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა სასამართლოში სარჩელის აღძვრიდან მის გამოჯანმრთელებამდე. მ. ძ-შვილს ასევე დაეკისროს შვილის _ მ. ძ-შვილისათვის დამატებითი ხარჯების სახით 1000 ლარის გადახდა.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.