Facebook Twitter
9-378-05 2 ივნისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი

სარჩელის საგანი: საერთო სარგებლობის გზის გათავისუფლება.

აღწერილობითი ნაწილი:
ს. ბ-ემ სარჩელით მიმართა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს ნ. ბ-ის მიმართ და აღნიშნა, რომ მოპასუხეს მის მოსაზღვრედ შემოღობილი აქვს 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელშიც შედის მათი ნაკვეთების გამმიჯნავი საერთო სარგებლობის გზა, რის გამოც ვერ სარგებლობს აღნიშნული გზით. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო გზის გამოთავისუფლება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელე 8000 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს ნორმაზე ზევით, ხოლო მას აქვს 400 კვ.მ-ით მეტი, რაც დაშვებულია მიწის კანონმდებლობით. მიწის ნაკვეთების განაწილების დროს მიწის რეფორმის კომისიამ გაითვალისწინა საცალფეხო, 2 მეტრი სიგანის გზის დატოვების საკითხი და დატოვა კიდეც, მაგრამ მოსარჩელემ ეს გზა თავის ნაკვეთად ჩათვალა, ხოლო სასაზღვრო ღობე _ მიჯნად.
მესამე პირმა _ სოფ. ...... საკრებულომ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე ნორმაზე მეტ ნაკვეთს ფლობს და ითხოვს იმაზე მეტს, ვიდრე ეკუთვნის.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით და 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ს. ბ-ე ნორმის ფარგლებში საკუთრების უფლებით ფლობს და განკარგავს მიწის ნაკვეთს. 1995წ. 8 აგვისტოს მან მიიღო აწ გარდაცვლილი ძმის _ ა. ბ-ის სამემკვიდრეო ქონება, საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, მდებარე ოზურგეთის რ-ის სოფ. ...... მემკვიდვრეობით მიღებული მიწა შეადგენს ხუთ ნაკვეთს, საერთო ფართით 9 460 კვ.მ. მოპასუხე, ნ. ბ-ე მიწის რეფორმის შემდეგ, 1992 წლიდან, საკუთრების უფლებით ფლობს მეორე კატეგორიის კომლისათვის განკუთვნილ 05 ჰა მიწის ნაკვეთს, რომელიც მიწის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დაყოფილია სამ ნაკვეთად, 4000 კვ.მ, 700 კვ.მ. და 400 კვ.მ. ნაკვეთები გადაბმულია ერთმანეთზე და შემოღობილია კაპიტალურად. აღნიშნული ნაკვეთებიდან ერთი ნაკვეთი, კერძოდ, 400 კვ.მ, ესაზღვრება 1995 წელს გარდაცვლილ ა. ბ-ის ნაკვეთს, რომელსაც მისი გარდაცვალების შემდეგ ფლობს ს. ბ-ე. მან ნ. ბ-ესთან აღნიშნულ ნაკვეთზე დავა დაიწყო 2002 წელს. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნაკვეთი, რომელზეც მოსარჩელე ითხოვს გზას, იყო ეკალ-ბარდით და ბუჩქნარით დაფარული ფერდობი ადგილი, რომელიც მოპასუხემ გაასუფთავა და დარგო ნარგავები. ნაკვეთებს შორის იყო მხოლოდ ბილიკი, გზა არ არსებობდა. მიწის რეფორმის კომისიამ მაინც გაითვალისწინა და დატოვა ორი მეტრი სიგანის ადგილი გზად, მაგრამ ს. ბ-ემ აღნიშნული მიწის ნაკვეთი თავისად მიიჩნია და მიუერთა მემკვიდრეობით მიღებულ ნაკვეთს ისე, რომ ნ. ბ-ისა და მის ნაკვეთებს შორის გასასვლელი ადგილი არ დატოვა. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გზის სარგებლობისათვის დატოვებული ადგილი შედის მოსარჩელის და არა მოპასუხის ნაკვეთში. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო ის გარემოებაც, რომ თუნდაც არ არსებობდეს ეს გზა, მოსარჩელეს ხელი არ ეშლება რომელიმე მის ნაკვეთთან ან გზასთან დასაკავშირებლად. სასამართლომ სამართლებრივ საფუძვლად გამოიყენა სკ-ის 180-ე მუხლი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას. კასატორის მოსაზრებით, საქმე განხილულია მიკერძოებით, გადაიბირეს მისი ადვოკატი, მიწათმომწყობები არიან კრიმინალები, სადავო გზა არის მიტაცებულ ტერიტორიაზე, სადაც არსებობდა მამაპაპური ბილიკი.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი მიწის ნაკვეთის უკვე არსებული დაკავშირება, გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან. ასევე დადგენილია, რომ მიწის რეფორმის კომისიამ მიწის ნაკვეთების განაწილებისას მოდავე მხარეების ნაკვეთებს შორის დატოვა ორი მეტრი სიგანის გზა და ეს ფართი არ შესულა ს. ბ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობაში, მაგრამ ს. ბ-ემ თვითნებურად ეს გზა შეუერთა თავის მიწის ნაკვეთს, ანუ თვითნებური მოქმედებით გააუქმა გზა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორი ვერ მიუთითებს, სამართლის რომელი ნორმის მოთხოვნები დაარღვია სასამართლომ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 3 ნოემბრის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.