ას-1416-1548-04 21 აპრილი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: სანივთო უფლების აღიარება.
აღწერილობითი ნაწილი:
“საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საერთაშორისო ხელშეკრულებით საქართველოს სახელმწიფომ თანხმობა განაცხადა აღნიშნული მილსადენის პროექტების განხორციელებაზე შესაბამისი ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულებების დადებით და შემდგომი რატიფიკაციით, რომელთაც აქვთ საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად.
ამჟამად მოსარჩელე მიწის უფლებების შეძენის პროცესშია, რაც საჭიროა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მშენებლობისა და ფუნქციონირებისათვის. მილსადენის მარშრუტი კვეთს კერძო საკუთრებაში არსებულ მთელ რიგ მიწის ნაკვეთებს ახალციხის რ-ნში, კერძოდ, ვალეს საკრებულოს ტერიტორიაზე. მოსარჩელემ სათანადო კომპენსაციის გადახდით შეიძინა საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთების შესაბამის ნაწილებზე. მოპასუხეებმა: ჯ. თ-მა და რ. გ-მა უარი განაცხადეს მოსარჩელესთან გარიგების დადებაზე იმ მოტივით, რომ მათ არ აკმაყოფილებდათ შეთავაზებული ფასი _ 1825 და 6634 ლარი. აღნიშნულის გამო “ბ-ის” კომპანიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე აუცილებელილ გზის უფლების დადასტურება და ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მათ გააჩნიათ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლება, რომელიც აბსოლუტურია და არ შეიძლება შეზღუდოს კომპანიამ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და კომპანიას მიენიჭა აუცილებელი გზის უფლება მოპასუხეების სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთებზე. აუცილებელი გზის უფლება გატარდა საჯარო რეესტრში.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მა და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ მიიღო ფაქტობრივად და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, იგნორირება გაუკეთა მის საკუთრების უფლებას, რომელიც აღიარებულია და უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამეზობლო სამართლის ნორმები, კერძოდ, პროექტის მონაწილეებმა უფლებები არასახელმწიფო მიწაზე უნდა მოიპოვონ მიწის მესაკუთრისათვის და მოსარგებლეებისათვის გონივრული ანაზღაურების შემდეგ. სასამართლომ აუცილებელი გზის უფლების მინიჭებით პრაქტიკულად მოახდინა საკუთრების უფლების ჩამორთმევა და თანაც კომპენსაციის გადახდის გარეშე.
კომპანიას მიწის ნაკვეთზე მშენებლობის განხორციელებისათვის უნდა დაედო სანივთო გარიგება და მოეპოვებინა აღნაგობის უფლება, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიაქცია აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რადგანაც სახეზე იყო აღიარებითი სარჩელი და არა მიკუთვნებითი, რომელიც აღსრულებას ექვემდებარება.
სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის განხილვის, მხარეთა მოსაზრებების მოსმენისა და საქმეში არსებული მასალების ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. სააპელაციო სასამართლომ 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004წ. 10 თებერვლის გადაწყვეტილება რ. გ-ის მიწის ნაკვეთზე მოსარჩელისათვის აუცილებელი გზის უფლების მინიჭების ნაწილში და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. “ბ-ის” კომპანიას მიენიჭა სერვიტუტის უფლება რ. გ-ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახალციხის რაიონის სოფ. .... საჯარო რეესტრს _ ახალციხის რაიონული მიწის მართვის სამმართველოს დაევალა სერვიტუტის უფლების რეგისტრაციაში გატარება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე კომპანიის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ნოემბრის განჩინებით მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა რ. გ-ის წარმომადგენელმა ვ. ტ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის 247-ე მუხლი, რადგან მოსარჩელეს სერვიტუტის უფლების დადგენა არ მოუთხოვია, სასამართლომ კი მიაკუთვნა მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია. კასატორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენდა აღნაგობის უფლების დადგენას, რომელიც სასამართლომ არ გამოიყენა. კასატორის აზრით, სასამართლოს მიერ მოხდა საკუთრების ჩამორთმევა კომპენსაციის გარეშე, რასაც მოწმობს მოსარჩელის მიერ შექმნილი და წარმოდგენილი დოკუმენტი „აუცილებელი გზის უფლების პირობების“ შესახებ. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა იმ გარემოება რომ სერვიტუტი წარმოშობილი აქვს მოსარჩელეს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე და სასამართლოს უნდა მოეხდინა ამ უფლების დადასტურება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
კასატორი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ხელშეკრულების მიხედვით უნდა მოხდეს სათანადო ანაზღაურება ნებისმიერი უფლების სანაცვლოდ არასახელმწიფო მიწის მიმართ და მხოლოდ ამის შემდგომ წარმოეშობა უფლებები კომპანიას, რაც სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა.
რ. გ-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 21 ნოემბრის განჩინებაც, რომლითაც დადგინდა 2004წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს აღძრული აქვს აღიარებითი სარჩელი, უფლების აღიარება კი არ საჭიროებს დაუყოვნებლივ აღსრულებას. დაუყოვნებლივ აღსრულდება გადაწყვეტილებები, რომლებიც სოციალური ხასიათისაა, რის გამოც სასამართლო არ უნდა დაყრდნობოდა ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტს. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ უნდა დავალებოდა ორგანოს, რომელიც გადაწყვეტილების მხარეს არ წარმოადგენს. 2004წ. 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ განეკუთვნება დაუყოვნებლივ აღსასრულებელ გადაწყვეტილებათა კატეგორიას და მისი აღსრულება უნდა მოხდეს სსკ-ის 267-ე მუხლის შესაბამისად.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოშობილია “საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული მილსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე დადებულია ტერიტორიის მფლობელი ქვეყნის მთავრობასთან ხელშეკრულება, რომლითაც სახელმწიფო ხელისუფლება საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს ანიჭებს მთელ რიგ უფლებებს, კერძოდ, 4.1 მუხლის თანახმად, მათ აქვთ აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება და პრივილეგია, განახორციელონ და აღასრულონ პროექტი. მათ აქვთ საკუთრებაში მიღების, სავალდებულო გასხვისების, კერძო საკუთრების ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ ჩამორთმევის, ექსპროპრიაციის და, აგრეთვე, სხვა უფლებები, რაც აძლევს პროექტის მონაწილეებს საშუალებას, უზრუნველყონ, აწარმოონ და გადაუხადონ შესაბამის პირებს სათანადო ანაზღაურება არასახელმწიფო მიწის მიმართ მიწაზე უფლებების სანაცვლოდ. ამავე ხელშეკრულების შესაბამისად, საექსპორტო მილსადენის მონაწილენი უფლებამოსილნი არიან, დადონ გარიგებანი არასახელმწიფო მიწასთან დაკავშირებით, ამასთან, მათ გააჩნიათ მიწის ექსკლუზიური სარგებლობის, ფლობის და კონტროლის უფლება, შესვლისა და გამოსვლის უფლება, მიწაზე ან მიწის ქვეშ მშენებლობის უფლება (ხელშეკრულების 4.1 მუხლი I, III, IV).
სწორედ აღნიშნული მილსადენის მშენებლობისას წარმოეშვა “ბ-ის” კომპანიას მოთხოვნა, ესარგებლა რ. გ-ის მიწის ნაკვეთით და მან სასამართლოში დაყენებული სარჩელით მოითხოვა აუცილებელი გზის უფლების აღიარება მოპასუხის მიწის ნაკვეთზე. კასატორი მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ დაყენებული მოთხოვნა სამართლებრივი თვალსაზრისით არასწორია, რადგან იგი უნდა გამომდინარეობდეს არა აუცილებელი გზის, არამედ აღნაგობის უფლების მოთხოვნიდან. პალატა თვლის, რომ კასატორის ეს არგუმენტი არ შეიძლება გაზიარებული იქნეს.
სკ-ის 234-ე მუხლის თანახმად, აღნაგობის წარმოშობისა და შეძენის მიმართ გამოიყენება უძრავი ქონების შეძენის წესები. უძრავი ქონების შეძენა კი უკავშირდება გარიგების დადებას (სამოქალაქო კოდექსი), რაც გარიგების მონაწილეთა ნებელობიდან გამომდინარეობს. მოცემულ დავაში ერთი პირი უარს ამბობს მეორესთან ურთიერთობაზე, მეორეს კი წარმოეშვა ამ პირის ქონების გამოყენების აუცილებლობა. სამოქალაქო კანონმდებლობა ასეთ შემთხვევას უკავშირებს თმენის ვალდებულებას, რაც აუცილებლობის შემთხვევაში სხვისი ქონების გამოყენების შესაძლებლობასთანაა დაკავშირებული.
სკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. მხარეები არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ კომპანიას მიწის ნაკვეთი შეძენილი აქვს ნავთობის მილსადენის გასაყვანად, ხოლო შეძენილი ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის კომპანიას ესაჭიროება აუცილებელი კავშირი ნავთობის ქსელთან. ასეთ შემთხვევაში მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს, სკ-ის აღნიშნული ნორმის საფუძველზე, წარმოეშობა თმენის ვალდებულება, რაც უკავშირდება სწორედ მითითებული ნორმის გამოყენებას და არა აღნაგობის ან სერვიტუტის უფლების მოპოვებას.
სკ-ის 247-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.
მითითებული ნორმისა და სკ-ის 180-ე მუხლის შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს _ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ აუცილებელი გზის გამო თმენის ვალდებულებას კანონმდებლობა უკავშირებს შესაბამისი კომპენსაციის გადახდის ვალდებულებას (სკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი), მაგრამ ვინაიდან ასეთი სახის მოთხოვნა რ. გ-ის მიერ სასამართლოს წინაშე არ დასმულა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.
სკ-ის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრში შეიტანება უძრავ ნივთებზე საკუთრების და სხვა სანივთო უფლებები. აუცილებელი გზა წარმოადგენს სანივთო უფლებას. სასამართლოს მიერ აღიარებულია „ბ-ის” მილსადენის კომპანიის სანივთო უფლება რ. გ-ის მიწის ნაკვეთზე. ამდენად, მითითებული ნორმის საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია მოახდინოს ამ უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით „ბ-ის” კომპანიის მოთხოვნა რ. გ-ის მიწის ნაკვეთის მიმართ მათი აუცილებელი გზის უფლების აღიარების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს 2004წ. 21 ნოემბრის განჩინება, რადგან აღნიშნული განჩინებით დაუყოვნებლივ აღსრულებაში მიექცა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რაც დღეისათვის საკასაციო პალატის წინამდებარე გადაწყვეტილებით უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 411-ე, 419-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
რ. გ-ის წარმომადგენლის ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება:
სარჩელი დაკმაყოფილდეს. “ბ-ის” კომპანიას მიენიჭოს აუცილებელი გზის უფლება რ. გ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მდებარე ახალციხის რ-ნის სოფ. ...;
დაევალოს საჯარო რეესტრს _ ახალციხის რაიონული მიწის მართვის სამმართველოს _ გაატაროს რეგისტრაციაში აუცილებელი გზის უფლება ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე “ბ-ის” მილსადენის კომპანიის სასარგებლოდ.
რ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 21 ნოემბრის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი განჩინება: “ბ-ის” მილსადენის კომპანიის განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.