ას-1275-1514-05 30 მარტი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე), რ. ნადირიანი (მომხსენებელი),
თ. თოდრია
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 15 თებერვალს ნ. ქ-იამ სარჩელით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ზ. ო-ძის მიმართ და აღნიშნა, რომ 1997წ. 17 მაისიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი გ. ო-ძე. მეუღლესთან ხშირად კამათობდა, ბოლო პერიოდში კი მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა და ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყდა 2003წ. 3 ივნისს.
ზემოაღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქ.თბილისში, ... ¹20-ში მდებარე ¹27 ბინის თანამესაკუთრედ ცნობა, ასევე ზ. ო-ძისათვის ალიმენტის დაკისრება 100 ლარის ოდენობით, დამატებით ხარჯებში მონაწილეობის მიღება, 16 თვის მიუღებელი ალიმენტის დაკისრება 1600 ლარის ოდენობით.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 31 მარტის გადაწყვეტილებით ნ. ქ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. ო-ძეს ნ. ქ-იას სასარგებლოდ ალიმენტის სახით შვილის _ გ. ო-ძის აღსაზრდელად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 35 ლარის ოდენობით 2005წ. 15 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე, დანარჩენ ნაწილში ნ. ქ-იას სასარჩელო მოთხოვნას ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ქ-იას წარმომადგენელმა გ. ნ-შვილმა და აღნიშნა, ვინაიდან არ არსებობს თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველი, უარს ამბობენ თანამესაკუთრედ ცნობასა და ასევე დამატებითი ხარჯების მონაწილეობაში მიღების ნაწილში, ხოლო ალიმენტის დაკისრებასა და წარსული დროისათვის მიუღებელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში მოითხოვენ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ყოველთვიურად ზ. ო-ძისათვის 80 ლარის დაკისრებას, ასევე მიუღებელი ალიმენტის გადახდას 1680 ლარის ოდენობით 2003წ. 3 ივნისიდან 2005წ. 15 თებერვლამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინებით ნ. ქ-იას წარმომადგენელ გ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლით და 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, თუ რატომ უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს უფრო მეტი ოდენობით ალიმენტი.
ნ. ქ-იამ და მისმა წარმომადგენელმა ზ. ო-ძემ სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება ალიმენტის დაკისრებისა და წარსული დროისათვის მიუღებელი ალიმენტის დაკისრების მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ მოპასუხე ცდილობს სამუშაო ადგილებისა და რეალური შემოსავლის დამალვას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 1997წ. 17 მაისიდან ნ. ქ-ია ცხოვრობდა ზ. ო-ძის ოჯახში და ითვლებოდა მის მეუღლედ, თუმცა ქორწინება რეგისტრირებული არ ყოფილა. 1999წ. 13 იანვარს შეეძინათ ვაჟიშვილი.
სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ეს მოვალეობა თანაბრად ეკისრება როგორც მამას, ისე დედას. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სასამართლო განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას შვილების სასარგებლოდ, მხედველობაში იღებს ხელფასისა და დამატებითი ანაზღაურების ყველა სახეობას იქნება ის ძირითადი, თუ შეთავსებითი სამუშაო. ამდენად, ბავშვისათვის ალიმენტის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური შემოსავალი თვიურად.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ აპელანტმა ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომლის გამოც მოპასუხეს უფრო დიდი ოდენობით უნდა დაკისრებოდა ალიმენტი. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კასატორს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რითაც იგი დაადასტურებდა მის მიერ მითითებულ გარემოებას. ასევე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ მოპასუხე ცდილობს დამალოს მისი რეალური შემოსავალი, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმის მასალებში არ მოიპოვება. სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრიოვი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მითითებას სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილზე და ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მართებულად უთხრა უარი ნ. ქ-იას მიუღებელი ალიმენტის დაკისრებაზე. მითითებული ნორმის თანახმად, ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან მხოლოდ მომავალი დროისათვის, წარსული დროის ალიმენტი შეიძლება გადახდევინებულ იქნეს სამი წლის ფარგლებში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელის წარდგენამდე მიღებული იყო ზომები სარჩოს მისაღებად, მაგრამ ალიმენტი არ იყო მიღებული იმის გამო, რომ ვალდებული პირი თავს არიდებდა მის გადახდას. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება.
ამდენად, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ქ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.