ნარკოპოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო...

hdhdhr

ნარკოპოლიტიკის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 15/05/2018

დღეს, 15 მაისს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში უზენაესი სასამართლოსა და ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული  კონფერენცია გაიმართა, თემაზე: ,,ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობა სამართლებრივ გზაჯვარედინზე - ნარკოტიკული საშუალებების კონტროლის სისტემის ლიბერალიზაცია“, რომელიც გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ. კონფერეციის მონაწილეებს მიესალმენ ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ჰანს-იორგ ალბრეხტი, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე.

როგორც თავის გამოსვლაში, ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას  ნინო გვენეტაძემ აღნიშნა,  საკანონმდებლო ცვლილებები განაპირობა უკანასკნელ პერიოდში საქართველოსა და მსოფლიოში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით განვითარებულმა ცვლილებამ და იმ ახალმა გამოწვევებმა, რაც დღეს აქვს ჩვენს საზოგადოებას. ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში, ნარკოტიკული დანაშაულების მარეგულირებელი ნორმები საჭიროებდა საერთაშორისო სტანდარტებსა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებებმა დაგვანახა, რომ მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნეს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები და ალტერნატიული სასჯელები ფიზიკურ პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, რათა დასჯაზე ორიენტირებული სამართლებრივი სისტემა, შედეგსა და ზიანის შემცირებაზე ორიენტირებული მიდგომით ჩანაცვლდეს, ქვეყანაში არსებული სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. შესაბამისად, სახელმწიფო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების, კანონის უზენაესობის დაცვის, ფიზიკური პირების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის პროცესში უდიდესი როლი ენიჭება, ერთი მხრივ, ნარკოტიკული დანაშაულის მარეგულირებელი ნორმების სამართლებრივ გამართულობას, ხოლო, მეორე მხრივ, წამალდამოკიდებულ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზანზე ორიენტირებული კანონმდებლობის ეფექტიან იმპლემენტაციას, უპირველესად სასამართლო სისტემის მეშვეობით, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში.“,-აღნიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ. დღევანდელი კონფერენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახლდათ ჩვენი უცხოელი კოლეგების მიერ საერთაშორისო შედარებით-სამართლებრივი კუთხით მსჯელობა ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციის საკითხებზე და სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება რეგულაციების განვითარებისა და მიმდინარე ტენდენციების თაობაზე. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობაზე კონფერენციის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს იუატიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან  სარაჯიშვილმა, ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის დირექტორმა პროფესორმა ჰანს-იორგ ალბრეხტმა ისაუბრა ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული საერთაშორისო განვითარების ბოლოდროინდელ ტენდენციებზე, რომელმაც ასევე წარმოადგინა ნარკოპოლიტიკის სისტემების საერთაშორისო შედარებითი სამართლებრივი კვლევის შედეგების ანალიზი.

თურქეთის სისხლის სამართალში ნარკორეგულაციების/მოხმარებასთან დაკავშირებულ ტენდენციებზე დეკრიმინალიზაციისა და დივერსიფიკაციის ასპექტში, ისაუბრა  სტამბულის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დოქტორმა სელმან დურსუნმა.  ნარკოლიბერალიზაციის შედეგების ზოგიერთი ასპექტი ჰოლანდიის მაგალითზე წარმოადგინა ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის ყოფილი საბჭოთა ქვეყნების განყოფილების ხელმძღვანელმა პროფესორმა ელიკო წიკლაური-ლამიხმა.

ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კამილ სალიმოვი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა მოხსენებით,,ნარკოდანაშაულებთან დაკავშირებული პრობლემები აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებით წარმოადგინეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებმა, მოსამართლეებმა  თეიმურაზ ტუღუშმა და მერაბ ტურავამ. ფრაიბურგის მაქს-პლანკის საზღვარგარეთისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის წარმომადგენელმა თეოდორ ლამიხმა ისაუბრა  ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან (კანაფი) დაკავშირებით გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზზე. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა გიორგი ღლონტმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია ნარკოტიკული დანაშაულის შედარებით ანალიზზე საქართველოში: ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე.

ბურიატსკის (ულან უდე) სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ელვირა რადნეევა კოლეგების წინაშე წარსდგა მოხსენებით ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის თანამედროვე ტენდენციები ყოფილ საბჭოთა კავშირში (რუსეთის მაგალითზე). კონფერენციის დასასრულს მომხსენებლებმა პროფესორებმა ჰანს-იორგ ალბრეხტმა და  ელიკო წიკლაური-ლამიხმა შეაჯამეს განხილული თემები და საკითხები.

ივნისი 2018

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi